განათლება,მთავარი,სიახლეები

მინისტრის ინიციატივა არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ღარიბ ბავშვებს – რისი შეცვლა სურთ სკოლებში

22.02.2021 • 3966
მინისტრის ინიციატივა არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ღარიბ ბავშვებს – რისი შეცვლა სურთ სკოლებში

განათლების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს განაცხადა, რომ სამინისტროში განიხილავენ ახალ მიდგომას, რომელიც უმაღლესში მიღების წესს შეეხება. ჩხენკელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-ის უნივერსიტეტები აბიტურიენტების მისაღებად, გარდა საგამოცდო ქულისა, ითვალისწინებენ სასკოლო საშუალო ქულას და კლასგარეშე აქტივობებსაც.

მისი აზრით, უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უნდა გაითვალისწინონ „საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება“.

რამდენად გააზრებულია ინიციატივები და რას შეცვლის ეს სისტემაში, ამაზე ჩხენკელს არ უსაუბრია. განათლების სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ წერტილოვანი ცვლილებები არაფერს ცვლის და შესაძლოა საზიანოც იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე უმაღლესი განათლების სისტემისთვის.

ირინა დარჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ერაზმუს +“-ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტია. „ბათუმელები“ მას მიხეილ ჩხენკელის ინიციატივაზე ესაუბრა და ჰკითხა, რას მიიჩნევენ უნივერსიტეტები ყველაზე მთავარ პრობლემად მისაღები გამოცდების სისტემაში და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ჩხენკელის იდეა საზიანო?

ირინა დარჩიას აზრით, როდესაც უმაღლესში აბიტურიენტების მიღებაზე ვსაუბრობთ, აქ ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ არ დავუშვათ ძალიან მავნე სისტემის დაბრუნება, რისი გამოცდილებაც წლების წინ არსებობდა ქვეყანაში.

„უნივერსიტეტებს, ერთი მხრივ, ჰქონდათ ვითომ ავტონომია და სტუდენტების შერჩევის პროცესი იყო ძალიან სერიოზული ნეპოტიზმის და კორუფციის წყარო. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ უმაღლესებში მიღებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს 90-იანი წლების ძალიან მძიმე და ცუდი გამოცდილება, რაც დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებით“, – ამბობს ის.

დარჩიას თქმით, ის, რომ მისაღებ გამოცდებზე უნივერსიტეტები არ არიან პასუხისმგებლები და გამოცდები ცენტრალიზებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ ტარდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც უმაღლესი განათლების რეფორმაში გვაქვს. თუმცა გამოყოფს იმ ძირითად პრობლემებს, რაც ხელს უშლის უნივერსიტეტების განვითარებას.

„მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს არის ის, რომ ორი წლის წინ განხორციელებული რეფორმის შედეგად, უნივერსიტეტებს არ გვეძლევა საშუალება ჩვენს სპეციალობებზე, ჩვენს ფაკულტეტებზე თავად განვსაზღვროთ იმ საგნების ჩამონათვალი, რომელი საგნებიც უნდა ჩააბარონ სტუდენტებმა. რა თქმა უნდა, გამოცდები უნდა ჩატარდეს ცენტრალიზებულად, მაგრამ ის, რაც სჭირდება აბიტურიენტს ჩემს კონკრეტულ სპეციალობაზე, ეს არის პროფესორის და უნივერსიტეტის განსასაზღვრი“, – ამბობს ირინა დარჩია.

მისი თქმით, ორი წლის წინ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა განათლების სამინისტრომ, როდესაც ხისტად დააწესა ჩასაბარებელი საგნების სია. „ამან გამოიწვია ის, რომ მთელ რიგ სპეციალობებზე მოდიან სტუდენტები, რომელთაც არ აქვთ ის ცოდნა, რაც უნდა ჰქონდეთ კონკრეტულ სპეციალობაზე სწავლისას.

გარდა ამისა, ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია სტუდენტების მომზადების ზოგად ცოდნაზე. შეცდომა იყო ეგრეთ წოდებული CAT-ის გამოცდების გაუქმება, რადგან აბიტურიენტები სათანადო დროს აღარ უთმობენ მთელ რიგ საგნებს და მოდიან იმ საბაზისო ცოდნით, რომელსაც უნდა დაეფუძნოს საუნივერსიტეტო ცოდნა. ეს უარყოფითად აისახება საუნივერსიტეტო განათლებაზე“, – ამბობს დარჩია.

პროფესორის შეფასებით, პრობლემურია უნივერსიტეტების დაფინანსების დღეს არსებული სისტემაც – იმის გამო, რომ უნივერსიტეტებმა ბევრი სტუდენტი მიიზიდონ, საკმაოდ დაბალ ბარიერს აწესებენ და ხშირ შემთხვევაში იღებენ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო ცოდნა და უნარები. „უჭირთ საუნივერსიტეტო პროგრამის ათვისება ან ცუდ ნიშნებს იღებენ ან კიდევ, უნივერსიტეტები თვალს ხუჭავენ და საბოლოოდ ვიღებთ დიპლომირებულ და არაკვალიფიციურ სპეციალისტებს“.

დარჩიას თქმით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ჰქონდა ბევრი პრობლემა, ეს პრობლემები უნდა მოგვარებულიყო და არა გამოცდები გაუქმებულიყო. „უნდა გაიზარდოს სასკოლო განათლების მნიშვნელობა, რომ უნივერსიტეტებში ვიღებდეთ სტუდენტებს უკეთესი ცოდნით მთელ რიგ დარგებში, განსაკუთრებით კი მათ მიერ შერჩეული სპეციალობებზე“, – ამბობს ის.

საუბარია იმაზეც, რომ ნიშნების პარალელურად განიხილონ მოსწავლის პორტფოლიოც, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ირინა დარჩია. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის სოციალურ უთანასწორობას მოსწავლეებში.

დარჩიას თქმით, ისევე როგორც არსებობს საფრთხე, რომ ცენტრალიზებული გამოცდების გარეშე გაჩნდება კორუფციის რისკი, ასევე ძალიან დიდი რისკია იმის, რომ სკოლის ნიშნები, კლასგარეშე აქტივობები ან მასწავლებლის რეკომენდაცია შეიძლება გახდეს დამატებითი ნეპოტიზმის და კორუფციის წყარო.

„ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ დანერგოს ამ ტიპის მეთოდი, რომელიც შეიძლება აპრობირებულია აშშ-ში, მაგრამ საქართველოში არ გამოდგება.

ეს დამატებითი კრიტერიუმები ძალიან დიდ უთანასწორობას გამოიწვევს, რადგან არათანაბარ პირობებში ჩააყენებს მოსწავლეებს, შედარებით უფრო ღარიბი ოჯახებიდან, ან ქალაქის სკოლებიდან, რეგიონებში, ვიდრე სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სოციალურად მოწყვლად თემებში – ბევრ ოჯახს ნაკლები შესაძლებლობა აქვს  შვილები ჩართონ სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობაში და შეუქმნან პორტფოლიო. მოსწავლის პორტფოლიოს შექმნას სჭირდება ოჯახის ინტელექტუალური, სოციალური და ფინანსური მზაობაც. ამიტომ ამ კომპონენტის შემოტანა გაზრდის უთანასწორობას და ხელს შეუშლის განათლების ხელმისაწვდომობას სოციალური კუთვნილების მიუხედავად“, – ამბობს დარჩია.

რაც შეეხება თვითონ გამოცდას, ეს იქნება მრავალკომპონენტიანი თუ სხვა, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. „სჯობს მივმართოთ საერთაშორისო პრაქტიკას, როგორიცაა მაგალითად A Level – ბრიტანეთში, როგორიცაა აბიტური – გერმანიაში, როდესაც სკოლის დონეზე ტარდება გამოსაშვები გამოცდები სხვადასხვა საგანში და ამ გამოცდის ქულები არის განმსაზღვრელი უნივერსიტეტში ჩაბარებისას. ოღონდ ეს გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს ცენტრალიზებულია“, – მიაჩნია ირინა დარჩიას.

მინისტრ ჩხენკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასა და უმაღლესში მიღების საკითხზე „ერაზმუს +“-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორს ლიკა ღლონტსაც ვესაუბრეთ, რომლის კვლევისა და ინტერესის სფეროს წარმოადგენს განათლების პოლიტიკა და განათლების ხარისხის განვითარება.

მისი აზრით, ეროვნული გამოცდები თავის დროზე იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან მან ბევრი პრობლემა მოხსნა დღის წესრიგიდან. დღეს, 2021 წელს, შესაძლებელია ვისაუბროთ ცვლილებებზე, თუმცა ეს ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული მსჯელობაზე, გააზრებაზე და უნდა არსებობდეს ნათელი და არგუმენტირებული პასუხი იმაზე, რას ცვლის სასიკეთოდ ეს სისტემაში.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხში, საჭიროა ძალიან მკაფიო და კარგი დაგეგმვა იმისა, თუ რა მიმართულებით წავა ცვლილებები. სკოლაში განხორციელებული ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს ბმაში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან, რომლის ახალ სქემას უკვე წლებია ველოდებით და ჯერ არც ის დადებულა.

ვიცით, რომ დღეს არსებული სისტემა სტუდენტების დაფინანსებაზეა მიბმული. ამიტომ, არც ის ვიცით, როგორი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების სქემა, რა მიმართულებით მიდის და როგორ წყვეტს ამას სამუშაო ჯგუფი მსოფლიო ბანკთან ერთად ან რა ეტაპზეა. ცალკე თემაა ის, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნივერსიტეტებს არ აქვთ“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული 64 უმაღლესი სასწავლებელია და ეს ციფრი იზრდება. „გაითვალისწინეთ ის, რომ ყოველ წელს ეს ციფრი მზარდია იმის მიუხედავად, რომ სადღაც 8, 10-ათასამდე სტუდენტური სასწავლო ადგილი რიგ უნივერსიტეტებში რჩება შეუვსებელი. შესაბამისად, ამ უნივერსიტეტების მიზანი და ამოცანა არ იქნება მისაღები გამოცდების გართულება. ისინი თანახმა არიან მაქსიმალურად შეამსუბუქონ აბიტურიენტებს მოხვედრა, სხვანაირად ისინი სტუდენტებს ვერ მიიღებენ“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

ლიკა მიიჩნევს, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო, კონსენსუსი უნივერსიტეტებს შორის მარტივად არ შედგება და, შესაბამისად, ის სასწავლებლები, ვისაც სიტყვა ეთქმის ამ საკითხზე, თუ ასწევენ მიღებისას ბარიერს, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„მივედით ისევ დაფინანსების მოდელამდე: ითქვა, რომ დაფინანსების ახალი სქემა performance based ანუ შესრულებაზე იქნება დაფუძნებული. ეს გულისხმობს სწავლების და კვლევის ხარისხის მიხედვით დაფინანსებას. ეს თუ იქნება ერთ-ერთი წამყვანი იდეა, მაშინ შეიძლება გადავრჩეთ არათანაბარ მდგომარეობას“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტების ერთ-ერთი მთავარი დაფინანსების წყარო სამეცნიერო კვლევებია, რისთვისაც ხდება გრანტების მოძიება. საქართველოში კი სამეცნიერო გრანტებს ერთადერთი კვლევითი დონორი ორგანიზაცია – რუსთაველის სამეცნიერო ფონდი გასცემს და მაქსიმუმი, რაც კვლევისთვის შეიძლება გაიცეს, 50 ათასი ლარია. „უბრალოდ, უხერხულია. მეცნიერების დაფინანსებაზე ისეთი პასუხები გასცა ჩხენკელმა, რომ ესეც ძალიან უხერხული მოსასმენი იყო, რომ Horizon Europe-ის (ევროკავშირში არსებული პროგრამა, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებას გულისხმობს) გრანტი უნდა მოიპოვოს, რომ ქვეყანაში კოსმოსური სააგენტო აღადგინოს. „ჰორიზონტი“ არის საკონკურსო პროგრამა, რომელსაც ან დაგიფინანსებენ ან არა. იცით რამდენი პროექტია საქართველოდან წარდგენილი და წარმატების რა ხარისხი გვაქვს? სრული ტყუილია მხოლოდ ამით მეცნიერების განვითარებაზე საუბარი“, – ამბობს ღლონტი.

მისი თქმით, საერთაშორისო გრანტის მოპოვების უნარი ბევრ უნივერსიტეტს არ აქვს, ცალკე საკითხია ხარისხის უზრუნველყოფა, შიდა და საერთაშორისო კონკურენცია, ის, რომ სასწავლებლებს არ აქვთ სწორი სტრატეგია დაგეგმილი, ამას ემატება პანდემიის თემა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირება.

„ეს კომპლექსური თემაა და როცა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით რაღაც განცხადებები კეთდება, ამას შლეიფივით მოჰყვება ხოლმე სხვა მილიონი მასთან გადაბმული პრობლემა. ამიტომ მისაღები გამოცდების ასეთი სახით შეცვლა რა დადებით ძვრებს გამოიწვევს, ამის მოდელირება ხომ უნდა მოხდეს?“ – ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი აზრით, მარტო ერთი წერტილოვანი ცვლილებით – მისაღები გამოცდებით განათლების სისტემაში უკეთესობას ვერ დავინახავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: