მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

25.02.2021 • 2573
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, მერია აუქმებს კონკრეტულ დაფინანსებას, რაც ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერის აღდგენისთვის იყო გათვალისწინებული. პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სამუშაოს კერძო კომპანია ვალდებულებების ფარგლებში შეასრულებს, ეკონომია 100 000-მდე ლარია.

ვიცი, მაგრამ არ გეტყვი – დაახლოებით ასეთია ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე, რა ვალდებულების ფარგლებში აპირებს კერძო კომპანია თავისი ხარჯით  ბათუმში სკვერის მოწყობას. საკითხი ეხება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსახორციელებელ სამუშაოს რაღაცის სანაცვლოდ.

რის სანაცვლოდ? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მერიაში არ სურთ. „კომპანიას ჰკითხეთ, ვალდებულების ნაწილში არ გვაქვს კომპეტენცია, რომ გიპასუხოთ“, – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.

ინფორმაციის დაზუსტება მერიის პრესსამსახურში ვცადეთ, რის შემდეგაც სამსახურის უფროსი, ალექსანდრე მჟავანაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც ფაქტობრივად იგივე გვითხრა:

„მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს ვალდებულება არ იყო ჩვენთან [ბათუმის მერიასთან], ჩვენ მოგვმართა კომპანიამ, რომ აქვს ვალდებულება და შემოგვთავაზა სკვერის მოწყობა. ჩვენ შესაბამისად გადავეცით პროექტი“.

ალექსანდრე მჟავანაძე ამბობს ასევე, რომ მას არ აინტერესებს ჩაუთვლის თუ არა ამ კომპანიას აჭარის მთავრობა [კონტრაქტორი] ბათუმში სკვერის მოწყობას ვალდებულების შესრულებად: „შენც რომ გვითხრა სკვერს გაგიკეთებთო, დიდი სიხარულით მოგცემთ, შენ მერე ჩაგეთვლება თუ არ ჩაგეთვლება ეს… მე მიხარია, რომ სკვერი გაკეთდება და იმ თანხით კიდევ სხვა რამეს გავაკეთებთ.“

„რატომ უნდა გიპასუხოთ?“ – ასეთი იყო შპს „DS Group“ – ის პასუხი. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ვალდებული არ არის გვიპასუხოს. ბათუმის მერიისგან განსხვავებით, კომპანიის წარმომადგენელს ნამდვილად არ აქვს ამის ვალდებულება… მან ასევე დაამატა, რომ „ამ ამბავს ბევრი პრობლემა უკავშირდებოდა“.

თვითმმართველობის კოდექსით, მერია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია როგორც ბიუჯეტის ფულის ხარჯვის, ასევე ქონების მართვის ნაწილში. თუმცა, როგორც ჩანს, ამას მერიის სტრუქტურები კარგად ვერ აცნობიერებენ, ან  რაიმე სხვა მიზეზი აქვთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ის, რასაც ბათუმის მერია ასე ასაიდუმლოებს, ბათუმში, ზუბალაშვილის #37-ში პირობიანი აუქციონით გასხვისებულ ნაკვეთს და აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით აღებულ ვალებულებას უკავშირდება. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

ზუბალაშვილის #37-ში 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შპს „კ.მ. გრუპმა“ მიიღო და შემდეგ ვალდებულებიანად [გარიგების საფუძველზე] „DS Group“-ს გადასცა.

ამავე ნაკვეთზე კომპანიას სკვერის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა აქვე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე სკვერი [ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში] სამშენებლო სამუშაოების შედეგად განადგურდა და არც ახლის მოსაწყობად დარჩა ადგილი.

„არავითარ სარეკრეაციო ზონაზე ინფორმაცია არ გვაქვს. მანდ იყო პატარა ბუჩქნარი. ტერიტორიიდან გამწვანების სამსახურმა რვა მანქანა მცენარე გაიტანა და გადარგო. სკვერი იქ მოეწყობა, სადაც ამჟამად მრავალწლიანი მაგნოლიებია, ანუ ეს მაგნოლიები დარჩება. ეს პროექტი 2010 წლიდან არის მზად, უბრალოდ „კ.მ გრუპმა“ ვერ მოახერხა მშენებლობის დაწყება და გადავადდა… ამასთან, ყველა დოკუმენტაცია დევს სახელმწიფო უწყებებში. თუ სარეკრეაციო ზონა იყო, ამაზე საუბარი აქამდე უნდა დაწყებულიყო,“ – DS Group“-ის დირექტორის, დავით სალაძის ეს კომენტარი „ბათუმელებმა“ 2016 წელს გამოაქვეყნა.

პატარა ბუჩქნარი იყო თუ მოზრდილი სკვერი, ეს ფოტოზე ნახეთ:

ზუბალაშვილის #37 მშენებლობის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ

 

რაც შეეხება ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ პატარა სკვერს – გაუგებარია, ბათუმის მერიამ გადაწყვიტა თუ აჭარის მთავრობამ, რომ DS Group-მა აღადგინოს ის. ხელშეკრულების თანახმად, ამ კომპანიას ახალი სკვერის მოწყობა ევალება და არა უკვე არსებული სკვერის აღდგენა. შესაბამისად, არც იმაზე გვაქვს ჯერ პასუხი, რამდენად კანონიერია ერთი სკვერის ტერიტორიის ათვისების ხარჯზე უკვე არსებულის რეაბილიტაცია.

სკვერი ლორიას ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია გეგმავს, 234 კვადრატული მეტრია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: