მთავარი,სიახლეები

რა ვქნათ, როცა მოზარდს სწავლა აღარ უნდა და ,,ცუდ“ მეგობრებს იჩენს – რჩევები მშობლებს

05.02.2021 • 1514
რა ვქნათ, როცა მოზარდს სწავლა აღარ უნდა და ,,ცუდ“ მეგობრებს იჩენს – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, ანუ გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია. ამას, ბუნებრივია, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებაც თან სდევს.

მშობელს არ უნდა გაუკვირდეს, როცა მოზარდი ინტერესს კარგავს ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რაც ადრე მოსწონდა. გარდატეხის ასაკში სკოლაში სწავლის ინტერესს ხშირად კარგავენ, ან ითვალწუნებენ რომელიმე კონკრეტულ საგანს.

შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის გამოც ვერ კონცენტრირდება სწავლაზე

ბავშვთა ფსიქოლოგის, ქეთი დევაძის განმარტებით, შეფერხება სწავლის პროცესში გარდატეხის ასაკში დროებითია, მაგრამ თუ ხარვეზები გახანგრძლივდა, მშობელი უნდა დაინტერესდეს, რატომ ხდება ეს და ერთი შეხედვით სწავლისადმი ინტერესის დაკარგვის მიღმა რაიმე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ხომ არ იმალება – შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის გამოც ვერ კონცენტრირდება სწავლაზე.

მშობელი უნდა დაინტერესდეს, ხომ არ უკავშირდება სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა:

  • ბავშვის პირად პრობლემებს;
  • ბულინგს;
  • ოჯახურ ურთიერთობებს;
  • მის დამოკიდებულებებს მასწავლებლებთან;
  • ან პირიქით: მასწავლებლების დამოკიდებულებას მოზარდთან;
  • უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ არის პრობლემა დაკავშირებული თვითშეფასებასთან, საკუთარი თავის აღქმასთან.

ან შესაძლოა არცერთი ზემოთჩამოთვლილი პრობლემა არ იყოს სწავლისადმი ინტერესის დაკარგვის მიზეზი და საქმე გვქონდეს სულ სხვა მოტივთან.

როგორ მოიქცეს მშობელი, როცა მოზარდი კარგავს ინტერესს სხვადასხვა საგნის მიმართ

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე მშობლებს ურჩევს, სწავლის გეგმა შეიმუშაონ მოზარდებთან ერთად. არა ისეთი გეგმა, როგორიც მისთვის არსებობდა მცირე ასაკში, არამედ ახალ საჭიროებებს მორგებული. მნიშვნელოვანია ასევე სწავლასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების ერთობლივად დასახვა.

„კარგი იქნება თუ მშობელი დაინტერესდება მოზარდის ყოველდღიური დავალებებით, თუ რას სწავლობს, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. კარგია თუ დავეხმარებით და აღმოვაჩენინებთ მოზარდს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, არამხოლოდ სასკოლო, არამედ სხვა საქმიანობაშიც. უმრავლეს შემთხვევებში მოზარდებზე დადებითად მოქმედებს ასევე თუ მას მშობელი დაეხმარება წარმატებებისა და მიღწევების აღრიცხვაში, ასევე ხარვეზების აღრიცხვაშიც“, – ამბობს ქეთი დევაძე.

რა უნდა ვქნათ, როცა შვილის მეგობრები არ მოგვწონს

              

მოზარდის მშობელმა, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, რატომ არ მოსწონს მისი შვილის ესა თუ ის მეგობარი, ხომ არ არის ეს დაკავშირებული თავად მშობლის გამოცდილებასთან, ან იქნებ შვილის მეგობრის საეჭვო ოჯახი, წარსული აფიქრებს მშობელს, შესაძლოა მივიჩნევდეთ, რომ მეგობარი ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს შვილზე.

ხანდახან მშობელი თვლის, რომ უკეთესი მეგობრები უნდა ჰყავდეს მის შვილს, ან შეიძლება ჰგონია, რომ შვილს ჩაგრავს მეგობარი და ის მისი გავლენის ქვეშაა.

ფსიქოლოგის აზრით, სასურველია მშობელმა გაიგოს რა მოსწონს მის შვილს ამ მეგობარში. რა საერთო ინტერესი აქვთ, რატომ გრძნობენ ერთად თავს კარგად.

ქეთი დევაძე მშობლებს ურჩევს, რომ როცა შვილის მეგობარი არ მოგვწონს, კარგი იქნება თუ ვთხოვთ მოზარდს მეგობრის შინ დაპატიჟებას. უნდა დავაკვირდეთ, ვცადოთ მეტი დრო გაატარონ ჩვენს სახლში და არა სხვა სივრცეში, უნდა ვიყოთ შორიახლოს, არა იმავე ოთახში, მაგრამ უნდა გრძნობდეს შვილიც და მეგობარიც, რომ იქვე ვართ.

ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევით:

  • ეცადეთ არ იყოთ კრიტიკული, დააფასეთ შვილის მცდელობა, რომ გაიფართოვოს სოციალური წრე. ეს შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს;
  • შეიკავეთ თავი მისი მეგობრის გაკრიტიკებისგან, ამან შეიძლება მოზარდის უარყოფითი ემოცია გამოიწვიოს;
  • რომელიმე ადამიანთან მეგობრობის აკრძალვამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი მოახდინოს და თქვენს შვილს უფრო მოუნდეს ამ მეგობართან ურთიერთობა;
  • დავფიქრდეთ, ჩამოვაყალიბოთ, რატომ გვგონია, რომ უარყოფით გავლენას ახდენს მეგობარი ჩვენს შვილზე, ჩამოვთვალოთ ეს გავლენები დაზუსტებით.
  • თუ მართლა ვფიქრობთ, რომ ვინმე ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს შვილზე, უნდა დავაკვირდეთ თუ არის მისი თვითშეფასება, თვითრწმენა ადეკვატური;
  • ხშირად თვითშეფასების პრობლემის მქონე მოზარდები იჩენენ მეგობრებს, რომლის გავლენის ქვეშაც ექცევიან ხოლმე.
  • კარგი იქნება თუ ბავშვებს ვასწავლით, როგორ იყვნენ ასერტიულები. ასერტიულობა ნიშნავს ვიცოდე, როგორ დავიცვა ჩემი ინტერესი ისე, რომ სხვას არ მივაყენო შეურაცხყოფა, არ დავარღვიო სხვისი უფლებები. უნდა ვასწავლოთ მოზარდებს, როდის და როგორ თქვან „არა“, როცა მას რაღაც არ უნდა, როდის დაიხიონ უკან ან გააჩერონ სხვა;
  • თუ მოზარდს ეცოდინება, როგორ სცეს საკუთარ თავს და საკუთარ გადაწყვეტილებას პატივი, ნაკლებად მოექცევა ვინმეს ზემოქმედების ქვეშ.

„შეიძლება უბრალოდ ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი შვილი თავისზე ჭკვიან, გამოცდილ, საინტერესო ადამიანთან მეგობრობის ,,ღირსია“, მაგრამ ჩარჩოებს მიღმა უნდა გავიხედოთ: იქნებ ჩვენი შვილიც ახდენს ვინმეზე რაიმე ნიშნით უარყოფით გავლენას? იქნებ დავფიქრდეთ იმაზეც, რომ ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს შანს ჰქონდეს ნამდვილი მეგობრობა და კარგი ურთიერთობა ვინმესთან“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: