“პოლიტიკა მე არ მაინტერესებს,” – ხმამაღლა თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და ადვოკატ დავით ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა. ადვოკატმა იმის ახსნა სცადა, რომ ფირუზ წულუკიძე პოლიტიკური პატიმარია და მასთან გარიგებას მაღალჩინოსნები ცდილობდნენ.
ფირუზ წულუკიძის და ასლან ჩოგაძის საქმე დღეს, 7 თებერვალს, განიხილა მოსამართლე კობა გოცირიძემ. ფირუზ წულუკიძე 1500 ლარით დააჯარიმეს, ასლან ჩოგაძე – 1000 ლარით.
საუბარია 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით.
“მაინცადამაინც ქუჩაში უნდა გამოსულიყავით და კომენდანტის საათი დაგერღვიათ, რომ ეს გაგეპროტესტებიათ?” – მიმართა მოსამართლემ ფირუზ წულუკიძეს.
“მე აქამდე არ დამირღვევია კომენდანტის საათი… ჩვენ გამოვედით ქუჩაში იმიტომ, რომ თბილისის აქციას გამოვუცხადეთ სოლიდარობა,” – უპასუხა მოსამართლეს ფირუზ წულუკიძემ.
“თბილისში რატომ არ წადით?” – მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს შეკითხვაც რელევანტური იყო.
“ეს ჩვენი საქმეა. ვიცოდით, რომ დაგვაჯარიმებდნენ 2-2 ათასი ლარით, მაგრამ დაკავების საფუძველი იქ არ იყო… ჩვენთვის პოლიციელებს არ განუმარტავთ, რისთვის გვაკავებდნენ, გაიცა ბრძანება და დაგვაკავეს. ჩვენი მხრიდან დაუმორჩილებლობა იქ არ ყოფილა,” – მიმართა ისევ მოსამართლეს ფირუზ წულუკიძემ.
“კომენდანტის საათის დროს რომ ქუჩაში გამოდით, როგორ ფიქრობთ, ეს არ იყო დაუმორჩილებლობა?” – იკითხა მოსამართლემ.
“დაუმორჩილებლობა იყო ის, რომ კომენდანტის საათი დავარღვიეთ, მაგრამ პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ეს არ ყოფილა…,” – თქვა ფირუზ წულუკიძემ.
“რაღაცას დავამატებ,” – წამოიწყო პოლიციელმა, თუმცა ის გაღიზიანებულმა ადვოკატმა შეაჩერა:
“მტკიცებულება მოგეტანა ან ვიდეოთვალი მაინც, რა უნდა დაამატო”, – გაცხარდა დავით ჯაფარიძე.
ამ შემთხვევაშიც მოსამართლეს არც ერთი მტკიცებულება არ უნახავს და არც მოწმეებისთვის მოუსმენია, თუმცა ფირუზ წულუკიძის შემთხვევა გამონაკლისი იყო: აქ პოლიციელმა დაადასტურა დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება.
“სპორტსმენია, როგორც იცით და ამიტომ მოგვიხდა ძალის გამოყენება,” – თქვა პოლიციელმა, რომელიც პოლიციის მე-6 განყოფილებაში მუშაობს და სასამართლო სხდომაზე პოლიციას წარმოადგენდა.
“სპორტსმენი კი არა, ევროპის ჩემპიონია,” – წამოიძახა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.
“…ის ინანიებს ჩადენილ ქმედებას”, – მეორე პოლიციელის, თენგიზ კომახიძის ამ ფრაზამ მიიქცია მოსამართლის ყურადღება მეორე დაკავებულის – ასლან ჩოგაძის საქმეზე.
“ინანიებს?” – დაინტერესდა მოსამართლე.
“ასე გამოდის მისი საუბრიდან…” – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს.
“მე არ მიღიარებია, თუმცა პოლიციას პატივს ვცემთ…” – გისოსებს მიღმა სივრციდან მიმართა მოსამართლეს ასლან ჩოგაძემ.
აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა დასრულდა. კომენდანტის საათის დარღვევისთვის აქციის მონაწილეები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა პოლიციამ, სასამართლომ კი, მათ 1000-1000 ლარი დაუმატა “პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის”.
სასამართლომ 1500 – 1500 ლარით მხოლოდ ფირუზ წულუკიძე და ხათუნა ბერიძე დააჯარიმა.
არ არის გამორიცხული, აქციის შემდეგ დაჯარიმებული პირებიდან 4-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევისთვის. აქციის 4 მონაწილე წინა დღეებშიც დააჯარიმეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის. ისინი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში.
___
მთავარი ფოტო: მოსამართლე კობა გოცირიძე