ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას გააკეთებ სოფელში, როცა ფული გაქვს – ქედაში იდეების კენჭისყრა დაიწყო

02.07.2021 • 2449
რას გააკეთებ სოფელში, როცა ფული გაქვს – ქედაში იდეების კენჭისყრა დაიწყო

„ზენდიდის ახალგაზრდობას გვსურს გავმართოთ ფესტივალი, რომელიც  ჩვენი სოფლის კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ეს დაეხმარება სოფელს განვითარებაში და ასევე დაინტერესდებიან ტურისტებიც“, – ამბობს ზენდიდელი სალომე ბერიძე.

ზენდიდელი ახალგაზრდების ამ სურვილის განხორციელების შანსს ქედის მუნიციპალიტეტის პროგრამა იძლევა, რომელსაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს მხარს.

სოფელ ზენდიდში, სადაც ბეჟანიძეთა საგვარეულოს უძველესი ციხე-სიმაგრე მდებარეობს, სოფლის პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის მოწყობის იდეა, პროგრამის ფარგლებში, თამაზ ბერიძემ დაარეგისტრირა.

ზენდიდის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. „VII-IX საუკუნეებში ბათუმ-არტანუჯის სავაჭრო ეკონომიკური კავშირის მთავარი ძარღვი ქედაში გადიოდა, ამიტომ ბეგოშვილების, ცივასულას, საღორეთის, მთის უბნის, ჩხუტუნეთის და სხვა ციხეებთან ერთად, ზენდიდის ციხეს არა მარტო ქედის დაცვა, არამედ ხეობაში ცენტრალური სავაჭრო სტრატეგიული გზების დაცვაც ევალებოდა“. დღეს სოფლის მაღალ გორაზე ციხის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ქედის სოფლებში დღეს, 2 ივლისს, დაიწყო და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება იდეების კენჭისყრა. იდეები სოფლის მცხოვრებთ ეკუთვნით. მოქალაქეებმა ჯამში 232 იდეა დაარეგისტრირეს, მათგან რამდენიმეს უარი ეთქვა, ხოლო ნაწილი, იდენტური პროექტები გაერთიანდა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული იდეების მიხედვით კი, ქედის 64-ვე სოფელში, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, თითო ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

2021 წელს ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა 900 ათასი ლარითაა დაფინანსებული და ფული ყველა სოფლისთვისაა გათვალისწინებული. პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, კონკურსი გამოაცხადა და 15 თემის მობილიზატორი შეარჩია, რომელთა მოვალეობებია:

  • საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე, საჯარო შეხვედრებით;
  • მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინრეგისტრაციის პროცესში;
  • კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობა და დაკვირვება; ასევე ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

შეხვედრა მობილიზატორებთან ქედაში

„მედიაკამპანიისა და კარდაკარის მიზანი იყო, რაც შეიძლება სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ ქედაში მცხოვრებ ადამიანებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ. 2, 3 და 4 ივლისს გაიმართება კენჭისყრა და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს იმ იდეას, რომელიც მათთვის მოსაწონია. მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება, რადგან ყველა დასახლებულ პუნქტში რამდენიმე იდეა გადის კენჭისყრაზე“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის თქმით, 2020 წელს იყო პილოტური პროგრამა ორ ადმინისტრაციულ ერთეულში და საერთო თანხა 300 ათასი ლარი იყო ბიუჯეტიდან. 2021 წელს კი პროგრამისთვის 900 ათასზე  მეტი ლარია გამოყოფილი.

ლევან გორგილაძე

მერის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს ხელშეწყობა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ინსტიტუციური დანერგვისა და მდგრადობის მიზნით, ანუ სამომავლოდ ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული იქნება.

„თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება წლევანდელ შედეგებზე. რამდენად აქტიურად და კარგად ჩაერთვება მოსახლეობა, როგორ დამთავრდება პროექტი. ვფიქრობთ, პროექტი იქნება მდგრადი და სამომავლოდ გეგმაში გვაქვს, კიდევ უფრო გავზარდოთ ბიუჯეტი“, – ამბობს ლევან გორგილაძე.

ნანა გვარიშვილი

„პროექტში ჩვენი, მობილიზატორების ჩართულობა და როლი, მნიშვნელოვანი იყო. შევხვდით მოსახლეობას კარდაკარ, გავაცანით თუ რა უნდა გაეკეთებინათ და, ზოგადად, რა იყო ჩვენი პროექტის არსი – რას მოიცავდა ეს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ ძალიან დაინტერესებული არიან და მოხარული, რომ აქვთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ რა საქმე და როგორ გააკეთონ – რაში გამოიყენონ სოფლისთვის გათვალისწინებული ფული. დარწმუნებული ვარ, ყველა მონდომებით და აქტიურად ელოდება იდეების კენჭისყრის პროცესს“. – ამბობს ნანა გვარიშვილი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ კონკურსით შერჩეული ერთ-ერთი მობილიზატორია.

GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ – დირექტორი კრისტოფ ბაიერი ამბობს, რომ ისინი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები არიან და ქედის მუნიციპალიტეტთან ერთად ძალიან ინტენსიურად მუშაობენ 2019 წლიდან, არაერთი მიმართულებით, თუმცა განსაკუთრებით გამოყოფს მოქალაქეების თანამონაწილეობის თემას.

კრისტოფ ბაიერი

„ქედა სამაგალითოდ გამოირჩეოდა იმ მიმართულებით, რომ მათ პირველებმა შეძლეს და მუნიციპალიტეტის საჯარო თანხა გამოყვეს მონაწილეობითი თემებისა და იდეებისთვის. 2019 და 2020 წელსაც ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვა მუნიციპალიტეტმა. როგორც ვიცით, 230-ზე მეტი პროექტი შემოვიდა. განსაკუთრებით გვახარებს ქედელი ახალგაზრდების აქტიურობა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და იმ კონცეფციის წარმატებაზე მეტყველებს, რაც ქედამ გამოიყენა. მომავალში მზაობას გამოვთქვამთ, რომ არა მარტო ქედაში, არამედ მთლიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აღნიშნულ პროცესებს ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კრისტოფ ბაიერმა.

იდეების კენჭისყრის დაწყებამდე ქედაში პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტი – 2021“ პრეზენტაცია ქედაში / 29.06.2021/ პრეზენტაციას ესწრებოდნენ GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ – დირექტორი კრისტოფ ბაიერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქედის მერი ლევან გორგილაძე, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ისაუბრეს ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამასა და მნიშვნელობაზე, პროექტის – „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ მიზნებსა და განსახორციელებელ საქმიანობაზე.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მონაწილეობითი ბიუჯეტის ინსტიტუციურ ხელშეწყობასა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისათვის.

პროექტის ფარგლებში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორი, ასევე ყველაზე უმცროსი და უხუცესი იდეების წარმდგენი პირები დააჯილდოვეს კიდეც.

მაგალითად, დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლემ, 14 წლის გაბრიელ ალელიშვილმა, დაბაში ველოპარკის მოწყობის იდეა დაარეგისტრირა; უხუცესთა კლუბის წევრებმა კი, რომელთაგან უხუცესი 84 წლისაა, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობის იდეა წარმოადგინეს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ -ის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობით ბიუჯეტში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო. 2020 წელს პროგრამა საპილოტედ განახორციელა დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ქედის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივ მოსახლეობაში მაღალი გამოხმაურება ჰქონდა, რაც კენჭისყრის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობით გამოიხატა: დაბაში 54% გამოცხადდა და „სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა“ აირჩია, ხოლო დოლოგანში 74 % მონაწილეობდა კენჭისყრის პროცესში და თითოეულ სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი (საუბნო გზების მოწესრიგება, გარე განათების ქსელის გაფართოება, ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა, ცენტრის კეთილმოწყობა) ჯამში, 4 პროექტი შეირჩა პრიორიტეტად.


მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: