მთავარი,სიახლეები

როცა მოზარდი ემოციებს არ გამოხატავს და სმარტფონსაა მიჯაჭვული

04.02.2021 • 1944
როცა მოზარდი ემოციებს არ გამოხატავს და სმარტფონსაა მიჯაჭვული

გარდატეხის ასაკის ბავშვების ურთიერთობა მშობლებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდებს მათი აღარ ესმით, შვილები აღარ უსმენენ და მეტიც, თითქოს გაურბიან მშობლებს და სძულთ კიდეც ისინი. თუმცა, სინამდვილეში, მოზარდებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებისგან გამოყოფის ე.წ. სეპარაციისა. ისინი ცდილობენ შეიქმნან ფსიქოლოგიური ავტონომია.

ხანდახან მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვულები და სმარტფონების გარდა აღარაფერი აინტერესებთ, აქვთ მომეტებული მგრძნობელობა და ემოციებს არაადეკვატურად გამოხატავენ.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი და მოზარდთან კომუნიკაციის რა ფორმა უნდა აირჩიოს. ამის შესახებ ოჯახისა და ბავშვთა ფსიქოლოგს, ქეთი დევაძეს ვკითხეთ.

ქეთი დევაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი

ფსიქოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანია მშობელმა განსაზღვროს, რას ნიშნავს გაჯეტებზე მიჯაჭვულობა, რადგან ვცხოვრობთ გარემოში, სადაც გაჯეტები იქცა ყველაფრის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და განათლების მიღების წყაროდაც კი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაჯეტები სოციალური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს დროში და განსაკუთრებით მოზარდები, სმარტფონის, კომპიუტერის დახმარებით, სოცქსელებით ახერხებენ დაიკმაყოფილონ სხვადასხვა სახის სოციალური ურთიერთობების სურვილი: ეძებენ მათი ინტერესების შესაბამის წრეს, ეცნობიან ახალ ადამიანებს, იუმჯობესებენ სხვადასხვა უნარს და ა.შ. როცა ბავშვს ვართმევთ ტელეფონს დასჯის მიზნით, მას რაღაც ნივთს კი არ ვაშორებთ, არამედ ვაშორებთ ყველა ამ ზემოაღნიშნულ სიტუაციას.

მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეს მშობელი, სანამ ტელეფონის ჩამორთმევას დასჯის საშუალებად გამოიყენებს, რადგან ხშირად ბავშვი ამ საქციელს აღიქვამს მშობლის მხრიდან არა პრობლემის მოგვარების მცდელობად, არამედ მისგან ძალაუფლების მტკიცებად და სურვილად – აკონტროლოს შვილი.

ტელეფონის ჩამორთმევა შეიცავს იმის რისკს, რომ მშობელმა დაარღვიოს ბავშვის საზღვრები და შეიჭრას მის პირად სივრცეში, რაც მოზარდისთვის უპატიებელი რამ არის, მათთვის პირადი სივრცე და ცხოვრება, პირადი ინფორმაცია და აქ მშობლის შეჭრა ძალიან მტკივნეული, მიუღებელია.

კარგი იქნება, თუ ოჯახის ყველა წევრი შეიმუშავებს გაჯეტების მოხმარების ლიმიტს და მათ ექნებათ ჩამოყალიბებული წესები, როგორ მოიხმარონ სმარტფონები თუ კომპიუტერი. დააწესონ ლიმიტები, თუმცა ეს წესები უნდა გაითვალისწინოს ოჯახის ყველა წევრმა.

წესი შეიძლება იყოს, მაგალითად, ის, რომ არავინ გამოიყენოს ტელეფონი საუზმის, სადილის, ვახშმის დროს. წესებს უნდა იცავდეს ყველა და არამხოლოდ ბავშვები. ქეთი დევაძის თქმით, ბავშვთა ფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ მშობლები ტელეფონის ჭარბი მოხმარების გამო მაშინ, როცა თავადაც დღის დიდ ნაწილს გაჯეტებთან ატარებენ. ფსიქოლოგის თქმით, ეს არ არის სამართლიანი ბავშვის მიმართ.

„აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, რომ ინტერნეტსივრცე, სოციალური ქსელი, შეიცავს ბევრ საფრთხეს ჩვენი შვილების, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და შეიძლება იყოს წყარო კიბერბულინგის, კიბერძალადობისა. შეიძლება ბავშვმა გაავრცელოს პირადი, პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა სახით, ამიტომ ჩვენ ხშირად და არა ერთჯერადად უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ: როგორ უნდა დაიცვას თავი ინტერნეტში, ვის და რა სახის ინფორმაცია შეიძლება გაუზიაროს და როგორ უნდა მოიქცეს, თუ რომელიმე სახის ძალადობის მსხვერპლია ინტერნეტსივრცეში“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, გარდატეხის ასაკში მოზარდების ემოციური ფონი ძალიან არაერთგვაროვანია. აქვთ სრულიად საწინააღმდეგო გრძნობები, მოზღვავებული ემოციები და უჭირთ ამა თუ იმ ემოციის იდენტიფიცირება, არ იციან, როგორ გამოხატონ ეს ემოცია და შედეგად გაბრაზებისას ყვირიან, ტირიან, იჯახუნებენ კარს, იკეტებიან ოთახში – მათი ემოციების გამოხატვა არაადეკვატურია. ამას ემატება ისიც, რომ პუბერტატული ასაკის [12-დან 16 წლამდე პერიოდი] ფიზიოლოგიური ცვლილებები იწვევს ემოციურ ცვლილებებსაც.

მნიშვნელოვანია ემოციებთან გასამკლავებლად უფროსები დაეხმარონ მოზარდებს. პირველ რიგში აუცილებელია მათი წახალისება საკუთარი ემოციების გამოსახატად, მშობლები კი ხშირად შვილებს პირიქით ასწავლიან, რომ ემოციები არ უნდა გამოხატონ.

ხშირია ფრაზები: „ნუ ტირი“, „ნუ გეშინია“, ვასწავლით ბავშვებს, რომ ემოციების გამოხატვა სისუსტეა – გოგოებსაც და ბიჭებსაც.

როგორ წავახალისოთ მოზარდები გამოხატონ საკუთარი ემოციები? ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ამისთის საჭიროა თავად ვაძლევდეთ მოზარდებს მაგალითს:

„თავად უნდა გამოვხატავდეთ ემოციებს: როცა გვეშინია, ვწუხვართ ან გვიხარია.

ასევე უნდა ვკითხოთ მოზარდებს მათ ემოციებზე: დავინტერესდეთ, რას გრძნობენ და როგორ არიან, რა აღელვებთ, რა ახარებთ და ა.შ.

მოზარდის მოჭარბებული მგრძნობელობა ქარბორბალასავითაა, უნდა დავარქვათ ამ გრძნობებს, ემოციებს სახელი: როცა  ვხედავთ ძალიან გაბრაზებულია, ვუთხრათ, მაგალითად, რომ ვგრძნობთ მის სიბრაზეს და ეს ნორმალურია. ვაჩვენოთ, რომ ეს ემოცია ნორმალიზებულია, რომ ამაში უცნაური არაფერია.

კარგია, თუ ავირეკლავთ ბავშვის ემოციებს. თუ ვხედავთ, რომ ბრაზობს, ვაგრძნობინოთ, რომ ეს ჩვენთვის სულერთი არ არის, ვუთხრათ, რომ ჩვენც ვგრძნობთ ხოლმე იგივენაირ სიბრაზეს, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვუყვეთ თუნდაც რაიმე ისტორია: რამ გაგვაბრაზა, მერე რა მოვიმოქმედეთ, როგორ მოვაგვარეთ პრობლემა და ა.შ.“ – ამბობს ქეთი დევაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: