მთავარი,სიახლეები

ბათუმის ყველაზე ძველი ფერადი ჩანახატი კაპიტან ჰაიდ პარკერისგან

01.07.2021
ბათუმის ყველაზე ძველი ფერადი ჩანახატი კაპიტან ჰაიდ პარკერისგან

1853 წელს დიკინსონის გამომცემლობამ ლონდონში 11 სურათისგან შემდგარი ალბომი გამოაქვეყნა. ალბომს ერქვა „ჩანახატები შავიზღვისპირეთიდან“. ჩანახატების ავტორი ბრიტანელი საზღვაო კაპიტანი, ჰაიდ პარკერი იყო. ჩანახატების მიხედვით, მერე მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შექმნილი ფერადი ლითოგრაფიებიც დაიბეჭდა.

პუბლიკაცია „ბათუმი და შავიზღვისპირეთი ბრიტანული საზღვაო კაპიტნის ჰაიდ პარკერის ჩანახატებში“ ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა, პუბლიკაციის ავტორი მკვლევარი გიორგი სორდიაა.

„ბათუმი – საქართველოს საზღვარი“/„Batoum – Frontier of Georgia”, ასე ჰქვია კაპიტან ჰაიდ პარკერის ნახატს, რომელიც პუბლიკაციის ავტორის მოსაზრებით ბათუმის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი ფერადი ევროპული ჩანახატია.

ბათუმის ხედი (©Trustees of the British Museum)

„ნახატზე ბათუმის ყურე და კონცხია გამოსახული, სანაპიროს გაყოლებაზე ჩამწკრივებულია ხისგან ნაშენები სახლები, ერთ-ერთი გამოკვეთილი ნაგებობა შესაძლოა წისქვილი იყოს. ყურეში ორი იალქნიანი გემია გამოსახული, კონცხის ცენტრში კი შეიმჩნევა მცირე ნაგებობა და ანძა, რომელზეც დროშა ფრიალებს. სურათის წინა პლანზე გამოკვეთილია თოფებით შეიარაღებული სამი ადგილობრივი, რომლებსაც ზურგით თივის შეკვრა გადააქვთ. სურათზე ასევე ყურადღებას იქცევს ორი ცხენი და სანაპიროსთან ახლოს მცურავი ტივი, რომელზეც ხუთი ადამიანი იმყოფება“, – წერია პუბლიკაციაში.

ჩანახატების ავტორი უილიამ ჰაიდ პარკერი ბრიტანელი მეზღვაურების ცნობილი საგვარეულოდან ყოფილა. ჰაიდ პარკერისთვის 1853 წელს ყირიმის ომში საბრძოლო და სადაზვერვო მისიის შესრულება დაუვალებიათ. საზღვაო ფლოტის საბრძოლო ხომალდ HMS Firebrand-ის კაპიტანი შავიზღვისპირეთში მცხოვრებ მოსახლეობას აღწერდა, აკეთებდა ჩანაწერებსა და ჩანახატებს. ეს მასალები ბრიტანეთის ფლოტის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის იყო განკუთვნილი.

ბრიტანელი კაპიტანი მალევე დაღუპულა რუსულ ფლოტთან საბრძოლო შეჯახებისას 1854 წლის ზაფხულში.

პუბლიკაციის ავტორმა ჰაიდ პარკერის შავიზღვისპირეთის თემაზე შექმნილი რარიტეტული ალბომი, რომელიც სერიულად არ დაბეჭდილა, ბრიტანეთის მუზეუმის დახმარებით მოიპოვა.

პარკერის ნახატების ქართულ გამოცემაში წერია, რომ ბრიტანეთის მუზეუმი და ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ინახავს კაპიტნის შავ ზღვაში მისიით ყოფნის დროინდელ ხელნაწერ დოკუმენტებს და ჩანაწერებს, რომლებიც სავარაუდოდ ოსმალური პერიოდის ბათუმსაც აღწერს.

თათარი შიკრიკი (©Trustees of the British Museum)

 

თურქი სამხედრო მეთაური და მისი მსახური (©Trustees of the British Museum)

 

ზედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. გლეხი, 2. კავალერისტი, 3. ბაში-ბოზუქი, 4.თურქი ქალი, 5. ქართველი მთიელი, 6. მესტვირე, 7. ალბანელი. ქვედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. სომეხი მღვდელი, 2. ქვეითი ჯარისკაცი, 3. ტკბილეულობის გამყიდველი, 4.დერვიში, 5. მწყემსი. (©Trustees of the British Museum)

 

ზედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. თურქი ქალი, 2. ტვირთების მზიდავი. ქვედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: 1. თურქი ჯარისკაცი, 2. სტამბოლელი ებრაელი, 3. დერვიში,4. საზამთროს გამყიდველი. (©Trustees of the British Museum)

 

ბაში-ბოზუქი – ოსმალეთის იმპერიაში არარეგულარული სამხედრო შენაერთის მებრძოლი (©Trustees of the British Museum)


მასალაში გამოყენებული ილუსტრაციების ციფრული ვერსიები ეკუთვნის ბრიტანეთის მუზეუმს და ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრს. მათთან შეთანხმების გარეშე მასალის გავრცელება აკრძალულია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: