მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლება გახდე მსახიობი „შემთხვევით“ – ინტერვიუ დავით ჯაყელთან

09.06.2021 • 3455
როგორ შეიძლება გახდე მსახიობი „შემთხვევით“ – ინტერვიუ დავით ჯაყელთან

ავტორი: ანა შენგელია

_________________

როცა დამწყები მსახიობი ხარ, სცენაზე გასვლამდე გგონია, სადაცაა გული გაგისკდება და მოკვდებიო – გვითხრა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა დავით ჯაყელმა. მას ბევრი როლი აქვს შესრულებული და თავდაპირველი ღელვაც გამოცდილებასთან ერთად თანდათან გაქრა, ახლა თეატრი და სცენა მისთვის სიამოვნებაა, რომელსაც არც ერთი ნარკოტიკი არ შეედრება. არადა, წლების წინ შემთხვევით აირჩია ეს პროფესია. „ეს საჩუქარი იყო“ – ამბობს დავით ჯაყელი. მას თეატრსა და პროფესიულ არჩევანზე ვესაუბრეთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც მსახიობს უნდა ახასიათებდეს?

ნიჭთან ერთად მგონია, რომ ინტელექტი. მარტო ინტელექტუალური მსახიობი  ფონს ვერ გადის და მარტო ნიჭიერი – ღირებულს ვერაფერს ქმნის, თუ ინტელექტუალური ბაზა არ გააჩნია. არ ვგულისხმობ მაინცადამაინც წიგნიერებას, შინაგან ინტელექტზე მაქვს აქცენტი. თუ ამ ყოველივეს ერთვის წიგნიერებაც, უკეთესია.

  • რომ არ ყოფილიყავით მსახიობი, რომელ პროფესიას აირჩევდით?

ჩემს ნებაზე რომ ყოფილიყო, მუსიკოსი  ვიქნებოდი, სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ინსტრუმენტს არ ვფლობ, მაინც ხელოვნების სფეროს გავყვებოდი, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, პიანინოზე დაკვრა ვისწავლო.

  • ანუ ყოველთვის მსახიობობა არ გსურდათ?

არასდროს არ მსურდა მსახიობობა. არც არაფრისადმი მქონია მისწრაფება, გარდა იმისა, რომ ბავშვობაში კოსმონავტობაზე ვოცნებობდი.

მე და ჩემი ცოლის ძმა მეზობლები ვიყავით, მაშინ ის სწავლობდა ხელოვნების ინსტიტუტში, ერთხელაც ლექციაზე მიმიპატიჟა და  მეც გავყევი, ბატონი მერაბ ლებანიძე იყო მათი პედაგოგი. როცა დავჯექი და ვუყურე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ძალიან მარტივი იყო როლის შესრულება და მეც გამომივიდოდა. გარდა ამისა, სიტუაციამაც ძალიან მომხიბლა, ყველა ერთმანეთთან მეგობრობდა, ერთობოდნენ ერთად. ამანაც მიბიძგა, რომ ეს უნივერსიტეტი ამერჩია.

გამოცდებზე, სხვათა შორის, სრულიად მოუმზადებელი გავედი, თუმცა უმაღლესი ქულები ავიღე, ალბათ, ამან იქონია გავლენა რეზო მირცხულავაზე, შემდგომში ჩემს პედაგოგზე, და კატეგორიულად მოითხოვა, მე მისი დასის წევრი ვყოფილიყავი.

ეს იყო საჩუქარი ზეციდან, ასე მგონია.

ხელოვნების ინსტიტუტი თავშესაფრად გამოჩნდა, მეც ვცადე ბედი და აქამდე მოვედი.

ისე, დიდად არც არჩევანი მქონია. ჩემს დროს კორუფცია იყო. რაც არ უნდა კარგად შეგესრულებინა საგამოცდო დავალებები, მაინც გარკვეული თანხის გადახდა იყო საჭირო, რომ სასურველ ფაკულტეტზე მომხდარიყავი.

ყველაფერს მისტიკურ გარემოებებთან ვაკავშირებ, რომ არ ჩარეულიყო ღმერთი, მე არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი დღეს – ეს იყო გზა, რომელიც მიჩვენეს და მეც გავყევი.

“განმშორებელი”

  • არის თქვენ მიერ შესრულებული როლი, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონთ?

არა. სულ მრჩება ისეთი შეგრძნება, რომ მეტის გაკეთება შემეძლო, თვითკმაყოფილებას არ ვეძლევი. გულწრფელი ვარ ამაში – არასოდეს მაკმაყოფილებს კონკრეტული შედეგი. სადაც ჩათვლი, რომ პროფესია შეისწავლე და იფიქრებ, რომ განვითარება აღარ გჭირდება, მგონი, იქ მთავრდება ყველაფერი, და, ალბათ, უნდა წახვიდე.

  • თუ არსებობს ისეთი როლი, რომელიც ჯერ არ გითამაშიათ, მაგრამ გინდათ, რომ შეასრულოთ?

არ მაქვს საოცნებო როლი. საერთოდ, ღმერთთან რაღაცების დაკავშირება მიყვარს, განსაკუთრებით, ადამიანის ყოფის. სულ მგონია, რომ ზემოდან ადამიანს ყოველთვის ის ეგზავნება, რისთვისაც იგი მზად არის იმ კონკრეტულ მომენტში. შესაბამისად, მგონია, რომ მაღლა უკეთესად იციან მე რა უნდა ვითამაშო.

  • რომელ ჟანრში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად?

არ მაქვს ჟანრობრივი დანაყოფები, ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მთავარია პროცესი, მნიშვნელოვანია, გაგიმართლოს რეჟისორში. მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

თუ მოუმწიფებელ, პროფესიულად შეუმდგარ რეჟისორთან გაქვს ურთიერთობა, ცოტა რთულია, თავის იდეებში ჩამოყალიბებულთან მუშაობა გაცილებით მარტივია.

„თოლია“

„სინდრომი ანუ ვის უგალობ, ვისა“

  • იმ რეჟისორებს შორის, რომლებთანაც გიმუშავიათ, ვის და რატომ გამოარჩევდით?

რა თქმა უნდა, არიან ისეთი რეჟისორები, რომლებთან მუშაობამაც ძალიან ბევრი პროფესიული უნარი შემძინა, რაც ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო.

ზოგადად მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობ ამ პროფესიას, შესაბამისად, ვისაც შეუძლია სარგებლის მოტანა ამ გზაზე, ის ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. ყველა რეჟისორს გააჩნია რაღაც ისეთი, რამაც შეიძლება ბევრი შეგძინოს და გაგამდიდროს, კონკრეტულ გვარებს აღარ დავასახელებ, იმიტომ, რომ არ ვგულისხმობ ერთ და ორ ადამიანს, თუმცა  სამზე მეტი არ არის.

  • რატომ კინო ან რატომ თეატრი?

თეატრი გაძლევს შესაძლებლობას (თუ შენ გულწრფელად გაინტერესებს ეს პროფესია), რომ დაუსრულებლად გაზარდო შენი შემოქმედებითი პოტენციალი და სულ ისწავლო რაღაც ახალი. ჩემთვის ეს ძალიან  საინტერესოა. ისეთი პროფესიაა, რომ ზრდას ვერ შეწყვეტ, სულ მისდევ დროის განვითარებას და შენც იძულებული ხარ, არ ჩამორჩე მოვლენებს, თანაც ეს სფერო სწრაფად ვითარდება.

ბევრი წვალების მიუხედავად, სარეპეტიციო პერიოდია უაღრესად საინტერესო, მერე გადიხარ სცენაზე და ერთ უწყვეტ ჯაჭვს სთავაზობ მაყურებელს. ეს არის ისეთი სახის სიამოვნება, რომელსაც არ ედრება ნარკოტიკი.

კინოშიც შეიძლება ამ ხარისხის მიღწევა, თუმცა ქართულ კინოში ყოველთვის ზოგავენ ფულს, გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან.

ეს აისახება ფილმზეც.

ისიც არის, რომ იქ რეპეტიციების გარეშე შედიხარ გადასაღებ მოედანზე, მთავარია ტექსტი ისწავლო და ეს არ არის ხელოვნება ჩემთვის.

თეატრში ფიქრის საშუალება გაქვს, რეპეტიციაზე სინჯავ სხვადასხვა ხერხს და ეძებ უკეთესს, თუმცა თეატრთან შედარებით, დაფინანსება კინოში მეტია, რაც ერთგვარი სულისმოთქმის საშუალებაა მსახიობისთვის. კინოში მეტია ცნობადობაც. ხალხი თეატრში ნაკლებად დადის და ტელევიზორს უყურებს.

  • და თქვენ რომელმა მათგანმა მოგიტანათ პოპულარობა?

სერიალმა – „ხელოვნური სუნთქვა“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხალხი ტელევიზორის ყურებას ამჯობინებს. თეატრის მაყურებელი მეტ-ნაკლებად მიცნობდა, მაგრამ ჩემი პოპულარობა მაინც სერიალის შედეგია.

„ხელოვნური სუნთქვა“

  • გახსოვთ თუ არა ის ემოცია და შეგრძნებები, რომლებიც თქვენს სადებიუტო გამოსვლას მოჰყვა?

როგორ არ მახსოვს, ეს იყოს საშინელება, კოშმარი…დღემდე ვერ ვუსმენ იმ მუსიკას, პირველი  სპექტაკლი რომლითაც იწყებოდა. სტრესული პროფესიაა, დამწყებისათვის განსაკუთრებით. სცენაზე გასვლამდე რეალურად ის შეგრძნებები გაქვს, რომ სადაცაა გული გაგისკდება და მოკვდები.

როდესაც შეუიარაღებელი ხარ პროფესიაში, ეს ღელვა გახლავს თან, მერე, გამოცდილებასთან ერთად, მუნდირს ისხამ  და მღელვარებაც თანდათან ქრება.

დღეს უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ საერთოდ არ ვნერვიულობ სცენაზე გასვლის წინ. სულ მახსენდება ბიძინა მიქაუტაძის, ფანტასტიკური პიროვნებისა და მსახიობის სიტყვები, რომელსაც ვკითხე ეშინოდა თუ არა სპექტაკლში თამაშის, რაზეც მიპასუხა – მე რა მაშინებს? ვინც  მიყურებს იმან ინერვიულოსო.

“ბოლო გაჩერება”

  • თუ იგეგმება ახალი პროექტი, რომელშიც მაყურებელს თქვენი ხილვა შეეძლება?

დიახ, ძირითადად თეატრში. ახლახან გვქონდა „თოლიას“ საპრემიერო ჩვენებები. რა თქმა უნდა, თეატრმა უნდა განაგრძოს სვლა და უახლოეს პერიოდში ჩაეშვება მომდევნო სპექტაკლის რეპეტიციები.

  • 2020-2021 წლები, ცნობილი მიზეზების გამო, რთული აღმოჩნდა ხელოვანებისთვის. თქვენ რა დაგაკლოთ ან იქნებ შეგმატათ დროის ამ მონაკვეთმა?

მე შემმატა, ცალსახად, იმიტომ, რომ სახლში ყოფნა არ მომიწია. ამ ერთი წლის განმავლობაში სულ რეპეტიციები მქონდა – ზაზა სიხარულიძის მიერ დადგმული სპექტაკლის  „სჯანი“, ლეონიდ ანდრეევის მიხედვით. საკმაოდ რთული მასალა იყო სამუშაოდ. ფაქტობრივად, მონოსპექტაკლია – ოთხი მსახიობი თამაშობს.

ბედნიერი ვარ, რომ ასე მარტივად გადავლახე პანდემიური პერიოდი. თუ მსახიობი ფორმიდან ამოვარდება, მერე ბევრი შრომა უწევს პირვანდელი ფორმის დასაბრუნებლად, მე ამ პროცესებს ავცდი.

  • თქვენ მუშაობთ ბათუმში. გიფიქრიათ დედაქალაქში გადასვლაზე?

ვერ ვიტყვი, რომ არ ვფიქრობ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ წავიდოდი. ჩემთვის ბათუმის თეატრი ოჯახია, სახლია, მაგრამ ასევე ძალიან დიდი ინტერესი მაქვს რა ხდება დედაქალაქის კონკრეტულ თეატრებში, რომელთაც არ დავასახელებ.

მეორე მხრივ, მე სამი შვილი მყავს. მე რომ აქაურობა დავტოვო, მათ ჩემი ხელი მიაკლდება და ჩემთვის ოჯახი მაინც პირველია.

  • რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება?

ცხოვრებაა ჩემი, არც მეტი, არც ნაკლები. ამის მიღმა ჩემს თავს ვერ ვხედავ. იმდენად დიდია ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი, რომ მაიძულებს მუდმივად ვიმუშაო პროგრესისთვის.

სრულყოფილებამდე ბევრი მიკლია, ეს კარგად მაქვს გააზრებული, თუმცა სწრაფვა ამ სრულყოფილებისაკენ არის მიზეზი, რომ ამის იქით უბრალოდ ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს, როგორც პერსონას.

____________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: