მთავარი,სიახლეები

„მხოლოდ გულის გადანერგვა მიშველის“ – 34 წლის ლუკას დახმარება სჭირდება

02.07.2021 • 3678
„მხოლოდ გულის გადანერგვა მიშველის“ – 34 წლის ლუკას დახმარება სჭირდება

„დაურეკეთ ნინო ექიმს!“ – კატეგორიულად ითხოვს 5 წლის კობა, როცა მამას გულის შეტევა ეწყება. მამა, 34 წლის ლუკა ბეჟანიძეა, მას გულის გადანერგვა სჭირდება. ახლა ოჯახი ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებს, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს ლუკამ ქალაქ მინსკში გამგზავრება. იქ მას გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

ლუკა გვიყვება, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო, სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ გულის გადანერგვა დასჭირდებოდა. ერთ დღეს თვითმფრინავით მგზავრობისას თავი ცუდად იგრძნო, სახლში მოსვლისა და შვილების მონახულების შემდეგ კი მას ექიმის დახმარება დასჭირდა:

„დავჯექი და ვიგრძენი, რომ ძალიან დავიღალე, ადგომა აღარ შემეძლო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს.“

ლუკას გამოკვლევები ჩაუტარეს და უთხრეს, რომ მისი გული დაავადებულია, მკურნალობას არ ექვემდებარება და საჭიროა ოპერაცია.

„თბილისში ჩამიყვანეს, იქაც ჩამიტარდა გამოკვლევები. ვფიქრობდი, რომ 2-3 დღეში საჭირო პროცედურები უნდა დასრულებულიყო, სახლში მინდოდა დაბრუნება, ახალი წელი მოდიოდა. ოპერაციის შემდეგ თვალები რომ გავახილე, ექთანს ვკითხე რა რიცხვია-მეთქი, 18 იანვარიო მიპასუხა, მანამდე აპარატზე ვიყავი მიერთებული. არ მახსოვდა, როდის გავიდა ეს დღეები. კარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს, თუმცა ვერ დამეხმარა.“

ამის შემდეგ ლუკას უთხრეს, რომ ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა. ასეთ ოპერაციას საქართველოში არ აკეთებენ, ამიტომაც მან რამდენიმე კლინიკას მიმართა საზღვარგარეთ, ისრაელის, თურქეთის, ბელარუსიის კლინიკების ხარჯების შესწავლის შემდეგ ოპერაციის ჩატარება იმ კლინიკაში გადაწყვიტა, სადაც ყველაზე ნაკლები, 100 000 აშშ დოლარია გულის გადანერგვის ღირებულება.

ლუკას მეუღლის თინათინ კოსოლიძის თქმით, აჭარის მთავრობამ ლუკას გულის გადასანერგად 200 000 ლარი უკვე გამოუყო. საქართველოს მთავრობამ 34 ლარი, 6 ათასი ლარი კი ბათუმის მერიამ გამოუყო. მცირედის შეგროვება ოჯახმაც შეძლო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა ლუკას დაახლოებით 30 ათასი დოლარი სჭირდება და ყველასგან, ვისაც ეს შეუძლია, მხარდაჭერას ელის.

განახლებული ინფორმაცია: სტატის გამოქვეყნების შემდეგ გვაცნობეს, რომ ლუკა ბეჟანიძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე – 25 000 ლარს ჩაურიცხავს სარეზერვო ფონდიდან.

„ამის შემდეგ ვცდილობთ ფულის შეგროვებას, დავღალე ყველა ამ წვალებაში. პერიოდულად კლინიკა BMC-ში გავდივარ ერთკვირიან პროფილაქტიკურ მკურნალობას, ძალიან კარგი ექიმი მყავს იქ, პერსონალიც დიდ ყურადღებას მაქცევს და მადლობელი ვარ. როცა ცუდად ვარ, ბავშვები ითხოვენ ნინო ექიმს დაურეკეთო. ძალიან ვნერვიულობ, რომ ბავშვებს ჩემი წვალება დავანახე, თითქოს მიეჩვივნენ კიდეც, რომ სულ ექიმებზე ვლაპარაკობთ. “

ლუკას მინსკის კლინიკაში აუხსნეს, რომ ჩასვლა დროულად უნდა შეძლოს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ დაეწყოს, რა შემთხვევაშიც კლინიკა ოპერაციას ვერ ჩაატარებს:

„ვუყურებ ტელევიზორში, რომ ვერ აგროვებენ ადამიანები საჭირო თანხას. ვერ აგროვებენ და კვდებიან. მეც განვიცდი ამას. სხვა პრობლემა არ მაქვს, სხვა მხრივ ჯანმრთელი ვარ და ოპერაციის გაკეთება შემიძლია.“

თუ ლუკას დახმარებას გადაწყვეტთ: 

#GE55TB7478845061100106 – თიბისი ბანკი

#GE17BG0000000498356919 – საქართველოს ბანკი

#GE22LB0711115561790000 – ლიბერთი ბანკი

მიმღები: თინათინ კოსოლიძე

ლუკამ მოძებნა და გაიცნო ადამიანი, რომელსაც მსგავსი ოპერაცია ჩაუტარებია და თავს კარგად გრძნობს, მუშაობს კიდეც. ეს ამბავი ლუკას იმედს უჩენს. მთავარია, თანხის შეგროვება დროულად შეძლოს, რომ გადარჩეს.

ლუკამ კორონავირუსიც გადაიტანა. მისი ოპერაციის შემდგომი პერიოდი პანდემიას დაემთხვა, რაც ორმაგად ართულებდა მისი, ასევე ოჯახის მდგომარეობას.

ექიმის რჩევით, ლუკა ოჯახთან ერთად სოფელში წავიდა, მას ექიმისგან ჰქონდა მკაცრი მითითება:

„ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ კორონავირუსი არ დამმართნოდა“.

სოფლიდან იძულებით დაბრუნების შემდეგ [რადგან ისევ შეტევა დაეწყო]  ბინაში ცხოვრების პერიოდში ოჯახს მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული, რომ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაძენად გარეთ მხოლოდ ერთი ადამიანი გავიდოდა. ლუკას მეუღლის თქმით, ამის გადატანა განსაკუთრებით ბავშვებს გაუჭირდათ, ამიტომაც ოჯახი მათ ხშირად აგზავნიდა ნათესავებთან, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც კი.

ლუკა კორონავირუსს მაინც ვერ გადაურჩა, თუმცა ეს სირთულეც დაძლია. ვირუსმა პრობლემები დაუტოვა, ახლა ცდილობს, რომ ამ პრობლემებმა ისევ არ იჩინოს თავი, ვიდრე გულს არ გადაუნერგავენ: „დღეში 11 აბ წამალს ვსვამო.“

ლუკა ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდება და აღარასოდეს დაუშვებს შეცდომებს: „რაც ამ დრომდე ყოფილა ჩემს ცხოვრებაშიო“

ლუკას ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი მშობლები, ოჯახი სოციალურად დაუცველია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: