ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„მე, შენ და ბათუმის“ ბულვარში დასაბრუნებლად ბიუჯეტიდან 19 750 ლარი დაიხარჯება

05.02.2021 •
„მე, შენ და ბათუმის“ ბულვარში დასაბრუნებლად ბიუჯეტიდან 19 750 ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში, კომპოზიციის – „მე, შენ და ბათუმის“ დასაბრუნებლად ბულვარის ადმინისტრაცია 19 750 ლარს გადაიხდის. დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა კომპოზიციის აღდგენა-რესტავრაციას მოხმარდება.

„მომსახურების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ქანდაკების ავტორს ერეკლე წულაძეს, რომელმაც გონივრულ ვადაში უნდა გაწიოს მომსახურება“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ბულვარი, კომპოზიციის რესტავრაციაზე, ხელშეკრულებას გამარტივებული წესით სწორედ ერეკლე წულაძესთან გააფორმებს. შესაბამის ბრძანებას ხელი ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ, დღეს, 2021 წლის 5 თებერვალს მოაწერა. ბულვარმაც სააგენტოს თანხმობისთვის დღესვე მიმართა.

„ბაულვარის ტერიტორიაზე, კერძოდ: ანბანის კოშკის მიმდებარედ, საოცრებათა მოედანზე 2012 წელს განთავსდა მოქანდაკე ერეკლე წულაძის საავტორო ქანდაკება: ორფიგურიანი კომპოზიცია – „მე, შენ და ბათუმი“. 2019 წელს ბათუმის მერიის მიერ ჩატარდა აქ არსებული გრანიტის ფილების აღება და ბეჭდური ბეტონის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც მოხდა ქანდაკების იძულებითი დროებითი დემონტაჟი და დასაწყობება, რა დროსაც ქანდაკებამ მიიღო რიგი დაზიანებები, ამასთან, ქალაქისთვის დამახასიათებელმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა 8 წლის განმავლობაში ზემოქმედება იქონია რკინის მეტალისგან ნაჭედ მაგიდასა და სკამებზე, რამაც გამოიწვია გადაბმების ჟანგვა და გატეხვა“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „საოცრებათა პარკის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბათუმის ბულვარის უამრავი ვიზიტორი მოგვმართავს კითხვებით, თუ რატომ არ მოხდა ქანდაკების დაბრუნება ძველ მდგომარეობაში და ითხოვენ მის დაბრუნებას, რადგან აღნიშნული ქანდაკება წარმოადგენდა ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობას, რაც დასტურდებოდა იმით, რომ უამრავი ადამიანი იყრიდა მის გარშემო თავს ფოტოების გადასაღებად“.

ამავე წერილის მიხედვით, ქანდაკების ავტორმა, ერეკლე წულაძემ, ბულვარს, 2020 წლის 3 აგვისტოს მიმართა განცხადებით, რომ „ქანდაკების აღსადგენად საჭიროა რკინის მაგიდისა და სკამების ჩანაცვლება ბრინჯაოს მასალით, რათა არ მოხდეს დაჟანგვა და ქანდაკება იყოს მუდმივი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 19 750 ლარს“.

აღნიშნული კომპოზიციის ფიგურები „ბათუმელებმა“ 2020 წლის იანვარში დააფიქსირა ახალ ბულვართან, სადაც სხვადასხვა დაზიანებულ სკულპტურასთან და ინვენტართან ერთად უწესრიგოდ ეყარა.

„სკულპტურა „მე, შენ და ბათუმი“ ანბანის კოშკთან მოედნის რეაბილიტაციის გამო მოვხსენით, ის არ არის ჩამოწერილი და დავაბრუნებთ თავის ადგილზე“, – გვითხრეს მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში.

 

მთავარი ფოტო:  „დასაწყობებული“ სკულპტურა „მე, შენ და ბათუმი“/ 8.01.2020 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: