მთავარი,სიახლეები

თუ კოვიდი მაქვს და არ ვიცი, საშიშია თუ არა აცრა? – ექიმის განმარტება

08.06.2021
თუ კოვიდი მაქვს და არ ვიცი, საშიშია თუ არა აცრა? – ექიმის განმარტება

უკვე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანებს კოვიდზე პირველი დოზით ვაქცინის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ. გაჩნდა კითხვა:

საშიშია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება მაშინ, როცა კოვიდი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია?

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ კოვიდით ინფიცირების დროს აცრა საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„ხუთი-ექვსი შემთხვევა გვაქვს უკვე, როცა აიცრა ადამიანი და მეორე ან მესამე დღეს დაუდასტურდა კოვიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ აცრის დროს უკვე იყო ადამიანი ინფიცირებული, თუმცა არ იყო გამოვლენილი.

ასეთ შემთხვევაში აცრა არანაირ გართულებას არ გამოიწვევს“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.

კითხვაზე, თუ კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ამის შესახებ არ იცოდა დაავადებულმა, აცრის შემდეგ რატომ მიიჩნია ტესტირება საჭიროდ? – ჯუმბერ ბოლქვაძე პასუხობს, რომ ტესტის ჩატარების მიზეზი გახდა, მაგალითად, ის, რომ პაციენტის ახლობელს დაუდასტურდა კოვიდი და ამის გამო დაიტესტა ან მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

სხეულის მომატებული ტემპერატურა აცრის გვერდითი მოვლენაა, შესაბამისად, მხოლოდ ეს სიმპტომი როგორ შეიძლება გახდეს ტესტირების საფუძველი?

„ამ სიმპტომებს ვერ განვასხვავებთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვლინდება ხველა, ტემპერატურა იწევს, ადამიანი არის კონტაქტში მყოფი სხვა ინფიცირებულთან – ასეთ დრო ხდება დატესტვა.

არც ერთი გარდაცვალება, არც ერთი გართულება არ გვქონია კოვიდის დროს ვაქცინირებულ პაციენტებში,“ – ამბობს ექიმი.

პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აქვს გადატანილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში არ ცრიან კოვიდზე, რადგან მიიჩნევა, რომ მას ამ პერიოდში ანტისხეულები აქვს.

„ბევრს მაშინაც აქვს ანტისხეული, როცა ვაქცინას იკეთებს. კოვიდი თვითონ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ამიტომ ვაქცინაცია ხელს არაფერში უშლის და არც მის ეფექტურობას ამცირებს“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსზე აცრილია 178 738 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 51 248 პირი.

ფოტოზე: ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე 

ამავე თემაზე: 

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: