მთავარი,სიახლეები

მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

08.06.2021
მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება.

„შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და რატომ ითხოვს მოქალაქეების ფიზიკურად მისვლას ოფისში, მით უფრო პანდემიის პირობებში? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრში პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე იგი არ მიგვიღია.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 10 თებერვალს წერდა. მაშინ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პარკირების საფასური გადახდილი ჰქონდათ, მაგრამ მაინც დააჯარიმეს სანომრე ნიშნის განახლების შემდეგ.

მოქალაქეების თქმით, მათ შსს-დან დამატებითი  ცნობის აღება დამატებით 5 ლარი დაუჯდათ, აღებული ცნობა კი, ფიზიკურად მიიტანეს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფისში.

თებერვალში შსს-ში გვითხრეს, რომ შესაბამისი ბაზების გაცვლის მოთხოვნით მერიას არ მიუმართავს და ბაზის გაზიარება არ არის პრობლემა, ხოლო „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტეს, რომ შესაბამისი პაკეტი მზადდება.

მონაცემთა ბაზის შსს-თვის მოთხოვნის ნაცვლად, როგორც ჩანს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ისევ მოქალაქეებისთვის არჩია პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლებიც მაინც დაჯარიმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ პარკირების საფასური გადახდილი აქვთ, მაგრამ შესაბამისი ცნობა სანომრე ნიშნის განახლებაზე მერიას არ ჩააბარეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: