მთავარი,სიახლეები

რატომ ავიცრა, თუ მაინც უნდა დავინფიცირდე? – რას ამბობს NCDC

09.06.2021 • 11110
რატომ ავიცრა, თუ მაინც უნდა დავინფიცირდე? – რას ამბობს NCDC

მოქალაქეები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ ინფიცირდება სრულად ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსით და „მაშინ რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც უნდა დაავადდე?“

„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანს იცავს კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. თუმცა არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისგან“, – განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

  • როგორ გვიცავს ვაქცინა?

ცნობილია, რომ იმუნური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმის დაცვას, კერძოდ, გამომუშავდება ანტისხეულები, იგივე Y-ის ფორმის პროტეინები, რომლებიც ეკრობიან მიკრობებს და ანეიტრალებენ მათ.

ასევე, T უჯრედები (T ლიმფოციტები) პოულობენ და ანადგურებენ ინფიცირებულ უჯრედებს. „ანტისხეულები გამომუშავდება ვირუსის ზედაპირზე უფრო ცვალებადი ცილების წინააღმდეგ, ხოლო T უჯრედების მთავარი სამიზნე ვირუსის შიგნით არსებული უფრო მდგრადი ცილებია. ამასთან, T უჯრედები  დაავადების სიმძიმის შემცირებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

ანტისხეულებს ადამიანის ორგანიზმი სწორედ ვაქცინიის შედეგად გამოიმუშავებს. თუმცა მას ამისთვის დრო სჭირდება – ანტისხეულებს ორგანიზმი აცრის შემდეგ დაუყოვნებლივ არ გამოიმუშავებს: ვაქცინის ორი დოზა, 21 დღის ინტერვალით, უზრუნველყოფს 79% ეფექტურობას კლინიკურად გამოვლენილი SARS-CoV-2 ინფექციის წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან 14 ან მეტი დღის გასვლის შემდეგ.

სწორედ ამიტომ, არსებობს სრულად ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების მცირე რისკი, რომელიც ცნობილია, როგორც “breakthrough infection”-ი და მოსალოდნელია არამხოლოდ კოვიდის, არამედ ნებისმიერი ვაქცინაციის შემთხვევაში.

  • რა არის სრულად ვაქცინაციის მიუხედავად დაინფიცირების მიზეზი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებული პირების დაინფიცირების რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. პირველი ის, რომ  ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავებულია, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული მედიკამენტების მიღება (მაგალითად,  იმუნოსუპრესანტები) ან ასაკი.

„ხანდაზმულ ასაკში ადამიანის იმუნური სისტემა ვეღარ რეაგირებს ახალ ანტიგენებზე (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება, რომელიც აიძულებს თქვენს იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები მასთან საბრძოლველად) და ვაქცინებზე, ისე როგორც ახალგაზრდა ასაკში.

კვლევის მონაცემებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.

  • ახალი შტამები⠀⠀

ვაქცინირებული პირების დაინფიცირების კიდევ ერთი მიზეზი  ვირუსის ახალი შტამების გავრცელებაა, რომლებიც „უსხლტებიან“ იმუნიტეტს და ვაქცინირებულ პირებშიც იწვევენ დაავადებას.

„ზოგადად, ვირუსებისთვის, განსაკუთრებით კი რნმ ვირუსებისთვის, როგორიცაა SARS-CoV-2, დამახასიათებელია მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა, რომელთაგან ზოგი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს.

მიუხედავად ამისა, ეს ახალი შტამებიც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეფექტურად გაანეიტრალოს იმუნურმა სისტემამ, რადგან მუტაციის შედეგად ნაკლებად იცვლება ვირუსის ის ნაწილები, რომელთა ამოცნობაც ანტისხეულებსა და T უჯრედებს შეუძლიათ“.

ამიტომ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ  ინფორმაციამ – „ვაქცინირებულის  კოვიდით შესაძლო დაინფიცირების შესახებ, საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაბნეულობა და არ გახდეს ვაქცინაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის მიზეზი“.

ვაქცინირებულებში ინფიცირების შემთხვევების კვლევა მეცნიერებს ხელს შეუწყობს  დახვეწონ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ან შეიმუშაონ დამატებითი („ბუსტერ“) დოზებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: