მთავარი,სიახლეები

კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

08.06.2021
კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

რატომ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში? გასული წლის დეკემბერში, მაშინ, როცა დღეში კოვიდის 4000 და მეტი ახალი შემთხვევა იყო, 50-მდე პაციენტის გარდაცვალება ფიქსირდებოდა და ახლა, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა გვაქვს, დღეში 17-დან 30-მდე პაციენტის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ  კლინიკური ჯგუფი ამ ანალიზს  პირველივე დღეებიდან აკეთებს.

„ლეტალობის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა.  1.3 მეათედი პროცენტი გვქონდა საერთო მაჩვენებელი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით არ არის მაღალი, თუ შევხედავთ ევროპის რეგიონს ან სხვა ქვეყნების მაჩვენებელს“, – ამბობს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აღიარებს, რომ ლეტალობის მაჩვენებელი გაზრდილია ქვეყანაში, თუმცა ამავე დროს დასძენს, რომ ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„მსოფლიოში ბოლო 6 თვეში იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში.  თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლით 100 ათას ადამიანზე 36-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში და ყოველდღიური მაჩვენებლით – მე-13 ადგილზე. გლობალური მაჩვენებელი სიკვდილიანობის წელს 2,1-ია, ჩვენ გვაქვს 1,4 “, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კითხვაზე, ხომ უკავშირდება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა სამედიცინო გადაცდომებს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამის ანალიზიც მიმდინარეობს  ორი უწყების – დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ:

„ამ მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის გამოვლენილი, თუმცა კოვიდის სხვადასხვა შტამის ცირკულაციის და დაგვიანებული მიმართვიანობის გამო შესაძლოა იყოს გაზრდილი. ამას სჭირდება ჩაღრმავებული კვლევა კიდევ.“

ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდი ადამიანების გარდაცვალების მეორე მიზეზია მსოფლიოში, საქართველოში კი – მესამე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს შემდეგ.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2021 წლის 8 ივნისამდე, საქართველოში 4951 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: