მთავარი,სიახლეები

“თოფი სახეში დაუმიზნა ძმას და ესროლა” – მკვლელობის საქმე

09.06.2021
“თოფი სახეში დაუმიზნა ძმას და ესროლა” – მკვლელობის საქმე

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა ბონდო გ.-მ. მას ძმის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებული 54 წლისაა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ძმას საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან სახეში ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, აპრილში.

საქმის მასალების მიხედვით, ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონება იყო. ისინი საერთო ეზოთი სარგებლობდნენ და ცხოვრობდნენ სახლში, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. მკვლელობა სახლის იმ ნაწილში მოხდა ოჯახის წევრების თვალწინ, სადაც ბრალდებული ცხოვრობს.

შემთხვევის შემდეგ ბონდო გ. თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები, რაც ამ საქმეზე შეგროვდა, დასაშვებად მიიჩნიეს და იმავდროულად სადავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე მოწმეების ჩვენებებს პირდაპირ მოისმენს.

სასამართლო პროცესს ბრალდებული დისტანციურად დაესწრო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

“ბრალდებული თვითონ არის დაინტერესებული, რომ გაირკვეს სიმართლე, ყველაზე მეტად თვითონ მას სურს ეს… ჩვენ კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ, როცა სასამართლო მსჯელობდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე.

პროკურორის მტკიცებით, ბონდო გ. პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

“ერთი ფაქტი შეგიძლიათ დაასახელოთ, როცა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობას ჰქონდა ადგილი? ციხიდანაც შეიძლება დაურეკო ვინმეს,” – პროკურორ თორნიკე გოგეშვილს უპასუხა ადვოკატმა.

ადვოკატმა მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.

მოსამართლემ ბონდო გ. პატიმრობაში დატოვა.

“ახალი გარემოება გამოვლენილი არ არის,” – დასძინა თამარ ბეჟანიშვილმა.

მოსამართლემ ბრალდებულს შესთავაზა, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, რადგან ბონდო გ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან და კანონი ითვალისწინებს მსგავსი შემთხვევები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

“უარს ვამბობ 12 მსაჯულზე, მოსამართლემ განიხილოს,” – თქვა ბრალდებულმა.

“ჩვენ ველოდებით პროკურატურისგან ამ საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა სხდომის დასრულებამდე.

რა კვალიფიკაციას მიიჩნევს ბრალდებული სამართლიანად? – ვკითხეთ ადვოკატს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი აბაშიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. თუმცა მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დაზიანებები სხეულზე ბრალდებულსაც ჰქონდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: