Batumelebi | დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე – Batumelebi
RU | GE  

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის  ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია  – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი.

ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ენმ-ის ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს.

“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში, როცა პოლიციამ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისი შტურმი მიიტანა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა”, – წერს ბილდტი.

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად ეხმაურება.

„ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

„ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავაკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო — ახლო პარტნიორი და ასპირანტი — შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტვიტერზე შემაშფოთებელს უწოდებს ნიკა მელიას დასაკავებლად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შტურმს.

“ძალიან შემაშფოთებელია, რაც დღეს საქართველოში მოხდა. პირველი, ვინც დაზარალდა, არის ქართველი ხალხი. მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და არა უკან დახევისკენ. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იცავს კანონის უზეანესობასა და დემოკრატიას საქართველოში”, — წერს რასმუსენი ტვიტერზე.

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და ამას საქართველოსთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი უწოდა.

“საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი. ამით მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა სარგებლობენ. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი აღმოჩნდება ამაში. კრემლი უყურებს”, — წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

ესტონელი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “Renew Europe” წევრი ურმას პაეტი ასევე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. უთანხმოებათა აღმოსაფხვრელად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება”, — აღნიშნავს ის.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დასაკავებლად მიმდინარე შტურმს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს დრამატული ქმედებები შეწყვიტოს:

“პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ისევ დავაინიცირეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არაა ისეთი რამ, რაც ავტომატურად ხდება. ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოცემულ დაძაბულ სიტუაციაში მთავრობას მოვუწოდებ ამ დრამატულ ქმედებებს შეეშვას,” – წერს ტვიტერზე კინზინგერი.

ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. კლეიტონის თქმით, ის შოკირებულია და აცხადებს, რომ ძალადობა და ქაოსი ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებას სჭირდება:

“შოკირებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს დილით განვითარებულუ მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”, – ამბობს კლაიტონი.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ასევე ტვიტერზე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას.

“მოვლენები ძალიან სავალალოდ ვითარდება საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმი განხორციელდა. ვიმედოვნობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ვითარების დეესკალაცია ჯერ ჯიდევ შესაძლებელია” — წერს კარპენტერი ტვიტერზე.

ფეისბუქზე ეხმაურება ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა ლიეტუვაში და რა თქმა, უმაღლესი ტრიბუნის მქონე პირებმა საქართველოს ხელისუფლებაში გამაკრიტიკეს მცდელობის გამო, შემეჩერებინა, რაც ახლა ხდება. ენმ-ის სათავო ოფისზე შტურმი მოხდა გაზის გამოყენებით ისე, როგორც ერთხელ პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამდა, ივანიშვილის სარდლები პუტინივით და ლუკაშენკოსავით იქცეოდნენ”, — წერს პავილიონისი.

Twitter-ზე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაკავება შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რომლებიც, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ აქვს. ეს კრიტიკული მომენტია დემოკრატიისთვის საქართველოში”, — წერს მიხელსონი

მელიას დაკავებას განცხადებით ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი