მთავარი,სიახლეები

მოზარდის დედა: ჩემს შვილს პოლიციელებმა სცემეს, მას 12 დღეა ვერ ვუკავშირდები 

06.02.2021 • 2380
მოზარდის დედა: ჩემს შვილს პოლიციელებმა სცემეს, მას 12 დღეა ვერ ვუკავშირდები 

„შვილს არ მაკავშირებენ, ის 25 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ არაფერი ვიცი, როგორაა, რას შვრება, 25 იანვარს ჩემი შვილი კი არ დააკავეს, არამედ მოიპარეს და სცემეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები დ. ლ. ის 16 წლის არასრულწლოვნის ა.ბ.-ს დედაა, რომელსაც გამოძიება ტაქსტის მძღოლის ძარცვას ედავება. არასრულწლოვანს პატიმრობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა.

დიანას თქმით, მას 25 იანვარს ოჯახის ახლობელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე „პოლიციელებმა მანქანაში ჩატენეს“.

„ჩემთვის პოლიციიდან არავის დაურეკავს, არავის შეუტყობინებია… საათ-ნახევრის შემდეგ ადვოკატის დახმარებით მივაგენით. მანამდე, როცა ჩემს შვილს ვურეკავდი, ისმოდა პოლიციელის ხმა, საიდან ითიშებაო, შემდეგ უწმაწურ სიტყვას ამბობს და გათიშე, ბიჭოო… ჩემმა ტელეფონმა ეს ხმა ჩაიწერა, ამის შემდეგ ჩემი შვილის ტელეფონი გაითიშა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დ.ლ.

მშობლის თქმით, არასრულწლოვანს დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რაც ამ დრომდე არავის შეუსწავლია.

„სისხლდენა ჰქონდა ცხვირიდან. თვითონ არ ამბობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს,“ – ამბობს არასრულწლოვნის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმეზე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. დაიწყო თუ არა გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც მსგავს საქმეებს სწავლობს, უწყებიდან ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.

პენიტენციური სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით კი, 16 წლის ა.ბ. მე-8 დაწესებულების საკარანტინე ნაწილშია. აქ ჯერჯერობით ვერ გვითხრეს, რატომ ვერ ხერხდება მშობელსა და არასრულწლოვანს შორის კომუნიკაცია. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულები პანდემიის გამო 16 დღით საკარანტინე სივრცეში აჩერებენ და შემდეგ PCR ტესტი უტარდებათ. პენიტენციური სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს გარეგნული დათვალიერებით ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ადვოკატ დავით ჯაფარიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ფიზიკური დაზიანებების შესახებ მან ინფორმაცია უშუალოდ მოსამართლეს მიაწოდა.

„მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომაზევე მიმართა სახელმწიფო დაცვის ინსპექტორს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გამორკვეულა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, პოლიციელებმა არასრულწლოვანზე ორჯერ იძალადეს.

„თავდაპირველად ის 19 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ედავებოდნენ ყაჩაღობას, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობდა და მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დარბაზიდან გაუშვა… მაშინ არასრულწლოვანი ოზურგეთში დააკავეს და პოლიციელმა მას პისტოლეტის ტარი ჩაარტყა თავში“, – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

მეორე შემთხვევაში კი, ადვოკატის თქმით, პოლიციელები არასრულწლოვნისგან მისი თანატოლისთვის „ხელის დადებას“ ითხოვდნენ.

„უთხრეს, რომ დაადე ხელი, თორემ შენც დაგიჭერთო… საქმე ეხებოდა ტაქსით ერთად მგზავრობას, ოთხი არასრულწლოვანი იყო ერთად, დღეს სამი მათგანი დაკავებულია, მეოთხე – გირაოთი გაუშვეს… კადრებში ჩანს, რომ უთანხმოება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და ტაქსის მძღოლს შორის არ ყოფილა, ეს მანქანიდან გადმოდის და შემდეგ არის სიტყვიერი დაპირისპირება… ამ კადრებს ჩვენ ამოვიღებთ, სადაც ჩანს დაკავება,“ – აცხადებს დავით ჯაფარიძე.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები ტენდენციურად მოქმედებენ, რადგან ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ტაქსის მძღოლი ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ოპერატიული მუშაკის მამაა.

განახლება: პენიტენციური სამსახურის პრესცენტრის განმარტებით, კომუნიკაცია არასრულწლოვანსა და მშობელს შორის ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ბრალდებულის საბანკო ბარათი ჯერ დამზადებული არ არის. არასრუწლოვანი 30 იანვარს მოათავსეს პენიტენციური დაწესებულების საკარანტინე სივრცეში. უწყების პრესცენტრის ცნობით, ბრალდებულს მინის ბარიერს მიღმა შესაძლოა შეხვდეს ადვოკატი, თუკი მას ამის სურვილი ექნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „შეტყობინების მიღებისთანავე სამსახურის გამომძიებელი დაუკავშირდა ა.ბ.-ს მშობელს, ასევე დაუკავშირდა ადვოკატს, რათა მომხდარიყო საკანონმდებლო მოთხოვნათა დაცვით არასრულწლოვანთან გასაუბრება, თუმცა არასრულწლოვან ა.ბ.-ს ადვოკატმა დ.ჯ-მ განაცხადა, რომ არც მას და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან ა.ბ.-ს არ სურთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობა და ინფორმაციის მოწოდება, მისივე განმარტებით აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობდა დაცვის სტრატეგიიდან და შესაბამისად აღარ დაკავშირებოდა სამსახურის გამომძიებელი არასრულწლოვან ა.ბ.-ს ოჯახს.  მიუხედავად აღნიშნულისა გამომძიებელი არაერთხელ დაუკავშირდა არასრულწლოვან ა.ბ.-ს ოჯახის წევრებს, ასევე გამოცხადდა მისამართზე, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელებულიყო შესაბამისი მოქმედებები, თუმცა დღემდე როგორც არასრუწლოვან ა.ბ.-ს კანონიერი წარმომადგენლები, ასევე ადვოკატი უარს აცხადებს შესაბამის მოქმედებებში მონაწილეობაზე.  აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გაესაუბრა არასრულწლოვან ა.ბ.-ს ბრალდების სისხლის საქმეში დაკავებულ მეორე პირს, რომელმაც განაცხადა, რომ არც დაკავებისას და არც დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას არცერთი დაკავებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: