მთავარი,სიახლეები

პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც საქართველოში დეპუტატი გახდა და შეიარაღებული დადიოდა

05.02.2021 • 10174
პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც საქართველოში დეპუტატი გახდა და შეიარაღებული დადიოდა

„ბაბუა ბევრს მიყვებოდა ფარი ხანუმზე, როგორც ძლიერ ქალზე… ბაბუას განსაკუთრებით უყვარდა მამიდა. კაცი ფარი ხანუმს ეტყოდნენ, ასე მიმართავდნენო… როცა გაირკვა, რომ ფარი ხანუმი პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელსაც დემოკრატიული არჩევნები მოუგია, ბაბუა ცოცხალი აღარ იყო,“ – გვიყვება ისმაილ სოფიევი. მისი ბაბუას მამიდა იყო ფარი ხანუმ სოფიევა – ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი სამყაროში, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით, 1918 წელს თბილისის მაზრის [ამჟამინდელი თვითმმართველობა] ერობის წევრი გახდა.

ფარი ხანუმი ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალია, რომელმაც არჩევნები მოიგო როგორც უპარტიო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ფარი ხანუმი საქართველოში, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში ცხოვრობდა.

ფარი ხანუმ სოფიევას შესახებ პირველად ისტორიულ დოკუმენტებში ინფორმაცია ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა მოიპოვა. სოფიევას შესახებ, როგორც სასიხარულო ცნობას, წერდა იმდროინდელი პრესაც, მაგალითად, „სახალხო კრება“. აქ ეწერა, რომ 1918 წელს თბილისის მაზრის ერობის წევრი მუსლიმი ქალიც გახდა. იპოვეს ერთ-ერთი სხდომის ჩანაწერიც, სადაც სოფიევა ხელს რუსულად აწერს.

ფარიხანი, იგივე ფარი ხანუმ სოფიევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში 1884 წელს დაიბადა. ის 34 წლის იყო, როცა დეპუტატი გახდა. ფარი ხანუმი 1953 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხაროდ, ფარი ხანუმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული ინფორმაცია უფრო ზეპირსიტყვიერებაში შეიძლება იყოს შემონახული, ვიდრე არქივებში. განსაკუთებით ახლა, როცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.

ისმაილ სოფიევი: ვამაყობ, რომ ბაბუას მამიდა იმ დროში ქალების გაძლიერებაზე ზრუნავდა

ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალი ისმაილ სოფიევი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობს, აპირებს ფარი ხანუმის შესახებ წიგნი დაწეროს. ის ახლა მონაცემებს აგროვებს, ადამიანებს ხვდება, მათ შორის უხუცესებს, რომლებიც მხოლოდ აზეირბაიჯანულად საუბრობენ… ისმაილისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია იმის გამორკვევა, თუ რას აკეთებდა ფარიხანი ქალების გაძლიერებისთვის.

„სოფელში უხუცესებს ყველას ახსოვს ფარი ხანუმი, როგორც ქალი, რომელიც შეიარაღებული დადიოდა, ჩაიხანასაც ხშირად სტუმრობდა და ჩიბუხს ეწეოდა… პირველ რიგში, ისინი ამას გეტყვიან, თუკი სოფიევას გახსენებას სთხოვ,“ – გვიყვება ისმაილ სოფიევი. – „მითხრეს, რომ ფარი ხანუმს თბილისშიც უყიდია ბინა და იქ ჩვენი სოფლიდან რამდენიმე გოგო ჩაუყვანია, განათლება რომ მიეღოთ. მერე რამდენიმე მათგანი სკოლაში მასწავლებელი გახდა. დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან…

ფარიხანი – არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი. ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც ისტორიას შემორჩა

სოფელში ასევე ჰყვებიან, რომ ფარი ხანუმი აპროტესტებდა ნაადრევ ქორწინებას და ქალის ჩაგვრას. თვითონ არასდროს გათხოვილა,“ – ამბობს ისმაილი.

ისმაილის ბაბუას მეხსიერებაში ფარი ხანუმი შემორჩენილა, როგორც ოჯახის ძლიერი წინამძღოლი და ქალი, რომელიც იმ დროშიც კი არღვევდა სტერეოტიპებს და კაცებთან ერთად დავების განხილვებში მონაწილეობდა.

„ბაბუა მიყვებოდა, რომ ფარი ხანუმს დედ-მამა მალე დაეხოცა, ერთი და ჰყოლია, 8 ძმა და ოჯახს თვითონ გაუძღვა, უპატრონა ყველას. ბაბუა იტყოდა, ასეა – ავტორიტეტი ჯერ ოჯახსა და სოფელში მოიპოვაო… იმ დროს მეცხვარეობა იყო, ბევრი ცხვარი და საქონელი ჰყოლიათ, ფარი ხანუმს საქმეც ჰყვარებია და სოფელში დავების გადაწყვეტაც… იმ დროს,მით უმეტეს ეს ქალისგან პრობლემა იყო,“ – გვიყვება ისმაილი.

ფარიხან სოფიევას საფლავი, სოფელი ყარაჯალარი

ისმაილი იხსენებს, რომ ბავშვობაში არამხოლოდ ბაბუასგან მოუსმენია ფარი ხანუმის, როგორც ავტორიტეტის და ძლიერი ფიგურის შესახებ, თუმცა სოფელ ყარაჯალარში არავის ახსოვდა მისი თბილისის მაზრის ერობის წევრობა.

„ვერ აღგიწერთ, რა ემოცია მქონდა, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ,“ – იმ ემოციას იხსენებს ისმალ სოფიევი, როცა სოფელ ყარაჯალარში ტელევიზორებიდან გაიგეს, ფარიხანი დეპუტატი რომ იყო. -„უკვე 17 წლის ვიყავი, როცა ეს გავიგე, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა აღმოაჩინა ეს, სოფელმაც გაიხარა, ყველას გაეხარდა და დღემდე ამაყობენ… უხუცესები დანანებით ამბობდნენ, რატომ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ფარი ხანუმი დეპუტატიც ყოფილაო,“ – ამბობს ისმაილ სოფიევი.

ისმაილ სოფიევი

ისმაილის აზრით, ფარიხანის დეპუტატობის ამბავი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაიკარგა, რადგან აღარავის სურდა ესაუბრა ფარიხანის გაკულაკებული ოჯახის და მისი დახვრეტილი ძმების შესახებ.

„ვერ მეუბნებიან ამას, რატომ დაავიწყდათ, მაგრამ, ჩემი აზრით, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაიკარგა ეს ამბავი. ჩემი წინაპრების ოჯახი გააკულაკეს, ქონება ჩამოართვეს, ფარი ხანუმის 5 ძმა დახვრიტეს…“ – ასრულებს ისმაილი თხრობას.

ირაკლი ხვადაგიანი: მან არჩევნები მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა

ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანისთვის, რომელმაც დოკუმენტებში პირველად იპოვა „დეპუტატი ფარიხან სოფიევა“, განსაკუთრებით საინტერესო ის მომენტია, რომ ფარი ხანუმი დამოუკიდებლად გახდა თბილისის მაზრის ერობის წევრი.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ავლენს მის ავტორიტეტს და პირდაპირი არჩევნების მნიშვნელობას… მოგვიანებით ის ხდება სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრი. არჩევნებში მან მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა. ფარიხან სოფიევა სავარაუდოდ პირველი მუსლიმი ქალია, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში აირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი,“ – გვიყვება ირაკლი ხვადაგიანი.

ისტორიკოსის თქმით, პირველად მუსლიმი ქალები წარმომადგენლობით ორგანოში ასტრახანში 1917 წელს აირჩიეს ქალაქის საბჭოს წევრებად, თუმცა ისინი პარტიას წარმოადგენდნენ.

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

ზოგადად, ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირველად ახალ ზელანდიაში მისცეს 1894 წელს, პირველი ქალი დეპუტატი კი, ფინეთში 1907 წელს აირჩიეს.

„სამწუხაროდ, დოკუმენტური მასალა მცირეა ფარიხანის შესახებ. სოფიევა ჩანს ერობის ყრილობებში, ფიქსირდება ხელმოწერები, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება თემის დონეზე… ჩანს, რომ მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით დიდი იყო. დოკუმენტებში ის ხელს აწერს რუსულად, რაც იმაზე  მიანიშნებს, რომ კარგი განათლება ჰქონდა. არ არის ცნობილი, რა განათლება ჰქონდა ფარიხანს, მაგრამ სავარაუდოდ მან იცოდა ქართული და არაბულიც, რადგან ყურანს კითხულობდაო.

ირკვევა ისიც, რომ ფარიხანი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ დონეზე დავების გადაწყვეტაში, ეწეოდა ჩილიმს… ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ფარიხანი აქტიურად არღვევდა მაშინდელ კი არა, დღეს არსებულ სტერეოტიპებს,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

ირაკლი ხვადაგიანის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ფარი ხანუმ სოფიევას სამი ძმა ჯერ გადაასახლეს, ხოლო 1937 წელს დახვრიტეს.

„უცნობია, რას აკეთებდა ფარიხანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ფარიხანის ოჯახი დაპირისპირებული იყო საბჭოთა რეჟიმთან. ამის შემდეგ ფარი ხანუმი არსად ფიგურირებს. ჩანს, რომ არ შედგა სიახლოვე მასსა და ბოლშევიკურ რეჟიმს შორის,“ – ასკვნის ირაკლი ხვადაგიანი.

ისტორიკოსი დანანებით აღნიშნავს იმასაც, რომ დღესაც კი, საქართველოს არქივი საბჭოთა არქივის მოწყობისაა და მკვლევარს ძიება განსაკუთრებით უჭირს.

„სახელის დონეზეც კი ვერ ეძებ… ვერ ვიტყვით, რომ მეტი არაფერია ცნობილი, მაგრამ ამ ძიებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ეს არის ნემსის ძებნა თივის ზვინში,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა.

ემინ იადიგაროვი: საბჭოთა ოკუპაცია რომ არა, ფარიხანი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი გახდებოდა

ასე ემინ იადიგაროვი ფიქრობს. ეს ისტორიკოსიც ფარიხან სოფიევას შესახებ ამზადებს სამეცნიერო ნაშრომს. ემინი თურქეთში, „სელჩუკის უნივერსიტეტის“ სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს ერასმუსის პროგრამით. ის ამბობს, რომ ფარიხანის ამბავი ახლა განსაკუთრებით აქტუალურია აზეირბაიჯანულ თემში ქალთა ემანსიპაციის კუთხით.

ემინ იადიგაროვი მარნეულში ცხოვრობს.

ემინ იადიგაროვი, ისტორიკოსი

„ვესაუბრები უხუცესებს, რომლებსაც ჰქონიათ ურთიერთობა ფარი ხანუმთან. ისინი ჰყვებიან, რომ ფარი ხანუმის სიტყვა იყო კანონი და ურჩობას ვერავინ უბედავდა… აღნიშნავენ, რომ განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და კაც-ფარიხანს ეძახდნენ,“ – გვიყვება ემინი.

ისტორიკოსის ინფორმაციით, ფარი ხანუმმა განათლება ოჯახში მიიღო, რომელიც შეძლებული იყო და მასწავლებლები სახლში აკითხავდნენ.

„მას ჰქონდა კარგი რელიგიური განათლება, იცოდა ქართული და რუსულიც… ის არ იყო ქორწინებაში და არ ჰყოლია შვილი, თუმცა ზრდიდა ერთ-ერთ ძმისშვილს. ფარი ხანუმი აპროტესტებდა ნაადრევ ქორწინებასაც.

სოფელში ახსოვთ, რომ ის ეხმარებოდა გოგოებს განათლების მიღებაში და ცდილობდა, ისინი ნაადრევად არ დაქორწინებულიყვნენ. უხუცესებს ახსოვთ, რომ ფარი ხანუმი დავების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერა სრულდება. ჩანს, რომ მას პოლიტიკოსისთვის ძალიან ბევრი კარგი უნარი ჰქონდა და რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, ფარი ხანუმი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იქნებოდა. თურმე ამბობდა, რომ საბჭოთა ოკუპაციამ მას ხელ-ფეხი შეუკრა…“ – ასრულებს ისტორიკოსი ემინ იადიგაროვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: