მთავარი,სიახლეები

„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება

01.07.2021
„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება

თუკი შვილი შეგეძინათ და დეკრეტულში გახვედით, შესაძლოა ძალიან საჭირო რომელიმე ნივთის შესაძენად სესხის აღება მოგიწიოთ – ამ დროს ბანკი განვადებას არ მოგცემთ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სამსახური გაქვთ და დეკრეტულის ანაზღაურებაც სრულად დარიცხულია თქვენს ანგარიშზე.

„ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და უფლების ჩამორთმევა,“ – ამბობს თეონა ხარაბაძე, რომელიც ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და განვადებაზე ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში უარი უთხრეს. ის თიბისი ბანკის მომხმარებელია და განვადების გაკეთებაც ამ ბანკში უცდია. თეონა ხარაბაძეს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ერთიანად ჩაურიცხეს 23 თებერვალს. ბანკში კი უთხრეს, რომ რადგან ბოლო სამ თვეში ხელფასის ჩარიცხვა არ ფიქსირდება, განვადებას ვერ გაუკეთებენ.

„რატომ ჩათვალეთ, რომ ეს არის ქალთა დისკრიმინაციო, ასე მიპასუხეს, მაგრამ ვერ მითხრეს, რატომ ჩამთვალოს უსამსახუროდ, როცა დეკრეტულში ვარ. შესაძლოა ბანკმა გითხრას უარი განვადებასა თუ სესხზე ისე, რომ არც დაასაბუთოს, მაგრამ როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ დეკრეტულის გამო არ გიკეთებენ, ეს მიდგომა არის პრობლემური,“ – მიიჩნევს თეონა ხარაბაძე.

რატომ არ აძლევენ განვადებით სარგებლობის უფლებას დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ადამიანს? – კითხვით რამდენიმე ბანკს მივმართეთ, მათ შორის, „თიბისი ბანკს“, სადაც თეონა ხარაბაძემ განვადების გაკეთება სცადა. ბანკების პასუხი იდენტური აღმოჩნდა: „ეს სტანდარტული მიდგომაა, ბოლო სამ თვეში უნდა ჰქონდეს მოქალაქეს დარიცხვა მინიმუმ, რომ განაცხადი განიხილონ“.

„თიბისი ბანკის“ ოპერატორს ასევე ვკითხეთ, რატომ არის შეუძლებელი ბანკისთვის იმის გადამოწმება, არის თუ არა ნამდვილად დასაქმებული დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ადამიანი, ან რატომ მიჩნევა, რომ არ ჩაერიცხა მოქალაქეს ანგარიშზე თანხა, როცა მას ერთიანად ჩაერიცხა 6 თვის დეკრეტულის ანაზღაურება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი საჯარო სამსახურების შემთხვევაში?

„ნებისმიერ სასესხო პროდუქტზე არის ეს მიდგომა,“ – გვიპასუხა თიბისი ბანკის ოპერატორმა.

ანალოგიური და სტანდარტული პასუხი მივიღეთ „საქართველოს ბანკისგანაც“: „სტანდარტულად საჭიროა ბოლო სამი თვის ჩარიცხვა ფიქსირდებოდეს“.

„ეს არის შრომითი უფლების რეალიზების პრობლემა,“ – მიიჩნევს დამოუკიდებელი იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. მისი შეფასებით, ბანკების ეს მიდგომა ცალსახად კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ პრობლემურია.

„ნებისმიერი სამართლებრივი მიდგომა განიცდის ტრანსფორმაციას და მოითხოვს ადაპტაციას ახალ რეალობასთან. რეალობა კი არის ის, რომ როცა ადამიანები სარგებლობენ დეკრეტული შვებულებით, მათ უწყდებათ წვდომა საბანკო პროდუქტებთან. ამ მიდგომამ შესაძლოა მოგვცეს მომავალში ისეთი სურათი, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ კუთვნილი დეკრეტული შვებულების გამოყენებისგან, ან დასჭირდეთ სესხი და თავი აარიდონ უფლების რეალიზებას. ვფიქრობ, ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი, უნდა დაფიქრდეს ამ კონკრეტულ ვითარებაზე, მოახდინოს მოდიფიკაცია მისი მიდგომის და  განსაკუთრებით დეკრეტული შვებულება არ გამოიყენოს, როგორც შემზღუდავი გარემოება,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: