მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა გავლენა აქვს ნესტს ადამიანის ჯანმრთელობაზე – ექიმის რჩევები

30.06.2021 • 5889
რა გავლენა აქვს ნესტს ადამიანის ჯანმრთელობაზე – ექიმის რჩევები

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ნესტი შენობებში ზეგავლენას ახდენს რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ინფექციებისა და ალერგიების შემთხვევებზე. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია მდინარეებსა და სანაპიროებზე. შესაბამისად აჭარის რეგიონი, როგორც დანარჩენი ზღვისპირეთი, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ნაწილია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  მონაცემებით, ოთახებში მცირე ნესტიც კი ზრდის ასობით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებისა და ობის სოკოების გავრცელების შესაძლებლობას.

„სხვადასხვა კლიმატურ ზონაში ჩატარებული ეპიდკვლევების შედეგების მიხედვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დიდ დროს ატარებდა სახლში და იმყოფებოდა ნესტიან გარემოში, აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, ალერგიული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ინფექციები, ასთმა და იმუნოლოგიური რეაქციები“ – წერს NCDC-ი.

ნიუ იორკის ინტეგრირებული კლინიკური კვლევების ცენტრის კვლევის კოორდინატორი, ფთიზიატრ-პულმონოლოგი ნათია ადამია განმარტავს, თუ რა კავშირშია ნესტი სასუნთქი სისტემის დაავადებების გამწვავებასთან:

„ტენიანობის მომატება ნიშნავს, რომ ჰაერი ხდება სტაგნაციური ანუ ყველა ის ნივთიერება, რომელიც ჰაერში მოძრაობს, დიდხანს ჩერდება ერთ ადგილზე. შესაბამისად, იზრდება ბაქტერიების, სოკოს სპორების და სხვადასხვა ალერგენის რიცხვი. ამ ჰაერის ჩასუნთქვის შემთხვევაში, სენსიტიური სასუნთქი სისტემა იწყებს მათზე რეაგირებას. იმატებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების რიცხვი და ასთმის გამწვავების ეპიზოდები, ასევე ხშირია ბრონქიტის გამოვლინებები“.

„საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მდიდარ ბუნებას აქვს ისეთი ზომიერად მშრალი კურორტი, როგორიც აბასთუმანია. გაზაფხულზე იქ ფიჭვი იწყებს ყვავილობას, რის შედეგადაც გამოიყოფა ფიჭვის მტვერი. ეს მტვერი მიმოიფანტება ჰაერში და სუნთქვისას ხვდება ფილტვებში. ჰაერში არის ჟანგბადის მაღალი შემცველობა, აქ ასევე მაღალია ოზონის შემცველობა, რაც დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, სოკოსა და ვირუსებზე.

ამიტომ რეკომენდებულია, განსაკუთრებით ნესტიან კლიმატურ ზონებში მცხოვრებთათვის,  გაზაფხულზე, მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ამ კურორტზე გამგზავრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ფილტვების ტუბერკულოზი, პლევრიტები, ბრონქული ასთმა თუ ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს”, – ამბობს ის.

საქართველოს კურორტების ნუსხაში 6 ადგილს აქვს ფთიზიატრიული (რეკომენდებულია ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს) კურორტის სტატუსი, ესენია: აბასთუმანი (ადიგენში); გულრიფში (გულრიფში); ლიბანი (ბორჯომში); პატარა ცემი (ბორჯომში); ჩითახევი (ბორჯომში); ცემი (ბორჯომში – პულმონოლოგიურ-ფთიზიატრიული).

გარდა ამისა, საქართველოს კიდევ 40 კურორტს აქვს პულმონოლოგიური სტატუსი, რომელიც რეკომენდებულია სასუნთქი ორგანოების პათოლოგიებისთვის:

აგუძერა (გულრიფში), ავადხარა (გუდაუთაში), ანაკლია (ზუგდიდი); ახალდაბა (ბორჯომში); ახალი ათონი (გუდაუთაში); ბაკურიანი (ბორჯომში); ბახმარო (ჩოხატაურში); ბეშუმი (ხულოში); გაგრა (გაგრაში); გრიგოლეთი (ლანჩხუთში); გუდაუთა (გუდაუთაში); გუმისთა და ეშერა (სოხუმში); კიკეთი (გარდაბანში); კინდღი (ოჩამჩირეში); კოჯორი (გარდაბანში); ლესელიძე (გაგრაში); მალთაყვა (ფოთში); მანგლისი (თეთრიწყაროში); მიუსერა (გუდაუთაში); მუაში (ლენტეხში); მწვანე კონცხი (ხელვაჩაურში); ოქროს ნაპირი (გუდაუთაში);  სიონი (ყაზბეგში); სოხუმი (სოხუმში); სურამი (ხაშურში); ტბა (ბორჯომში); ურეკი (ოზურგეთში); უწერა (ონში); ფასანაური (დუშეთში); ქვიშხეთი (ხაშურში); ქობულეთი; ყაზბეგი; შოვი (ონში);  ცივი კოდა (საგარეჯოში); ციხისძირი (ქობულეთში); ციხისჯვარი (ბორჯომში, პულმონოლოგიურ – ალერგოლოგიური); წავკისი (გარდაბანში); წაღვერი (ბორჯომში); წოდორეთი (გარდაბანში); წყნეთი (თბილისში).

როგორ უნდა შევამციროთ ობის ექსპოზიციის დონე – მგრძნობიარე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც მაღალია ობის გავრცელების რისკი. თუ სახლში ობია, საჭიროა მისი გაწმენდა და გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ წარმოიქმნება. მყარი ზედაპირებიდან მისი მოშორება შედარებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობი ახალი გაჩენილია. საჭიროა შენობას სწრაფად, 24-დან 48 საათის განმავლობაში მოცილდეს ობი და გაიწმინდოს სინესტისაგან. ხშირად უნდა გაიღოს კარები და ფანჯრები.

ჯანმოს სპეციფიკური რეკომენდაციები

  • კონდიციონერი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტენიანობის დაბალი დონე
  • საჭიროა სავენტილაციო სისტემის, მათ შორის, გამწოვი ვენტილაციის გამოყენება
  • გამოიყენეთ ობის ინჰიბიტორი საღებავები
  • გაასუფთავეთ სააბაზანოები ობის ნარჩენებისაგან
  • არ დააგოთ ხალიჩა სააბაზანოებსა და სარდაფებში
  • გადააგდეთ ან შეცვალეთ დასველებული და ნესტით გაჟღენთილი ხალიჩები

ნესტი და ობი განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ  ჯანმრთელობის დამატებითი რისკები იმ ღარიბ მოსახლეობაში, რომელთაც ისედაც გაზრდილი აქვთ ავადობის ტვირთი.

გადაბეჭდვის წესი