მთავარი,სიახლეები

სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება

01.07.2021 • 2579
სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება
ბათუმში სულაბერიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი ქუჩის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აქ არსებული რკინა-ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. სამუშაოებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

ბათუმი, სულაბერიძის ქუჩა / 1.07.2021

ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მეორე ტენდერში კი წინადადებების მიღება ჯერ არ დაწყებულა.

სამუშაოები 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

კითხვაზე, როდის დაიწყება პირველი ეტაპის სამუშაოები და ხომ არ იგეგმება ქუჩის მთლიანად გადაკეტვა? – მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ სამუშაოების დაწყების თარიღს წინასწარ დააანონსებენ. რაც შეეხება გადაკეტვას, „სრული ქუჩა არ გადაიკეტება, მოხდება ეტაპობრივი და ნაწილობრივი ჩაკეტვა, რაც წინასწარ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის,“- გვითხრეს სამმართველოში.

რეაბილიტაცია სულაბერიძის ქუჩის 630 მეტრი სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება. აქედან დაახლოებით 400 მეტრი [გიორგი სააკაძის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე] მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის [მეორე ეტაპი], ქალაქის ბიუჯეტიდან 3 733 389 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.

რაც შეეხება ქუჩის დანარჩენ ნაწილს [ბაგრატიონის ქუჩიდან სააკაძის ქუჩამდე მონაკვეთს] სამმართველოს ტენდერი [პირველი ეტაპი] 1 812 144 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-სთან კი ხელშეკრულება 1 340 877 ლარზეა გაფორმებული.

სულაბერიძის ქუჩის მონაკვეთები, სადაც პირველი [მწვანე ფერი] და მეორე [წითელი ფერი] ეტაპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: