მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ

08.06.2021 • 1871
როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ

სოფელ ხურჩაში 4 თვის წინ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შევიდნენ და გალიდან გადმოპარული 4 ადამიანი უკან – აფხაზეთში დააბრუნეს. ქართულ მედიაში არაფერი თქმულა, თუ რა ბედი ეწიათ იძულებით წაყვანილებს. ხურჩაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რუსი ჯარისკაცები სოფელს ძაღლებით აღარ დასხმიან თავს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ამ სოფელში – „ბათუმელების“ რეპორტაჟი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან.

„28 წელი გავიდა, რაც ომი დამთავრდა თითქოს და მე წელს გავარემონტე ცოტა ჩემი სახლი. ჯერ ერთი, მანამდე რემონტის ფული სად იყო, მაგრამ რომც ჰქონოდა ადამიანს, ეშინოდა – ვაიმე, ხვალ მექნება დასატოვებელი, ზეგ მექნება დასატოვებელი. „საზღვრისპირა“ სოფელში ცხოვრება… რთულია, ძალიან რთულია. ემოციებით, განცდებით სავსეა,“ – გვიყვება დოდო თორია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში ცხოვრობს.

ხურჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ მდინარე ენგური იქცა ე.წ. სასაზღვრო ზოლად, რომლითაც აფხაზეთი საქართველოს გამოეყო. ხურჩა საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ერთადერთი სოფელია ენგურს გაღმა.

წელს, იანვარში ხურჩაში ინციდენტი მოხდა  – რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და სოფლის ცენტრამდე ძაღლებით სდიეს მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.

ხურჩა

დოდო თორია ამბობს, რომ მიუხედავად ორი ომისა, რომლებიც  გამოიარა, 2016 წლამდე ხურჩა ცოცხალი სოფელი იყო, სადაც ადამიანებს პურის ფული არ უჭირდათ, რადგან სამუშაო ჰქონდათ. სოფელში ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. სასაზღვრო პუნქტის ირგვლივ კი ინფრასტრუქტურა განვითარდა და ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდათ.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც 2016 წლის 19 მაისს აფხაზმა „მესაზღვრემ“ რაშიდ კანჯი ოღლიმ გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ხურჩისწყალზე გადებულ ხიდზე მოკლა.

„აი, აქ მოკლეს გიგა ოთხოზორია,“ – დოდო თორია ზუსტად იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ოთხოზორია მოკლეს და აგრძელებს: „საზღვრიდან გამოყვნენ და ზუსტად აქ მოკლეს მაგ ბიჭი. ვიდეოთვალის ჩანაწერი გექნებათ ნანახი რამხელაზე არიან გადმოსული“.

კადრები, რომელზეც დოდო თორია საუბრობს, ინტერნეტში დღემდე იძებნება. მასში გარკვევით ჩანს, როგორ კლავს მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს. რაშიდ კანჯი ოღლი ქართულმა სასამართლომ გაასამართლა და დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა.

ამ შემთხვევის შემდეგ ჩაიკეტა ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ენგურის შენაკადზე (ხურჩისწყალზე) იყო განთავსებული. ხიდზე, რომელიც ხურჩისწყალზეა გადებული, 2016 წლამდე, ყოველდღიურად ათობით საქართველოს მოქალაქე გადაადგილდებოდა გალის მიმართულებით და პირიქით. დღეს აფხაზეთში მოხვედრის ერთადერთი ლეგალური გზა ენგურის ხიდია.

ხურჩაში მცხოვრებთ ხიდის ჩაკეტვამ დიდი ზიანი მიაყენა. შეწყდა მიმოსვლაც და შემოსავლის წყაროც.

სოფელი ხურჩა

„წარმოიდგინეთ, ჩაკეტვამდე ორი „მარშუტკა“ მუშაობდა, ერთი მუნიციპალური ავტობუსი და 45 ტაქსი. აქ გეგონებოდა, ერგნეთში რომ იყო ხოლმე, ეგეთი სავაჭრო ადგილი. მაღაზია მქონდა – პროდუქტებს ვყიდდი. აქვე კაფე მუშაობდა, თონის პური ცხვებოდა. ადგილობრივები მუშახელად მუშაობდნენ – ტვირთის გადაზიდვაში ეხმარებოდნენ ხალხს. გამშვებ პუნქტთან თხილის ჩაბარების წერტილები იყო. გალელებს სანტექნიკა რომ გადაჰქონდათ, ვგიჟდებოდი, რანაირად-მეთქი. ორჯერ დამწვარი მოსახლეობა მესამეჯერ აკეთებდა სახლს. მუშაობა იყო გაცხელებული.

[ჩაკეტვამ ]ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა სოფლის მოსახლეობაზე. იქითაც იმოქმედა და ჩვენკენაც. გალის რაიონის საზღვრისპირა სოფლებისთვის ხურჩა-ნაბაკევის დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გზა უფრო მოსახერხებელი იყო იქაური მოსახლეობისთვის. ახლა საქართველოში რომ გადმოვიდნენ, ჯერ ენგურის ხიდამდე უნდა მივიდეს, მერე იქ სხვა მანქანა ხვდება, მერე ხიდი უნდა გადაიაროს. ხიდიდან ისევ სხვა მანქანაში უნდა ჩაჯდეს, რომ ზუგდიდში წამოვიდეს,“ – გვიხსნის დოდო თორია.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად „საზღვარი“ ჩაკეტილია, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლები მაინც ცდილობენ გადმოკვეთონ „საზღვარი“ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო აფხაზეთიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ, ამიტომ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საზღვარს არალეგალურად კვეთდნენ.

დოდო თორია იხსენებს წელს, იანვარში, მომხდარ შემთხვევას [მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა სავალდებულო კარანტინი], რა დროსაც რუსმა სამხედროებმა დაარღვიეს ე.წ. საზღვარი, გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები დააკავეს და უკან, აფხაზეთში გადაიყვანეს.

„გალის რაიონის მცხოვრები ოთხი სული იყო – ერთი კაცი, ორი ქალი და ბავშვი. ეტყობა, დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. გამოედევნენ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით. ამ დროს ეს გადმოსულები სოფლის შუა ცენტრამდე იყვნენ უკვე მოსულები. რუსი ჯარისკაცების ძაღლებმა იპოვეს დამალულები. კაცი ცემით გადაათრიეს. ქალებიც დაიჭირეს, ბავშვიანად და წაიყვანეს უკან. მერე რა მოელოდათ, არ ვიცი – ალბათ, ჯარიმას გადაახდევინებდნენ. დაპატიმრებით არ აპატიმრებენ. ახლა მავთულებია გაბმული,  მაშინ არ იყო. ჭიშკარი იყო, რომელიც გააღეს და გამოედევნენ ამ გადმოსულებს,“ – გვიყვება დოდო თორია.

დოდო ამბობს, რომ პოლიცია სოფელში სასაზღვრო ზოლს მუდმივად არ იცავს. საპოლიციო ძალები იქ მხოლოდ პატრულირებენ.

„გამყოფი  ზოლი აქ გრძელია. იციან, სად შეიძლება გადასვლა. რუსმა ჯარისკაცებმაც ჩვენზე უკეთ იციან საზღვარი – ვინ სად როგორ გადადის, იმიტომ, რომ ნაფეხურები ხომ რჩება? თან ყოველ 50 მეტრში ვიდეოთვალი უყენიათ და ყველაფერს ხედავენ,“ – ამბობს დოდო.

კითხვაზე, რა შეიცვალა ამ შემთხვევის შემდეგ, დოდო პასუხობს, რომ თუ არ ჩავთვლით მაღაზიის გამყიდველის დაკითხვაზე დაბარებას, რომელიც ფაქტის თვითმხილველი გახდა, არაფერი შეცვლილა.

„არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. არგაღიზიანების პოლიტიკა ხომ გვაქვს ჩვენ. ყოველ ჩვენგანზე ისახება ეს. წარმოიდგინეთ, აქ [მდინარის პირას] ბავშვები თამაშობენ. ვინმე რომ გადმოვიდეს და ის ბავშვები რომ წაიყვანოს, ვინაა ხელშემშლელი? არავინ. აქედან გამომდინარე, შიშის ფაქტორი კი არის, მაგრამ მიჩვეულები ვართ უკვე. მივეჩვიეთ. ამ შიშსაც მივეჩვიეთ, განცდასაც მივეჩვიეთ,“ – ამბობს დოდო.

საკუთარი სახლის დატოვება ორჯერ მოუწია –  პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მეორედ კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ამბობს, რომ 1993 წელს მის სახლში აფხაზებს შტაბი ჰქონდათ გახსნილი.

„ყველაფერი გაზიდეს სახლიდან. სააბაზანოში ქათმები ჰყავდათ დამწყვდეული. როცა სახლი დავიბრუნე  გაოხრებულ-გაჩანაგებული იყო, ცარიელი,“- იხსენებს დოდო.

დოდო თორდიამ სახლი მეორედ, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დატოვა. იხსენებს ტანკების კოლონას, რომელიც ნაბაკევიდან გადმოვიდა ხურჩაში და ზუგდიდისკენ გაემართა. დოდომ და მისმა ოჯახმა მაშინ სახლი ორი თვით დატოვა.

„14 სული საქონელი მყავდა. ენგური დიდი იყო და ვერ გადავიყვანეთ. ყველაფერი წაიღეს ისევ. დაცარიელებული დამხვდა სახლი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: