თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე განმეორებით იმსჯელა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მოსარჩელის მოთხოვნას, ვიდრე სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს შეჩერდეს ნებართვის მოქმედება, ისევ უარით უპასუხა. მოსამართლემ ეს საქმე კიდევ ერთხელ სააპელაციო სასამართლოს დავალებით განიხილა.
შპს „ბათუმი რივიერამ“ სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საკუთარ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანებით მიიღო [2019 წელი, 24 დეკემბრი. #224-04]. მომჩივანი მხარე სწორედ ამ ბრძანების შეჩერებას ითხოვდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რომლითაც მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაავალა, მშენებლობის შეჩერების საკითხის ხელახლა განხილვა, ვკითხულობთ:
- „პირველმა ინსტანციის სასამართლომ არ მისცა შეფასება, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის ანალიზით შემოიფარგლა. შესაბამისად, სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების საფუძვლები.“
- „მნიშვნელოვანია დაცული იქნას მოდავე მხარეების უფლება ორი ინსტანციის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
- „საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, განხორციელდეს არა სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების კანონის ძალაში შესვლამდე, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოსამართლე ციცინო როხვაძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, გოჩა აბუსერიძის ზემოთ მითითებული მოსაზრებები არ გაითვალისწინა. მოსამართლე როხვაძის აზრით, კომპანიას შეიძლება მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი, მათ შორის ფინანსური, „რაც მომავალში კომპენსირებული ვერ იქნება მოსარჩელეთა მიერ.“
მოსამართლე ციცინო როხვაძე წერს:
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე, რაც განსაზღვრულია 2017 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით, კერძოდ იგი უკავშირდება ინფრასტრუქტურის მოწყობას, მშენებლობის ვადებს, მოქალაქეთა დასაქმებას, მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირებას. შპს „ბათუმი რივიერას“ აღებული აქვს სასესხო ვალდებულება 25 000 000 აშშ დოლარის ოდენობით და მისი უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით არის დატვირთული შპს „ბათუმი რივიერას“ 100%-იანი წილი და იპოთეკით არის დატვირთული მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სასარგებლოდ.
აღნიშნული მთლიანად უკავშირდება შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ ე.წ. სილქ თაუერების პროექტის განხორციელებას, უკვე გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან ერთად, შეუძლებელს გახდის მესამე პირების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2019 წლის 24 დეკემბრის N224-04 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულის გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასების პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინების მშენებლობის ნებართვის შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს შპს „ბათუმი რივიერას“, რაც სამომავლოდ კომპენსირებული ვერ იქნება მოსარჩელეთა მიერ.“
ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. გაასაჩივრებს თუ არა მომჩივანე მხარე ისევ ამ გადაწყვეტილებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ. მომჩივანი მხარე – საია მოსამართლის გადაწყვეტილებას დღესვე პრესკონფერენციით გამოეხმაურება.