მთავარი,სიახლეები

300 შეტყობინებაც კი მიმიღია ერთ დღეში – ელჩის ცხოვრება თურქეთში პანდემიისას

05.02.2021 • 2214
300 შეტყობინებაც კი მიმიღია ერთ დღეში – ელჩის ცხოვრება თურქეთში პანდემიისას
რამდენად რთულია, როცა მსოფლიო პანდემიის დროს ასობით ადამიანის ბედი შენზე და იმ უწყების გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელმძღვანელობ. გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, თავის გამოცდილებას „ბათუმელებს“ უზიარებს ზეპირი ისტორიების სერიისთვის  – „ადამიანები პანდემიის დროს“:

პირველი შეხება კორონავირუსთან

თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ვირუსი ამ მასშტაბებს მიაღწევდა. თუმცა მალევე აუცილებელი გახდა გლობალური პანდემიის გამოცხადება და მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ჩემი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმთავითვე ვადევნებდი თვალყურს ინფორმაციას და მალევე ჩვენც მოგვიწია ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩაბმა.

თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 11 მარტს, გარდაცვალების კი – 18 მარტს დაფიქსირდა. თუმცა საელჩოს გაცილებით ადრე მოუწია ამ საკითხთან შეხება. ალბათ გახსოვთ, რომ თურქეთმა პირველ თებერვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ უჰანიდან თურქეთის მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელა. ქართული მხარის თხოვნით, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად გამოყვანილ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე. ამ პროცესში საელჩო, რა თქმა უნდა, აქტიურად იყო ჩართული. ეს იყო თურქეთის კეთილი ნება, რაც უაღრესად დასაფასებელია.

საელჩოს ყველა თანამშრომელი, ჩემი ჩათვლით, მიუხედავად მისი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკისა, ფაქტობრივად, კონსულის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ყველანი ერთად ვინაწილებდით თურქეთის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ზრუნვის ფუნქციას.

უჰანიდან მოქალაქეების გამოყვანის ორგანიზებაში, რასაკვირველია, ჩართული იყო ჩინეთში საქართველოს საელჩოც. თურქული მხარის თხოვნით, საელჩომ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ალბათ გახსოვთ, იმ პერიოდში აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, არავინ იცნობდა ვირუსის ხასიათს, ჟღერდებოდა მხოლოდ ის, რომ მომაკვდინებელი ვირუსია. საინფორმაციო საშუალებებში ტრიალებდა ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანების კადრები. შესაბამისად, ამგვარ ქაოსურ სიტუაციაში საკმაოდ დიდი იყო შიში.

უჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ანკარაში ჩამოყვანის მომენტში, სამსახურებრივი მოვალეობის გამო, ქალაქგარეთ ვიმყოფებოდი და ვერ ვახერხებდი მათ მონახულებას. მიუხედავად რისკისა, მოქალაქეების გასამხნევებლად საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ანკარაში საქართველოს კონსული და ასევე, ჩემი თანაშემწე. ეს დასაფასებელი ჟესტი იყო მათი მხრიდან, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა საჯარო მოხელე მოქალაქის საჭიროებას საკუთარ ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებს. საბედნიეროდ, ტესტის შედეგად დადასტურდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და 15 დღეში ისინი მშვიდობიანად გამოვამგზავრეთ საქართველოში.

ჩაკეტილი საზღვრები თურქეთთან

საზღვრის ჩაკეტვა ძალზე რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებს ქვეყანა. მარტის თვეში, როცა ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, დღის წესრიგში დადგა საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების საკითხი. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ უქმდებოდა საჰაერო მიმოსვლაც, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან არასახარბიელო ვითარებაში აყენებდა – მოგეხსენებათ, სწორედ თურქეთის გავლით სრულდება ავიარეისების უმეტესობა ევროპის, აზიის, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მიმართულებით. საელჩოს თხოვნის საფუძველზე, “თურქეთის ავიახაზებმა” გადაიტანა ფრენების შეწყვეტის თარიღი, რამაც ბევრ მოქალაქეს გაუადვილა სამშობლოში დაბრუნება.

შემდგომში, გადაადგილების შეზღუდვის პირობებშიც, თურქული მხარის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, აქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაბრკოლების გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში. თავის მხრივ, საქართველომ საგრძნობლად გაუადვილა ქვეყანაში თუ რეგიონში ჩარჩენილ თურქეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების პროცესი.

ქალაქი ანკარა. საქართველოს საელჩო. შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებთან

მიუხედავად პანდემიისა, ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმებით არ შეფერხებულა საერთაშორისო ტვირთბრუნვა, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, შუა აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან – მეზობელი ქვეყნებიდან. რასაკვირველია, საელჩო ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული.

თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, N1 სავაჭრო პარტნიორი და მასთან უაღრესად მჭიდრო და კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არსებული აქტიური ურთიერთთანამშრომლობის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და საქმიანობს თურქეთში. აგრეთვე, შთამბეჭდავია ორ ქვეყანას შორის ვიზიტორთა მიმოსვლის სტატისტიკა. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კი, ვიზიტორთა ამ დიდი ნაკადის ერთ-ერთი მთავარი გამტარია და მისმა ჩაკეტვამ, რასაკვირველია, სერიოზული დაბრკოლებები წარმოქმნა.

ცალკე თემაა სამედიცინო ტურიზმი, რომლის მიმართულებით, ასევე, მაღალი სტატისტიკა გვაქვს. თურქეთში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების გარდა გვყავს მოქალაქეები, რომლებიც აქ მკურნალობის მიზნით ჩამოდიან. ონკოლოგიური თუ სხვა მძიმე დაავადებების მქონე ქართველი პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო  ქვეყანაში შემოსვლის პრობლემის გადაწყვეტა. საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში იყო თურქეთის შესაბამის უწყებებთან, განსაკუთრებით, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოსთან – USHAŞ, რათა უზრუნველგვეყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთა ქვეყანაში შემოყვანა.

თავდაპირველად, მკაცრი შეზღუდვების პირობებში, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად ხერხდებოდა – საჭირო იყო საბუთების ვრცელი ჩამონათვალის წარდგენა და თან, მხოლოდ ერთეული ნებართვა გაიცემოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო, მაგალითად, ლეიკემიით დაავადებული მცირეწლოვანი პაციენტის შემთხვევა. საბოლოოდ, საელჩოს მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, მაისის თვიდან სამედიცინო ტურიზმი განახლდა.

მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თურქულმა მხარემ გაითვალისწინა ამ საკითხის სენსიტიურობა და ქართველ პაციენტებს მიეცათ ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსვლის შესაძლებლობა, თანაც მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულების გარეშე. საელჩო, ასევე, დახმარებას უწევდა პაციენტებს სახმელეთო გზით გადასაადგილებლად რეანომობილის მოძიებასა და მგზავრობისთვის საჭირო სხვა საკითხების ორგანიზებაში.

დღეს, მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, პაციენტთათვის საკმაოდ გაადვილებულია თურქეთში შემოსვლის პროცედურები. ქართულ მხარესაც, მათ მხოლოდ თურქული კლინიკის მოწვევის წერილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა 100-ის წარდგენა სჭირდებათ.

გლობალური პანდემიის პირველ თვეებში მთავარი პრობლემა იყო სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ზემოთაც აღვნიშნე, რომ მეც და საელჩოს ყველა თანამშრომელი, ფაქტობრივად, კონსულის მოვალეობას ვასრულებდით. ყოველდღიურ რეჟიმში საელჩოს გვერდზე ვაქვეყნებდით განახლებულ ინფორმაციასა და განცხადებებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თურქეთის რესპუბლიკისა და გადაფარვის ქვეყნების მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვცდილობდით, ხმა მიგვეწვდინა თითოეული მოქალაქისათვის. მიუხედავად საგრძნობლად გაზრდილი მომართვიანობისა, ვფიქრობ, უმეტესწილად ეს შევძელით. თუმცა, ბუნებრივია, მოქალაქეების მხრიდან იყო კრიტიკაც.

ჩვენთან მარტივად დაკავშირების მიზნით ავამოქმედეთ ცხელი ხაზის ორი ნომერი, რადგან ერთი არ აღმოჩნდა საკმარისი დიდ ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, Facebook-ის პირად გვერდზე ვიღებდი ასობით შეტყობინებას. 300-მდე შეტყობინებაც კი შემოსულა დღის განმავლობაში. პრაქტიკულად, ყველას ვპასუხობდი. მომიტევონ იმ ადამიანებმა, ვისაც ამ ინტენსიური ტემპის და ან სხვა მიზეზების გამო სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ.

მაქსიმალურად ვიყენებდით კონტაქტის ნებისმიერ საშუალებას, იქნებოდა ეს საელჩოს, ქალაქისა და ცხელი ხაზის ტელეფონები, თუ სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშები. ვცდილობდი, არც ერთი მოქალაქის შეტყობინება არ დამეტოვებინა უყურადღებოდ და უპასუხოდ.

იმ პერიოდში საელჩოს მწირი რესურსებით დავიწყეთ ამ ადამიანების დახმარება. ცალკე პრობლემა იყო ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების იდენტიფიცირება ან იმის განსაზღვრა, ვის უფრო სჭირდებოდა დახმარება. აქედან გამომდინარე, იყო მოქალაქეთა მხრიდან უკმაყოფილებაც.

გარდა იმისა, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებამდე საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველვყოფდით, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებს ავტობუსის ბილეთებიც კი შევუძინეთ. აქაც რთული იყო ადამიანების კატეგორიებად დიფერენცირება, ჩვენი შესაძლებლობები კი ყველას ვერ სწვდებოდა.

განსაკუთრებულ ძალისხმევას, რასაკვირველია, მოქალაქეების საქართველოში გამგზავრებისთვის ტრანსპორტის მობილიზება და გამგზავრების პროცესის ორგანიზება მოითხოვდა.

მოქალაქეები საელჩოს ორგანიზებით მიემგზავრებიან იზმირიდან საქართველოში

საჰაერო მიმოსვლის საბოლოო აკრძალვის შემდეგ მოქალაქეებს ძირითადად სახმელეთო გზით ვამგზავრებდით საქართველოში. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აკრძალული იყო საქალაქთაშორისო მიმოსვლა და ქვეყანაში ჩარჩენილ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უნდა აეღოთ გადაადგილების სპეციალური ნებართვა. საელჩო აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში, რადგან მოქალაქეებს ჰქონდათ ენის არცოდნის თუ სხვა უამრავი პრობლემა, რომლებიც მყისიერად უნდა მოგვეგვარებინა.

მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა გადამზიდავი კომპანიის შეცდომით, შესაბამისი ნებართვის გარეშე სტამბოლიდან საქართველოში გამომგზავრებული ავტობუსი გააჩერა პოლიციამ, გადაადგილების ნება არ მისცა და უკან დააბრუნა. ჩვენი კონსული მაშინვე მივიდა მოქალაქეებთან, პრობლემის მოგვარებამდე ისინი საკონსულოს ხარჯით სასტუმროში დააბინავა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყო. მოგვიანებით, ჩვენი ჩართულობით, შესაბამისი ნებართვაც გაიცა. ეს ყველაფერი არც ისე იოლი იყო, რადგან, ერთი მხრივ, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები უნდა დავიცვათ და მეორე მხრივ, მოქალაქეებს დროულად უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება, პრობლემის მყისიერი აღმოფხვრა კი ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ორგანიზებით მიემგზავრებიან ანტალიიდან საქართველოში

საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი თავმოყრილია თურქეთის რამდენიმე დიდ ქალაქში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ანტალიაში. შესაბამისად, სამგზავრო ავტობუსების მობილიზება ხდებოდა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან და ქვეყნის სხვადასხვა პროვინციიდან მოქალაქეები ჩამოგვყავდა გამგზავრების წერტილამდე.  საელჩოსთან ერთად ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სტამბოლსა და ტრაპიზონში ჩვენი გენერალური საკონსულოები, ასევე, იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი. ამ უკანასკნელის ძალისხმევით, იზმირიდან და საპატიო კონსულის დაფარვის ოლქებიდან (აიდინი, ქუშადასი, მუღლა, მარმარისი, მანისა, ანტალია, ადანა) საქართველოს ასეულობით მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ გამოვამგზავრეთ.

აქვე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, ამ რთულ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების მიერ ერთმანეთისადმი გამოჩენილი შესაშური სოლიდარობა და თანადგომა.

გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ტრაპიზონსა და, ზოგადად, შავიზღვისპირეთის რეგიონებში მყოფი მოქალაქეები – ტერიტორიული სიახლოვიდან გამომდინარე უფრო იოლად მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება.

ანკარაში მდებარე საქართველოს საელჩოს წინ შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ელჩი სამშობლოში აცილებს

საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეჩერების გამო დაკეტილი იყო ავტოსადგურები. ამიტომ მოქალაქეები საელჩოსთან იკრიბებოდნენ და აქედან ვამგზავრებდით მათ საქართველოში. ჩვენი მწირი შესაძლებლობებით მაინც ვახერხებდით თითოეული მგზავრი პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მოგვემარაგებინა.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა 21 მაისი, ხუთშაბათი დღე, რამადანის დღესასწაულის წინა საღამო, როცა მორიგი ავტობუსით 50-მდე ჩვენი მოქალაქე უნდა გაგვემგზავრებინა საქართველოში. მგზავრებს შორის იყვნენ მცირეწლოვნები, მოხუცები, ორსულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები. ავტობუსი გასამგზავრებლად უკვე მზად იყო, როცა გამოცხადდა რეგულაციების ცვლილების შესახებ. წარმოიდგინეთ, 50-მდე ადამიანია შეკრებილი საელჩოსთან… ამას ისიც ემატებოდა, რომ მეორე დღიდან ქვეყანაში, რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, უქმეები ცხადდებოდა. ამასთან, ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც განსაზღვრულ საათებში მუშაობს და თუ ავტობუსი დროულად არ ჩავიდოდა საზღვარზე, მგზავრებს ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და საბოლოოდ, იმავე დღეს მოხერხდა საჭირო ნებართვების მოპოვება. საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დროულად გამოემგზავრნენ.

5 ქვეყნის გავლით სამშობლოსკენ

ანკარაში საქართველოს საელჩო თურქეთის გარდა ფარავს ალბანეთის რესპუბლიკასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას (სულ ცოტა ხნის წინ დაგვემატა სუდანისა და მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკებიც). შესაბამისად, ამ ქვეყნებიდანაც მოგვიწია რამდენიმე მოქალაქის გამოყვანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბოსნიაში მყოფი ჩვენი 5 მოქალაქის შემთხვევა. ჩაკეტილი საზღვრების, გაუქმებული შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებისა და მოქმედი რეგულაციების გამო ისინი 5 ქვეყნის – ბოსნია – სერბეთი – უნგრეთი – ავსტრია – ბელორუსი – სომხეთის გავლით დავაბრუნეთ სამშობლოში.  ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ ქვეყნებში ჩვენი საელჩოებიც  აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ასეთი გრძელი მარშრუტის გავლით მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება სწორედ ერთობლივი ძალებით მოხერხდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დახმარება სჭირდებოდა ერთ თუ ათეულობით ადამიანს, ჩვენი მოვალეობა იყო ნებისმიერი მათგანისთვის გაგვეწვდინა დახმარების ხელი.

რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ასევე სტუდენტები. მათი გარკვეული ნაწილი საკვებითა და მედიკამენტებით მოვამარაგეთ. ასევე, მათთვის დავიქირავეთ საცხოვრებელი ფართობიც, რადგან სტუდენტური საერთო საცხოვრებლები დაიკეტა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ლიმიტირებული იყო. ბუნებრივია, ამას მოჰყვა კიდეც მოქალაქეთა უკმაყოფილება. ეს ყველაფერი გასაგებიცაა. მესმის, რომ რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანს უჭირს იმის გაგება, თუ რატომ არის ერთი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი დახმარება და მისთვის არა.

ცალკე პრობლემა იყო თურქეთის თუ სხვა ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე მყოფი მეზღვაურების საკითხი. მარტი-ივნისის პერიოდში, თურქეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აკრძალული იყო როგორც თურქი, ასევე უცხოელი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოშვება. გარკვეული პერიოდი რამდენიმე მათგანი დარჩა გემზე. ცხადია, გაჩნდა საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა, რაც ჩვენი ძალებით მოვაგვარეთ. საბოლოოდ, ანკარაში საქართველოს საელჩოს დიდი ძალისხმევითა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების დახმარებით, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოყვანა და შემდგომ სამშობლოში უსაფრთხოდ გამგზავრება.

მეზღვაურთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოში

საელჩოს სტატისტიკით, ამ რთულ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 7 ათასამდე მოქალაქეს.

საელჩო 24 – საათიან რეჟიმზე

2020 წლის 18 მარტიდან, როცა ქვეყანაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გადავწყვიტეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავსულიყავით გარეთ. შეიძლება ითქვას, სწორედ იმ დღიდან, ფაქტობრივად, დავსახლდით საელჩოში. მოქალაქეთა დახმარების პარალელურად, რა თქმა უნდა, უნდა გვეზრუნა თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებზე. ამავდროულად, პერიოდულად, ვმუშაობდით თურქეთში გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადასვენების საკითხზე.

უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთთან თანამშრომლობა ეპიდემიის ეფექტურად მართვის პროცესში. ამ პერიოდში თურქეთმა გაგვიწია მართლაც ფასდაუდებელი დახმარება. ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქული მხარის დახმარებით, საქართველოში პირბადეების საწარმოებლად საჭირო ყველა შრის, განსაკუთრებით, დეფიციტური ფილტრატორი შრის, ე. წ. Melt Blown-ის შესაძენად მოვიპოვეთ შესაბამისი ნებართვა და აღნიშნული ნედლეული აპრილში გაიგზავნა საქართველოში. ეს ფაქტი განსაკუთრებით იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ იმ პერიოდში, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით, აიკრძალა სამედიცინო აღჭურვილობის, განსაკუთრებით კი პირბადეების საწარმოებლად საჭირო ნედლეულის, ასევე, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და მსგავსი დეფიციტური საქონლის ექსპორტზე გატანა. თურქეთში მოძიებული ამ მასალის გამოყენებით დამზადდა საქართველოში 4 მილიონამდე პირბადე.

ნოემბრის თვეში თურქული მხარის დახმარებით, საელჩოსა და ასევე, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, საქართველოში გაიგზავნა ქართული კლინიკებისთვის სამედიცინო ჟანგბადის საწარმოებლად საჭირო დანადგარები.

მნიშვნელოვანი იყო ასევე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ შეთანხმება: თურქულმა მხარემ საქართველოს მთავრობას გადასცა სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის პატივი, პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული დელეგირების შესახებ ბრძანების საფუძველზე, მე მერგო.

მარტო პანდემიის პირისპირ

როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, ყველაზე მეტად გამიჭირდა ოჯახისგან მოშორებით ყოფნა. ჩემი ოჯახი საქართველოში იმყოფებოდა. მაშინ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი მოქმედებდა. 1-თვიანი შვებულების პირობებში, ფაქტობრივად, საქართველოში ყოფნის პერიოდის ნახევარზე მეტი ოჯახისგან იზოლირებულს უნდა გამეტარებინა. იმ კრიტიკულ პერიოდში, როგორც მისიის ხელმძღვანელი, ამდენი ხნით თურქეთსაც ვერ დავტოვებდი, რადგან მართლაც არაორდინარულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. შესაბამისად, რამდენიმე თვე ოჯახის გარეშე გატარება მომიწია და ემოციურად ეს, რა თქმა უნდა, ძალზე რთული იყო. ამასთან, ვღელავდი ასაკოვან დედაზე, რომელიც მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნება.

მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვის გარდა, საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაც ცალკე საზრუნავი იყო. ვცდილობდით, მაქსიმალური სიფრთხილე ისე გამოგვეჩინა, რომ არ შეფერხებულიყო საელჩოს საქმიანობაც. პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მოკლე ხანში თურქეთში დაინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მარტი-ივნისის პერიოდში, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში დაწესდა საგანგებო რეჟიმი, კვირების განმავლობაში მოქმედებდა სრული კომენდანტის საათი, მოქალაქეებს ეკრძალებოდათ სახლიდან გასვლა.

ამ კრიტიკულ პერიოდში საელჩოს თანამშრომლების თანადგომა და თავდაუზოგავი შრომა დამატებით მოტივაციას მმატებდა. შეიძლება ითქვას, რომ საელჩოში ვაღამებდით და ვათენებდით და ეს რთული გამოცდაც ერთად გავიარეთ. მართალია, ივნისის თვიდან ქვეყანაში ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ მეორე ტალღის დაწყების შემდეგ კვლავ ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები და ჯერ კიდევ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით.

რა შეცვალა პანდემიამ

ამ პერიოდში, ვფიქრობ, ყველამ უკეთ გააცნობიერა, რომ გულწრფელი ადამიანური სოლიდარობითა და ურთიერთთანადგომით, ფაქტობრივად, შეუძლებელი არაფერია. ბუნებრივია, მოიმატა აგრესიულმა ფონმა, თუმცა იმედი მაქვს, კრიზისული პერიოდის დაძლევის შემდეგ ესეც გაივლის.

პანდემიამ ასევე გვასწავლა, რომ ამგვარ კრიტიკულ ვითარებაში აუცილებელია კანონმორჩილება და წესების დაცვა. საქართველოშიც და თურქეთშიც თავდაპირველად საზოგადოების მხრიდან იყო გარკვეული წინააღმდეგობა და პრობლემები, პირბადეების ტარებასთან და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების ან წესების დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა მოგვიანებით საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ვირუსის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალებით იყო შესაძლებელი. დღესდღეობით პირბადე, სოციალური დისტანცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ადამიანებმა ვისწავლეთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც, თუნდაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, მაინც განვახორციელეთ. ერთ-ერთი ასეთი დასამახსოვრებელი მოვლენა იყო სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია, რომელსაც მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსიც უნდა დასწრებოდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ასაკის გამო მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნება, ექიმების რეკომენდაციით, თავი შეიკავა. ცერემონიაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩავედით სტამბოლში, შემდეგ კი, პირბადეებითა და სოციალური დისტანციის დაცვით, თავად ვეახლეთ პატრიარქს რეზიდენციაში. მან დაგვლოცა და გვთხოვა, გავფრთხილებოდით ჯანმრთელობას. როცა მსოფლიო პატრიარქის დონის მნიშვნელოვანი პიროვნება მოგიწოდებს სიფრთხილისკენ, გასათვალისწინებელია.

შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან

ინტერვიუს დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად 2020 წლის სირთულეებისა, ყოველ დღეს ახალი შემართებითა და უკეთესი მომავლის იმედით ვიწყებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: