მთავარი,სიახლეები

პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 

01.07.2021 • 2502
პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 

„კანდიდატების წინ დგამდნენ ყუთებს, ყუთებთან კანდიდატები იდგნენ და ხალხი ყუთში აგდებდა თეთრ ან შავ ქვას, ასე ტარდებოდა არჩევნები,“ – გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ის ავტორია წიგნისა „არჩევნების ისტორია აჭარაში“, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია უსკო-ში დღეს, პირველ ივლისს, გაიმართება.

ირაკლი ირემაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები ბათუმში და რას აჩვენებს არჩევნების ისტორია.

„პირველი არჩევნები ბათუმში 1888 წელს ჩატარდა, აირჩიეს ქალაქის ხმოსანთა საბჭო. არჩევნების ისტორია აჩვენებს, რამდენად შეზღუდული იყო ამ პერიოდში პოლიტიკური უფლებები: 1915 წლამდე ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 1 ან 2 პროცენტი მონაწილეობდა არჩევნებში, დაახლოებით 400-500 კაცი და 1917 წლამდე ერთადერთხელ ავიდა 800-მდე ამომრჩევლების რაოდენობა. არჩევნების ისტორიიდან ასევე ჩანს, როგორი იყო სოციალური სტრუქტურა – მდიდრები ირჩევდნენ მდიდრებს, მათ თავიანთი კვოტა ჰქონდათ, ღარიბებს საერთოდ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება,“ – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.

სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის იმპერიას საქართველოს ქალაქებისთვის გვიან მიუცია თვითმმართველობის არჩევის უფლება. ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს ძირითადად გეოგრაფიას უკავშირდება და, მაგალითად, ბათუმშიც, პირველი არჩევნების შემდეგ, ებრაელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საერთოდ აუკრძალეს, რადგან ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია.

თბილისის შემდეგ ბათუმშიც მოინდომეს არჩევნების ჩატარება და ბათუმიდან იმპერატორს 1885 წელს პეტიცია მიუღია, ჩვენც გვინდა არჩევნებიო. მაშინ შექმნილა სიები, ვის ჰქონდა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

წიგნის – „არჩევნების ისტორია აჭარაში“ გარეკანი

„პირველ არჩევნებში და შემდეგ წლებშიც არჩევნებში მონაწილეების სამი თანრიგი არსებობდა: პირველი ეს იყო მდიდარი ფენა, რომელსაც ქონება ჰქონდა და საიმპერატორო გადასახადს იხდიდა, მეორე იყვნენ ვაჭრები და მიწის მესაკუთრეები და მესამე კატეგორიაში იყვნენ საჯარო მოხელეები და გარკვეული თანრიგის სამხედრო მოსამსახურეები. თითოეულ ჯგუფს თავისი კვოტა ჰქონდა, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მდიდრები არ მიდიოდნენ არჩევნებზე და რამდენჯერმე გადაიდო ამის გამო კენჭისყრა… მნიშვნელოვანია, რომ მდიდრების ხმას მეტი წონადობაც ჰქონდა,“ – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.

ისტორიკოსი ამბობს, რომ გაყალბების გამო იმ წლებში არავინ დავობდა. პროტესტის საგანი უფრო ის იყო, რომ ქალაქისთავის არჩევის უფლება არ არსებობდა და ხმოსანთა საბჭოს შემადგენლობაც შეეძლო ქუთაისის გუბერნატორს გამოეცვალა, თუკი ნახავდა, რომ ხალხმა იმპერიისთვის არასასურველი ხმოსნები შეარჩია. ირაკლი ირემაძის თქმით, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ისტორიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პირველი პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები მოიტანა არა პირველმა რესპუბლიკამ, არამედ რუსეთის თებერვლის რევოლუციამ – პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით ბათუმშიც ქალაქის საბჭო 1917 წლის ივლისში აურჩევიათ, თუმცა ამ არჩევნებითაც უკმაყოფილო დარჩენილან ბათუმელები.

„ამ დროს დავის საგანი იყო ის, რომ აქ ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცი ცხოვრობდა რუსეთის არმიიდან. მოქალაქეები ითხოვნენ, რომ რუს ჯარისკაცებს არ ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება, რადგან თუ ამას დაუშვებდნენ, ეს გადაწყვეტდა არჩევნების შედეგს. საბოლოოდ, რუს ჯარისკაცებს მისცეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და მათ სოციალისტ-რევოლუციონერებს დაუჭირეს მხარი, 24 მანდატი მიიღეს სოციალ-დემოკრატებმა, 26 მანდატი – რევოლუციონერებმა. ამის მიუხედავად, მაინც საკმაოდ დემოკრატიული საბჭო შეიქმნა, სადაც უკვე ქალაქისთავად სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე საბახტალაშვილი აირჩიეს. ამ საბჭომ მხოლოდ 1918 წლის პირველ აპრილამდე იარსება. პირველ აპრილს საბჭოს საქმიანობა შეწყდა და ქალაქი ოსმალეთმა დაიკავა, 1918 წლის ბოლოდან კი, ბრიტანეთის საოკუპაციო არმიის მმართველობა დამყარდა,“ – გვიყვება ირაკლი ირემაძე.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ბათუმი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმა დარჩა. ისტორიკოსი იხსენებს, რომ ბრიტანეთის იმპერიას გაუჭირდა ბათუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, მაშინ მოსახლეობის აღწერაც დაიწყო, თუმცა 1919 წელს ბრიტანეთის იმპერიამ ბათუმელების პეტიციის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა – ბათუმი ისევ არჩევნების უფლებას ითხოვდა.

1920 წლის თებერვალში ბათუმშიც ჩატარდა არჩევნები.

„ბრიტანეთის მოლოდინისგან საპირისპიროდ, ამ არჩევნებში „ქართულმა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. ეს არ იყო კონკრეტული პარტია, მემედ აბაშიძე და სხვები შევიდნენ საბჭოში, მაგრამ ქალაქის თავის არჩევის უფლება ისევ ვერ მიიღეს. ამ საბჭოს შეკრებაც გააჭიანურეს. 1920 წლის 7 ივლისს, როცა ბათუმის ოლქი დაუბრუნდა საქართველოს, ბათუმის საბჭო აგვისტოში შეიკრიბა, ქალაქის თავად აირჩიეს გიორგი ანჯაფარიძე. ამ საბჭომ 1921 წლის მარტამდე იფუნქციონერა, ვიდრე ოკუპაციოა მოხდებოდა. ანჯაფარიძე წინააღმდეგობის მოძრაობაში ერთვება, მას აპატიმრებენ და კიდევ სხვა ლიდერებს, სხვა წევრების რეპრესიებიც მიდის,“ – ამბობს ირაკლი ირემაძე.

ამ წლებში ქალაქის ხმოსანთა საბჭოში ქართველებს სხვა ეთნიკური ჯგუფები სჭარბობდნენ: სომხები, რუსები. იმ პერიოდის საბჭოებში ირჩევდნენ პოლონოლებს და გერმანელებსაც. ისტორიკოსი შენიშნავს იმასაც, რომ რამდენჯერად საბჭოს ქალაქისთავის არჩევის უფლება მისცეს, არჩევანი ეთნიკურად ქართველზე გააკეთეს.

გასაბჭოების შემდეგ კი, არჩევნების ისტორიაში განსაკუთრებული აღარაფერი ხდება – არჩევნები კონკურენციის გარეშე და თითო კანდიდატით ტარდება. ირაკლი ირემაძის წიგნში ბევრს ვერაფერს ნახავთ ასლან აბაშიძის აჭარაში მმართველობის შესახებაც.

„არქივის ჩანაწერების დიდი ნაწილი განადგურებულია, გვაქვს მხოლოდ პლაკატები, ვინ მონაწილეობდა 1990-იანი წლებიდან არჩევნებში, რაზე იყო პროტესტი და ასე შემდეგ,“ – დასძინა ირაკლი ირემაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: