მთავარი,სიახლეები

ვინ არის ბელარუსი აქტივისტი, რომელსაც ჟანა დარკს უწოდებენ

08.06.2021 • 1850
ვინ არის ბელარუსი აქტივისტი, რომელსაც ჟანა დარკს უწოდებენ

2021 წლის 7 ივნისს ქალაქ ბრესტის სასამართლომ ბელარუსი აქტივისტის, პოლინა შარენდო-პანასიუკის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც მისი თანამოაზრეები ბრესტის ჟანა დარკს უწოდებენ.

ბელარუსი აქტივისტი ქმართან ერთად უკვე დიდი ხანია მონაწილეობს ბელორუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ. ისინი არაერთხელ დააკავეს, აღძრული იყო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები მათ წინააღმდეგ.

2019 წელს პოლინა შარენდო-პანასიუკი ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც დეპუტატობის კანდიდატი. მან პირდაპირ ეთერში ლუკაშენკოს დიქტატორი უწოდა და ის ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებში დაადანაშაულა. ამ მიმართვის შემდეგ იგი არჩევნებიდან მოხსნეს.

პოლინა შარენდო-პანასიუკი 2021 წლის 3 იანვარს დააკავეს საკუთარ ბინაში. ბინის ჩხრეკის ფორმალური მიზეზი გახდა ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელშიც, მილიციის აზრით, პოლინამ მილიციელი შეურაცხყო. პოლინამ ბელორუსის მილიციას კარი არ გაუღო და კარი სამართალდამცავებმა ჩამოიღეს.

ახლა 7 მილიციელი აცხადებს, რომ დაზარალებულები არიან. მათი ჩვენების თანახმად, ბინაში შეჭრილ ერთ მილიციელს პოლინამ სახეში შეაფურთხა, მეორისთვის კი შეეცადა ნიღაბი მოეხსნა და ამ დროს ცხვირი გაუკაწრა.

პოლინა შარენდო-პანასიუკი

იანვრიდან ივნისამდე პოლინა 30 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კარცერში.

ჯამში პოლინა შარენდო-პანასიუკის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 3 მუხლითაა დაწყებული: ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეურაცხყოფისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის და ძალადობისა და მუქარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ.

თავად პოლინა არათუ დანაშაულს, არამედ სასამართლოსაც არ აღიარებს.

7 ივნისს მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ეს არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური რეპრესიაა.

„მე ვიცი, რომ თქვენ უბრალოდ მოლაპარაკე თავი ხართ. …ყველა განაჩენი წინასწარაა გამოტანილი. ეს მხოლოდ დეკორაციაა. ამ განაჩენებს არა აქვთ იურიდიული ძალა და არ არის კანონიერი. მე მათ არ ვცნობ. ბელარუსის სახელმწიფო ციხეები ლუკაშენკოს რეჟიმის პირად საპყრობილეებად იქცა“, – განაცხადა პოლინამ სასამართლოზე.

სასამართლოზე აკრძალული იყო ვიდეო და ფოტოგადაღება. მეტიც, სხდომის დაწყებამდე დამსწრეებს მობილური ტელეფონების გამორთვა მოსთხოვეს.

პროკურატურა პოლინასთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განაჩენი ხვალ, 9 ივნისს, გახდება ცნობილი.

პოლინას ქმარი, ანდრეი შარენდო ამბობს, რომ მისი ცოლი ნამდვილი მებრძოლია. მისი თქმით, პოლინა არა მხოლოდ კარცერში ჩასვეს, არამედ უარს ეუბნებოდნენ საჭირო მედიკამენტებზეც. იგი მიიჩნევს, რომ პოლინას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე რეალურად ემუქრება. ანდრეი შარენდო სისხლის სამართლის სხვა საქმის ფიგურანტია, მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ ცოლის სასამართლო პროცესზე დასწრების ნება დართეს.

პოლინასა და ანდრეის ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. პოლინას დაპატიმრების შემდეგ ანდრეისთან სოციალური სამსახურიდან მივიდნენ და მიანიშნეს, რომ ბავშვებს აღრიცხვაზე აიყვანდნენ, როგორც სოციალურად საშიშ სიტუაციაში მყოფთ.

ანდრეი შარენდო შვილებთან ერთად

შინაპატიმრობამდე ანდრეი შარენდოს ნაცნობები ურჩევდნენ, დაეტოვებინა ქვეყანა შვილებთან ერთად, მაგრამ მან უარი განაცხადა ბელარუსიდან წასვლაზე.

„ცოლის მიტოვება და ქვეყნის დატოვება ახლა დამარცხებას ნიშნავს. ჩვენ აქ დავრჩებით გამარჯვებამდე, ჩვენი შვილების მომავლისათვის“, – ამბობს ანდრეი შარენდო.

ბინაში, სადაც პოლინა და ანდრეი ცხოვრობენ ბავშვებთან ერთად, ჯერ ისევ დგას ნაძვის ხე. ანდრეი ახალ წლამდე დააკავეს, 3 იანვარს კი დააკავეს პოლინა. ანდრეი ამბობს, რომ არ აპირებენ ნაძვის ხის დაშლას მანამ, სანამ ოჯახი ერთად არ შეხვდება ახალ წელს.

ფოტო: virtualbrest.ru

____________

მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: