ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გარემოს სააგენტო ახალ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიაში ააშენებს

04.02.2021
გარემოს სააგენტო ახალ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიაში ააშენებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმში ადმინისტრაციულ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიის ქუჩაზე ააშენებს. მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია.

ადრე სააგენტოს ახალი შენობის აშენება „მელკი მორიაზე“ [ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ], ზღვის პირას იგეგმებოდა, თუმცა სააგენტომ აქ მშენებლობა იმ მიზეზის გამო ვერ დაიწყო, რომ ეს ტერიტორია აჭარის მთავრობას ინვესტორისთვის გადასაცემად სჭირდება. შესაბამისად, სამინისტრომ სააგენტოს ტერიტორია ადლიაში გადაუცვალა.

ბათუმი / ტერიტორია ადლიაში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა უნდა ააშენონ / ფოტო ტენდერიდან

ახალი შენობა ბათუმში, ადლიის ქუჩა N102ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. ნაკვეთის ფართობი 2 703 კვ/მ-ია.

არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე ბრძანებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ხელი 2021 წლის 29 იანვარს მოაწერა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა ბათუმში / პროექტი / ფოტო ტენდერიდან

სააგენტოს ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღება 2021 წლის 23 თებერვალს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა შენობა სამუშაოების დაწყების შესახებ სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან 10 თვეში უნდა ააშენოს.

ამავე თემაზე:

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: