მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა სკვერი კაფედ ბათუმში

09.06.2021 • 4345
როგორ იქცა  სკვერი კაფედ ბათუმში

საჯარო სივრცეების უფასოდ გამოყენების შესაძლებლობა ბათუმის პარკებში, სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში უფრო და უფრო იზღუდება. ცხადია მათთვის, ვისაც სკვერების გამოყენება არა კომერციული მიზნებისთვის, არამედ დასასვენებლად სურთ.

პანდემიის მიზეზით ღია სივრცეების ათვისების წახალისებამ უხერხულობის ის ზღვარიც წაშალა, რაც ოფიციალურ შეთანხმებებში მაინც, ბალანსის დაცვას აიძულებდა ბათუმის მერიას. ახლა კომერციული ობიექტების მეპატრონეებს საზოგადოებრივ სივრცეებში უფრო მეტი ადგილის ათვისების საშუალებას აძლევენ.

ამ ყველაფრის შედეგად კი დაზარალდნენ მოქალაქეები, რომლებსაც რეკრეაციულ სივრცეებში დასვენება საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს, დანახარჯის გარეშე სურთ. მათთვის დისკომფორტია „სხვის სუფრასთან ახლოს გადაადგილება ან იქვე ჩამოჯდომა“. ეს პრობლემა უფრო მწვავდება, თუ სკვერში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დააპირებთ დასვენებას.

სკვერი ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე, რომელიც კაფედ გადაიქცა

ასეთივე ვითარება დაგხვდებათ ბათუმში ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერშიც. დასასვენებლად ამ მწვანე სივრცეს თუ აირჩევთ, აქვე მდებარე კაფეს ინვენტარის გამოყენება მოგიწევთ, რადგან ყველა სკამი და მაგიდა აქ ამ კაფეს საკუთრებაა. ამ სივრცეში მხოლოდ ფოტოს გადასაღებადაც რომ შეხვიდეთ, მიმტანი მაშინვე მოგაკითხავთ კითხვით: „ხომ არ დაგეხმაროთ?“

თუ მიმტანს თავადაც ჰკითხავთ კერძო ტერიტორიაზე ხომ არ იმყოფებით, ის გიპასუხებთ რომ – ასეა. თუმცა ასე  ნამდვილად არ არის. პატარა, უსტატუსო სკვერი ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე, მუნიციპალური საკუთრებაა.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ რეკრეაციული სივრცის ათვისებაზე ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ნებართვა გაცემული არ არის. კაფეს მეპატრონეს განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა მერიას ნებართვა ჯერ არ გაუცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალური სივრცე უკანონოდ არის ათვისებული. ამ ინფორმაციას არც კაფეს მეპატრონე უარყოფს:

„კაფე მაქვს დიდი ხანია. ის ადგილი კი, სადაც ახლა მაგიდები მაქვს განთავსებული, მე თვითონ მოვაწყვე საკუთარი ხარჯებით. ტერიტორია იყო ტალახით და ნაგვით სავსე, მანქანების სადგომად იყო ქცეული. ვინაიდან მიმდებარედ კაფე მქონდა და პანდემიის პირობებში სასურველი იყო ღია სივრცეში მუშაობა, ყოფილ მერს ლაშა კომახიძეს შევთავაზე, რომ  ამ ადგილს მოვაწესრიგებდი. მოვაწესრიგე კიდეც. მოგვიანებით მერიას მივმართე ოფიციალურად – მაგიდების განთავსებაზე თანხმობა ვითხოვე. ჯერ თანხმობა არ მიმიღია, თუმცა ჩემი კაფესთვის [რადგან ტერასაც მაქვს] მისი მოწყობა მაინც მნიშვნელოვანი იყო“, – გვითხრა გიორგი კომახიძემ.

მისი თქმით, ტერიტორიის იჯარით აღება არ სურს, რადგან მხოლოდ სეზონურად მუშაობს.

სკვერი ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე, რომელიც კაფედ გადაიქცა

ამ სკვერის გაგრძელებაზე, ზუბალაშვილის #37-ში, 3392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „კ.მ. გრუპმა“ პირობიან აუქციონზე შეისყიდა და  შემდეგ ვალდებულებიანად [გარიგების საფუძველზე] DS Group-ს გადასცა. კაფე აქ მშენებლობის დაწყებამდეც ფუნქციონირებდა. როგორც მისი მესაკუთრე გვეუბნება, კომპანია დაჰპირდა, რომ მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა და ასეც მოიქცა.

რა გარანტია აქვს კაფეს მეპატრონეს, რომ ნებართვას მიიღებს სარეკრეაციო სივრცეში მაგიდებისა და სკამების განთავსებაზე [მან ამ სკვერის მოწყობაზე ფინანსური ხარჯი გასწია], რას იზამს, თუ ასეთ ნებართვას ვერ მიიღებს? – ამ კითხვებზე გიორგი კომახიძე პასუხობს, რომ ვერაფერს მოიმოქმედებს, რადგან ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა.

ამ ნაკვეთზე სკვერის მოწყობის ვალდებულება მშენებელ კომპანიას ჰქონდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, DS Group-ი მთავრობას აქ სკვერის  მოწყობის ნაცვლად ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის აღდგენაზე შეუთანხმდა.

სკვერი, რომელიც კაფემ აითვისა, რეესტრის მონაცემებით 491 კვ.მეტი გამწვანებული სივრცეა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: