მთავარი,სიახლეები

წლიურად მინიმუმ 1 მილიონი ბათუმის სტადიონის სახელით სარგებლობისთვის – აუქციონი

08.06.2021 • 5006
წლიურად მინიმუმ 1 მილიონი ბათუმის სტადიონის სახელით სარგებლობისთვის – აუქციონი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის, რეკლამისა და სხვა სახის უფლებებით 5 წლით სარგებლობაზე აუქციონია გამოცხადებული. საწყისი თანხა [წლიური საიჯარო ქირა] 1 მილიონი ლარია, ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 25 ათასი ლარი.

პირობებიანი აუქციონი აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ გამოაცხადა. წინადადებების მიღება დაწყებულია და ის 2021 წლის 23 ივნისს დასრულდება.

სააუქციონო პირობები:

ა) აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება და შედეგად განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდება შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით;

შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებულის მიერ სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას“ და საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს სტადიონის მესაკუთრეს.

ბ) სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულმა, სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სტადიონის ახალი სახელწოდების მოცულობითი ასოებით განთავსება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე პერიმეტრზე;

გ) სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს, სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობის სახურავზე (ზედხედზე) საკუთარი ხარჯებით დაიტანოს სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა;

დ) ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე ფასადი სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით (არაუმეტეს კვირაში 7 საათისა) განათდება აუქციონში გამარჯვებულის კორპორატიულ ფერში. ამავე კორპორატიულ განათებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში, განხორციელდება სტადიონის ახალი სახელწოდების ან/და აუქციონში გამარჯვებულის ლოგოს გამოსახვაც (დამოკიდებულია წარწერის სირთულესა და ლოგოს დიზაინზე);

ე) სტადიონის მესაკუთრე აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულების მოქმედების ვადით სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნესბოქსსა და 5 (ხუთი) საპარკინგე ადგილს;

ვ) აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა;

 ზ) ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების (მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.) ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება;

თ) სტადიონის მესაკუთრის მიერ განხორციელებული მასობრივი კომუნიკაციისას სტადიონი მოხსენებული იქნება ახალი სახელწოდებით;

 ი) ზემოაღნიშნულის გარდა სხვა დამატებითი აქტივობები დასაშვებია სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებით (სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო აქტივობები/კამპანიები და მისთ.);

კ) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საიჯარო ქონების გამოთავისუფლება და მეიჯარისთვის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება;

შენიშვნა: უეფას ან ფიფას ეგიდით გასამართი მატჩების ჩატარებისას, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,თ“ პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია განხორციელდება ღონისძიების ორგანიზატორის თანხმობის შემთხვევაში. „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაცია განხორციელდება ღონისძიების ორგანიზატორის თანხმობის შემთხვევაში“.

აუქციონში გამარჯვებული მხოლოდ ზემოთ აღნიშნული უფლებებით ისარგებლებს და ეს არ იქნება სტადიონის მართვის/მენეჯმენტის გადაცემა 5 წლით.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ საკუთრებაშია. სტადიონს აღნიშნული კომპანია მართავს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: