Batumelebi | „სასამართლოს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად“ – კინზინგერი მელიას საქმეზე „სასამართლოს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად“ – კინზინგერი მელიას საქმეზე – Batumelebi
RU | GE  

„სასამართლოს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად“ – კინზინგერი მელიას საქმეზე

საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ.  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ რაც ნიკა მელიას დაკავების კადრებში ნახა, ძალიან შემაშფოთებელი იყო.

„განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არსებობს შეკითხვები ბრალდებაზე და მაშინ, როცა ახალ კონგრესში ბევრი სამუშაო გავწიეთ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, ეს ძალიან ცუდი გზავნილია და იმედია, რომ გადავხედავთ. სიმართლე გითხრათ, მთავრობამ ბევრი რამ უნდა განმარტოს.

შეერთებული შტატები ძალზე დაინტერესებულია იმით, რაც საქართველოში ხდება და ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. რაც შეეხება ინსტრუმენტებს, არ მინდა ვისაუბრო საბაზისო განსჯის და დაჯილდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე, როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს, თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა ამის შესაბრუნებლად“, – ამბობს კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“.

კინზინგერის თქმით, დემოკრატიას ექნება დღეები, როცა ვითარება ისე გამოიყურება თითქოს ნაბიჯს უკან დგამს, მაგრამ მთავარი კითხვაა, როგორ შეცვლი, გამოასწორებ და შემოაბრუნებ ვითარებას.

„ეს არის ის, რასაც საქართველო და ქართველები უნდა გაუმკლავდნენ. რა გზავნილია ის, როცა ოპოზიციის მთავარ ოფისში მასშტაბურ საპოლიციო რეიდს ატარებ ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ, ძალიან შემაშფოთებელი, გაბუქებული ბრალდების საფუძველზე. ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ეს არ არის ის, რაც მსოფლიოს სურს იხილოს. და ეს არ არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს ქვეყანა, თუ მას ნატოსა და დასავლეთის ნაწილი სურს, რომ გახდეს.

დემოკრატია ყოველთვის საფრთხის წინაშეა, ბევრი რამ ვისწავლეთ ბოლო წლებში, განსაკუთრებით ამერიკაში განვითარებული მოვლენების შედეგად, ყოველთვის იქნებიან ძალები, რომლებიც შეეცდებიან დემოკრატიას საფრთხე შეუქმნან, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და რუსები ამას იყენებ დეზინფორმაციისთვის, საფრთხე ყოველთვის არის, მთავარია, როგორ უპასუხებ ამას. და ის, დადგება თუ არა საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების“ და მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – ამბობს კინზინგერი.

კინზინგერის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დარჩენა გუშაგის როლში და ისინი დიდი ინტერესით დააკვირდებიან, თუ როგორ გადაწყდება ეს სიტუაცია.

„მე ვეტყოდი საქართველოს მთავრობას, რომ ისინი ძალიან ცუდ მესიჯს გზავნიან. დიახ, მე ძალიან მაშფოთებს,  დემოკრატიიდან დაშორება და ავტორიტარიზმისკენ სვლა. ახალ პრემიერ-მინისტრზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ნათელია, რომ წინა პრემიერ-მინისტრისთვის არ იყო მისაღები ის, რაც გუშინ მოხდა. ეს აჩვენებს განსხვავებას პარტიის შიგნით. ვისაც არ უნდა მიეღო დაკავების გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის დონეზე თუ ხელოვნურად მაღალ დონეზე, ვინც არ უნდა იყოს ის, გამოვიდეს და ახსნას, რატომ აქვთ მათ იმის უფლება, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან და რას ეფუძნება ეს. არ შეიძლება ვიყოთ ქვეყნები, რომლებსაც პიროვნებები მართავენ, უნდა ვიყოთ სახელმწიფოები, სადაც კანონი მართავს“.

კინზინგერი ინტერვიუში ამბობს, რომ აქამდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდებოდა, თუმცა „როცა ვუყურებ საქმეების რაოდენობას ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკულია, ამას მივყავართ დასკვნისკენ, რომ სასამართლოს იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღად.

ეს არ უნდა ხდებოდეს, ამიტომ ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და იმედია, ეს სწრაფად შეიცვლება. თუ ვინმე დარჩა საქართველოს მთავრობაში, ვინც ფიქრობს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ჭკვიანური ნაბიჯი იყო, მას ვეტყოდი, რომ დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად არ ხედავს ასე“.

ადამ კინზინგერმა ინტერვიუში საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციებზეც ისაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ, მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან თანამშრომლობა მსურს, ეს არ მოდის სიბრაზიდან, არამედ ეს მოდის იმედიდან, რომ ვიხილოთ წარმატება იქ“, – ამბობს ადამ კინზინგერი.

___

ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს, პარტიის ოფისში დააკავეს. ენმ- ოფისში პოლიციასთან ერთად სპეცრაზმიც შეიჭრა. გუშინ ნიკა მელიასთან ერთად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა პირებიც დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გუშინვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მეგობარი სახელმწიფოების შემაშფოთებელი შეფასებების შემდეგ განაცხადა, რომ „პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში“. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა: „ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები“.

ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მალევე ქვეყნის ახლადარჩეულმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციას მოუწოდა, რომ „გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“. 

წინა დღით პარლამენტში გაკეთებული რადიკალური განცხადებებისა და ნიკა მელიას დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია ღარიბაშვილის ამ მოწოდებას „ცინიზმად“ აფასებს.

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com