მთავარი,სიახლეები

კოვიდის ვაქცინას „სანოფი“ და Johnson & Johnson-ი საფრანგეთში დაამზადებენ

23.02.2021
კოვიდის ვაქცინას „სანოფი“ და Johnson & Johnson-ი საფრანგეთში დაამზადებენ

ფრანგული კომპანია „სანოფი“ დაეხმარება Johnson & Johnson-ს Covid 19-ის ვაქცინის საფრანგეთში წარმოებაში.

Sanofi პარტნიორ ბრიტანულ კომპანია GSK-სთან ერთადაც მუშაობს Covid 19-ის სხვა, კანდიდატ ვაქცინაზე,  რომლის ცდის პირველი ეტაპიც დასრულდა და 22 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ იწყება კლინიკური ცდების მეორე ეტაპი.

ცდები მოხალისეებზე ჩატარდება. Sanofi პასუხისმგებლობას იღებს ვაქცინის შემადგენლობასა და ჩამოსხმაზე ლიონთან ახლოს განთავსებულ ლაბორატორიაში. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ Sanofi თვეში ვაქცინის 12 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.

Sanofi-სა და GSK-ს ერთობლივი ვაქცინის პირველმა ცდებმა არასაკმარისი შედეგები აჩვენა ყველაზე ხანდაზმულ პაციენტებში. ვაქცინის ამ ვარიანტის დასამზადებლად რეკომბინირებული პროტეინების ტექნოლოგია გამოიყენება. „სანოფი“ იმედოვნებს, რომ ვაქცინის გავრცელებას 2021 წლის ბოლოს დაიწყებს. თავდაპირველად კომპანიაში ფიქრობდნენ, რომ ვაქცინის გამოყენება  2021 წლის ზაფხულისთვის იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ პროცესი შეყოვნდა.

„სანოფის“ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სურთ პრიორიტეტად აქციონ საკუთარი წარმოების სხვადასხვა კანდიდატი-ვაქცინის დამუშავება, რისი მიზანიც მცირე დროში რაც შეიძლება მეტი დოზის წარმოებაა.

Sanofi სხვა შემთხვევაშიც იყენებს საკუთარ საწარმოო რესურსსა და ინსტრუმენტებს კონკურენტებთან სათანამშრომლოდ. მაგალითად, 2021 წლის ზაფხულიდან ფრანკფურტში მდებარე Sanofi-ს ლაბორატორიებში დაამზადებენ  Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid 19-ის ვაქცინის 125 მილიონზე მეტ დოზას.

კომპანია Sanofi ამერიკულ კომპანია Translate Bio-სთან ერთადაც შეიმუშავებს კანდიდატ ვაქცინას, რომელიც ინფორმაციული რნმ ტიპის ვაქცინაა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში გენეტიკური მასალის, ი-რნმ-ის შეყვანით მუშაობს, შეიცავს კორონავირუსის ე.წ. „წვეტოვანი“ ცილის შექმნის ინსტრუქციას. ეს ტექნოლოგიაა გამოყენებული Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს უკვე ნებადართულ ვაქცინებშიც.

საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid 19-ის ვაქცინის საშუალოდ 1 დოზა უკვე გაიკეთა 2 560 982-მა ადამიანმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.