მთავარი,სიახლეები

„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე

23.02.2021
„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე

მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან“.

ზვიად ქორიძე წერს:

„ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს.

ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან მხოლოდ “სამართალი კი არ აღასრულა”, არამედ ქართულ საზოგადოებას შესთავაზა კონფრონტაციისა და შეუწყნარებლობის პოლიტიკა;

განსხვავებული შეხედულებების, პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიის მიუღებლობა არის ავტორიტარიზმის პოლიტიკა და სწორედ ამას დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის 89 დეპუტატმა, როდესაც აირჩია ღარიბაშვილი პრემიერად. ეს ფორმალურად არის ნდობის ვოტუმი, მაგრამ არ არის საერთო-სახალხო ნდობა;

დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა. ირაკლი ღარიბაშვილი ომის პარტიაა. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ აგრესიული რიტორიკითა და ქმედებით გააძლიერებს თავის ავტორიტარიზმს.

გუშინაც ასე ვფიქრობდი, როდესაც მას პარლამენტი ნიშნავდა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმომედგინა, თუ მეორე დილითვე შეუქმნიდა უკვე პრემიერი ღარიბაშვილი  საქართველოს ასეთ სერიოზულ პრობლემებს და გაწირავდა პოლიტიკური კრიზისისა და საერთაშორისო იზოლაციისთვის.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ გაიაზროს ეს რისკები და მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა;

დღეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების და დემოკრატიული წრეების მხარდაჭერა, რომ არ გაიწიროს ჩვენი სახელმწიფო;

დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან.

სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო შედის ისეთ ჩიხში, სადაც იკარგება დამოუკიდებლობაც და დემოკრატიული განვითარებაც. ამ სტატუსით არ ვარკვევ, დამოუკიდებლად მივიდა ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ პოლიტიკამდე თუ სხვისი დავალებით. ფაქტია, რომ იგი დღეს პირისპირ დგას საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების დაკარგვის საფრთხესთან“.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვალს, დილით დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელიას დაკავებას უკვე გამოეხმაურა დასავლეთი. „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: