დადასტურდა კოვიდის 673 ახალი შემთხვევა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით.

29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.60 %.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 773 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარაში – 56, იმერეთში – 67, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 57, გურიაში – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 71, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პაციენტი.

214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეის მონაცემებით საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 502 პირი, აჭარაში – 995, იმერეთში – 1036.

აჭარაში კოვიდის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 30 მარტი

Stopcov.ge-ს ცნობით, 30 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 208 პაციენტია, მათგან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

30 პაციენტია ამ დროისთვის რეგიონის კოვიდსასტუმროში. აჭარაში თვითიზოლაციაშია 995 ინფიცირებული.

თურქეთში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა კვლავ იზღუდება

თურქეთში კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქალაქებში.

შეზღუდვა ამოქმედდება სტამბოლში, ედირნეში, ბურსაში, ამასიაში, ტრაბზონში, კონიაში, ერზრუმში, რიზესი, ანტალიაში და ა.შ.

შეზღუდვა იმოქმედებს რუკაზე წითლად მონიშნულ ქალაქებში. რუკას ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.

ასევე, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

29 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რამადანის თვეში მთელს თურქეთში კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. რამადანი 13 აპრილს დაიწყება 13 მაისს დასრულდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 30 მარტის მონაცემებით თურქეთში კორონავირუსით 31 230 ადამიანია გარდაცვლილი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია 3 240 577 შემთხვევა.

CARDEAL: ბათუმელი ზურაბ ბაკურიძის სტარტაპმა ₾1,6 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა

როგორ წარმოგიდგენიათ, რა ბიზნესი შეძლებდა გაყიდვების 500%-იან მატებას პანდემიის პირობებში, როცა ბევრი დიდი ბიზნესკომპანიაც კი კრიზისს განიცდის?

ასეთი კომპანია CARDEAL-ია, ავტოაუქციონების სავაჭრო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს ნახევარ მილიონზე მეტ ავტომობილს სთავაზობენ. რეგიონული მასშტაბით „ქარდიალი“ დღესდღეობით ავტოაუქციონების ყველაზე დიდი პლატფორმაა, იკავებს შიდა ბაზრის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს.

ამ გვერდს ყოველდღიურად მანქანებით დაინტერესებული 200 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ქართველი ახალგაზრდების მიერ ორი წლის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ ახლახან წარმოუდგენელი რამ შეძლო – ჯამში 1,6 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა.

Cardeal-ი 500 სტარტაპის რჩეული კომპანიაა
Cardeal-ი 500 სტარტაპის რჩეული კომპანიაა
  • როგორ მოიპოვა დიდი ფინანსური რესურსი და რისთვის დახარჯავს მას კომპანია CARDEAL-ი

ცხადია, ინვესტიცია მოხმარდება წარმატებული და რეალიზებული იდეით შექმნილი პლატფორმა CARDEAL-ის გაფართოებას, ბაზრის კონსოლიდაციას CARDEAL-ის ირგვლივ. ავტომობილებით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიაა:

ყოველწლიურად აქ 700 მილიონი დოლარის ავტომობილების იმპორტი წარმოებს – ლოგიკურია, რომ ზემოთ ხსენებული თანხის ნაწილი მოხმარდება CARDEAL-ის წილის გაზრდას შიდა ბაზარზე.

ამავე რესურსით კომპანია გააგრძელებს მოლაპარაკებებს სილიკონის ველზე. ამ მოლაპარაკების მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე წვდომის გაზრდაა რეგიონის მასშტაბით – კერძოდ უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ა.შ.

როგორ შეძლო CARDEAL-მა დიდი ინვესტიციის მოზიდვა? ამ კითხვაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ზურა ბაკურიძე გვპასუხობს, რომ მხოლოდ იდეას, რომელიც ჯერ რეალურად არ ამუშავებულა, ნაკლები შანსი აქვს დაფინანსების მოპოვების. მაგრამ  მისმა კომპანიამ განვითარების მკვეთრი დინამიკა უმოკლეს დროში აჩვენა და დაარწმუნა პარტნიორები პლატფორმის სამომავლოდ რეალურად მზარდ შესაძლებლობებში.

„ამ თანხიდან 300 000 ლარი აქსელერაციის პროგრამაში გამარჯვებისას გადმოგვეცა. ბოლო სიახლე კი 1.3 მლნ ლარია, საიდანაც ნახევარი მსოფლიო ბანკიდან GITA-ს თანადაფინანსების გრანტია, ნახევარი კი საერთაშორისო ინვესტორებისგან მივიღეთ. ეს კომპანიაც, ჩვენს მსგავსად, ავტოინდუსტრიის წარმომადგენელია. აღებული თანხა სწრაფი მასშტაბირების გეგმას მოხმარდება, რომელიც 500 სტარტაპის ფარგლებში შევიმუშავეთ და, მეტწილად, მომხმარებლის ახალ სეგმენტზე გასვლას მოიაზრებს“, – ამბობს Cardeal-ის დირექტორი ზურა ბაკურიძე.

ზურა ბაკურიძე
ზურა ბაკურიძე

Cardeal-ი 500 სტარტაპის რჩეული კომპანიაა. ის სწორედ ამ სტარტაპებს შორის მოხვდა კომპანიების ტოპ ათეულში, რაც ძლიერ სტატუსს და სანდოობას ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

  • რით იქცა Cardeal-ი ავტოაუქციონების გამორჩეულ პლატფორმად

კომპანია სერვისების გამარტივებული ჯაჭვის მიმწოდებელი და ერთგვარი შუამავალია ყველასთვის, ვინც ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხითაა დაინტერესებული.

აქამდე საავტომობილო ბაზარი იყო დანაწევრებული, მანქანის მყიდველი ჯერ ეძებდა სასურველ ავტომობილს, პოულობდა სატრანსპორტო კომპანია, ცალკე მიდიოდა ბანკში, ცალკე აკეთებდა ლიზინგს და ა.შ. ხშირად მყიდველები ხდებოდნენ თაღლითების მსხვერპლი, რომლებიც მათ დამატებით, რეალურად უსარგებლო შუამავლობას სთავაზობდნენ მანქანის შეძენის სხვადასხვა ეტაპზე.

„ქარდიალმა“ შესაფერისი ავტომობილის ძიების, შეძენის, გამოწერის, ტრანსპორტირების, განბაჟებისა და ლიზინგის პროცედურები სხვა მრავალ პროცედურასთან ერთად ერთ პლატფორმაზე გააერთიანა და შეძლო ყველაფერი ყოფილიყო გამჭვირვალე.

საიტზე ინტეგრირებულია თანმხლები საიტები, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიები, ადგილობრივი სალიზინგო კომპანიები, ასევე ადგილზევეა შესაძლებელი ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება.

საჭიროების შემთხვევაში ვებპლატფორმაზევე მომხმარებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევენ სპეციალისტები: როგორ უნდა შევარჩიოთ მანქანა, რა არის ამა თუ იმ მოდელის უპირატესობა სხვასთან შედარებით, ფასის თვალსაზრისით რა შემთხვევაში ვირჩევთ საუკეთესო ვარიანტს არჩევანის არსებობისას და ა.შ. კონსულტაციები ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

„ქარდიალის“ გუნდი 12 ადამიანისგან შედგება. კომპანიის სამუშაო ოფისი კი თბილისში მდებარეობს.

მკითხველმა 10 301 ლარი გადმოურიცხა 85 წლის ქალს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა

ბათუმში, კერძო სახლის ნაქირავებ პატარა ოთახში, რომელშიც 85 წლის ტანია გორგილაძე 20 წელზე მეტია ცხოვრობს, ახლა ღუმელი ანთია და თბილა. ტანია მოწყალების სათხოვნელად აღარ დადის მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია მის ცხოვრებაზე.

ასობით ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა ტანია გორგილაძეს და მისი ცხოვრება მართლაც შეიცვალა უკეთესობისკენ.

ახლა 85 წლის ქალს უკვე აღარ სძინავს ძველ, ჩამტვრეულ ტახტზე; ძველი, დალაქავებული კედლები და იატაკი გაახლდა და ტანია აღარც შეშას იზოგავს გასათბობად.

350-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე 85 წლის ქალის დასახმარებლად. სულ შეგროვდა 10 301 ლარი. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც.

იყო ათობით შემთხვევა, როცა ადამიანები რიცხავდნენ 3 ლარს, 1 ლარს, 50 თეთრს და ცდილობდნენ ასე დახმარებოდნენ ტანია გორგილაძეს. არაერთი გადმორიცხვა შესრულდა საკრედიტო ბარათიდან.

თანხის შეგროვების დაწყებისთანავე „ბათუმელებმა“ გადაწყვიტა თავად ტანია გორგილაძისთვის ეკითხა, რა ტიპის დახმარება ესაჭიროებოდა მას. 85 წლის ქალმა ჩამოგვითვალა ის საჭიროებები, რაშიც მას დახმარება სურდა.

ეს იყო: შვილის ვალის გადახდა, ტელევიზორი, მაცივარი, საწოლი, შეშა, ოთახის რემონტი და მედიკამენტები.

ერთი თვის განმავლობაში „ბათუმელები“ თანმიმდევრულად ცდილობდა ტანია გორგილაძის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

მკითხველების დახმარებით, ოთახში, სადაც ტანია გორგილაძე წლებია ცხოვრობს, კედლებზე და ჭერზე ახალი შპალერი გაიკრა, იატაკზე დაიგო ლინოლეუმი, გამოიცვალა მოძველებული და საშიში ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სახლის კარი; გამოიცვალა ოთახში შესასვლელი ჩამტვრეული კიბე; მკითხველების დახმარებით შევიძინეთ შეშა; ტელევიზორი; ორთოპედიული საწოლი; კარადა; საბანი; ლეიბი, თბილი პლედები და პირველადი საჭიროების ნივთები; მაცივარი და საკვები პროდუქტი კი ტანია გორგილაძეს „ლიბერთი ბანკმა“ გადასცა საჩუქრად.

შეშა, ახალი კარი და ქვის კიბე ჩამტვრეული კიბის ნაცვლად
ძველი კიბე და კარი

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც ტანია გორგილაძეს სურდა დახმარება და რამაც ის აიძულა ქუჩაში მოწყალება ეთხოვა, შვილის ვალის დაფარვაში დახმარება იყო. ტანია გორგილაძის 59 წლის შვილი, მამუკა, ორიოდე წლის წინ ავარიაში მოხდა სესხით გამოტანილი ავტომანქანით. ტანიას თხოვნა სწორედ ამ ვალის დაფარვაში დახმარებას ეხებოდა.

რადგან ეს ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მკითხველების დახმარებით დაიფარა სოლიდური თანხა, ტანიას შვილის ვალის ნაწილი, რომელიც მას ბანკში, ავტოლიზინგით ჰქონდა გამოტანილი.

ტანია გორგილაძის თხოვნით, დაიფარა მისი შვილის ვალი ბანკში

კიდევ ერთი თხოვნა უკავშირდებოდა მედიკამენტების შეძენას. ტანია გორგილაძემ ოჯახის ექიმის დანიშნულებით მიიღო კარდიოლოგის, ქირურგისა და ალერგოლოგის კონსულტაცია, მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და დაენიშნა მკურნალობის კურსი. ექიმების მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი და ინჰალაციის აპარატი ასევე მკითხველების დახმარებით იქნა შეძენილი.

მედიკამენტები

გარდა შემოსული თანხისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სტატიის მკითხველები თავისი ინიციატივითაც დაეხმარნენ ტანია გორგილაძეს. ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლებმა დაფარეს მისი პენსიით გამოტანილი ვალი – 387 ლარი, ასევე, მას საჩუქრად გადასცეს ახალი მაგიდა და სამზარეულოს კარადა; არაერთი კერძო პირი ტანია გორგილაძეს საკვები პროდუქტით დაეხმარა.

„ლიბერთი“ ბანკის მიერ საჩუქრად გადაცემული მაცივარი და მკითხველის საჩუქარი – სამზარეულოს კარადა
ტანიას ოთახი ძველად

განსაკუთრებული დახმარება გაუწია მას მეზობლად მცხოვრებმა ოჯახმა, რომელიც თავადაც სოციალურად დაუცველია. ნატო მოხუცს დაეხმარა სახლის დალაგებაში, ნივთების მოწესრიგებასა და გადარჩევაში.

ტანია გორგილაძეს შესთავაზეს მოხუცთა თავშესაფარში გადასვლაც, რაზეც მან უარი განაცხადა.

კითხვაზე, რა შეიცვალა მისთვის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 85 წლის ტანია ამბობს, რომ ბევრი რამ. „თურმე როგორ ვყვარებივარ ხალხსო“ – გვეუბნება და დასძენს: „დიდი მადლობა, ვინც გულთან მიიტანა ჩემი გაჭირვების ამბავი“.

ნახეთ ვიდეო: 

რეკომენდაციები ბავშვთა გასართობი ცენტრებისთვის, რომლებიც 1-ლი აპრილიდან განაახლებენ მუშაობას

ჯანდაცვის სამინისტრომ ის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბავშვთა და სხვა გასართობი ცენტრებისთვის. ასეთი ცენტრები მუშაობის განახლებას პირველი აპრილიდან შეძლებენ.

გასართობმა ცენტრებმა მომხმარებელი უნდა მიიღოს წინასწარი დაჯავშნით [ჩაწერით]; ამასთან, შესასვლელში აუცილებელია თანამშრომლების და მომხმარებელთა თერმოსკრინინგი;

ყველა პირი ვალდებულია შენობაში შესვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

რეკომენდაციების მიხედვით:

  • მომხმარებლები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე ისე უნდა განათავსონ, რომ დაცული იყოს არანაკლებ 1 მეტრი დისტანცია [გამონაკლისი შესაძლოა 6 წლამდე ბავშვებთან მიმართებით];
  • კარუსელებზე და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50% თავისუფალი უნდა იყოს [ბავშვები უნდა დასვან 1 სავარძლის გამოტოვებით];
  • რამდენიმე სექციისგან შემდგარ ბატუტზე დაიშვება თითო სექციაში – თითო მომხმარებელი;
  • ბოულინგისა და სხვა გასართობი აქტივობების გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ხდება ერთსა და იმავე საგანზე/ატრიბუტზე სხვადასხვა პირის მიერ შეხება, იქვე უნდა იყოს განთავსებული ხელის დეზინფექციის საშუალებები ან ხელთათმანები.

 

[toggle title=”რეკომენდაციები სრულად ნახეთ აქ:“]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბავშვთა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის/ცენტრებისთვის

ძირითადი რეკომენდაციები:

  • ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერის მომსახურებით);
  • შენობის შესასვლელში უზრუნველყავით როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • შესასვლელსა და სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო არა ნაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
  • სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით;
  • უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;
  • დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეცფეხსაცმელი);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;
  • ყველა პირი ვალდებულია შემოსვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

მოთხოვნები კვებისთვის განკუთვნილი სივრცისთვის:

  • დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
  • მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 მომხმარებელი, მაგრამ ერთ სივრცეში – არაუმეტეს 40 მომხმარებლისა;
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის დაიცავით 1 მეტრიანი დისტანცია;
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი – არანაკლებ 1 მეტრი;
  • ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა.
  • ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით;
  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის       გამართულ მუშაობაზე;
  • ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში:
  • გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;
  • არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
  • სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
  • საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება.
  • უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დასაცავი პროცედურები:

  • სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
  • ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
  • გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
  • გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
  • გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
  • დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
  • წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
  • ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
  • სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

  • გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
  • ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

 მოთხოვნები  გასართობ სივრცეში არსებული ატრაქციონებისთვის:

  • მომხმარებლები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს არანაკლებ 1მ დისტანცია (გამონაკლისი შესაძლოა 6 წლამდე ბავშვებთან მიმართებით);
  • დატვირთეთ კარუსელებზე და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50% (1 სავარძლის გამოტოვებით);
  • რამდენიმე სექციისგან შემგდარ ბატუტზე უზრუნველყავით მომხმარებლთა დაშვება სექციის რაოდენობის შესაბამისად, თითო სექციაში – თითო მომხმარებელი;
  • ბოულინგისა და სხვა გასართობი აქტივობების გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ხდება ერთსა და იმავე საგანზე/ატრიბუტზე სხვადასხვა პირის მიერ შეხება, უზრუნველყავით ხელის დეზინფექციის საშუალებების ან ხელთათმანების განთავსება.

დასუფთავება და დეზინფექცია:

  • გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა.შ.). დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;
  • მომხმარებელთა ყოველი ჯგუფის გასვლის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება. ასევე გამოყენების შემდგომ მოახდინეთ კარადების დეზინფექცია;
  • ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
  • დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, ატრაქციონებისთვის განკუთვნილი დანადგარები/მოწყობილობები  და ა.შ.;
  • დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
  • ნებისმიერი დასუფთავების საშუალება (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო), რომელიც დამზადებულია მატერიისგან, გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით;
  • არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.

დასაქმებულთა და მომხმარებელთა ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც კოვიდ-ინფექცის გავრცელების პრევენციის მიზნით არის გათვალისწინებული;
  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

[/toggle]

 

2021 წლის პირველი აპრილიდან დაშვებულია ასევე:

  • საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა.
  • ნებისმიერი ტიპის სპორტულ, სახელოვნებო და კულტურულ  ღონისძიებაზე მაყურებლის დასწრება.
  • გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება.
  • ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება.

ბავშვთა გასართობი ცენტრები პანდემიის დაწყებისთანავე დაიკეტა და მათ ამ დრომდე არ აქვთ მუშაობის დაწყების უფლება.

ამ თემაზე:

მეპატრონეები ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნას ითხოვენ

 

 გადაამზადებენ პროკურორებს, რომლებიც ქალებზე სექსუალურ ძალადობას იძიებენ

ევროსაბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პროკურატურაში რამდენიმე პროკურორი სპეციალურ კურსს გაივლის, რომლის შემდეგაც, 10 აპრილიდან, ისინი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე საპროცესო ზედამხედველობას განახორციელებენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორების სასწავლო პროგრამა საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად მოიცავს დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

„4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, გამოძიების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი, დაზარალებულად ცნობის და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომები სამართალწარმოების პროცესში.

აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან გასათვალისწინებელი გარემოებები და მიდგომები, სქესობრივ დანაშაულებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხები, შშმ პირების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სპეციფიკა, სექსუალური ძალადობა და ტრავმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ა.შ.“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სექსუალური ძალადობის საქმეებზე პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე ამ დრომდე საუბრობდა მესამე სექტორი, მაგალითად, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ სხვადასხვა საქმიდან ჩანს, რომ პროკურორებს აქვთ გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოკვეთის პრობლემაც.

___
მთავარი ფოტო: საქართველოს პროკურატურა

თავდაცვის სამინისტრო ბათუმში მიწას ითხოვს

თავდაცვის სამინისტროს ბათუმში, ფიროსმანის #25-ში 1180 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემენ. შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. სააგენტო ბათუმის მერიისგან ნაკვეთს შემდგომში მისი თავდაცვის სამინიტროსთვის გადაცემის მიზნით ითხოვს.

ბათუმის მერიამ უკვე მოამზადა განკარგულების პროექტი, რითაც ნაკვეთს გადასცემს ქონების ეროვნულ სააგენტოს. საკითხი საკრებულოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი დასამტკიცებლად.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო გადაცემულ ნაკვეთზე საზოგადოებრივი ცენტრის აშენებას გეგმავს. რაში სჭირდება დახურულ თავდაცვის უწყებას საზოგადოებრივი ცენტრი ბათუმში, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, სამინისტროში ტელეფონს არ პასუხობენ.

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა შემოტანილი – ბრიტანულ-შვედური ფირმა „ასტრაზენეკა“ და გერმანულ-ამერიკული „ფაიზერი“. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია მედიცინის მუშაკებისთვის. ვაქცინაციის გეგმით, ასევე გათვალისწინებულიa 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა. თუმცა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ჯერჯერობით მხოლოდ „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან აცრიან მათ.

ეფექტურობა

ასტრაზენეკა: 76% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ; 100% ეფექტურობა მძიმე ან კრიტიკული დაავადების და ჰოსპიტალიზაციის საწინააღმდეგოდ; 85% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში;

ფაიზერი: ვაქცინის ეფექტურობა მინიმუმ 97% იყო COVID 19 სიმპტომური შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე და კრიტიკული ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ანალიზმა აჩვენა ვაქცინის 94% -იანი ეფექტურობა ასიმპტომური SARS-CoV-2 ინფექციების წინააღმდეგ. ვაქცინის ეფექტურობა გაზომილია მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

ვაქცინის დოზა

ასტრაზენეკა: 2 დოზა (თითო დოზა = 0.5 მლ IM), საშუალოდ 28 დღის ინტერვალით;

ფაიზერი: 2 დოზა (თითო დოზა = 0.3 მლ IM), საშუალოდ 21 დღის ინტერვალით.

ვაქცინის ტიპი

ასტრაზენეკა:  არა-რეპლიკაციური ვირუსის ვექტორი – “კორონავირუსის ზედაპირიდან აღებული წვეტი ცილა სხვა უსაფრთხო ვირუსშია შეყვანილი. ინექციის შემდეგ ვაქცინა აღწევს უჯრედებში, რომლებშიც  შეყვანილი ცილის მსგავსი ცილის გამომუშავებას იწყებს, რაზეც ადამიანის იმუნური სისტემა რეაგირებს, ანტისხეულები  გამომუშავდება და იმ T უჯრედების აქტივაცია ხდება, რომლებსაც წვეტი ცილის განადგურება შეუძლიათ. შესაბამისად, ისინი გაანადგურებენ კორონავირუსს, თუ ის აცრილი პაციენტის ორგანიზმში მოხვდება”.

ფაიზერი: mRNA – ვაქცინა:  მუშაობს ორგანიზმში გენეტიკური მასალის, ი-რნმ–ის შეყვანით, რომელიც შეიცავს კორონავირუსის ე.წ. “წვეტოვანი” ცილის შექმნის ინსტრუქციას. ვაქცინა შედგება არა გენეტიკური ვირუსული მასალისგან, არამედ mRNA-ის სინთეზური ნაწილისგან, რომელიც  ვირუსის ცალკეული ნაწილების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გვერდითი მოვლენები

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წერს, რომ COVID 19 ვაქცინაციის შემდეგ, ისევე როგორც სხვა დაავადებების ვაქცინაციის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები. ეს ნორმალური ნიშანია იმის, რომ თქვენი სხეული იწყებს ერთგვარი თავდაცვის შენებას. გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ყოველდღიური მუშაობის უნარზე, მაგრამ, როგორც წესი, ისინი რამდენიმე დღეში ქრება. ზოგიერთ ადამიანს საერთოდაც არ აღენიშნება აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა კოვიდვაქცინებით აცრის შემდეგ ასე გამოიყურება: მკლავზე, სადაც აცრა გაკეთდა – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება; სხეულის დანარჩენ ნაწილში: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა;

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კოვიდ 19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით წერს, რომ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული ვაქცინაციამდე ანტიალერგიული მედიკამენტების მიღება.

ნანემსარის არეში ტკივილისა და დისკომფორტის შესამცირებლად დაიდეთ სუფთა, გრილი, სველი ნაჭერი. ასევე აამუშავეთ ან ავარჯიშეთ მკლავი; ცხელებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად მიიღეთ ბევრი სითხე და ჩაიცვით თხლად.

ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია

იშვიათ შემთხვევაში ადამიანს უვითარდება ალერგიული რეაქცია ვაქცინის ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ. მათ შეიძლება განუვითარდეთ ჭინჭრის ციება ან სხვა სახის გამონაყარი კანზე, შეშუპება და რესპირატორული სიმპტომები.

ვაქცინაზე დაუყოვნებლივი, მწვავე ალერგიული რეაქცია არის ანაფილაქსია. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.
“ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას”, – წერს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ევროპის სამედიცინო სააგენტო 12 მარტის ანგარიშში წერს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე სავარაუდო ალერგიული რეაქცია განუვითარდა 5 000 000 ადამიანიდან 41-ს, ეს 100 000 ადამიანზე 0,8 შემთხვევაა. რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა მილიონიდან 11.1-ს ანუ 100 000-დან 1 ადამიანს. თუმცა, ეს მონაცემები ვაქცინების ხარისხთან კავშირში არ არის. მწვავე ალერგიული რეაქციები უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც მძიმე ალერგიული რეაქციების ისტორია აქვთ.

19 მარტს თბილისში 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა. მას “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ანაფილაქსიურ შოკსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

ცოტა ხნის წინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა დროებით შეაჩერა ევროპის 13-მა ქვეყანამ თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული შიშის გამო. თუმცა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია კვლავ განახლდა – ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში დაიწერა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული სისხლის თრომბის ზრდის რისკთან იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინა გაიკეთა; ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრობლემა დაკავშირებულია ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან წარმოების ადგილთან.

„იაფ სახლში“ 1 კვ/მეტრის ფასი 320 აშშ დოლარი იქნება – ბათუმის მერიამ ბინების ფასები დაადგინა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში 1კვ.მ. – ის ფასი 1083 ლარი იქნება, რაც დაახლოებით 320 აშშ დოლარია – მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა და ზუსტად განსაზღვრა ბინების ფასი ფართობების მიხედვით. ასევე დაადგინა გადახდის ყოველთვიური ტარიფი.

განკარგულების პროექტის მიხედვით, თითოეული ბინის ფასი და მისი ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალურად დააზუსტა.

შესაბამისი ინფორმაცია განკარგულების პროექტს თან ერთვის დანართის სახით, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული ბინის კვადრატულობა, მისი ფასისა და ყოველთვიური გადასახადის ოდენობა.

ბინების ფასები ა და ბ კორპუსებისთვის დეტალურად ცხრილის სახით იპოვეთ აქ.  ხოლო გ და დ კორპუსების ფასებს გაეცანით აქ. 

ბინების გამოსყიდვის მაქსიმალური ვადაა 15 წელი – 180 თვე.

შერჩეული 40 ბენეფიციარისთვის „იაფ სახლში“ ბინის გადაცემას მერია უახლოეს მომავალში გეგმავს. კიდევ 40 ბინის გასანაწილებლად  კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაწყებულია და  2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს.  პირველ ეტაპზე „იაფ სახლში“ ბინების მიღებაზე ბათუმის მერიაში 245 განაცხადია შესული.

ბინები მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში უნდა გადასცეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

დაახლოებით სამი კვირის წინ „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში მოქალაქეები შეიჭრნენ. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

 

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

სამარშრუტო მიკროავტობუსებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს – ძვირდება თუ არა მგზავრობა

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდისგან ათავისუფლებს. საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ეს გადასახადი თვეში 20 ლარია ერთ მიკროავტობუსზე. გადასახადს არ გადაიხდის არც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 500 მიკროავტობუსზეა გაცემული. შესაბამისად, მათგან ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვიურად 10 ათასი ლარი შედიოდა. მერიის პროექტის მიხედვით, 9 თვის განმავლობაში [მარტი-ნოემბერი] ქალაქის ბიუჯეტში 90 ათასი ლარი აღარ შევა. ამ თანხის სანაცვლოდ ბიუჯეტი სიმბოლურ 1 ლარს მიიღებს.

სწორედ 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით ათავისუფლებს მერია მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს აღნიშნული გადასახადისგან. შესაბამისი პროექტი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია. საკრებულო მას 30 მარტის სხდომაზე განიხილავს.

ამონარიდი მერიის განმარტებითი ბარათიდან

ბოლო პერიოდში ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა რამდენიმე აქცია გამართეს მგზავრობის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით. №39, 49, 56, 44 სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები არსებული ტარიფის – 50 თეთრის 70-80 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ.

ფოტო, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა 2021 წლის 22 მარტსაა გადაღებული

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ N39 ხაზზე მოძრავი ზოგიერთი მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის ფასი 70 თეთრამდე გაზარდა [შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოგვაწოდეს ფოტოც].

მერიაში აცხადებენ, რომ მძღოლებს ამის უფლება არ აქვთ და შემოერთებული ტერიტორიებიც ქალაქი ბათუმია – მის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, შესაბამისად, მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდის გამო  მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მძღოლი დააჯარიმოს.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2021 წელს რამდენიმე მიკროავტობუსი დააჯარიმეს, ძირითადად ხელვაჩაურისა და გონიოს მიმართულებით მოძრავ ხაზზე [ინსპექცია ამ შემთხვევაში აჯარიმებს იურიდიულ პირს – კომპანიას, რომელსაც აქვს შესაბამისი ლიცენზია და სამარშრუტო ხაზებზე ამუშავებს მიკროავტობუსებს].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მგზავრობის ტარიფის ცვლილებას მუნიციპალიტეტი არ განიხილავს და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი 50 თეთრი რჩება.

წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს – პედოფილია პროკურატურის ციფრებით

საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს. პირველი იანვრიდან 17 მარტის ჩათვლით პერიოდში, გარდა გაუპატიურებისა, სხვადასხვა ხასიათის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სულ 42 მოზარდი გახდა. პედოფილიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან გამოითხოვა.

44 საქმიდან გასულ წელს 13 შემთხვევაში გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი იყო, 2019 წელს – 13, 2018 წელს – 7, 2017 წელს – 8.

რაც შეეხება 2021 წელში სხვა ხასიათის სექსუალური ძალადობის შემთხვევებს: „ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 5  მოზარდი  წელს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩადენილ დანაშაულზე გახდა დაზარალებული. ეს გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

2021 წლის 17 მარტამდე 19 არასრულწლოვანი გახდა 140-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებული. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

პრაქტიკულად ამ მუხლით აკვალიფიცირებს გამოძიება შემთხვევებს, რაც „ნაადრევი ქორწინებით“ არის ცნობილი.

19 მოზარდი გახდა გარყვნილი ქმედების მუხლით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებული. სსკ-ის 141-ე მუხლი გულისხმობს: „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ“.

პროკურატურის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე 20 დაზარალებული პირიდან 19 არასრულწლოვანია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, „გარყვნილი ქმედების“ საქმეზე უკვე 9 პირის წინააღმდეგ დაუწყია სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას, ამ 9 პირიდან 2 კაცი 65 წელს გადაცილებულია, კიდევ ორი – 55-დან 64 წლამდეა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული

„ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოილიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა,“ – განაცხადა დღეს, 29 მარტს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ოპოზიციასთან მოლოპარაკების რესურსზე ჰკითხეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესზე საუბრის დროს ისაუბრა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო „სააკაშვილის შესაძლო ჩართულობა არის შეურაცხმყოფელი,“ – თქვა მან.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზადააა გონივრული და სამართლიანი კომპრომისის მისაღწევად, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზე არის შესაძლებელი კომპრომისის მიღწევა.

ბათუმში 17 გრადუსამდე დათბება, მოსალოდნელია უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 31 მარტსა და პირველ აპრილს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, ბათუმში უნალექო, მზიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ლეღვაში პედაგოგსა და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – სკოლაში სწავლა შეწყდა

ქობულეთში, სოფელ ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგიური რისკების შეფასების შემდეგ ეპიდემიოლოგების ჯგუფმა სკოლაში სწავლის შეწყვეტაზე მიიღო გადაწყვეტილება.

29 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

29 მარტის მდგომარეობით, აჭარაში, ლეღვას გარდა, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სრულად დისტანციური სწავლება.

ბერლინში მოქალაქეებმა FFP2 სამედიცინო ნიღაბი უნდა ატარონ – ახალი შეზღუდვები

ბერლინის სენატმა საგანგებო შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვები ბერლინში ძალაში ოთხშაბათს, 31 მარტს შედის.

ახალი შეზღუდვების თანახმად:

ბერლინში, ოფისებში დასაქმებულების 50 პროცენტი მუშაობას სახლიდან გააგრძელებს, დამსაქმებლებმა კვირაში ორჯერ უნდა ჩაუტარონ კორონავირუსზე ტესტირება თანამშრომლებს,

სალონებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში შესასვლელად აუცილებელი იქნება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა, რომელიც იმავე დღესაა გაკეთებული.

სუპერმარკეტებს, აფთიაქებსა და ყოველდღიური საჭიროების მქონე სხვა მაღაზიებს ახალი რეგულაცია კორონავირუსის ტესტთან დაკავშირებით არ შეეხება, მოლებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის გაკეთებაც.

ასევე, სავალდებულო იქნება ბერლინის მაცხოვრებლებმა ატარონ FFP2 სამედიცინო, ქირურგიული ნიღაბი დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსებსა და მატარებლებში, სამედიცინო დაწესებულებებში, მოლებსა და საცალო ვაჭრობისას.

რაც შეეხება კონტაქტის შეზღუდვას, წესი იგივე რჩება.  ორი სხვადასხვა ოჯახიდან მაქსიმუმ ხუთი ადამიანს შეეძლება ერთმანეთთან შეხვედრა [12 წლამდე ბავშვების ჩათვლით].

აღნიშნული შეზღუდვები იმოქმედებს მხოლოდ ქალაქ ბერლინში.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRIEDEMANN VOGEL

 

ქობულეთის შემოვლით გზას ცხოველებისგან დასაცავად ლითონის ბადით ღობავენ

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, სავალი ნაწილის ცხოველებისაგან დასაცავად, ლითონის ღობეს აწყობენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება.  სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი პერიოდულად დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს.

იმერეთისა და აჭარის რეგიონებში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით გზების დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „როუდ ქონსთრაქშენს“-თან ხელშეკრულება ჯამში 4 998 857 ლარზე აქვს გაფორმებული.

ამ თემაზე:

ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდი აქვს – კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის, ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ახლა გავდივართ ამ პროცედურას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ – გვითხრა ნატალია მგელაძემ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა.

კორონავირუსი ამ სკოლაში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, თუმცა სკოლის დირექტორის თქმით, ის ბოლო დღეებში სკოლაში არ დადიოდა და  ამ კლასის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საჭიროება სპეციალისტებს არ დაუნახავთ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში სულ 13 კლასი სწავლობს დისტანციურად, – ორი სკოლა და 3 საბავშვო ბაღის ჯგუფი.

დღეს, 29 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სასტუმრო „ლე მერიდიანმა“ დაასწრო „ამბასადორს“ და 3380 კვ/მეტრ პლაჟს ითხოვს ბულვარში

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, თავისი შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს გრძელვადიანი იჯარით, არანაკლებ 15 წლით.

შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს.

ამ პროექტის განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადება.

ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის გამოყენების და პლაჟის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 15 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაეცეს ზღვისპირა პარკის ნაკვეთებიდან  3380.0 კვ.მ.“

საკრებულოს თანხმობის შემდეგ მერია ამ ტერიტორიას კომპანიას პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გადასცემს. განკარგულების პროექტის მიხედვით, ყოველი წლის ზაფხულის სეზონზე, 4 თვის   საიჯარო ქირის სახით, კომპანიამ 76 615 ლარი უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ მერიას მისწერა ასევე, რომ აპირებს მაღალი კლასის პლაჟის მოწყობას. შესაბამისად, გადაცემულ ტერიტორიაზე განათავსებს მხოლოდ საპლაჟო ინფრასტრუქტურას, ასევე უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობას. კომპანია ასევე ჰპირდება მერიას, რომ  სივრცე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვის.

ბათუმში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას კომპანიები ქონების მიღებიდან მალევე ივიწყებენ: ბათუმში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა პლაჟის გასხვისებულ მონაკვეთზე დამსვენებელს, ვინც მოიჯარე კომპანიის სერვისით არ სარგებლობს, არათუ პლაჟზე წამოწოლის უფლებას არ აძლევენ, არამედ შეურაცხყოფენ კიდეც.

იყო შემთხვევა, როცა მსგავსი პრობლემის გამო პლაჟზე პოლიციაც კი გამოიძახეს. ბათუმში ახსოვთ იჯარით გაცემული პლაჟიდან პარლამენტის წევრის გაძევების ხმაურიანი სკანდალიც კი. ეს ფაქტი იმ დროს მოქმედმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ შეაფასა, როგორც „ღირსების შემლახავი მოპყრობა“.

ამავე თემაზე: ბათუმის ფასიანი პლაჟები – რატომ მიმართავს პარლამენტარი ბულვარის ადმინისტრაციას

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე თვალი უჭირავს შპს „ამბასადორ ბათუმსაც“, რომელიც სასტუმრო „ლე მერიდიანის“ წინ, ბულვარის მხარეს, ასევე სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს.

აჯობებს თუ არა შპს „ბათუმი თაუერი“ „ამბასადორს“, ეს საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება. ამ ეტაპზე საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, რადგან განკარგულების პროექტი უკვე განიხილა საკრებულოს ბიურომ და სხდომაზე დასამტკიცებლად დღის წესრიგში ჩასვა.                        

სუეცის არხში 400-მეტრიანი გემი მეჩეჩიდან მოხსნეს

კონტეინერმზიდი Ever Given-ი მეჩეჩიდან მოხსნეს – განაცხადა სატრანსპორტო კომპანია Inchcape Shipping Services-მა. გიგანტურ კონტეინერმზიდს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა ჩაკეტილი სუეცის არხი, რამაც მილიონობით აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.

400-მეტრიანი  კონტეინერმზიდი Ever Given-ი სუეცის არხში მეჩეჩზე 23 მარტს შეჯდა, დიაგონალურად გაიჭედა და  არხი მთლიანად ჩაკეტა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი ჩინეთიდან როტერდამში მიდიოდა. სუეცის არხში გემების გიგანტური საცობი შეიქმნა.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, არხში საზღვაო მიმოსვლა მას შემდეგ განახლდება, როცა გემი არხის უფრო ფართო მონაკვეთზე გავა.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SUEZ CANAL AUTHORITY
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SUEZ CANAL AUTHORITY
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SUEZ CANAL AUTHORITY

მარტი ენდომეტრიოზის ცნობიერების ამაღლების თვეა. რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

მარტი ენდომეტრიოზის ცნობიერების ამაღლების თვეა. რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ – გვესაუბრება ირინა ირემაძე, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ გინეკოლოგი.

[checklist]

  • რა არის ენდომეტრიოზი?

[/checklist]

ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენდომეტრიული ქსოვილის ჩაზრდა და განვითარება საშილოსნოს ღრუს გარეთ ორგანოებში. დაავადება არის რთულად  ვერიფიცირებული და პრაქტიკულად განუკურნებელი, რომელიც არსებობს მანამ, სანამ ქალს აქვს მენსტრუაციული ციკლი. ენდომეტრიოზით შექმნილი სამედიცინო პრობლემები შესაძლოა ორ დიდ ჯგუფად განვიხილოთ. ესენია ტკივილის სინდრომი და მასთან ასოცირებული ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითება, უნაყოფობა.

ირინა ირემაძე, გინეკოლოგი, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“
ირინა ირემაძე, გინეკოლოგი, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“ .

[checklist]

  • რა  იწვევს ენდომეტრიოზის განვითარებას?

[/checklist]

ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადებას იწვევს ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილის ექტოპია-რეგურგიტაცია, ადჰეზია, იმპლანტაცია სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში, რომელსაც თან სდევს ნეოანგიოგენეზი სისხლძარღვოვან-ეპითელიალური ზრდის ფაქტორის (სეზფ) აქტივობის ზრდის ხარჯზე და ენდოთელური უჯრედების უსისტემო ტრანსლოკაციური პროლიფერაცია.

[checklist]

  • ენდომეტრიოზის რა სახეები არსებობს?

[/checklist]

გენიტალური, იმპლანტაციური, მეტაპლაზიური, ნეოპლაზიური, ჰორმონული, იმუნური, გენეტიკური, დიზონტოგენეზური ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი.

[checklist]

  • რა სიმპტომებით ვლინდება ენდომეტრიოზი?

[/checklist]

ყველაზე მთავარი სიმპტომი დისმენორეა(მტკივნეული მენსტრუაცია), თუმცა ტკივილის ხარისხი არ მიუთითებს ენდომეტრიოზის ხარისხზე. ენდომეტრიოზის შემთხვევაში, მენსტრუაციის დროს მცირე მენჯის ღრუში ტკივილი შეიძლება ბევრად უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მიმდინარეობისას ხდება. ასევე, შეიძლება აღინიშნოს სპაზმური ტკივილი მენსტრუაციული სისხლდენის დაწყებამდე და ამას თან დაერთოს წელის ქვედა ნაწილისა და მუცლის ტკივილიც. ენდომეტრიოზის შემთხვევაში ქალებს ხშირად აღენიშნებათ ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ხანდახან ძლიერი  ხასიათის ტკივილი გენიტალიის არეში აქტის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. სწორედ ამ ტკივილის გამო ხშირად ქალი სქესობრივი ცხოვრების სურვილსაც კარგავს. ასევე, ხშირად აღენიშნებათ ტკივილის შეგრძნება კუჭის მოქმედებისა და შარდვის პროცესში, გაძლიერებული მენსტრუალური სისხლდენა (ე.წ. მენორაგია). სისხლდენა მენსტრუაციის შუა პერიოდში ასევე ხშირი სიმპტომია ენდომეტრიოზის მქონე ქალებში.

[checklist]

  • რას იწვევს დაავადება?

[/checklist]

ენდომეტრიოზის უმთავრესი გართულება ჩასახვის უნარის დაქვეითებაა. ენდომეტრიოზის მქონე ქალების უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემა აქვთ. კვლევების საფუძველზე დასტურდება ენდომეტრიოზის უარყოფითი გავლენა ინ- ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზე. ორსულობის მისაღწევად მათ ხშირად რამდენიმე განმეორებითი ცდის ჩატარება უწევთ. ამიტომ, ბევრად უფრო ეფექტურია ინ- ვიტრო განაყოფიერების ჩატარება  ენდომეტრიოზის მკურნალობის ბოლომდე დასრულების შემდგომ. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ჩასახვის უნარი უკეთ გამოხატული აქვთ, თუმცა წლების განმავლობაში მოსალოდნელია მათი მდგომარეობის დამძიმება. ამიტომ, ენდომეტრიოზის მსუბუქი ფორმის მქონე ქალებს ხშირად ურჩევენ არ გადადონ ბავშვის ყოლა, რადგან დროთა განმავლობაში უნაყოფობის ალბათობა, სავარაუდოდ, მოიმატებს.

ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა გახლავთ ადენომიოზი, რომლის დროსაც  მიმდინარეობს საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილოვანი ელემენტების დესქვამაციის პროცესი, ქსოვილშიდა ჰემორაგია და ტკივილის ქიმიური მედიატორების – პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, კინინების გამოთავისუფლება უჯრედშორის სივრცეში. საშვილოსნოს კუნთების სპასტიური შეკუმშვა, არტერიების სპაზმი, საშვილოსნოსშიდა წნევის მატება ენდომეტრიალური სავალების ღრმა ინფილტრაცია და ქსოვილების, მათ შორის, ნერვის დაზიანება.

[checklist]

  • როგორ ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა?

[/checklist]

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა ერთადერთი ხელმისაწვდომი არაინვაზიური მეთოდია; ჰისტეროსალპინგოგრაფია ინფორმაციულია მხოლოდ  კერების ღრმა ჩაზრდის დროს მიომეტრიუმში; MRT – უაღრესად ინფორმაციულა ადენომიოზის და კისტების დროს; ჰისტეროსკოპია – ქსოვილების ჰისტოლოგიური გამოკვლევით; ლაპაროსკოპია ქსოვილების  ჰისტოლოგიური გამოკვლევით, თუმცა ევროპული და ამერიკული მაღალი ხარისხის გზამკვლევების  მიხედვით ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ,,ოქროს  სტანდარტი“ კვლავ ლაპაროსკოპიაა. გარდა დიაგნოსტიკისა, ლაპაროსკოპია ენდომეტრიოზის ქირურგიული  მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს, ამჟამად მიმდინარეობს მრავალი  კვლევა ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის არაინვაზიური მეთოდების დანერგვისთვის.

[checklist]

  • დაავადების მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებები:

[/checklist]

მკურნალობის ინდივიდუალური შემუშავება სიმპტომებიდან დაწყებული, ქალის ასკიდან  და რეპროდუქციული გეგმებიდან გამომდინარე – ეს არის ტკივილის შემცირება, ენდომეტრიოზის ზომებისა და კერების რაოდენობის შემცირება, ფერტილობის შენარჩუნება და ასევე აღდგენა, რეციდივების პრევენცია, ცხოვრების  ხარისხის გაუმჯობესება.

ენდომეტრიოზის მკურნალობა ხდება მედიკამნეტოზური გზით ან ქირურგიული ჩარევით.

მედიკამენტოზური თერაპია გულისხმობს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებსა და ჰორმონულ თერაპიას.

ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს დამზოგავი და მოიცავდეს მოხლოდ ზედმეტი ქსოვილის ამოკვეთას ან საშვილოსნოს სრულ ამოკვეთას.

ირინა ირემაძე, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ

„მედცენტრის“ გინეკოლოგი

კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  272 601-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 765 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარში – 21, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – 5, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 9, კახეთში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 276 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 13

აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 29 მარტი

Stopcov.ge-ს ცნობით, 29 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 201 პაციენტია, მათგან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

30  პაციენტია ამ დროისთვის რეგიონის კოვიდსასტუმროში. აჭარაში თვითიზოლაციაშია 873 ინფიცირებული.

ციხისძირში, ზღვიდან 250 მეტრში მდებარე მიწას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო უპირობოდ ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 2 764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 30 მარტს დასრულდება.

მიწის ნაკვეთი ზღვიდან დაახლოებით 250 მეტრითაა დაშორებული. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 505 000 ლარი [1კვ.მ – 182,7 ლარი], ვაჭრობის ბიჯი კი – 10 000 ლარი.

მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. 

ციხისძირი / აუქციონზე გატანილი ნაკვეთი მონიშნულია ყვითელი ფერით

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი „ნაკვეთის ნაწილი დაკავებულია მესამე პირის მიერ მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე“.

ამასთან, „მყიდველმა ობიექტზე სამომავლოდ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას, უნდა გაითვალისწინოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ჩაქვი-კურორტი ციხისძირის განაშენიანების გეგმით“ მიწის ნაკვეთისათვის  დადგენილი ზონისთვის [საკურორტო სარეაკრეაციო ზონა N2] დასაშვები განაშენიანების სახეობა“.

ამ თემაზე:

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

მთავარი ფოტო: ციხისძირი/ფოტო აუქციონიდან

პანდემიის დაწყებიდან საქართველომ 29,8 მილიონი დოლარის ტესტი შეიძინა – COVID 19

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 24 მარტამდე პერიოდში საქართველომ, ჯამში, 29 826 110 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის [როგორც PCR, ასევე სწრაფი] ტესტი შეიძინა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა.

ამ თანხიდან 29,4 მილიონი დოლარი სახელმწიფოს სესხია. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციამ ტესტები გადასცა ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უფასოდ-საჩუქრად.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის პირველ მაისს გაფორმებული სასესხო შეთანხმებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 2020 წლის 21 მაისის სასესხო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე, COVID 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების პროცესში, 2021 წლის 24 მარტის მდგომარეობით შეძენილია:

  • 197 000 ანტისხეულის დამდგენი ტესტი – ღირებულებით 1 024 400 აშშ დოლარი;
  • 400 000 ანტიგენ/ანტისხეულის სწრაფი კომბინირებული ტესტი – ღირებულებით 2 068 500 აშშ დოლარი;
  • 1 800 000 ანტიგენის სწრაფი ტესტი – ღირებულებით 9 601 200 აშშ დოლარი;
  • 1 210 000 PCR ტესტი – ღირებულებით 16 739 010 აშშ დოლარი;
  • ხოლო 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის კომბინირებული ტესტი მიღებული იქნა საჩუქრად კორეული კომპანია SD BIOSENSOR – ისგან“.

გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა 36 ათასი ტესტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 393 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

ტესტების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან 7 თვის წინ, 2020 წლის სექტემბერში გამოითხოვა, პასუხი კი 2021 წლის 26 მარტს მივიღეთ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით განცხადება გადაგზავნილი იყო შესაბამის სამსახურებში, მიღებული პასუხების შესაბამისად გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას“, – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

28 მარტის მდგომარეობით, როგორც ანტიგენის, ასევე სწრაფი ტესტით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა ჯამში 25 934 კვლევა. თუ შაბათ-კვირას არ ჩავთვლით, ყოველდღიურად საქართველოში, ბოლო პერიოდში, დღეში მინიმუმ 20 ათასი და მეტი კვლევა ტარდება:

წყარო: Stopcov.ge

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაწყებულია.  „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, „ფაიზერზე“ აცრები კი, 30 მარტიდან დაიწყება.

ამ თემაზე:

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. მიკროავტობუსს ქედაში ტენდერით შეისყიდიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობიდან თანხმობას ელოდებიან. თუ სატენდერო და შესყიდვის პროცედურები რაიმე მიზეზებით დროში არ გაიწელა, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი ქედაში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება.

ქედის საკრებულოს აპარატის უფროსმა, მუხრან სალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიკროავტობუსი დროებით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იქნება, მოგვიანებით კი, კერძო კომპანიას გადაეცემა მართვაში. საწყის ეტაპზე მიკროავტობუსით მგზავრობა დაბაში უფასო იქნება.

„ქედაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და მიკროავტობუსი დაბის ოთხ მთავარ ქუჩაზე იმოძრავებს, სადაც მუნიციპალური და სხვა სერცვისები და ორგანიზაციებია თავმოყრილი. მგზავრობის ფასს რაც შეეხება, საწყის ეტაპზე მოქალაქეებს ფასიან სერვისს ვერ შევთავაზებთ, მიკროავტობუსი გარკვეული დროით მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება, ფასის დადგენა შემდგომი საკითხია,“ – გვითხრა მუხრან სალაძემ.

ელექტრომიკროავტობუსს ქედის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოდან მიღებული გრანტით შეიძენს. გრანტი 77 235 აშშ დოლარია.

გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტი სპეციალურ ავტოფარეხსაც ააშენებს, სადაც ელექტროავტობუსი დაიმუხტება კიდეც. ავტოფარეხის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 5 აპრილს დასრულდება. [აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ავტოფარეხის პროექტის გარდა, ასევე შეისყიდის დაბა ქედაში სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობისა და სოფელ დოლოგანში სოფლის სახლის მშენებლობისთვის საჭირო პროექტებს. სატენდერო თანხა 30 ათასი ლარია.]

ქედის მუნიციპალიტეტი საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებულია. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2021 წლის თებერვალში მოეწერა.

ამავე თემაზე:

ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი

სარფი პანდემიის დროს |ფოტორეპორტაჟი

“კოვიდი დაემართა მაღაზიას. პატრონი გადარჩა კოვიდს, მაგრამ მაღაზია ვერ გადავარჩინეთ, დავირუსდა,” – ასე აღწერს თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის   მფლობელი ლუდა გოროჟენკო თავის მდგომარეობას პანდემიაში.

მისი მაღაზია ზუსტად საზღვართანაა. საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა ლუდას მაღაზიას უნდა ჩაუაროს წინ.

მარკეტის მეპატრონე ამბობს, რომ ახალი პროდუქტის შემოსატანად თანხა არ აქვს. მისივე თქმით, აზრიც არ აქვს, რომ შემოიტანოს, რადგან ხალხი არ მოძრაობს და შესაბამისად პროდუქტი არ იყიდება

“თვეების განმავლობაში უდაბნოს ჰგავდა აქაურობა, უდაბნოს. ახლა ათი დღეა ტაქსები გამოჩნდნენ და ცოტა ამოძრავდა თითქოს ხალხი,” – ამბობს ლუდა.

სარფი 28.03.2021

ლუდას მარკეტის მარჯვნივ და მარცხნივ ორი სავალუტო ჯიხური იყო. ახლა ორივე დაკეტილია. სავალუტო ჯიხურზე შემორჩენილი დოლარის კურსის მაჩვენებელი ტაბლოს მიხედვით შეგიძლია გამოიცნო როდის დახურა მეპატრონემ ჯიხური.

ეს სავალუტო ჯიხური მეპატრონემ მაშინ დახურა, როცა 1 დოლარი 2.70 ლარი ღირდა

სარფში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად, წლების განმავლობაში ათეულობით წვრილი ბიზნესი გაჩნდა. საზღვრისპირა სივრცე სავსე იყო პატარა კაფეებით, სასადილოებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით, სწრაფი კვების ობიექტებით. ახლა ათობით ობიექტიდან მხოლოდ რამდენიმე ახერხებს მუშაობს. ცარიელია პარკინგიც, სადაც პანდემიამდე ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა დიდი სირთულე იყო.

2020 წლის 15 მარტამდე სარფში ეს ადგილი იყო ყველაზე ხალხმრავალი. მუშაობდა კაზინო, სავალუტო ჯიხურები და მარკეტები. დღეს მხოლოდ აფთიაქი მუშაობს. ისიც, როგორც ფარმაცევტი ამბობს, გადასახადებს ძლივს ფარავს.
თითქმის ცარიელი მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსი
საზღვარზე არც ხალხის რიგია და აღარც სატვირთო მანქანების

კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის

საგნობრივი ოლიმპიადის, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსისა და ესეების კონკურსის ჩატარებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ოლიმპიადა და კონკურსები ეტაპობრივად, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

ტენდერი 26 250 ლარზეა გამოცხადებული და გამარჯვებულმა კონკურსების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 აპრილს დასრულდება.

საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის შემდეგ საგნებსა და
კლასებში:
ქართული ენა და ლიტერატურა – VII; VIII; IX კლასები
ინგლისური ენა – VII; VIII; IX კლასები
მათემატიკა – VII; VIII; IX კლასები
ფიზიკა – IX კლასი
ქიმია – IX კლასი
ბიოლოგია – IX კლასი
რუსული სექტორის მოსწავლეებისთვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს რუსულ ენაზე.

ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად. ორივე ტური უნდა ჩატარდეს 2021 წლის ივნისის ჩათვლით.

კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში (ინტეგრირებული)

კონკურსის ორივე ტური უნდა ჩატარდეს 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ესეების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების X კლასის მოსწავლეები. კონკურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

კონკურსი ჩატარდება სამ ტურად. პირველი და მეორე ტურები ჩატარდება წერითი, ხოლო მესამე ტური – პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. ესეების კონკურსის პირველი და მეორე ტური ასევე, პრეზენტაცია/გასაუბრება უნდა ჩატარდეს 2021 წლის ივნისის ჩათვლით.

ამასთან, კონკურსის პირველი ტურის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო მეორე და მე-3 ტურების ჩატარების ორგანიზებას – ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი, სამინისტროსთან შეთანხმებული პირობებით.

 

ოთხსულიან ოჯახს ავტობანის გამო ასახლებენ, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 223-ში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათ ისე ასახლებენ, რომ ს სამართლიან კომპენსაციას არ აძლევენ. ოჯახის წევრის თქმით, ისინი ამ მისამართზე 30 წელია ცხოვრობენ და ვერც მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონება მოახერხეს. საქმე ამ ეტაპზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია.

დღეს, 28 მარტს, ამ წუთებში [14:00 სთ] ოჯახის წევრები აქციას მართავენ – მიწის დაკანონებასა და სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვაც სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„3 385 კვ/მ მიწის ნაკვეთი გვაქვს შემოღობილი. აქვე აშენებული გვაქვს სახლი და 30 წელია ვცხოვრობთ. არ გვიკანონებენ საკუთრებაში. ნაკვეთი მოყვა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში და გვასახლებენ. თანაც ისე, რომ ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ გვტოვებენ მთელ ოჯახს. ვითხოვთ სამართლიან კომპენსაციას, როგორც მესაკუთრეები, რადგან ყველა კანონით ვექვემდებარებით, რომ მივიღოთ ეს ნაკვეთი საკუთრებაში, რაზეც აქამდე ყველა უწყებამ უარი გვითხრა. ახლაც სასამართლოში გვაქვს საქმე. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გვიჩივლა და გამოსახლებაზეა ჩვენი საკითხი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2 კვირით გადადო საკითხი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია ბერიძე.

მისივე თქმით, ასახლების სანაცვლოდ მიზერული თანხა შესთავაზეს.

„მიმდებარედ არაერთი ოჯახი აასახლეს და გადაუხადეს კომპენსაცია. აქვე ახლოს 1 კვადრატული მეტრი მიწა 350 დოლარად გაიყიდა, 318 დოლარად გაყიდა კვადრატული მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც და ჩვენ კვადრატულზე 172 ლარს გვიხდიან. თანაც, მხოლოდ სახლზე და 400 კვადრატულ მეტრ მიწაზე. ბევრს ითხოვთო გვეუბნებიან. სხვებს გადაუხადეს და გაასახლეს, ჩვენ კი, რახან დიდი იყო ფართობი, ასეთ დღეში ვართ, სამართალს ვერ მივაღწიეთ,“ – ამბობს მზია ბერიძე.

ნაკვეთი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, საჯარო რეესტრის მიხედვით, იმ ტერიტორიის ნაწილია [საერთო ფართობი: 17 672 კვ/მ], რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ექსპროპრიაციის რეჟიმში იმყოფება.

აქცია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 28.03.2021

 

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა [ჭავჭავაძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე მონაკვეთში] ავტომანქანებისთვის უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია. ქუჩის ამ მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა და ახლა სავალი ნაწილის მოწყობა მიმდინარეობს. დასრულებულია ბორდიურებისა და ტროტუარებზე ფილების დაგების სამუშაოებიც.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში დარჩენილია ასფალტის დაგებისა და სავალი ნაწილის მონიშვნის გარკვეული სამუშაოები, რომელთა დასრულება ძირითადად ამინდზეა დამოკიდებული.

„ქუჩის ეს მონაკვეთი აპრილის თვის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ჯავახიშვილისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩა / ბათუმი / 28.03.2021
ჯავახიშვილის ქუჩა / ბათუმი / 28.03.2021

ვინაიდან ჯავახიშვილის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთში [ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] გადაკეტილია, გრიბოედოვის ქუჩაზე მერიამ ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა დროებით დაუშვა [ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში].

ჯავახიშვილის ქუჩის გახსნის შემდეგ კი, გრიბოედოვის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში ახალი სქემით მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

კომპანიას, რომელსაც უტენდეროდ 3,6 მილიონი გადაუხადეს, დისკვალიფიკაცია მისცეს – დავა ტენდერისთვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანიას, რომელთანაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე თანამშრომლობს და რომელთანაც ტენდერის გარეშე, ჯამში, 3,8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ერთ-ერთ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზად კომპანიის მხრიდან დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა დასახელდა. კომპანია ადმინისტრაციას დავების საბჭოში უჩივის.

შპს „ჯორჯიან ბას“ დავების საბჭოში სატენდერო კომისიის იმ ოქმს ასაჩივრებს, რომლითაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში მყოფი მოქალაქეების იზოლაციისთვის ტრანსპორტირების მომსახურების [2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში] შესყიდვაზე ტენდერი ტურიზმის ადმინისტრაციამ 2021 წლის იანვრის ბოლოს გამოაცხადა – 2 514 314 ლარით.

„ჯორჯიან ბასი“ კი, მომსახურებას ადმინისტრაციას 1 582 022 ლარად სთავაზობდა.

სატენდერო კომისიამ კომპანიას გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, თუმცა კომისიის ოქმის მიხედვით, დოკუმენტის (აუდიტორული დასკვნის) დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

„პრეტენდენტმა მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოადგინა კომისიის მიერ ოქმით დადგენილ ვადაში. ოქმში არ იყო მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის კონკრეტული ან არაუგვიანესი ან არაუმეტესი ვადა… შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის თაობაზე უსაფუძვლოა“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

კომისიის ოქმში კი აღნიშნულია რომ: „პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (აუდიტის დასკვნის) წარმოსადგენად განესაზღვროს არანაკლებ 2 სამუშაო დღე სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენად, წინამდებარე ოქმის სისტემაში ატვირთვის დღიდან“. ეს ოქმი სისტემაში 15 მარტს ატვირთეს.

კომპანიამ დოკუმენტი 18 მარტს ატვირთა. 19 მარტს კი, მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერი, მაგ.: „არანაკლებ 2 სამუშაო დღე“ გულისხმობს, რომ მეორე სამუშაო დღიდან არის შესაძლებელი დოკუმენტების წარმოდგენა და აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობს დოკუმენტების წარმოდგენისთვის „არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეს“ – აცხადებს კომპანია.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ ოქმში დაკონკრეტებულიც რომ ყოფილიყო ვადა – 2 დღე, ამას ცალკე გაასაჩივრებდნენ, ვინაიდან პანდემიის პირობებში „კომპანიების/ფიზიკური პირების უმრავლესობა სამუშაო პროცესს ახორციელებს დისტანციურ რეჟიმში, აღნიშნულიდან გამომდიანრე პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკავტურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (აუდიტის დასკვნის) წარმოდგენა უფრო ნაკლებ ვადაში შეუძლებელი იქნებოდა“.

„გაუქმდეს ოქმი, რომლითაც მოხდა შპს „ჯორჯიან ბას“-ის დისკვალიფიკაცია და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (აუდიტის დასკვნა) ჩაითვალოს დადგენილი ვადის დაცვით წარმოდგენილად“ – აღნიშნულია საჩივარში, რომელიც დავების საბჭომ 30 მარტს უნდა განიხილოს.

შესყიდვების პორტალზე, დღეის მდგომარეობით, ამ ტენდერს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამარტივებული შესყიდვით [ტენდერის გარეშე] „ჯორჯიან ბასთან“ პანდემიის დაწყებიდან ჯამში 3 885 938 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. ყველა შემთხვევაში შესყიდვის საფუძვლად ადმინისტრაცია გადაუდებელ აუცილებლობას ასახელებდა.

ხელშეკრულებების ფარგლებში კომპანია სხვადასხვა ადგილებიდან [აეროპორტი, საბაჟო] მოქალაქეების კარანტინში გადაყვანას, შემდგომში კი, კარანტინიდან მათ საცხოვრებელ ადგილებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ეს კომპანია ფაქტობრივად ერთადერთია, რომელთანაც ტურიზმის ადმინისტრაცია ამ კუთხით თანამშრომლობს.

2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციას „ჯორჯიან ბასთან“ სულ 11 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ტენდერის გარეშე. აქედან, ბოლო ხელშეკრულებით, რომელიც 1 149 132 ლარზეა გაფორმებული, მომსახურების გაწევის ბოლო ვადად 2021 წლის 21 მარტია განსაზღვრული.

კომპანიას თანხა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით ერიცხება. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, კომპანიისთვის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 3 673 548 ლარი.

შპს „ჯორჯიან ბას“, რომლის დირექტორები არიან შალვა ხუციშვილი და ზურაბ კალანდია, 2014 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის წილებს ფლობენ: შალვა ხუციშვილი [30%], ზურაბი კალანდია [20%] და რუდიგერ გოლლუქე(გერმანია) [50%].

ამავე თემაზე:

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

 

 

 

მარტის ბოლო დღეები ბათუმში უმეტესად უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, მთებში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • მთაში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +10.5 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 30 და 31 მარტს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 მარტის მონაცემები

აჭარაში, 28 მარტის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 192, მძიმე პაციენტია  29, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 3 პაციენტი.

აჭარაში კლინიკურ-სასტუმროებში იმყოფება 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ამავე პერიოდში გამოვლინდა 365 ახალი შემთხვევა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 27 მარტის მონაცემებით, აჭარაში 430-ზე მეტი ადამიანია აცრილი,  დაჯავშნილია 26 ვაქცინა. „ფაიზერის“ ვაქცინა კი უკვე 900-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი.

პირველ ეტაპზე  ქვეყანაში, სამედიცინო პერსონალის და 65 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 მარტის მდგომარეობით ვაქცინა 287-მა მედიკოსმა გაიკეთა. აჭარის რეგიონში სულ 5 ათასამდე სამედიცინო პერსონალია:

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 365 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ამავე პერიოდში გამოვლინდა 365 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25 934 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 926, PCR ტესტით – 10 008.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარაში- 27, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 39, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 30, კახეთში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

  • ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  778, აჭარაში – 192, იმერეთში – 295.
  •  მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 29, იმერეთში -71.
  •  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 7.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ არის – 280 301 , მათ შორის გამოჯანმრთელებული – 272 219, ხოლო გარდაცვლილია სულ – 3 751 ადამიანი.

28 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია – 301, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 605, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 203 პაციენტი.

 

ამ თემაზე:

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

როგორ ხდება განქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია – იურისტის რჩევა

როგორ ხდება განქორწინება და ქონების გაყოფა – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამ თემაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს „ბათუმელების“ ახალ რუბრიკაში „იურისტის რჩევები“. კვირაში ერთხელ „ბათუმელების“ იუთუბარხზე თქვენ იურისტის რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

ასევე შესაძლებელია, „ბათუმელების“ ფეისბუქ და იუთუბგვერდებზე მოგვწეროთ, თქვენ რომელ საკითხზე გსურთ იურისტისგან რჩევის მიღება.

  • ბატონო გიორგი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როგორ ხდება განქორწინება? 

განქორწინების სამართლებრივი რეგულირება ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. პირველი ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, როცა ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს შეუძლია მიმართოს იუსტიციის სახლებში განთავსებულ სერვისების განვითარების სააგენტოს და განცხადებით დააფიქსირონ თავიანთი სურვილი განქორწინებასთან დაკავშირებით. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თუკი ვერ ახერხებს ორივე მხარე ერთდროულად მისვლას, შესაძლებლობა აქვთ ცალ-ცალკე გამოცხადდნენ იუსტიციის სახლში.

როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია განქორწინების, ეს უარი ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, როდესაც უარს არსებითი ძალა აქვს. ეს არის ცოლის ორსულობის შემთხვევა, ასევე ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს არა აქვს უფლება მოითხოვოს განქორწინება და არც უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. ეს არის სამართლებრივად დამაბრკოლებელი გარემოება.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ხშირად მხარე აპელირებს უამრავ გარემოებაზე, თუ რის გამო არ სურს მას განქორწინება, თუმცა ეს ვერ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. შესაბამისად, ადამიანს თუ სურს მეუღლესთან განქორწინება, შეუძლია, პირველ ეტაპზე შეთავაზება გაუკეთოს მეუღლეს, რომ მივიდნენ სერვისების განვითარების სააგენტოში, ხოლო თუ უარზეა ერთ-ერთი მხარე, რჩება სასამართლოს გზა.

  • რა დოკუმენტაცია სჭირდება განქორწინებას?

დოკუმენტაციის ჩამონათვალი არ არის ფართო, ეს არის მხოლოდ პირადობის მოწმობა, რომლითაც შეუძლიათ მხარეებს მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს და დააფიქსირონ საკუთარი სურვილი. სასამართლოს შემთხვევაში ცოტა რთული მექანიზმი გვაქვს, ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვა საჭიროებს სპეციალური ფორმის შევსებას, რასაც ხშირ შემთხვევაში იურისტის გარეშე ვერ მოახერხებთ. აქ გარკვეულ გარემოებებს სჭირდება სწორად შევსება, ფაქტების სწორად მითითება იმისათვის, რომ შემდეგ სასამართლომ შეძლოს სამართალწარმოების დაწყება.

სასამართლოსთვის მიმართვის დროს აუცილებელია ქორწინების მოწმობა ორიგინალის სახით. ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როცა ეს დოკუმენტი დაკარგულია, ან არ მოეპოვება მხარეს. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს და რამდენიმე დღეში მიიღებთ მას. შესაბამისად, ქორწინების დოკუმენტის არქონა არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. სასამართლოს სპეციალური ფორმა უნდა შეავსოთ პირადად, ან იურისტის დახმარებით.

თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ასევე ბაჟის გადახდა, რაც არის არანაკლებ 100 ლარი, თუ არ არის ქონებრივი დავა.

თუ ქონებრივი დავაც გაქვთ და მეუღლეებს შორის არსებობს დავა ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, მაშინ სამართალწარმოების ხარჯი იზრდება და ამ შემთხვევაში ბაჟი შეადგენს დავის საგნის არანაკლებ 3 %-ს, ანუ ქონება უნდა შეფასდეს და ამ ღირებულების 3 % უნდა შეიტანოთ წინასწარ. სასამართლოს სპეციალურ ფორმას, რომელსაც შეავსებთ, დაურთავთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და წარადგენთ სასამართლოს კანცელარიაში. ამის შემდეგ თქვენ ამ დოკუმენტაციას უგზავნით მეუღლესაც და იგი ვალდებულია, გიპასუხოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან თუ სასამართლოც ვერ მოახდენს მხარეთა შერიგებას – ამისთვის სასამართლოს აქვს არაუმეტეს 6 თვე, თუ ამ ვადაში ვერ მოხერხდება მხარეთა შერიგება, სასამართლოს აქვს უფლება მიიღოს მხარეთა განქორწინების გადაწყვეტილება.

  • ვისთან რჩებიან შვილები განქორწინების დროს? 

ჩვენი კანონმდებლობა მშობლის უფლებებს თანაბარწილად განიხილავს, თუმცა სამართალწარმოების დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დედა არის უპირატესობის მქონე, თუ ბავშვი არის მცირეწლოვანი, მეძუძური და საჭიროებს გარკვეულ ყურადღებას. როდესაც მიმდინარეობს დავა, ვისთან იცხოვრებს ბავშვი, ამ შემთხვევაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ თუ ეს გარემოებები არ გვაქვს, მაშინ საკითხის განხილვა მიმდინარეობს შემდეგი შეფასებით: ვისი სოციალური, ან ოჯახური ფაქტორი ახდენს ბავშვზე განსაკუთრებით დადებით ზეგავლენას? განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვის ინტერესები, როცა ბავშვი სწავლობს, დადის სხვადასხვა შემოქმედებით, ან სპორტულ წრეზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, განქორწინების შემდეგ რომელი მშობელი სად აპირებს ცხოვრებას. თუ მშობლები ერთ ქალაქში ცხოვრობენ, აქ უფრო რთულია ინტერესის განსაზღვრა, ვისთან უნდა იყოს ბავშვი.

თუ მშობლები ვერ თანხმდებიან იმაზე, სად იცხოვროს ბავშვმა, ამ შემთხვევაში ერთვება სოციალური სამსახური, რომელიც აფასებს სოციალურ გარემოს და, რა თქმა უნდა, ყოველი დეტალი არის მნიშვნელოვანი დაწყებული იქედან, თუ ვისთან ერთად ცხოვრობს ერთ-ერთი მშობელი, რა სოციალური გარანტიები აქვს მას იმისთვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის ინტერესები. ამ შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური შეფასების საკითხი და არ არის წინასწარ განსაზღვრული რაიმე კრიტერიუმი. მთავარია, ბავშვმა შეძლოს სოციალურ გარემოსთან ადაპტირება მშობელთა განქორწინების შემდეგ.

  • როგორ ნაწილდება ქონება განქორწინების დროს? 

ქონებრივი დავის დროს მნიშვნელოვანი გარემოებაა, თუ როდის აქვთ შეძენილი ეს ქონება. ჩვენი კანონმდებლობით ორ ნაწილად არის ეს პროცესი გამიჯნული. ეს არის ქორწინებამდე შეძენილი ქონება და ქორწინების შემდეგ მიღებული ქონება. არ გაიყოფა ინდივიდუალური ნივთები და ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონება.

არსებობს კიდევ ერთი გამონაკლისი: თუ ქორწინების შემდეგ მიღებულ ქონებას მეუღლეები განავითარებენ, გააუმჯობესებენ და დახარჯავენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, შესაბამისად, ასეთი ქონება შესაძლოა დაექვემდებაროს გაყოფის მოთხოვნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს ამ ქონების გაუმჯობესების პროცესზე.

  • თუ ქონება ქორწინების შემდეგ არის შეძენილი? 

რაც შეეხება ქორწინების შემდეგ შეძენილ მოძრავ, თუ უძრავ ქონებას, კანონის თანახმად ასეთი ქონება არის თანასაკუთრების უფლების მქონე, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა: კანონი აღიარებს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ ამ თანასაკუთრებას სამართლებრივად სჭირდება მოპოვება, ანუ თქვენი იურისდიქცია რომ გავრცელდეს კონკრეტულ ქონებაზე, თქვენ ამ უფლების რეგისტრაცია უნდა მოახდინოთ უძრავი ქონების შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო მოძრავი ქონების შემთხვევაში, იმ დაწესებულებაში, რომელიც ახდენს მოძრავი ქონების რეგისტრაციას.

სამართლებრივი დავის დროს, ართულებს მდგომარეობს ის, რომ უძრავ ქონებაზე დავას სჭირდება სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა. თუ თქვენ ეს კონკრეტული გარემოება განქორწინების დროს გაფერხებთ, შეგიძლიათ შუამდგომლობით მიმართოთ სასამართლოს და თუ თქვენი სოციალური მდგომარეობა არ გაძლევთ ბაჟის გადახდის შესაძლებლობას, მოითხოვოთ ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, ან ბაჟის გადახდის გადავადება. არსებობს ამის პრეცედენტები და პრაქტიკაც, რომ თუკი სასამართლო დაინახავს თქვენს მძიმე სოციალურ ფაქტორს, ამის შესაძლებლობას სასამართლო მოგცემთ.

რეგისტრირებული განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება თქვენს ყოფილ მეუღლეს წაუყენოთ პრეტენზია ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. სამი წლის გასვლის შემდეგ კი, თქვენი ეს მოთხოვნა ხანდაზმული იქნება და ანულირდება.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეებს შორის ქორწინების ხელშეკრულება არსებობს? 

არსებობს საზოგადოებაში კრიტიკული მიდგომა საქორწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეტაპობრივად უკვე ეს პრაქტიკა მკვიდრდება. საქორწინო კონტრაქტი აზღვევს ყველა იმ სამართლებრივი დავის პროვოცირებას, რომელიც განქორწინების შემთხვევაში შესაძლოა მეუღლეებს ჰქონდეთ და ქონებასთან მიმართებით გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს.

საქორწინო ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქონებასთან მიმართებით და ამით არ ხდება ბავშვებთან ურთიერთობების რეგულირება, ან გარკვეული საოჯახო ვალდებულებები. საქორწინო კონტრაქტი იწყებს მოქმედებას განქორწინების შემდეგ. მეუღლეებს აქვთ ხოლმე ხშირად კამათი, ვინ უფრო მეტი დახარჯა გარკვეული ქონების შეძენის, ან მისი გაუმჯობესების კუთხით, ვინ უფრო მეტი შემოიტანა ოჯახში. კანონის მიხედვით, ყურადღება არ ექცევა იმას, ვინ უფრო შემოიტანა ოჯახში, რადგან ქორწინების შემდეგ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანაბარი საკუთრების უფლება.

საქორწინო კონტრაქტის მიხედვით კი, შესაძლებელია ეს თანაბარი საკუთრების უფლება განსხვავებულად მოვაწესრიგოთ. საქორწინო კონტრაქტის პირობები დამოკიდებულია მხარეების ნება-სურვილზე. საქორწინო ხელშეკრულების დადება ხდება ნოტარიუსის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება არის ბათილი.

 

როგორ ხდება განქორწინება? - იურისტის რჩევები

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

„მოსახლეობა უფრო მზად არის ვაქცინაციისთვის, ვიდრე ექიმები,“ – მიიჩნევს ექიმი დეა ქაჯაია, ბათუმის „მედცენტრის“ მენეჯერი ექიმების „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესზე. ჩვენ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რატომ არ სურთ ექიმებს აცრა და რა როლს ასრულებენ ისინი ანტივაქსერულ კამპანიაში, როცა ვაქცინა უკვე არსებობს, ისინი კი, ამაზე უარს ამბობენ. ჩვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოვიკითხეთ ეს ამბავი, სადაც კოვიდკლინიკები იყო გახსნილი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 მარტის მდგომარეობით ვაქცინა 287-მა მედიკოსმა გაიკეთა. აჭარის რეგიონში სულ 5 ათასამდე სამედიცინო პერსონალია.

ქვეყნის მასშტაბით, 25 მარტის მონაცემებით, 4152 სამედიცინო მუშაკს ჰქონდა გაკეთებული ვაქცინა. სულ ქვეყანაში 31 ათასამდე ექიმი და 18 ათასამდე ექთანია.

„იკეთებენ, როგორ არ იკეთებენ? ექიმმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ვაქცინა და, ზოგადად, ყველა ექიმი მხარს უჭერს ამ პროცესს,“ – გვითხრა, მაგალითად, ექიმმა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნუკრი ბეჟანიძემ. ყოფილ დეპუტატს შევახსენეთ, რომ მისი ნათქვამი წინააღმდეგობაშია ოფიციალურ სტატისტიკასთან: იგივე ბათუმის რესპუბლიკურში 800-მდე თანამშრომელი მუშაობს, აქედან მხოლოდ 61 ადამიანს აქვს ვაქცინა გაკეთებული, 400-მდე პირს კი, ჯავშანი აქვს და ვაქცინის გაკეთებას აპირებს.

„არ მქონია საუბარი, რომ წინააღმდეგი იყვნენ, მე ასეთი პერსონალი არ მინახავს… უმეტესად ყველა მხარს უჭერს და დრო სჭირდებათ. ზოგიერთს გადატანილი აქვს კოვიდი და ელოდება დროის გასვლას. ესეცაა,“ – აღნიშნა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

ვაქცინა თავად ნუკრი ბეჟანიძესაც არ ჰქონია გაკეთებული.

„გაცივებული ვიყავი და ამიტომ შევიკავე თავი. დღეს თავს უკეთესად ვგრძნობ და ავიცრები… ჯავშანი ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ორშაბათს, ან სამშაბათს ავიცრები ალბათ. ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინა,“ – გვიპასუხა ნუკრი ბეჟანიძემ.

აჭარის რეგიონში ექიმებს და უკვე საპენსიო ასაკის მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის გარდა ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში შეუძლიათ.

„208 თანამშრომელია სულ და 30 ვართ აცრილი. ამ ეტაპზე ასეა,“ – გვიპასუხა ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ირინე დოლიძემ. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალს სჭირდება მომზადება, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ჯანმრთელობის მხრივ.

„სამედიცინო პერსონალის ნაწილი, ასეთი იყო 70-მდე, დაავადებული იყო კორონავირუსით და არ არის გასული 120 დღე. ამ მედიკოსების განწყობაა, რომ აუცილებლად აიცრებიან… თითოეულმა მედიკოსმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მჯერა, რომ გაიკეთებენ აცრას. არსებობენ კლინიკები, სადაც საერთოდ არ ჰყავთ ვაქცინირებული პერსონალი,“ – აღნიშნა ირინე დოლიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე კლინიკას ბათუმში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ. მაგალითად, BAU-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ რადგან ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითია, მათ არ აქვთ მონაცემი მათთან დასაქმებული რამდენი მედიკოსი აიცრა. ასევე ვერ გავიგეთ სამედიცინო პერსონალის რა რაოდენობა აიცრა „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“, სადაც ასევე კოვიდკლინიკა იყო გახსნილი.

„ჩვენთან 460 თანამშრომლიდან 30-მა გაიკეთა აცრა, ცუდი მონაცემია,“ – უკმაყოფილებას არ მალავს დეა ქაჯაია, მედცენტრის მენეჯერი. დეა ქაჯაია პროფესიით რეანიმატოლოგია და ამბობს, რომ აცრა შვილთან ერთად დღეს გაიკეთა.

დეა ქაჯაია არც იმას მალავს, რომ იმ ექიმების პროფესიონალიზმშიც ეპარება ეჭვი, ვისაც ვაქცინის არ სჯერა.

„ფაქტია, რომ არსებობს კითხვები, რასაც უნდა გაეცეს რაც შეიძლება მეტად დამაჯერებელი, ფაქტებზე დამყარებული და არგუმენტირებული პასუხები. ზოგს ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, ზოგს კი, პროფესიონალიზმიც არ ჰყოფნის, რადგან ექიმებმა კარგად იციან ამ დაავადების რისკები, ისიც, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ დაახლოებით 30 პროცენტი ინვალიდიზაციას განიცდის, ამას აჩვენებს მონიტორინგი,“ – გვიყვება დეა ქაჯაია.

„მედცენტრის“ მენეჯერის თქმით, მის კლინიკაში 10 პაციენტი დაბრუნდა უკან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ. მათ ძირითადად სისხლძარღვოვანი გართულებების დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა: გართულებული პნევმონია, თრომბოზი, ნეოკარდიის ინფარქტი და ასე შემდეგ.

„ექიმებსაც სჭირდებათ მეტი ახსნა, რადგან ახალია ეს ვაქცინა, ახალია ეს დაავადება, ჩვენც ბევრი რამ არ ვიცით. პანდემიამ შეცვალა ადამიანები, ფსიქოლოგია, დაითრგუნა ხალხი და დაითრგუნენ ექიმებიც… ფსიქოლოგიური მომზადებისთვის ცოტა დრო სჭირდებათ ექიმებსაც და აუცილებლად გაიკეთებენ.

ყველა ერთმანეთს უყურებს, რომ აი ვნახავთ და მერეო… რამდენიმეს ვესაუბრე და დავარწმუნე. არც ის მიკვირს, რომ ვიღაც ფსიქოლოგიურად დაითრგუნა იმდენად დამაბნეველი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიღაც მოკვდა, ასე ხდება, ისე ხდება… დღეს, როცა აცრა გავიკეთე და მოვბრუნდი სამსახურში, ექიმებს ვუყვებოდი, უნდა გენახათ რამდენი პენსიონერი იდგა რიგში და ელოდა აცრას-მეთქი,“ – გვითხრა დეა ქაჯაიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ საუბრობს მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობაზე ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, ის, რომ საქართველომ ვაქცინების ეს ძალიან მცირე დოზები ვერ აითვისოს, იქნება სირცხვილი ქვეყნის და პირადად ჩვენი, ექიმების სირცხვილი. იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აცრებზე გადის პანდემიის დასრულების გზა და აცრაზე უკეთესი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია… გამოდის, რომ ქართველებს ცოტა, მაპატიეთ და, მეტი განათლება და მეტი ცოდნა გვჭირდება”, – აღნიშნა მან.

Exit mobile version