დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლების აქცია ბათუმში

დღეს, 25 აპრილს, ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების, ასევე მათთან ერთად დაკავებული ელდარ ანთაძის ახლობლები ბათუმში აქციას მართავენ.

7 პირი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი რიონის ხეობის დამცველებთან ჩავიდნენ სოლიდარობის გამოსახატად. მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სხვა პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა – პოლიციის ინფორმაციით, ხეობიდან წამოსვლის შემდეგ, გზად, რამდენიმე ადამიანს სცემეს.

პოლიციის ვერსიას არ იზიარებენ დაკავებულების ახლობლები და აცხადებენ, რომ დაკავებულებს სახელმწიფომ პროვოკაცია მოუწყო . „უწყვეტი პროტესტი, რაც იყო აჭარაში, ამ ბიჭების მონაწილეობით იყო. ეს ბიჭები აპროტესტებდნენ, არ ჩერდებოდნენ. მათი დაკავებით ამ პროტესტის ჩაკვლა უნდათ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. – „პროვოკაცია მოუწყეს… რიჟვაძე რომ ამხილეს და მამამისი, იმიტომ იდევნებიან“.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი, უფრო ხალხმრავალი აქცია დაანონსეს ხვალისთვის აჭარის მთავრობის სახლთან. „აქცია იქნება მშვიდობიანი. ამას იმიტომ ვაცხადებთ, რომ ხშირად გვიგზავნიან პროვოკატორებს“, – თქვეს აქციაზე.

„არ შეიძლება ადამიანები ასე იდევნებოდნენ ქვეყანაში“, – აცხადებენ აქციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა [ელდარ ანთაძის] 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

____

წულუკიძეებს და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 აპრილს შეუფარდა. ისინი ბათუმში 15 აპრილს დააკავე.

ელდარ ანთაძე რეზო წულუკიძესთან ერთად გასულ წელსაც მისცეს პასუხისგებაში. 2020 წლის 6 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ხულიგნობა არ დაუდასტურა, რაც პროკურატურის ვერსია იყო, მაგრამ ისინი ფიზიკური ძალადობისთვის დასაჯა.

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/538007/

ბათუმის სასამართლომ გაათავისუფლა სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 აპრილს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა გუშინ, ბათუმში ჰესის წინააღმდეგ გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტი ალბერტ არაქელოვი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

არაქელოვმა ერთი ღამე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საქმე შეწყვიტა.

ალბერტ არაქელოვის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

 

მოსალოდნელია ზემოქმედება გარემოზე – ხულოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გზშ მომზადდება

დაბა ხულოში კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] დაექვემდებარა.

„გამწმენდი ნაგებობის სპეციფიკის, წარმადობის და მოსახლეობასთან დაშორების მანძილის ([60 და 100 მეტრი)] გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას“ – აღნიშნულია საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებაში.

დოკუმენტების მიხედვით, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხულოში დაგეგმილია ძველი მწყობრიდან გამოსული გამწმენდი ნაგებობის ადგილზე. საპროექტო გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი ლამი გაიწმინდება გაუწყლოების მეთოდით და მიღებული ლამი გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობაში. თხევადი ნაწილი კი, რაც გაუწყლოების შედეგად დარჩება, გაიწმინდება ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაში და ჩაეშვება მდინარე აჭარისწყალში. გამწმენდი ნაგებობა მდინარიდან 400 მეტრში აშენდება.

პროექტით ასევე დაგეგმილია 8,7 კმ სიგრძის კოლექტორის მოწყობა დაბის არეალში, რომელზეც დაერთდება საცხოვრებელი სახლების საკანალიზაციო ქსელი [დაახლოებით 300-იდან 400 სახლი]. ამასთან, სამუშაოების პროცესში მოხდება კერძო ნაკვეთების გადაკვეთა, განსაკუთრებით სახლების დაერთებისას. წყალარინების ქსელი მოეწყობა არსებულ გზაზე და უპირატესობა მიენიჭება გზის განაპირა არეალზე მოწყობას. საკანალიზაციო ქსელის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაგეგმილია არსებული საკანალიზაციო ქსელისა და ჭების დემონტაჟი.

პროგრამა, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშომლობის ფარგლებში, ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებით ხორციელდება. შესაბამისი სკრინინგის განაცხადით კი, სამინისტროს „აჭარის წყლის ალიანსმა“ მიმართა, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს.

„საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები არ ყოფილა წარმოდგენილი,“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

მინისტრის ბრძანებით, გზშ-ს მომზადებისას „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

[crosslist]

  • „საპროექტო ტერიტორია ხვდება ზურმუხტის ქსელის შეთავაზებულ საიტზე „გოდერძი“ – GE0000026, რომლის შესახებ სკრინინგის განცხადებაში არ არის ინფორმაცია მოცემული და არ არის ზემოქმედება შეფასებული, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლასა და შეფასებას;
  • სკრინინგის განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენების შესახებ;
  • არ არის მოცემული ინფორმაცია გამწმენდი ნაგებობიდან მოსალოდნელი არასასიამოვნო სუნის გავრცელების შესახებ, რაც უახლოეს მოსახლემდე მანძილის [60 და 100 მეტრი)] გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას;
  • სკრინინგის განცხადების თანახმად, გაწმენდა მოხდება ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტების მიხედვით. თუმცა ამ განცხადებაში მითითებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად მოხდეს გამწმენდი ნაგებობის ეფექტურობის შეფასება და იმის განსაზღვრა, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების სათანადო გაწმენდა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვა;
  • აღსანიშნავია, რომ კოლექტორზე საკანალიზაციო ქსელის დაერთება მოხდება საცხოვრებელი სახლებიდან, რამაც შესაძლოა გადაკვეთოს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელიც წარმოდგენილია ნიადაგის ნაყოფიერი ფენით, შესაბამისად, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვასთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას.“

[/crosslist]

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად ჯამში 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. სამუშაოების დაწყება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

 

 

 

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ.

ხვალ, 26 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 27 აპრილს ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და შემდეგ ორ დღეს, 28-29 აპრილს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

მაშველებმა ჩანჩქერიდან მოზარდი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა გადაარჩინეს მოზარდი, რომელიც ჩანჩქერიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მოხდა.

„112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სამწვერას ჩანჩქერზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და სჭირდებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.

ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება,“ – იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

_____________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

18 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 966 ახალი შემთხვევა | 25 აპრილი

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 025 პირი დაიღუპა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა  – 567 და აჭარაში გამოვლინდა.

 ამ ეტაპზე ქვეყანაში 611 მძიმე პაციენტია. 

24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.57%.

აჭარაში კოვიდის 117 ახალი შემთხვევაა, 2 პაციენტი გარდაიცვალა

25 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში.

ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 366 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, მათგან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

293 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება.

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელია

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ლერი აბულაძემ (63 კგ) აშკარა უპირატესობით 9-1 დაამარცხა რუმინელი მიჰუტი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა. ლერი აბულაძე ხულოს სასპორტო სკოლის აღზრდილია.

ხოლო შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) უნგრელი ფრიტჩი 3-1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

როგორი იქნება ბულვარი ახალი გენგეგმის მიხედვით – გრაფიკული ნაწილი

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მიხედვით, ის რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ხედავენ მის განვითარებას სპეციალისტები – ბულვარმა არ უნდა დაკარგოს თავისი ავთენტურობა, არ დაზიანდეს, როგორც ლანდშაფტური პარკი და ასევე ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესები. ეს ყველაფერი კანონით არის დაცული.

დოკუმენტს თან ახლავს გრაფიკული ნაწილი, სადაც მოცემულია ვიზუალური მასალა, რომელიც დოკუმენტის ტექსტურ ნაწილზე, სადაც საუბარია კონკრეტული ობიექტების მასშტაბებსა და არქიტექტურაზე ვიზუალურ წარმოდგენას ქმნის.

ამჯერად „ბათუმელები“ სწორედ გენგეგმის გრაფიკულ ნაწილს გთავაზობთ.

პრომენადი და ველობილიკი

გენგეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პრომენადის, როგორც ფეხით სასეირნო ბილიკისა და მის გასწვრივ ველობილიკის გამართულობას, ასევე პრომენადიდან ზღვაზე ღია გასასვლელებს. პრომენადზე ყოველი ასეთი გასასვლელიდან იშლება ზღვის პანორამა, რომელის არეალშიც არ უნდა განთავსდეს არანაირი ნაგებობა, მცირე ზომის ობიექტიც კი, თუნდაც ეს იყო სკულპტურა.

პრომენადი და ველობილიკი – ესკიზი

პრომენადს უნდა შეუნარჩუნდეს ველობილიკი, თუმცა რეკომენდირებულია მისი გამართვა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება. რეკომენდაციებშია ასევე ბულვარის ველობილიკის ქალაქში არსებული ველობილიკების ქსელში ჩართვა.

გენგეგმის თანახმად ეგრეთ წოდებული საოცრებათა მოედანი არაეფექტურად არის გამოყენებული, არ აქვს საკმარისი რეკრეაცია და არ ყალიბდება საინტერესო სივრცედ. რეკომენდირებულია ამ ადგილზე მეტი გამწვანების, ასევე მზისა და ქარისგან დამცავი ელემენტების შეტანა.

საოცრებათა პარკის დასავლეთი ნაწილი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მოაზრებულია, როგორც დიდი ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცე. ამავე სივრცეში შესაძლოა მოეწყოს სავაჭრო დახლები დღესასწაულების დროს, დაიდგას სცენა მუსიკოსებისთვის და ასე შემდეგ.

გენგეგმით გათვალისწინებულია ასევე ეშმაკის ბორბლის გადატანა არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოთავისუფლებულ 3000 კვ/მეტრამდე ტერიტორიაზე კი შესაძლებელია განთავსდეს ორი შენობა ღამის კლუბების მოსაწყობად. ამ შენობებს უნდა ჰქონდეს დახრილი მოედნის დონეზე დაშვებული გამწვანებული სახურავი.

ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორია

ბულვარის შესასვლელი

სპეციალისტების შეფასებით, ავთენტური იერ-სახის დასაბრუნებლად აუცილებელია ბულვარის შესასვლელის რეკონსტრუქცია. განაშენიანების გეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბულვარის შესასვლელმა ისტორიის მანძილზე სახე ბევრჯერ შეიცვალა. ერთ-ერთი უკანასკნელი ჩარევა აქ ქორწინების სახლის მოწყობა იყო.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს შენობა ხელს უშლის ბულვარის შესასვლელის აღქმას და უკეთესი გადაწყვეტის შემთხვევაში შენობა უნდა დაინგრეს. გენგეგმით გათვალისწინებულ რეკომენდაციებშია პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად ქორწინების სახლია განთავსებული.

ამ აუზის ნაცვლად გენგეგმა უშვებს ღია საგამოფენო სივრცის მოწყობას ქვედა დონეზე, სადაც მოაზრებულია ბულვარის ისტორიის ფოტომუზეუმის მოწყობა მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ბულვარში არსებულ ფოტოჯიხურს უნდა დაუკავშირდეს.
აქ ნაშვენებია, როგორ მოიაზრებს გენგეგმა ბულვარის შესასვლელში საგამოფენო სივრცისა და ე.წ. ფოტოსახლის დაკავშირებას გვირაბით

გენგემა ბულვარში მოიაზრებს ასევე  მედიათეკის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ბიბლიოთეკითა და ინტერნეტით სარგებლობა, პარალელურად ის კაფეს ფუნქციასაც შეითავსებს.

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აუცილებელია ტერიტორიების გამოთავისუფლება ბულვარში არსებული ჯიხურებისგან, რადგან ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან იერ-სახით, არქიტექტურული სტილით, მასალითა და მასშტაბით. გენგეგმა ითვალისწინებს მსგავს ობიექტებს მხოლოდ ერთიანი იერ-სახითა და კონცეფციით.

კაფეები

 

სკეიტპარკის სავარაუდო ვიზუალი როგორსაც გენგეგმა ბათუმის ახალ ბულვარში მოიაზრებს

გენგეგმის მიხედვით, ახალ ბულვარში რამდენიმე სკეიტპარკი უნდა მოეწყოს.

ბათუმში 1 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის აქციაზე

მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა, რომ რიონის ხეობაში შეკრებილი აქციის მონაწილეები ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის პიკეტირებისთვის დაიძრნენ, ბათუმშიც სცადეს „სიმბოლურად“ გადაეკეტათ ქუჩა.

სწორედ ამ დროს, ზებრა გადასასვლელზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებული DJ ბაბა. ის პოლიციის უხეში ზემოქმედების შედეგად სავარაუდოდ დაშავდა. „სალტო გააკეთებინეს და წააქციეს“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

შესაბამისად, ჩაიშალა „გამაფრთხილებელი გადაკეტვის“ მცდელობა ბათუმში.

აქციის მონაწილეებს დაკავებულთან დაკავშირებით ერთ-ერთმა პოლიციელმა განუმარტა, რომ დაკავებული „დღეს იქნება წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ხვალე გადაიყვანენ სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტს დაარღვია თუ არა დაკავებულმა კანონი“.

დღეს რამდენიმე ქალაქში გაიმართა რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის აქცია.

დღეს, 24 აპრილს, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა, რომ თბილისში 23 მაისს გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით.

„ოცნებამ“ კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ არჩილ თალაკვაძემ დატოვა, კახა კუჭავა წარადგინეს. ის ამ  დრომდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც  ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ წარდგენის შემდეგ.

კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია 2021 წლის იანვრიდან  და პარალელურად პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას იკავებს.

2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ის არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2016-2020 წლებში კახა კუჭავა იყო საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით ის აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

2012-2016 წლებში ის კერძო სექტორში მუშაობდა.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

ბათუმში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 24 აპრილს, 4:00 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდგეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართება. დღეს  აქტივისტებმა გაავრცელეს ასევე ინფრომაცია, რომ 23 მაისს საპროტესტო აქციას თბილისში გეგმავენ.

“ხელისუფლებამ პრაქტიკულად გადაჭრით გვითხრა უარი დიალოგის გაგრძელებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არ შესრულდა პირობები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ კონსტრუქციული დიალოგისთვის… ამიტომ, მოგვიწევს, გადავიდეთ მოქმედების იმ გეგმაზე, რასაც ვაანონსებთ დიდი ხანია”,  —  განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მთავრობამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც  “ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანია “ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში”.

მთავრობის ინფორმაციით  მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

აქტივისტებმა მთავრობის ეს პოზიცია მალევე შეაფასეს მათი მოთხოვნების შეუსრულებლობად.

https://netgazeti.ge/news/537918/?fbclid=IwAR2Zp2ezLMXAP4GBPJKLc0iWwJtQ-LMCz0hcQJNHabFgskQ5h1XA3y-kEMc

 

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა, როცა “პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიციაა”, თავის ადგილს დარბაზში ხედავს და არა სპიკერის პოზიციაზე.

“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენდი – ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი გამარჯვებებისთვის!” — თქვა თალაკვაძემ.

როგორც “ქართული ოცნები” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლებს, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე კი კახა კუჭავაა წარდგენილი.

საკურას ყვავილობა ბათუმში

ბათუმში საკურა აყვავდა. საკურას ხეივანში 50-მდე ძირი საკურაა დარგული. ბაღი ბათუმში 2014 წელს გააშენეს.

საკურას ყვავილობა
საკურას ყვავილობა
საკურას ყვავილობა
საკურას ყვავილობა

 

„ჩემი პრობაციონერი შვილი სხვისი დანის გამო დააკავეს“ – აქცია ბათუმში პოლიციასთან

ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას ამირან აშბას ახლობლები მართავენ. აშბა პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავს.

ამირან აშბას ახლობლების ინფორმაციით, პოლიცია მას მანქანაში დანის ქონას ედავება. ასევე, ახლობლები ამბობენ, რომ აშბა პრობაციონერია, ციხიდან პირობითი მსჯავრით სამი თვის წინ გამოვიდა და ამის გამო განსაკუთრებით ფრთხილობდა, რადგან პოლიციასთან დამატებითი პრობლემების შექმნა აღარ უნდოდა.

„არასრულწლოვანი იყო ჩემი შვილი, როდესაც რაღაც ინციდენტი მოხდა. მაგის შემდეგ ათი წელი ძებნაში იყო. მაგრამ ჩამოვიდა, მივიდა პოლიციაში და ციხეში სასჯელიც მოიხადა – წელიწადი და რვა თვე. თებერვალში გამოუშვეს პირობითით, პრობაციონერია.

სულ ფრთხილად იყო რაც ციხიდან გამოვიდა, ბიჭებთანაც კი არ გადიოდა – პირობითი მაქვს და ვიცი არ გამახარებენო.

რამდენიმე დღის წინ თავის ბიძაშვილთან ერთად იყო ჩაქვში წასული. ჩაქვის პოლიციის უფროსმა გააჩერა – გადმოიყვანა მანქანიდან, გაჩხრიკა. არც ამირანს და არც მის ბიძაშვილს ნიკას არაფერი არ ჰქონდათ ჯიბეებში. ყველაფერი გაჩხრიკა. მერე მანქანაც გაუჩხრიკა და იქ აღმოჩნდა დანა. პოლიციელი ეუბნებოდა ამირანს – გინდა თუ არა შენია ეს დანაო.

არ ატარებდა ამირანი დანას – პრობაციონერი იყო. უთქვამს ამირანს არ არის ჩემიო. მოიყვანეს განყოფილებაში, დაწერეს ახსნა-განმარტება, გამოუშვეს და ველოდებოდით სასამართლო პროცესს. ამასობაში ადვოკატი ავიყვანეთ. მოვიდა ადვოკატი, მაგრამ არ მისცეს აქ  [მეორე განყოფილებაში] წესიერი ინფორმაცია – ასე უთხრეს გინდა მოდი, გინდა არაო.

გამომძიებელს დავურეკეთ. მე საქმის კურსში არ ვარო. გუშინაც ადვოკატიც ურეკავდა, მეც ვურეკავდი არ მიპასუხა. მესიჯიც გავუგზავნე. არც დაურეკია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ამირან აშბას დედამ, ლია აშბამ.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან

მისივე ინფორმაციით, გუშინ 23 აპრილს, 15-მდე პოლიციელი მივიდა ამირან აშბას სახლში, ამირანის დაკავების მიზნით. ლია აშბა ამბობს, რომ მანამდე ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ გამომძიებელთან, ეკითხებოდნენ იყო თუ არა ამირანის პოლიციაში გამოცხადება საჭირო, გამომძიებლისგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. შესაბამისად ვერ ხსნის, რატომ გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება იმ ადამიანის დასაკავებლად, რომელიც მზად იყო თავად გამოცხადებულიყო პოლიციაში.

„დღეს ამირანი თავის ფეხით მოვიდა პოლიციაში. გვეუბნებიან, რომ მის დაკავებას აპირებენ. ჩემი შვილი ქურდი არ არის, ნარკომანი არ არის. ახლა რაც ხდება ამ ამბავში უდანაშაულოა. მანქანა ვისიც იყო, ის ადამიანი ამბობს, რომ დანა არ ეკუთვნის ამირან აშბას, ამბობს, რომ მისია, მაგრამ პოლიციამ მაინც ჩემი შვილი დააკავა. პოლიციასთან მოვედით იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ – ასე უკანონოდ ადამიანის დაკავება არ შეიძლება,“ – ამბობს ლია აშბა.

“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ადამ შმიდტი: არაფორმალური მმართველობა მიუღებელია

„როცა ვიზრდებოდი, მყავდა საყვარელი პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ტიპ ო’ნილი, რომელიც ამბობდა: ნუ მაწუხებთ ფედერალურ დონეზე, ყველანაირი პოლიტიკა არის ადგილობრივი,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ადამ შმიდტმა. ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განყოფილების უფროსია USAID საქართველოში. ბატონ შმიდტს ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზეც ვკითხეთ: რა უნდა გააკეთოს ადგილზე სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ბულვარის გადარჩენა შეძლოს?

„ბათუმელებთან“ შეხვედრამდე ადამ შმიდტს ბულვარში მშენებლობის საკითხზე ჰქონდა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

  • ბატონო ადამ, დასავლეთის აქტიურმა მცდელობამ, ერთპარტიული პარლამენტი არ დარჩენილიყო საქართველოში, გააჩინა ბევრი კითხვის ნიშანი – რომ რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტები არ მუშაობენ. თქვენ რა შთაბეჭდილება შეგიქმნათ პოსტსაარჩევნო პროცესებმა საქართველოში?

ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, USAID-ის გადმოსახედიდან: ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვეხმარებით ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისი გამოწვევა იყო საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენი პროგრამის პარტნიორები და ჩვენც ვიყავით შეწუხებულები და მოგვიწია მიდგომის შეცვლა. თუმცა, იმედი მაქვს, ეს შეიძლება გახდეს კომპრომისზე, კოალიციების შენებაზე, საერთო ინტერესის და არა დაყოფის გაგებაზე საუბრის დასაწყისი, რათა საქართველო წინ წავიდეს.

როგორც ვიცით, ყველაფერს 6 თვე დასჭირდა. მოქალაქეებს ამ პროცესმა ალბათ, ძალიან გაუცრუა იმედები. მაგრამ ჩვენ, USAID, მზად ვართ დავეხმაროთ პარტნიორებს, რომ მათ იმუშაონ პარლამენტარებთან ყველა პარტიიდან – იმუშაონ მოქალაქეთა ინტერესებისთვის, იმუშაონ დამოუკიდებელ მედიასთან, რათა გაიმართოს უკეთესი, უფრო ძლიერი დებატი და დიალოგი. რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესისთვის ეს გამოწვევა იყო, მაგრამ ძალიან იმედისმომცემად მიმაჩნია ის, რომ შეთანხმება მიღწეულია.

  • რა გამოდის – მკაფიოდ გამოჩნდა, ჯერ როგორ შევქმენით კრიზისი და შემდეგ ის დამოუკიდებლად ვერ დავასრულეთ? 

დემოკრატული პროცესი ხასიათდება იმით, რომ ის არასდროს არაა დასრულებული. შემიძლია მოკრძალებით ვთქვა, რომ ჩემს ქვეყანაშიც ხშირად გვიწევს გადავხედოთ იმას, თუ როგორ მუშაობს დემოკრატიული ჩართულობის პროცესი. ჩვენც ისევე უნდა ვიმუშაოთ, როგორც საქართველომ.

ჩვენ ვართ მომართული იქეთკენ, რომ მხარი დავუჭიროთ ინსტიტუციების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში. ამ ხაზს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ.

  • თქვენი აზრით, მსგავსი აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, რატომ ვერ ხერხდება ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლის ლეგიტიმურობაც არ გააჩენს კითხვებს? 

ძალიან კარგი კითხვაა. ამიტომაც ვაგრძელებთ ჩვენ დახმარებას ამ სექტორში, რომ მივაღწიოთ შედეგს და ეს პროცესი აღარ იწვევდეს კითხვებს.

ჩემთვის იმედისმომცემია, რომ წინა საარჩევნო პროცესში პარტიები აშენებდნენ თავიანთ პლატფორმებს იმ მოთხოვნებზე დაყრდნობით, რაც მოდის მოსახლეობიდან. ისე, როგორც აქამდე არასდროს, პლატფორმა ასახავდა ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც პარტიის არჩევის შემთხვევაში, იქნებოდა იმპლემენტირებული.

პლატფორმის ქონა კარგია, მაგრამ თუ არ შეგიძლია ის ამომრჩევლებს სწორად წარუდგინო, აჩვენო და არ ხარ კონცენტრირებული ამ პლატფორმაზე არჩევნების შემდეგ, კარგავ ამ ბიძგს. თუმცა, იყო პოზიტიური განვითარებაც.

გამოწვევა ისაა, რომ საქართველო აპირებს შევიდეს ახალ პოლიტიკურ პროცესში ან მოახდინოს ევოლუცია სრულ საპარლამენტო რესპუბლიკად წარსულში კოალიციების შექმნის, ძალაუფლების გაზიარებისა და კონსენსუსის მიღწევის ისტორიის გარეშე.

ჩემი შეკითხვა არის: ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება მივმართოთ იქეთკენ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი კონსენსუსის საფუძველზე აგებულ თანამშრომლობას. მეორე მიმართულება დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან. ბოლო არჩევნებმა მოგვცა საშუალება, რომ დამკვირვებლები გაძლიერებულიყვნენ. ამ პროცესში დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს პროცესს.

  • კონკრეტულად რა გზებით წარმოგიდგენიათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, რაც აღარ გამოიწვევს მორიგ კრიზისს ქვეყანაში? 

არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა კარგი წინადადებები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უდნა გაუმჯობესდეს. ასევე, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ თავიანთი წინადადებები პროცესის გაუმჯობესების თაობაზე. ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთი ასახულია შეთანხმების დოკუმენტში.

პირადად მე მიმაჩნია, რომ სამი მიმართულება იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას: საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და ამაზე შეთანხმება, როგორც ცენტრალურ, ასევე ქვედა დონეზე, როგორ არჩევენ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, როგორ წყდება საარჩევნო დავები, რამდენად გამჭვირვალეა ეს და თავად საარჩევნო ტექნოლოგიები.

ჩემი გამოცდილებით, ხალხი ხშირად ფიქრობს ისე, რომ ტექნოლოგიები არის მარტივი გზა გადაწყვეტილების და შედეგის მისაღწევად, მაგრამ  მე არა მგონია, რომ ასეა. ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლოა იყოს ძალიან სასარგებლო, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული და ტესტირებული, ხალხი უნდა გაეცნოს ამას, რომ მიიღოს სათანადო შედეგი. ჩვენ ჩვენი პროგრამების ფარგლებში ხელს ვუწყობთ ამ დარგში საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას, რომ იმუშაონ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამ პროცესის გასაძლიერებლად.

  • თქვენ გქონდათ მონიტორინგი საარჩევნო დავებზე. ეს იყო მთავარი სადავო საკითხი: ხელისუფლების მტკიცებით, არ დასტურდება ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო ოპოზიცია ამბობს, რომ საარჩევნო დავები არ განიხილეს, ან არ დააკმაყოფილეს საარჩევნო ადმინისტრაციებმა, სასამართლოებმა. 

შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესის გაუმჯობესება შესაძლოა მხოლოდ გამჭვირვალობის დონის გაზრდით. იმის თქმაც შემიძლია, რომ უკვე გამოკვეთილად ჩანს გაუმჯობესება იმ კანონპროექტებში, რომლებიც მზადდება. იყო იქ ისეთი ნაწილები, რომლებიც მანიპულირების საშუალებას იძლეოდა, მაგალითად, ის, რომ პროტოკოლის დამატება შეიძლებოდა, მაგრამ არსებობს დღეს კონკრეტული და ძალიან კარგი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით.

ძალიან იმედისმომცემია, რომ პარტიები ახლა ერთმანეთს დაელაპარაკონ ფორმალურად, შეთანხმდნენ წესებზე, შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კონსენსუსი, რომ ეს არის გზა საარჩევნო კონკურენციისთვის.

ეს ასევე უნდა იყოს სისტემა, რომელშიც თქვენ, როგორც ამომრჩეველს, გექნებათ რწმენა, რომელიც გადავა თქვენი ინტერესების განხორციელებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება.

  • კონკრეტული ხედვა ხომ არ გაქვთ, მაგალითად, ამომრჩევლის მობილიზების პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს? არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავდა ამას გასული წლის არჩევნების შეფასების დროს. 

პარტიებმა, პირველ რიგში, იმ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, რომელიც ხალხის ინტერესია. ეს დიალოგი და ურთიერთობა, რომელიც არსებობს პარტიებს შორის, მხოლოდ შიგა პროცესია. რა თქმა უნდა, გამოდის, რომ მე, როგორც ამომრჩეველი ჩემს ქვეყანაში, ან თქვენ, როგორც ამომრჩეველი თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო დაპირება დაპირებად რჩება, მე გამიჩნდებოდა ცინიკური დამოკიდებულება.

USAID – ის პროგრამები არის მიმართული იქეთკენ, რომ მოთხოვნა ამომრჩეველში გაიზარდოს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პოლიტიკოსები დაპირებების შესრულებას.

რაც შეეხება შეთანხმებული წესებისა და პასუხისმგებლობის საკითხს. თუ ბრალდებები ხმების ყიდვის შესახებ სიმართლეა, იმედია, არის მტკიცებულებები, ხოლო თუ [ბრალდება] დამტკიცებულია, უნდა იყოს რეალური სანქცია ან პასუხისმგებლობის სხვა ფორმა წესების დარღვევისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც აკვირდება ამ არჩევნებს, არა წინა დღით და იმ დღეს იყოს მხოლოდ, არამედ ამ პროცესს აკვირდებოდეს ხანგრძლივი დროის პერიოდში ერთი, ორი კვირით, ან ორი თვით ადრე კენჭისყრის დღემდე. რა თქმა უნდა, პროცედურების დაცვა არის საარჩევნო კომისიების პასუხისმგებლობა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში იყოს სწორი რეაგირება და იყოს ეს პროცესი იმ ნორმებთან შესაბამისობაში, რაც არის დაწესებული.

  • სასამართლო რეფორმაზე რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს: არაერთი რეფორმა განხორციელდა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ იგივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. თქვენი შეფასებით, რატომ დადგა ეს შედეგი, როცა, ექსპერტების აზრით, რეფორმების შედეგად სასამართლოს ნაცვლად კლანი უფრო გაძლიერდა? 

არაფორმალური მმართველობა ნებისმიერ ფორმაში მიუღებელია დემოკრატიულ სისტემაში. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელი შევუწყოთ ეკოსისტემას. ეს მოიცავს ჩვენ დახმარებას დაწყებული იურიდიული განათლებიდან იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მათი მომზადების ხარისხი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კონსულტაციები, დახმარება და ეს არის იმისთვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობისთვის სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვმუშაობთ ინსტიტუციურ ნაწილში სასამართლოებთან, დაწყებული იქედან, თუ როგორ ხდება საქმის განხილვა, ასევე ის გამოცდები, რომელსაც აბარებენ მოსამართლეები, იყოს საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებთან შესაბამისი.

ვმუშაობთ ასევე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგენის პროცედურები იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი. ვმუშაობთ იმაზე, როგორ ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლეების და არამოსამართლე წევრების შერჩევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არავისზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული. თუკი ის არის მოსამართლე, მას უნდა ჰქონდეს თავისი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ნებისმიერი იდეა მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უნდა იყოს გამართლებული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გაზიარებული, კრიტიკულად შეფასებული.

თუ საქართველოს სურს რეალურად განვითარდეს დემოკრატიული გზით, ინ უნდა წავიდეს სასამართლო სექტორის რეფორმებშიც. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რატომაც ეხმარება შეერთებული შტატები USAID – ის სახით, ასევე ევროპელი კოლეგები ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში.

  • იქნებ თქვენი პერსონალური მოსაზრება გვითხრათ, როცა ამხელა რესურსი დახარჯეთ სასამართლოს გაძლიერებაში, რატომ გაძლიერდა სასამართლო კლანი და არა თავად სასამართლო სისტემა? 

ვერ ვიტყოდი, [რომ ვინმე] იგებს, ან აგებს. ჩემი აზრით, საჭიროა იმპლემენტაცია. იყო რამდენიმე ტალღა რეფორმების, მაგრამ ბოლო ტალღის იმპლემენტაციამდე, ახალი რეფორმებიც უნდა განიხილებოდეს. [პრობლემა] უმალ არ მოგვარდება. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამ პროცესს გამჭვირვალობა. ის ყურადღება, რომელიც არსებობს საერთაშორისო საზოგადოებიდან, არის იმის ნიშანი, რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება. USAID ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გააძლიეროს ეს რეფორმა.

  • ბოლოს ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზეც მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გახდეს უფრო გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოება? პროტესტის მიუხედავად 10 სართული უკვე აშენდა. 

ჩემი გამოცდილება საქართველოში – კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა და არჩეულმა ლიდერებმა ხალხის ხმა უნდა გააჟღერონ, უპასუხონ მოქალაქეებს. ამის გარეშე შეიძლება მიღებული იყოს ცუდი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ამომრჩეველი მტრულად შეხვდება.

როცა ვიზრდებოდი, მყავდა საყვარელი პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ტიპ ო’ნილი, რომელიც ამბობდა: ნუ მაწუხებთ ფედერალურ დონეზე, ყველანაირი პოლიტიკა არის ადგილობრივი.

ადგილობრივი დონის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე – ზუსტად ეს არის დემოკრატია. ვიცი, რომ ადგილობრივ დონეზე ქართველი ამომრჩევლისთვის საინტერესო დრო დადგა – ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. თუ მოქალაქეებს სურთ ახალი მიმართულებით [სვლა], მათ შეუძლიათ ხმა მისცენ პოლიტიკური ლიდერების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ეს უნდა იყოს შესაძლებლობა იდეების გაზიარებისთვის. [საჭიროა] პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებამდე ან მიმართულების არჩევამდე.

პარტიებს აქვთ პასუხისმგებლობა, კავშირში იყვნენ ამომრჩევლებთან. იმედია, ზუსტად ასე იქნება ბათუმში და დანარჩენ საქართველოში.

სოფელ მარადიდში უძველესი მარანი აღმოაჩინეს [ფოტო]

„სახლთან, ფერდობზე ვენახი უნდა ჩამეყარა და ორმოებს ვამზადებდი, შემთხვევით ძველი ქვევრი ვიპოვე.  შემდეგ სადღაც 2 მეტრში მეორეც და ასე სულ ექვსი ქვევრი აღმოვაჩინე, ფოტო გადავუღე და სპეციალისტებს გავუგზავნეთ. გუშინ იყვნენ მოსულები ბათუმის მუზეუმიდან და შესწავლა დაიწყეს. ამბობენ, რომ შეიძლება მეათე საუკუნის ან უფრო ძველი იყოს.“ – გვიყვება  სოფელ მარადიდის მკვიდრი მურად გოგიძე.

ის მარადიდის თემის სოფელ ძაბლავეთში ცხოვრობს და ქვევრებიც სწორედ აქ, საკუთარ სახლთან იპოვა.

მურად გოგიძის სახლი და ადგილი სადაც ქვევრები აღმოაჩინეს
მარადიდში აღმოჩენილი ქვევრის ნაშთები

აღმოჩენილი ნაშთების შეისწავლის მიზნით მარადიდში აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი,  არქეოლოგი იზოლდა დუმბაძე ჩავიდა. სპეციალისტის განმარტებით ზედაპირული დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სასოფლო სამუშაოების დროს შემთხვევით გამოვლინილი 6 ცალი ქვევრი ღია ტიპის მარნის კომპლექსს წარმოადგენდა.

„სხვადასხვა ზომისა და შემკულობის ქვევრების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე აღმოჩენილია ექვსი ქვევრის ნაშთები, ექვსივე არის სხვადასხვა ფორმისა და შემკულობის, სხვადასხვა აღწერილობის, ანუ ერთი ტიპი არ არის. როგორც ჩანს მარანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა რადგან დაფლობის დონეებიც სხვადასხვაა. თავის დროზე ეს იქნებოდა ღია ტიპის მარანი.  ვიმედოვნებთ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა სხვა დასკვნების შესაძლებლობასაც მოგვცემს.“ – ამბობს იზოლდა დუმბაძე.

ფოტო: აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი
მურად გოგიძემ სპეციალისტების მითითებით ვენახის გაშენება შეაჩერა, თავადაც დაინტერესებულია, თუ რას დაადგენენ სპეციალისტები და რომელი საუკუნით დაათარიღებენ მის აღმოჩენას.
„გამიგია რომ მარადიდი, ეს სახელიც მარნებიდან მომდინარეობს, წლების წინ ამ სოფელში ბევრი მარანი ყოფილა და მარან დიდს ეძახდნენ, აქედან მომდინარეობსო სახელი მარადიდი. ეს ყველაფერი მტკიცდება.“ – ამბობს მურად გოგიძე.
ის საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულია, რასაც ვერ მალავს. უკვე გეგმავს იმასაც, რომ ეს ადგილი მომავალში სოფელში შემოსული ტურისტებისთვის სანახაობად აქციოს, მაშინ როცა მათ სოფლის ისტორიაზე მოუყვება: „ ძველები ძლიერები ყოფილან ასეთ ფერდობზე და თიხიან მიწაში რომ ქვევრები ჩაალაგეს. “
იზოლდა დუმბაძის თქმით სასურველია ჩატარდეს ამ ტერიტორიის გათხრები, რაც აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია:
„მარადიდი უძველესი მეღვინეობის სოფელია. ყველა მოგზაურს, თედო სახოკიას, ზაქარია ჭიჭინაძეს და სხვებს, ვისაც აჭარაში უმოგზაურია ყველას აქვს მარადიდზე ცნობები დაცული, ამიტომ საინტერესოა თუ შევისწავლით ამ ტერიტორიას, გვერდით არის ასევე ვანახნარი ტოპონიმი შემორჩენილი – ეს ადგილიც საინტერესოა.“
მარადიდში აღმოჩენილი მარნის ნაშთები

აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 აპრილი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 78 პირს დაუდასტურდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ბათუმში 416 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია – 63; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პაციენტი.

289 პირი მკურნალობს კოვიდსასტუმროში.

აჭარაში 2 636 პირი თვითიზოლაციაშია.

24 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1250 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან ქვეყანაში გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ამავე თემაზე:

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება

1250 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 პაციენტი – 24 აპრილის კოვიდსტატისტიკა

24 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1250 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 15 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 302785 , ბოლო 24 საათში – 1250
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 284749 , ბოლო 24 საათში – 463
  • მათ შორის გარდაცვლილი – 4007 , ბოლო 24 საათში – 15
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 31958, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14801, PCR ტესტით – 17157
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,91%, ბოლო 14 დღის – 3,88%, ბოლო 7 დღის – 4,62%
  • სულ აცრილია – 36056, დღიურად აცრილია – 1559
  • კარანტინის რეჟიმში – 242
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3566
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 706

„წულუკიძეების საქმეზე“ მე-7 პირი, ელდარ ანთაძეც დააკავეს

„წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ დღეს, 23 აპრილს, ბათუმში ელდარ ანთაძეც დააკავეს. საუბარია რიონის ხეობის დაცვისთვის გამართულ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობაზე, რომლის შემდეგაც ბათუმიდან ჩასული 6 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა [ელდარ ანთაძის] 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელდარ ანთაძეს გამოძიება 225-ე მუხლის მიხედვით ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას.

ბრალდებულ რეზო წულუკიძის ცოლის ინფორმაციით, ელდარ ანთაძე იმ დროს დააკავეს, როცა ის დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას ამზადებდა და ხულოდან ბრუნდებოდა ბათუმში.

წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები კვირას ბათუმში აქციის მოწყობას აპირებენ.

წულუკიძეებს და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 აპრილს შეუფარდა. ისინი ბათუმში 15 აპრილს დააკავე.

ელდარ ანთაძე რეზო წულუკიძესთან ერთად გასულ წელსაც მისცეს პასუხისგებაში. 2020 წლის 6 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ხულიგნობა არ დაუდასტურა, რაც პროკურატურის ვერსია იყო, მაგრამ ფიზიკური ძალადობისთვის დასაჯა.

სასკოლო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი: „ჭადრაკი ჩემ მებრძოლ ბუნებას გამოხატავს“

პირველად ჭადრაკის ჩემპიონი ცხრა წლის ასაკში გახდა. ამის შემდეგ კიდეც სამჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ოქტომბერში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 17 წლის კატო ფიფიამ მაღალი რეიტინგის ირანელი მოწინააღმდეგე  დაამარცხა.

მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატში 23 ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ფინალურ ტურში 40 მონაწილე გადავიდა. კატომ ცხრა ტური ითამაშა, აქედან შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

კატო ამბობს, რომ ჭადრაკთან პირველი შეხებისთანავე გადაწყვიტა ამ სპორტს გაყოლოდა. ეს მეორე კლასში იყო, როცა სკოლაში ჭადრაკი, როგორც საგანი შემოიტანეს.

„პირველივე გაკვეთილზე მომეწონა და გადავწყვიტე პროფესიონალურად დავუფლებოდი. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან 3 უფროსი ძმა მყავს და სამივე სპორტშია, დედას ძალიან უნდოდა რომ მუსიკას გავყოლოდი და ცეკვაზე მევლო, თუმცა მე მოჭადრეკე მინდოდა გავმხდარიყავი და გავხვდი კიდეც“, – გვეუბნება კატო.

კატოს აზრით, ჭადრაკი მის ბუნებას გამოხატავს – უსასრულო ბრძოლაში ხარ, სულ ომში ყოფნა გიწევს და გამარჯვების სურვილი გაქვს“, – გვეუბნება კატო.

რატომ მოგწონს წინააღმდეგობები – ვეკითხებით მას. კატო გვპასუხობს, რომ ბუნებით მებრძოლია – ისეთივეა ცხოვრებაშიც, როგორც ჭადრაკში.

კატო ფიფია, მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონი ჭადრაკში

მათ ვინც ჯერ კიდევ გენდერული სტერეოტიპებით იკვებება, გარკვევით პასუხობს, რომ ქალი და კაცი თანასწორია. „მეც მიგრძვნია ხოლმე დისკრიმინაცია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ვარ. დღეს ბევრი გოგოა დაჩაგრული და შევიწროებული იმის გამო, რომ გოგონები არიან. ყოველთვის ვცდილობ, ყველა პლატფორმა გამოვიყენო იმის სათქმელად, რომ ეს მიუღებელია.

თუკი გოგონები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მათ აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამაზე, არ უნდა გაჩუმდნენ, რადგან გენდერული ნიშნით ჩაგვრა არასდროს დასრულდება ბრძოლის გარეშე. ჩემი აზრით, ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია“, – ამბობს კატო.

მისი აზრით, გენდერული სტერეოტიპები ახალ თაობაში ნაკლებადაა ფესვგადგმული და ეს კარგია. „ყოველ შემთხვევაში, იმ გარემოცვაში, ვისთანაც მე შეხება მაქვს, ქალის და კაცის თანასწორობის თემა გარკვეულია“, – გვეუბნება კატო.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, კატო ამბობს, რომ პანდემიის გამო ყველა ტურნირი გადადებულია. „ამიტომ, ამ ეტაპზე გამოკვეთილი გეგმები არ მაქვს. ჩემთვის მაინც პირდაპირ ტურნირებში გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და არა ონლაინში“, – გვეუბნება ის.

შავი და თეთრის კომბინაცია ახლა კატოს ცხოვრების ფიქრია. „სადაც კი შავ-თეთრ ფერებს გადავაწყდები, ჩემი ასოციაციები ყოველთვის ჭადრაკისკენ მიდის. სულ გეფიქრება ხოლმე ამ კომბინაციებზე“, – ამბობს კატო.

კვირაში მინიმუმ 3-4 გაკვეთილი აქვს, ხშირად აკვირდება ცნობილი მოჭადრაკეების სვლებს. ამბობს, რომ სხვების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საჭადრაკო კომბინაციები ამოუწურავია და დასწავლილი დაფაზე ყოველთვის არ გამოგადგება. „საბოლოდ, ყველაფერი მაინც ჭადრაკის დაფაზე წყდება, შენით უნდა შექმნა კომბინაციები და ბრძოლა მოიგო“, – გვეუბნება კატო.

მისი აზრით, მოგებისთვის მნიშვნელოვანია სამი რამ – განწყობა, ბრძოლის უნარი და ბევრი შრომა.

მკითხველმა 42 ათასი ლარი გადაურიცხა მამუკას, რომელიც დედის ოპერაციისთვის ცეკვავდა 

მამუკა ფოცხორაიამ დღეს საჯარო რეესტრს მიმართა მარტვილში ბინის დასარეგისტრირებლად. ბინის თანხა მამუკამ უკვე გადაიხადა. შემდეგი კვირიდან ქალაქ მარტვილში, მას თავის სახლში შეეძლება ცხოვრება. მალე დედასაც გულის ოპერაციას გაუკეთებენ – ერთ-ერთი კერძო კლინიკა მამუკას დედას უფასოდ გაუკეთებს ოპერაციას.

მამუკას შესახებ „ბათუმელების“ მიერ ვიდეორეპორტაჟის და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მამუკას ანგარიშის ნომერზე 42 ათასზე მეტი ლარი დაირიცხა…

 

სტატია: მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

სწორედ იმიტომ, რომ მთელი ქვეყნიდან არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მამუკას დახმარება, მას თავისი ორივე ოცნება აუსრულდება – ბოლოს და ბოლოს ექნება საკუთარი სახლი, სადაც ისე იცხოვრებს, როგორც მას მოსწონს და დედასაც გულის ოპერაციას გაუკეთებენ.

მამუკამ ბინაში 11 500 დოლარი გადაიხადა. გარემონტებულ ბინაში დგას ახალი ავეჯი და ტექნიკა.

 

23.04.2021 წელი. მამუკა ბანკში – ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბინის მეპატრონეს თანხას ურიცხავს
მამუკას მომავალი ბინა
მამუკას მომავალი ბინა

მამუკას ცეკვა დედისთვის – ვიდეორეპორტაჟი 

ბათუმის II საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 549 321 ლარი დაიხარჯება

განათლების სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 549 321 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიანი შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია“.

სამინისტროს განცხადებით, პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) ფასადის ფერებისა და გამოყენებული მასალის სახეობის დასადგენად.

„შევისწავლეთ არქიტექტურული ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა, მოვიძიეთ საარქივო მასალები შენობის თავდაპირველი იერსახის დასადგენად,“ – აცხადებს სამინისტრო.

სატენდერო პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დაასრულოს.

_______________________________

მთავარი ფოტო: მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ესკიზი

„ბულვარისთვის შეუსაბამო“ – კიდევ რა წერია გენგეგმაში ამბასადორის 16-სართულიან შენობაზე

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტი ბათუმის ბულვარში – 16-სართულიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი, ბათუმის ბულვარის ახლახან მომზადებულ გენგეგმაში ბულვარისთვის „შეუსაბამო შენობადაა“ შეფასებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლანდშაფტურ ზონაში, სადაც შპს „ამბასადორის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მდებარეობს, შესაძლებელია მხოლოდ ამ ზონის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ნაგებობა. ეს კი შესაძლებელია იყოს 3-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრი. ტერიტორიის შემოღობვა და ავტოსადგომის მოწყობა კი გენგეგმის დეტალური რეგლამენტით საერთოდ დაუშვებელია.

სწორედ ამ გენგეგმის მომზადებასა და მის დამტკიცებამდე ითხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას არასამთავრობო ორგანიზაციები – „ბათომი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ [ყოფილი EMC]. მით უფრო, რომ ბულვარის ადმინისტრაციას, როგორც ლანდშაფტური პარკისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების ერთიანი კონცეფცია – განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შესყიდული ჰქონდა.

ბიუჯეტიდან ამისთვის თითქმის 500 000 ლარი დაიხარჯა. თუმცა ეს არც აჭარის განათლების სამინისტრომ [როგორც ნებართვის გამცემი სტრუქტურის ზემდგომმა] და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში კი ცალსახად არის ნათქვამი, რომ დაუშვებელია ძეგლის საზღვრის, გეგმარებითი, ნაშენი და გამწვანებული სივრცეების ბალანსის ცვლილება – საზოგადოებრივი ბაღისთვის სრულად უცხო და შეუფერებელი ფუნქციის შეტანა.

საბაღე-საპარკე ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი, საბაღე-საპარკე არქიტექტურის  და ბაღის რეკრეაციული ფუნქციისთვის შესაფერისი შინაარსის ობიექტის გაჩენა.

გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ბათუმის ბულვარში დაგეგმილი 16-სართულიანი სასტუმრო არ შეიძლება მივიჩნიოთ არც ბაღის რეკრეაციული ფუნქციისთვის შესაფერისი შინაარსის ობიექტად და, მით უმეტეს, არც საბაღე-საპარკე არქიტექტურულ ობიექტად.

„მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება წარსულში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრის კონტურებში, ამ ობიექტის ფუნქცია და მასშტაბი დაუშვებელია. ის სრულად არღვევს ბაღის ძირითად მახასიათებლებს, ამას კი გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს როგორც თავად ბულვარისთვის, ასევე ქალაქისთვის. ობიექტი იმსახურებს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განსაზღვრულ სტატუსს – შეუსაბამო ობიექტი“, – ნათქვამია ბულვარის გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში. 

გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში საუბარია ასევე ბოლო ათწლეულში განხორციელებულ ისეთ მასშტაბურ მშენებლობებზე, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პარკზე.

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარის გენგეგმა ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით შპს „ბაუ დიზაინმა მოამზადა“ და ის დამკვეთს გადასცა. კანონი ახლა მის საჯარო გაცნობას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ბულვარის გენგეგმის ავტორი კომპანია დოკუმენტის საჯარო განხილვას მოაწყობს, დამკვეთის შენიშვნებისა და საჯარო განხილვის შედეგად დაფიქსირებული მოსაზრებების საფუძველზე, დოკუმენტი შეიძლება ისევ შეიცვალოს.

ბოლო ვერსია სწორედ ეს იქნება.

კომპანიამ საჯარო განხილვა 27-28 აპრილს დანიშნა . 27 აპრილს დაგეგმილია პრეზენტაცია ინსპექტირების ჯგუფთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ხოლო 28 აპრილს მოეწყობა პროექტის საჯარო განხილვა. საჯარო განხილვის ადგილმდებარეობა და დრო ჯერ დაზუსტებული არ არის, ამიტომ ამ ინფორმაციას მოგვიანებით დავაზუსტებთ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმის ბულვარი გენგეგმას არ ასაჯაროებს, დოკუმენტი საჯარო სივრცეში ატვირთული არ არის და ის არც ოფიციალურად გამოთხოვის შემდეგ მოგვაწოდეს.

____

ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

 

 

რატომ და რამდენი ხნით გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფისის მიმდებარედ, ნაწილობრივ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა. ამ ადგილიდან, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გადადიან. მოძრაობა შეზღუდულია ასევე ჟიული შარტავას გამზირზე [„კარფურის“ მიმდებარედ].

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება ფიროსმანისა და შარტავას ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით შეიზღუდა, რაც აბუსერიძის ქუჩაზე [სადაც ასევე შეზღუდულია მოძრაობა] კოლექტორის მშენებლობას უკავშირდება.

„რა პერიოდით იქნება მოძრაობა შეზღუდული, ზუსტად ვერ გეტყვით. აბუსერიძის ქუჩაზე კოლექტორის მშენებლობა კი, დღეს არსებული გეგმის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ფიროსმანის ქუჩა / 23.04.2021

დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინი აღარ სჭირდებათ

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, დღეიდან, 23 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავლენ. მათ სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.

ამ დრომდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, პირები, რომლებსაც ჰქონდათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას 12 დღით ექვემდებარებოდნენ საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

აღნიშნული პუნქტი მთავრობამ დღეს, 23 აპრილს, გააუქმა.

დღეს არსებული რეგულაციებით, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. ამასთან აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არის – ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

არის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზეც შეუძლიათ.

ამ ქვეყნების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

„აღმზრდელის ხელფასი 380 ლარია“ – რატომ არ ზრდის შუახევის მერია ბაღებში ანაზღაურებას

შუახევის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ისევ ელოდებიან. მათი ხელფასების ზრდა ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, თუმცა საბავშვო ბაღებში გაზრდილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ისევ არ მოგვემატა ხელფასი“ – ამბობენ ისინი „ბათუმელებთან“. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტი გაიზარდა და ეს გაზრდილი ბიუჯეტი ბაღების თანამშრომლების ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო. ამ საკითხის მოკვლევის მიზნით, გამგეობის თანამშრომლები საბავშვო ბაღებშიც იმყოფებოდნენ, თუმცა ხელფასი მაინც არ გაუზრდიათ.

„ეტყობა ჩათვალეს, რომ კარგი ხელფასები გვაქვს და არ დაგვიმატეს,“ – ხუმრობენ ერთ-ერთ ბაღში.

სხვა წყაროს ინფორმაციით, ბაღის თანამშრომლებს გამგეობაში ისიც უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ამიტომაც ვერ გასცემენ მომატებულ ხელფასებს. „ცენტრალური ხელისუფლებისგან არ წამოვიდა თანხა, ჩვენ არ გვაქვს და ვერ გირიცხავთო“.

ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში ყველაზე მაღალი ხელფასი (მენეჯერის) 435 ლარია (ხელზე აღებით), ყველაზე დაბალი კი – 240 ლარი (დამლაგებლის), ძიძა 315 ლარს იღებს, აღმზრდელი – 380 ლარს, ბაღის ფსიქოლოგი კი  – 290 ლარს.

„ბათუმელები“ შუახევის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მოემატათ ხელფასი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს. მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ხელფასებს აუცილებლად გაუზრდიან, თუმცა როდის, დაზუსტებით არ იციან.

„თვეს ვერ დაგისახელებთ, თუმცა ყველას ეზრდება 100-120 ლარის ფარგლებში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

ბაღების თანამშრომლებმა კი გვითხრეს, რომ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ყოველ თვეში, ზუსტად მსგავს დაპირებებს თავადაც იღებენ შუახევის მერიიდან.

კითხვაზე – რა პროცედურების გავლას ელოდება მერია? მერიაში გვპასუხობენ, რომ „მუნიციპალიტეტი კომუნიკაციაშია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან“.

განმარტებისთვის „ბათუმელებმა“ მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც, სადაც ასევე გვეუბნებიან, რომ  ხელფასების ზრდა იგეგმება, „დაახლოებით 100 ლარით, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს და როდის დასრულდება მოლაპარაკებსი პროცესი, ამაზე მიდის საუბარი“-გვეუბნებიან სამინისტროს პრესსამსახურში.

„ბათუმობა“ 8 მაისს აღარ ჩატარდება

„ბათუმობა 2021“, რომლის ჩატარებაც 8 მაისს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრსა და ინდმეწარმე ლაშა კვარაცხელიას შორის დადებული ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

ღონისძიების ორგანიზებაზე ხელშეკრულება 78 900 ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გაფორმდა და ამავე წლის 21 აპრილს შეწყდა. კულტურის ცენტრს ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე 100 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

„მხარეები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა თემატური საჯარო, სოციალური ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება. ამასთან ის პერიოდი [2021 წლის 8 მაისი, მანამდელი და მისი მომდევნო დღეები], როდესაც უნდა ჩატარდეს „ბათუმობა 2021,“ ვირუსის გავრცელების აცილების მიზნით განისაზღვრა უქმე დღეებად. მხარეები აღნიშნავენ და ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან, რომ დასახელებულ ვითარებაში სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2021“-ის ორგანიზება/ჩატარება ვერ მოხერხდება“, – აღნიშნულია ხელშეკრულების შეწყვეტის აქტში.

ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ბათუმობა 2021“ შეიძლება მიმდინარე წელს არც ჩატარდეს, მიზეზად კი, პანდემია დაგვისახელეს. „კონკრეტული პასუხი მომდევნო კვირაში გვეცოდინება,“ – გვითხრეს ცენტრში.

„ბათუმობა“ ბოლოს 2019 წელს გაიმართა. პანდემიის გამო არ ჩატარდა არც „ბათუმობა 2020“.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმობა“/ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი დაბა ხულოში იწყება და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით, დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მთავრდება. ამ გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობა, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

დასრულდება თუ არა მიმდინარე წლის დეკემბერში გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია? – „ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ დაუკავშირდა.

„სამუშაოები უნდა დასრულდეს იმ ვადაში, რა ვადაც აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელშიც ცვლილებები შევიდა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ დოკუმენტებით, სადაც ეს ვადაც არის მითითებული“, – გვითხრეს კომპანია „მამისონში“.

ამ დოკუმენტების მიხედვით კი, ბოლო, კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში, სამუშაოების დასრულების ვადად სწორედ 2021 წლის 01-11 დეკემბერია მითითებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2021 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, კომპანიას უკვე გადაურიცხეს სახელშეკრულებო თანხის [14 581 880  ლარი] 27%, ანუ 3 893 134 ლარი.

ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „მამისონს“ შორის 2020 წლის 9 ივნისს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებაში დღემდე 11 ცვლილება შევიდა, თუმცა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, სახელშეკრულებო მთლიანი თანხის რაოდენობა არ შეცვლილა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ეწყობა ხელოვნური ნაგებობები… პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მლნ. ლარია. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთს კვლავ ქუვეითის ფონდი აფინანსებს, რომელზეც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია“.

„განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ხულოში / 23.04.2021/ ფოტო: გზების დეპარტამენტი
ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ხულოში / 23.04.2021/ ფოტო: გზების დეპარტამენტი
ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ხულოში / 23.04.2021/ ფოტო: გზების დეპარტამენტი

დიდაჭარის კაშხალიდან ადიგენის სოფელ ზარზმამდე 42-კილომეტრიან მონაკვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „სინოჰიდრომ“ უნდა ჩაატაროს.

კომპანია „სინოჰიდროში“ დასაქმებული 100-მდე ადამიანი კი ხულოში, 21 აპრილს, გაიფიცა. „ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს,“ – ამბობდნენ გაფიცული მუშები.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

მთავარი ფოტო: ხულო, გზის რეაბილიტაცია / აპრილი, 2021 წელი / ფოტო: „ბათუმელები“

გონიოში მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა – საპროტესტო აქცია

გონიოს ციხესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები გონიოში მიწების დაკანონებას უკვე წლებია ითხოვენ, თუმცა მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ აკმაყოფილებს.

დღეს, 23 აპრილს, მათ კვლავ გამართეს საპროტესტო აქცია და რამდენიმე წუთით ცენტრალური  მაგისტრალიც გადაკეტეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მათ აქციის მონაწილეებს გზა გაათავისუფლებინეს.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ მათ მთავრობის წარმომადგენელი არ შეხვდება, გზას რამდენიმე საათით გადაკეტავენ.

საპროტესტო აქცია – გონიოს მოსახლეობა მიწების დაკანონებას ითხოვს

აქციის მონაწილეებთან იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, კონკრეტულად მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს ელოდებიან და თუ ისინი არ შეხვდებიან მოსახლეობას, შესაძლოა მათ გზა ისევ გადაკეტონ.

საპროტესტო აქცია გონიოში – მოსახლეობა გზა გადაკეტა

„ამ ადამიანებს აღიარების კომისიისგან აქვთ საკუთრება აღიარებული, თუმცა სამინისტროს ნებართვა საჭირო, რომ რეესტრში მიწების რეგისტრაცია შეძლონ. სამინისტრო კი ნებართვას არ აძლევს. ეს მიწები არ არის გონიოს ციხის მიმდებარედ და მათ, ვისაც მიწა მისცეს ამ ტერიტორიაზე, იმ პირობით გადასცეს, რომ ძეგლის მიმდებარედ არ ააშენებენ რაიმე ნაგებობას“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

გონიოში აქცია ახლაც [13:54] გრძელდება.

შაბათი-კვირა ბათუმში უნალექო იქნება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო და შიდამთიან რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, უნალექოდ, ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10დმ (2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა: +12 გრადუსი.

ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო 2 დღეს, 25 და 26 აპრილს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რეგიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

24 აპრილს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე 10 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილატაციო სამუშაოების გამო ხვალ, 24 აპრილს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყლამომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის ძველი ქსელის აბონენტებს

შარაშიძის, მაჭავარიანის,  მიქელაძის, შაშიკაძის, ხაბაძის, კაკაბაძის, ოპიზრების ქუჩებზე, ასევე მაჭავარიანის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევების აბონენტებს.

კორონავირუსით 11 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 271 ახალი შემთხვევა – 23 აპრილი

23 აპრილის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსით ინფიციერების 1 271 შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  301 535-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 284 286-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 992 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარაში – 98, იმერეთში – 71, ქვემო ქართლში – 52, შიდა ქართლში – 53, გურიაში – 41, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 91, კახეთში – 48, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, მათგან: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 921, აჭარაში – 404, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 584 პირი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში – 70, იმერეთში -88. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში – 80, აჭარაში – 7, იმერეთში – 11. 682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 – თბილისში, 317 – აჭარაში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, ხოლო აჭარაში – 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 233 პირი, აჭარაში – 2 711, იმერეთში – 1 199.

სამი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

„ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 500 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 32 250 ლარს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მართვის ქვეშ მყოფი ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება,“-აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

აჭარაში კოვიდით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 98 ახალი შემთხვევა

23 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა 98 ახალი შემთხვევა.

ბათუმში ამ ეტაპზე კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა (მართვით სუნთქვაზეა), კლინიკაში მკურნალობს 343 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -267, ონლაინკლინიკაში – 639.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 აპრილის მდგომარეობით აჭარაში სულ 3025 პირი აიცრა კორონავირუსზე, აქედან  ფაიზერით – 1830 და ასტრაზენეკათი – 1195.

ამ თემაზე:

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება

7 წლის ნიკა მარტო სკოლაში და მარტო კლასში [ფოტო]

ნიკას სკოლაში ზარი არ ირეკება. „დასვენება მაშინ არის, როცა მასწავლებელი იტყვის, რომ დავისვენოთ“, – ამბობს 7 წლის ნიკა, რომელიც სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა.

სოფელი ნამონასტრევი ქედაში, მდინარე მერისის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 820 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაბიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული.

„წლების წინ სოფელში იმდენი ადამიანი ცხოვრობდა და იმდენი სახლი იდგა, სახურავიდან-სახურავზე გადაფრინდებოდნენ ქათმები“, – გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები. ის სინანულით ამბობს, რომ სოფლიდან მიგრაციამ თანდათან იმატა და მალე პატარა სკოლის კარს ერთადერთი მოსწავლე, 7 წლის ნიკუშაც მიიხურავს.

ნიკა თურმანიძე მეორე კლასშია. თავს იმით იმხნევებს, რომ მალე გაიზრდება და ისიც სხვა სკოლაში გადავა – იქ, სადაც თანაკლასელებიც ეყოლება და მეგობრებიც.

ნიკა თურმანიძე

მიუხედავად იმისა, რომ კლასში მარტოა, უხალისობას  მაინც არ გრძნობს, რადგან ახალგაზრდა მასწავლებელი ჰყავს და როგორც თანატოლი, ისე უბამს მხარს გართობასა თუ სწავლაში.

„ძალიან მიყვარს ინგლისური, ქართული და მათემატიკა. შემიძლია ასოებით სიტყვა შეგიდგინოთ ან მარცვალი. საათის ცნობაც ვისწავლე“, – გვეუბნება ნიკა.

თამთა შარაძე ნიკას მასწავლებელია. ცდილობს, რომ საკლასო ოთახში ნიკას თავისუფალი გარემო შეუქმნას. კლასის კუთხეში სამკითხველო მოაწყო, სადაც ფერად ბალიშებზე ჩამოსხდებიან ხოლმე და გაკვეთილის თემებზე მსჯელობენ.

დღეს მკვეხარა ბუზის ამბავს განიხილავენ. ნიკა, რას ნიშნავს მკვეხარა? – ეკითხება მას თამთა მასწავლებელი. ნიკა ფიქრობს, რომ მკვეხარობა  არ არის კარგი რამე, რადგან „ეტლის კოფოზე შემომჯდარი ბუზი, თავის მაქებარა და ტრაბახაა“; სინამდვილეში ეტლი მას სულაც არ მიჰყავს.

შესვენებაზე ზარი არ ირეკება, რადგან თამთა მასწავლებელი ამბობს, რომ „დასვენების დროა“, შემდეგ ნიკა და თამთა მასწავლებელი თამაშებს ირჩევენ და ეზოში გადიან.

ნიკა და მისი მასწავლებელი დასვენებაზე ბურთს ერთად თამაშობენ

ნიკა ყვითელი ბურთით გზის დასავლეთ მხარეს დგება, თამთა – საპირისპირო მხარეს. პირველი გოლი ნიკას გააქვს, მეორე კი – მასწავლებელს.

შემდეგ „კლასობანას“ ჯერია. კლასებს ნიკა და თამთა ერთად ხაზავენ და შემდეგ „კლასში“ დგებიან. პირველი ნიკა ჩამოიხტუნებს ასკინკილით „კლასებს“, შემდეგ კი – მასწავლებელი.
განტვირთვის შემდეგ მოსწავლე და მასწავლებელი ისევ საკლასო ოთახში ბრუნდებიან, მაგიდაზე ჭადრაკს შლიან და იწყებენ. რომელი იგებს ხოლმე? – ვეკითხებით ნიკას. „მე ვიგებ ხშირად, გუშინ დედაჩემსაც მოვუგე 6 ხელი“, – გვეუბნება ის.

თუმცა დასძენს, რომ თუ მასწავლებელი აგებს, არ უხარია და არც ის უხარია, როცა თვითონ აგებს.

ნიკა და თამთა მასწავლებელი კლასში

ნიკა სკოლის ოთახებს გვათვალიერებინებს, ერთ კლასში ძველი, საბჭოთა მერხები აწყვია. ამბობს, რომ ერთ-ერთი მერხი მისი მამისაა. კუთხეში წიგნების გროვიდან ძველ „დედა ენას“ იღებს და ამბობს, რომ ესეც მამისაა. „მამა დადიოდა ამ სკოლაში და ამ წიგნსაც კითხულობდა“. – გვეუბნება ნიკა. მისგან განსხვავებით მამას თანაკლასელები ჰყავდა, რამდენიმეს სახელიც კი ახსოვს.

ნიკას სოფელში თანატოლები მხოლოდ არდადეგებზე ჰყავს, როცა ქალაქიდან სოფელში დასასვენებლად ბრუნდებიან ბავშვები. მანამდე კი ველოსიპედით და ბურთით ერთობა. „შინაური ცხოველებიც მყავს, თევზებიც და მათაც ვუვლი“, – გვეუბნება ნიკა.

თავისუფალ დროს ნიკა და თამთა ჭადრაკსაც თამაშობენ

თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს და ამბობს, რომ წიგნის კითხვაც უყვარს. „ვეფხისტყაოსანიც“ წაუკითხავს და გაუგია, ტარიელმა ვეფხვი რომ მოკლა.

როგორც ბავშვების უმრავლესობა, ნიკაც ფიქრობს, რომ როცა გაიზრდება, პოლიციელი გამოვა, რადგან „ცუდ ბიჭებს ანუ ქურდებს დავიჭერო“.

ამბობს, რომ მოსწონს, როცა პატარებს ეხმარება. „ერთხელ პატარა ბავშვი წაიქცა და მე დამეხმარე წამოდგომაში. ბიჭებმა სიცილი დაიწყეს, მაგრამ რა იყო ამაში სასაცილო? უნდა დაეხმარო ადამიანს, რომ გადარჩეს“, – გვეუბნება ნიკა.

როცა ორი წლის შემდეგ ნიკა სხვა სკოლაში გადავა, სოფელ ნამონასტრევის სკოლას მოსწავლე აღარ ეყოლება. ნიკა ამბობს, რომ ამის გამო სკოლა ალბათ არ დანაღვლიანდება, რადგან მას ჯამბაზი გაართობს. „აი, ის ჯამბაზი დაელაპარაკება“, – ამბობს და თითს კედლისკენ იშვერს. კედლიდან ნიკას დახატული ფერადი ჯამბაზი გვიცინის. „მადონა ბებო დამლაგებელია და კიდევ ისიც დაელაპარაკება“, – ასკვნის ნიკა.

მოსწავლეებისა და მასწავლებლის გარეშე დარჩენილ სკოლაში ნიკას ნახატები – ხეები, ყვავილები, ფერადი ცხოველები და კლასიკოსი მწერლების ფერადი ფოტოები დარჩება.
მარტო სკოლაში და მარტო კლასში | როგორია მარტო სწავლა სოფლის სკოლაში ?

Exit mobile version