მთავარი,სიახლეები

რატომ მოჭრეს ხე ბათუმის ცენტრში

01.07.2021 • 4310
რატომ მოჭრეს ხე ბათუმის ცენტრში

„გვითხრეს, რომ ხე დაზიანებულია, მაგრამ ამის არავის სჯერა, უზარმაზარი და ჯანსაღი ხე იყო,“ – ამბობს გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები თემურ ქავშბაია. გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „ბათუმი მოლის“ წინ, ხის მოჭრის ამსახველი ფოტოები მან დღეს, პირველ ივლისს ფეისბუქში გამოაქვეყნა.

თემურ ქავშბაიას ვარაუდით ხე მოჭრეს იმის გამო, რომ ის „ბათუმი მოლის“ ფასადზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეფარებოდა.

„მეორე მხრივ, პარკირების პრობლემაცაა, ამ ერთი ხის მოჭრით პარკირების ორი ადგილი დაემატა მაგ ზოლს… დილის ხუთ საათზე დაიწყეს მოჭრა, რომ ხალხში უკმაყოფილება არ გამოეწვია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქავშბაიამ.

ბათუმის გამწვანების სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ხე დაზიანებული იყო და ამიტომ მოჭრეს. სამსახურს მოვთხოვეთ დაზიანების ამსახველი დასკვნა გაგვაცნონ, რომელიც სპეციალისტებმა შეადგინეს. გამწვანების სამსახურის პრესცენტრში დასკვნის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე იგი არ მიგვიღია.

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გამწვანების სამსახურიდან მოგვაწოდეს სპეციალისტის დასკვნა, რომელიც შედგენილია 30 ივნისს და აღნიშნულია, რომ „გამხმარია 1 ძირი ლიკვიდამბარი, რომელიც საჭიროებს მოჭრა-ამოძირკვას“. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაურიც.

___

მთავარი ფოტო: თემურ ქავშბაია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: