მთავარი,სიახლეები

„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს

01.07.2021 •
„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს

„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს.

დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 ივნისს გაშალა.

„კარვის გაშლიდან რამდენიმე საათში მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ ამის უფლება არ მაქვს. თქვეს, მერიის ნებართვა იყო საჭიროო. მერე მოკიდეს ხელი კარავს და თავისი ხელით დაშალეს… მერე იურისტებს ველაპარაკე და მითხრეს, გაქვს კარვის გაშლის უფლება, თუ ეს გზას არ კეტავსო. დღეს დილით ისევ გავშალე კარავი. ვიცი, პოლიციელები არ დამანებებენ თავს, ამიტომ კარავი ეზოს შესასვლელში გავშალე, ეს საერთო ეზოა და მეც აქ ვცხოვრობ, არავის ხელს არ ვუშლი,“ – გვითხრა დავით ბურჭულაძემ.

რის საფუძველზე დაუშალეს მოქალაქეს კარავი პოლიციელებმა და რატომ შეუზღუდეს მას პროტესტის გამოხატვის უფლება? – ეს დღეს დილით ვიკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ეს საპოლიციო ღონისძიება არის უკანონო“, – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე პოლიციელების მხრიდან დავით ბურჭულაძის კარვის დაშლას.

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ მერიასთან შეთანხმება საერთოდ არ სჭირდება კარვის გაშლას. მერიის წინასწარ გაფრთხილება იმ შემთხვევაშია საჭირო, როცა კარავი გზის სავალ ნაწილს კეტავს და იწვევს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. დავით ბურჭულაძის კარავი კი, ტროტუარის ერთ კუთხეში იყო გაშლილი და ის მოძრაობას არ აფერხებდა.

რამდენად წაახალისა პოლიციელების უკანონო მოქმედება მოსამართლე ირმა ტოგონიძის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ზუსტად 5 დღის წინ – 25 ივნისს, 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა აქციის მონაწილეები „კარვის გაშლის საქმეზე“. 20 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს, წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით კი, 7 პირი დააკავეს.

„როცა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა ხდება, სასამართლოს ასეთი ზედაპირული მიდგომა არ უნდა ჰქონდეს,“ – ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსამართლეს არ უმსჯელია, რამდენად კანონიერი იყო აქციაზე თავად პოლიციელების მოთხოვნა, როცა კარვის გაშლის საშუალება მოქალაქეებს არ მისცეს და ამავე დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს ადამიანები.

„შესაძლოა ამ დროს პოლიციელს მიაყენონ შეურაცხყოფა, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ, მაგრამ სასამართლო უნდა შევიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში – რამდენად იყო კანონთან შესაბამისი და თანაზომიერი პოლიციელის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმნის სერიოზულ რისკს – გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

დავით ბურჭულაძეს შეუძლია პოლიციელების მოქმედება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს ჯერ შსს-ში, შემდეგ კი – სასამართლოში.

„თუ აქაც დამიშალეს კარავი, მაშინ გავასაჩივრებ, ისე არ ღირს,“ – დასძინა დავით ბურჭულაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: