ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ყველა სოფელს თავისი ფული – როგორ ეხმარებიან არასამთავრობოები ქედის მცხოვრებთ [Video]

06.05.2021 • 3582
ყველა სოფელს თავისი ფული – როგორ ეხმარებიან არასამთავრობოები ქედის მცხოვრებთ [Video]

„სოფლის პროგრამაში არის ძალიან ბევრი, სასარგებლო წინადადება, რაც გამაცნეს და მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ჩავერთვები და ვეცდებით, რომ ეს პროგრამა სოფლის წინსვლისკენ, მომავლისკენ, სიხარულისკენ იყოს მომართული და სოფელში ახალგაზრდობის დარჩენის საწინდარი იყოს“, – ამბობს იამზე გოგიაშვილი, რომელიც სოფელ ცხემნაში ცხოვრობს.

იამზე გოგიაშვილი

ცხემნა მაღალმთიანი სოფელია ქედაში, რომელიც მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი დაბის თემში შედის და ის ქედის ცენტრიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული.

ქედის მერია მიმდინარე წელს ახორციელებს პროგრამას „მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც ჯამში 900 ათასი ლარითაა დაფინანსებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ეს თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე, მათ შორის, დაბა ქედაზეც არის გადანაწილებული – ის პროექტები უნდა დაფინანსდეს, რომლებსაც თითოეული სოფლის თუ დაბის მოსახლეობა თავად წარადგენს და თავადვე შეარჩევს.

სოფელ ცხემნაში კონსულტანტი მოსახლეობას „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაციას აწვდის

პროგრამის ფარგლებში სოფელ ცხემნისთვის 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით კი, ქედის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თანამშრომლობს.

ჯემალ ტაკიძე

„ამ პროგრამით მიმდინარე წელს ყველა სოფელს აქვს თავისი თანხა. პირველად საპილოტე პროექტი – „მონაწილეობითი ბიუჯეტი“, ქედის მუნიციპალიტეტმა დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში და დაბა ქედაში 2020 წელს დაიწყო. 2021 წელს კი პროექტისთვის 900 ათასი ლარია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც ყველა სოფელზე გადანაწილდა. პროგრამის განხორციელებაში წელს ჩვენი პარტნიორები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის იდეის დარეგისტრირება 14 წლის ასაკიდან ქედის ნებისმიერ მკვიდრს შეუძლია, პროექტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა კი, მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ მოსახლეობას აქვს“, – ამბობს ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე.

ასლან ჭანიძე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ შერჩეული 15 კონსულტანტი ქედის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით აცნობს იმ სიახლეებს, რომელსაც ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ხორციელდება ქედის 64-ვე სოფელში და ასევე დაბა ქედაში. კონსულტანტები დაბას და ასევე ყველა სოფელს ფარავენ. ისინი მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას პროგრამის შესახებ“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ასლან ჭანიძის თქმით, კონსულტანტები მოსახლეობას შემდგომში ასევე დაეხმარებიან პროექტების წერის პროცესში – გაუწევენ კონსულტაციებს, დაარეგისტრირებენ პროექტებს და გადასცემენ მერიას, რომ უკვე კომისიამ განიხილოს: „ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს იმას, რომ ინფორმაცია ყველა ოჯახში, ყველა ადამიანთან მივიდეს. ასევე დაეხმარებიან კენჭისყრის დროს ტექნიკურ საკითხებში, იქნება საჯარო შეხვედრები. მოსახლეობას ვურიგებთ საინფორმაციო მასალებს, განაცხადის ფორმებს“.

ლილი ტაკიძე

ლილი ტაკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შერჩეული ერთ-ერთი კონსულტანტია. ლილი ამბობს, რომ ასეთი პროგრამა ქედაში პირველად ხორციელდება და კმაყოფილია, პროცესში ჩართვის საშუალება მასაც რომ მიეცა: „ამ პროგრამით ხელი ეწყობა სოფლის განვითარებას, მოსახლეობას შეუძლია თავად შეცვალოს საკუთარი საცხოვრებელი გარემო უკეთესობისკენ, რაშიც ასეთი პროგრამები დიდად დაეხმარება“.

„დაბის თემში ვარ კონსულტანტი. სოფლებში მოსახლეობას მათთვის სასარგებლო ინფორმაციას ვაწვდი ამ პროგრამის შესახებ. მაქვს მათთან ხშირი და უშუალო კონტაქტი კარდაკარის პრინციპით. ვუხსნით, თუ რა თანხაა გამოყოფილი მათი სოფლისთვის, რომ შეუძლიათ წარადგინონ ესა თუ ის იდეა/პროექტი, რომლის განხორციელებასაც საჭიროდ თავად თვლიან. შემდეგ კი, შერჩეულ პროექტებზე კენჭისყრა ჩატარდება სოფელში და უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაფინანსდება. მოსახლეობა თავად არჩევს რა პრობლემებია და თავადვე წყვეტს, რა უნდა გაკეთდეს“, – გვეუბნება ლილი ტაკიძე.

სოფელ ცხემნაში კონსულტანტები მოსახლეობას „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაციას აწვდიან

ლილი ტაკიძის თქმით, „სოფლის მოსახლეობა ძალიან გახარებულია და რასაც ვაკვირდები, ისინი პრობლემებზე ინდივიდუალურად კი არ ფიქრობენ, არამედ ამბობენ, რომ შეიკრიბებიან და ერთად გადაწყვეტენ, რისი გაკეთება სჯობს. იციან, რომ საერთო სარგებლობისთვის უნდა გამოიყენონ ის თანხა, რაც მერიის პროგრამით არის მათი სოფლისთვის გათვალისწინებული. აქტიურად არიან ჩართულები და უკვე შემოდის იდეებიც, თუ რისი გაკეთება იქნება უმჯობესი ამ ეტაპზე.“

აჩიკო ცინცაძე

ცხემნაში მცხოვრები აჩიკო ცინცაძე ამბობს, რომ ასეთი პროგრამები, მით უმეტეს, როცა სოფელი თავად ირჩევს რა უნდა გაკეთდეს, კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივებისთვის იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მათ აწუხებს.

„მაგალითად, დიდი ხანია გვინდა 150-200 კაცზე გათვლილი ინვენტარი შევიძინოთ სოფლისთვის. არის რაღაც ღონისძიებები და სხვადასხვა სოფელში ვქირაობთ. მგონი გაგვიმართლა, ვისარგებლებთ ამ შანსით, პროგრამის ფარგლებში შევიტანთ პროექტს დაფინანსებაზე და შევიძენთ ალბათ. თუმცა კიდევ შევიკრიბებით, ჩამოვყალიბდებით და რომელიც საუკეთესო პროექტი იქნება, იმას განვახორციელებთ“, – ამბობს აჩიკო ცინცაძე.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის თქმით, „პროექტი არ ზღუდავს არავის იდეებს. შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულების პროექტის განაცხადი შემოიტანონ და დაარეგისტრირონ. აქტიურადაა ჩართული თითოეული სოფლის მცხოვრები, აინტერესებთ, უკვე შემოდის პროექტებიც. უბრალოდ, ერთი მნიშვნელოვანი რამაა გასათვალისწინებელი – სოფელში კენჭისყრაზე თუ ადგილობრივი მოსახლეობის 20% არ მივა, რომელიმე პროექტისთვის შესარჩევად ხმის მისაცემად, სოფელში პროექტი არ განხორციელდება. მინდა, რომ ეს ჩვენმა მოსახლეობამ გაითვალისწინოს – მინიმუმ 20% თუ მივა, იქედან უმრავლესობის პრინციპით გამარჯვებულ პროექტებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსვე განახორციელებს“.

სოფელ ცხემნაში კონსულტანტი მოსახლეობას „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაციას აწვდის

ქედის მუნიციპალიტეტის თემებში კონსულტანტები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსით შეარჩია, რომლებსაც თვითმმართველობის კომპეტენციებზე, ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირებასა და კარდაკარ საინფორმაციო კამპანიის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. სათემო კონსულტანტების მიერ უკვე დაიწყო და ხორციელდება კარდაკარ საინფორმაციო კამპანია.

აღნიშნული აქტივობები განხორციელდა პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: