მთავარი,სიახლეები

რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ბსუ-ში

01.07.2021 • 1858
რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ბსუ-ში

შიდა აუდიტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარღვევები აღმოაჩინა. მონიტორინგი მოიცავს 2019-2020 წლებს. დასკვნაში საუბარია როგორც ადმინისტრაციული ხასიათის, ასევე ფინანსურ დარღვევებზეც. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის უნივერსიტეტს დიდი ოდენობის ვალი ერიცხება.

უცხოელი სტუდენტების საქმე

აუდიტის დასკვნაში ყველაზე ვრცელი ადგილი სწორედ ამ ნაწილს ეთმობა. დასკვნის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი იანვრის  მდგომარეობით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიმართ 6 449 740  ლარის  ოდენობით სწავლის საფასურის დებიტორული დავალიანება ერიცხება, მათ  შორის  უცხოელი (630-ზე  მეტი ინდიელი) სტუდენტების მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 5 353 120 ლარს, სხვა დანარჩენი სტუდენტების კი – 1 096 620 ლარს.

საიდან წარმოიშვა ეს ვალი? – როგორც აუდიტი წერს, კომპანია „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ ბიუსთან“ 2017 წლის ივლისში  დადებული მემორანდუმის მიხედვით, უცხოელ სტუდენტებს სწავლის საფასური სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე უნდა გადაეხადათ. „თუმცა კომპანიამ შეთანხმება დაარღვია. აღნიშნულმა  უპასუხისმგებლო ქმედებამ განაპირობა მემორანდუმით ნაკისრი  ვალდებულების იგნორირებითა და პირობების დარღვევით ვადაგადაცილებული სახით, როგორც დებიტორული, ასევე  კრედიტორული დავალიანების  დაგროვება“, – წერს აუდიტი.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, თუ პირობების შეუსრულებლობა ორ თვეზე დიდხანს გრძელდება, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულებას, დავა კი სასამართლოში გრძელდება.

როგორც აუდიტი ამბობს, აღნიშნული კომპანია უნივერსიტეტს არ აწვდიდა სტუდენტთა სახელობით სიას, სადაც გარკვევით იქნებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სტუდენტს ჰქონდა სწავლის საფასურის დავალიანება ან პირიქით.

„აღნიშნული კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების (დებიტორული, ასევე  კრედიტორული) დაგროვების ფაქტს ადგილი არ ექნებოდა უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებს (დეკანატი, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი  და სხვა) დროულად და თანმიმდევრულად,  ყოველი სემესტრის შედეგების მიხედვით, მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების  გათვალისწინებით სამართლიანი მიდგომის მეთოდით, კატეგორიულად რომ დაეყენებინათ მოთხოვნა სწავლის საფასურის  დროულად დაფარვისა და ამასთან უნივერსიტეტის ანგარიშზე უკვე  ჩამორიცხული თანხების მიხედვით სტუდენტთა სახელობითი სიების წარმოდგენაზე.

უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების  მხრიდან  მოცემული  საკითხის მიმართ წაყრუებამ, საქმისადმი გულგრილმა და  უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, ამასთან კომპანიების  მიმართ  შესაბამისი ქმედითი და მართლზომიერი ღონისძიებების დროულად  ვერ ან არგატარებამ განაპირობა 2017 წლიდან მოყოლებული დავალიანებების უცვლელი ფორმით არსებობის შესაძლებლობა“, – ამბობს აუდიტი.

ამავე წყაროს ცნობით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არ იძლევა საშუალებას საჯარიმო სანქციები დააკისროს კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. „არსებული  რისკების  შეუფასებლობის, გარანტორი კომპანიის სანდოობის ჯეროვნად არ  შეფასების, მემორანდუმების გაფორმებებთან მიმართებაში  დაშვებულმა ხარვეზებმა და არასათანადოდ შეფასებულმა  გათვლებმა განაპირობა დიდი ოდენობით დებიტორული დავალიანების არსებობა, რამაც უნივერსიტეტი დააყენა  მაღალი რისკების  მატარებელ  პროცესებსა და ფაქტებთან“, – ამბობს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ყოფილი კანცლერის მიმართ გაგზავნილ სამსახურებრივ ბარათში, რომელიც 2020 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

2021 წელს გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ „2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ვალი 13 862 177 ლარამდეა გაზრდილი. ანუ დავალიანების მოცულობა გაზრდილია 7 412 437 ლარით“.

„ბათუმელები“ შეეცადა აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით განმარტებები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიეღო. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მხოლოდ წერილობით გაგზავნილ კითხვებს უპასუხებდნენ.

„ბათუმელებმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა უნივერსიტეტის ყოფილ კანცლერს ალექსანდრე მითაიშვილს, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ იმპიჩმენტი გამოუცხადეს უნივერსიტეტში და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მითაიშვილს ვკითხეთ, თუ რა გახდა ვალების დაგროვების მიზეზი და რატომ არ რეაგირებდა ამაზე ბსუ-ს ადმინისტრაცია. ის ამბობს, რომ ვალები წლების განმავლობაში არასწორად განხორციელებულ მენეჯმენტს უკავშირდება, რომელიც მის კანცლერად დანიშვნამდე წარმოიშვა.

„მე ამის თაობაზე მასალები გადავაგზავნე პროკურატურაშიც და სასამართლოშიც მაქვს საქმე შეტანილი კომპანიის წინააღმდეგ ჩემი კანცლერობის დროს“, – ამბობს მითაიშვილი.

ყოფილი კანცლერის თქმით, უნივერსიტეტმა კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა უცხოელ სტუდენტებთან მიმართებაში, როცა პირველი ნაკადის სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ისინი 5 წლის ნაცვლად 6 წელიწადში შეძლებდნენ საბაკალავრო პროგრამის დაფარვას, თუ წლის განმავლობაში ზედმეტ კრედიტებს გაივლიდნენ.

„სწორედ ამ დაპირებაზე აპელირებდნენ სტუდენტები და ამბობდნენ, რომ როცა მერაბ ხალვაში იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, უფლებას გაძლევთ გაიაროთ წელიწადში 60-ის ნაცვლად 75 კრედიტი, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ 5 წელში დაამთავროთ საბაკალავრო პროგრამაო. მაგრამ ამათ სასწავლო კურსი – 360 კრედიტი ხომ მაინც გაიარეს?  თითო კრედიტი ხომ ფული ღირს, ამიტომ ისინი 5 წელში დაამთავრებდნენ თუ ექვსში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გავლილი კრედიტების ფული უნდა გადაეხადათ. სწორედ ამან წარმოშვა უთანხმოება“, – ამბობს მითაიშვილი. ის ირწმუნება, რომ ეს პოზიცია უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზეც დააფიქსირა და განაცხადა, რომ „ბსუ ცუდ პრეცედენტს ქმნიდა“.

„პირველი ნაკადის უცხოელ სტუდენტებს რომ აჩუქეს ერთი წლის გადასახადი, 452 სხვა ინდოელი სტუდენტი რომ სწავლობს კიდევ, ისინიც ხომ მოითხოვენ იმავეს?“ – ამბობს მითაიშვილი.

ბრძანების გარეშე ჩატარებული ლექციები

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2020 წლის მაისი-ივნისის თვეში დაგვიანებით გადმოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბრძანების გარეშეა ჩატარებული 1806 ლექცია. აქედან ნაწილი აუდიტორიაშია ჩატარებული, ნაწილი აუდიტორიის გარეთ.

„ეს არის უხეში დარღვევა, როცა რექტორის ბრძანების გარეშე ტარდება ლექციები. როგორც ვიცი, მთელი ექვსი თვე ისე ტარდებოდა ლექციები ამა თუ იმ ფაკულტეტზე, რომ არ არსებობდა ბრძანება და ლექციების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. დაახლოებით 2 000 საათამდე იყო ჩატარებული, ისე გავიდა მთელი საგაზაფხულო სემესტრი (რაც არ უნდა პანდემია იყოს). ეს არ არის გამამართლებელი საბუთი, რადგან ელექტრონული წარმოება არ შეწყვეტილა, ამის მიუხედავად, ბრძანებაც კი არ ყოფილა. მე თანამდებობრივად მევალებოდა და შესაბამისი რეაგირება გავაკეთე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწერა ბრძანება უკვე ჩატარებული ლექციების ჩატარებაზე, უკანა რიცხვით“, – ამბობს მითაიშვილი.

სხვა დარღვევები აუდიტის დასკვნაში

დასკვნაში წერია, რომ 2020 წლის პერიოდში საწვავი დაშვებული ლიმიტის ზემოთ არ დახარჯულა, თუმცა არცერთ ავტომობილზე საწვავის ხარჯვა სპიდომეტრით არ იზომება. „საწვავის ჩამოწერის ძირითადი მარწმუნებელი და დამაჯერებელი ფაქტორი კი სპიდომეტრის ზუსტი ჩვენებაა, სადაც დადასტურებული იქნება ფაქტობრივად განვლილი მანძილი და შესაბამისად განისაზღვრება საწვავის ფაქტობრივი ხარჯი. აღნიშნული პროცედურები ანუ სპიდომეტრების აღრიცხვა უნივერსიტეტში საერთოდ არ ხორციელდება“, – წერს აუდიტი.

გარდა ამისა, აუდიტი საუბრობს დიდი ოდენობით ჩამოსაწერ ავტომობილებზე, რომელიც წლებია უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხება.

39 ერთეული სასოფლო დანიშნულების ტექნიკიდან  79,5 % ამორტიზებულია. შეკეთებას არ ექვემდებარება. ასევე, ბალანსზე არსებული 23 სხვადასხვა მოდელის სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ შვიდი ავტომობილია გამართული.

რადგან ბსუ-ს ადმინისტრაციამ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა, ჩვენ ამჯერადაც ყოფილ კანცლერს ვკითხეთ, რატომ არ ჩამოწერეს უსარგებლო ავტომობილები, რაზეც ალექსანდრე მითაიშვილი გვპასუხობს, რომ ამის უფლება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ მისცა.

„კატეგორიული უარი მითხრა, ამიტომ სხვა ალტერნატივა არ მრჩებოდა თუ არ გავარემონტებდი. პროცესი გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, გავაკეთე კომისია, რომლის წევრი მე არ ვყოფილვარ. ეს კომისია მსჯელობდა ყველა მანქანის რემონტზე, წარმოდგენილი იყო სადეფექტო აქტები.

18 მანქანა ფიტოპათოლოგიის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ეზოშია და უზარმაზარ პრობლემას ქმნის, გველების ბუდეა, მოსახლეობა უკმაყოფილოა ამის გამო და უბნის გამგებელმაც არაერთხელ მთხოვა, რომ გაგვეტანა. პრობლემაა მაგათი შენახვა. ამ მანქანებზე საწვავიც იწერებოდა წლების განმავლობაში“, – ამბობს მითაიშვილი.

მისი თქმით, გეგმაში ჰქონდა, რომ ძველი ავტოპარკი ჩამოეწერა, ჯართად გაეყიდა და ახალი ავტოპარკი შეეძინა, თუმცა უარი მიიღო.

კანცლერის იმპიჩმენტი

ალექსანდრე მითაიშვილს ბსუ-ში უნდობლობა გამოუცხადეს იმ მოტივით, რომ მან არ წარმოადგინა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ანგარიში. მითაიშვილი ამბობს, რომ მას ანგარიში მზად ჰქონდა. „წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა არ მოიწვია საბჭო და არც მოუთხოვია ანგარიში. მე კი საბჭოს მოწვევის უფლება არ მქონდა“, – ირწმუნება ყოფილი კანცლერი.

ყოფილ კანცლერთან დაკავშირებით ბიუჯეტის ანგარიშის გარდა სხვა ბრალდებებიც გაჟღერდა. საუბარი იყო პანდემიის პერიოდში საწვავის გადახარჯვაზე, თუმცა ამის შესახებ აუდიტი არაფერს წერს. დასკვნაში წერია, რომ ბსუ-ს ბალანსზე რიცხულ არცერთ ავტომობილს, მათ შორის ტოიოტა-კოროლას (FDP-377) და ტოიოტა-პარდოს (სახლ. ნომრით: KL-797 KL), რომლითაც ყოფილი კანცლერი სარგებლობდა, საწვავის გადახარჯვა არ უფიქსირდება. საწვავის ხარჯების თაობაზე ყოფილი კანცლერი ასეთ განმარტებას აკეთებს: „პანდემიის პერიოდში ადმინისტრაცია მუშაობდა. მე პირადად, სამსახურში ყოველდღე დავდიოდი. გარდა ამისა, ორ ავტომობილს ჰქონდა საშვი ლოქდაუნის დროს და აქედან ერთი ჩემი ავტომანქანა იყო. რადგან ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ მიგვყავდა და მოგვყავდა დაცვის თანამშრომლები, დამლაგებლები“.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც მისი მისამართით გაჟღერდა შეეხებოდა პირად სარგებელს – ყოფილმა კანცლერმა უნივერსიტეტს ბანკი შეუცვალა და ანგარიშები იმ ბანკში გადაიტანა, საიდანაც მას კრედიტი ჰქონდა აღებული.

მითაიშვილი ამ ბრალდებაზე ასე პასუხობს. „ეს არ არის ჩემი ვალი, ჩემ ერთ ახლობელს დავუდექი თავდებში და რადგან ის გარდაიცვალა, ბანკი ჩემგან ითხოვს ვალის დაფარვას.

თუმცა ეს არ არის კავშირში უნივერსიტეტის ანგარიშების გადმოტანასთან ამ ბანკში. ჩვენ კანონი გვავალებს, რომ საბანკო მომსახურებაზე კონკურსი გამოვაცხადოთ, რომლის მთავარი განმსაზღვრელია პროცენტული განაკვეთი, რომელსაც ბანკი გაჩერებულ სახსრებზე გვირიცხავს. „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა კონკურსში, რადგან მან წლიური მოგება 14,6 პროცენტი გადაგვიხადა, მაშინ როცა წინა ბანკი, 8,8 პროცენტს გვთავაზობდა. 2020 წელში პანდემიის პირობებში 700 ათას ლარამდე მოგება მიიღო ამ ოპერაციით უნივერსიტეტმა“, – ამბობს მითაიშვილი.

აუდიტის დასკვნაში საუბარია ასევე ოთხი ფაკულტეტის 4 სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც აკრედიტაცია უნდა გაევლო ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რისთვისაც გადასახდელი იყო 2 700 ლარი – აკრედიტაციის თანხა. ამ პროგრამებზე უნივერსიტეტმა ისე გაზარდა სწავლის საფასური, რომ არ დაელოდა ბრძანებას.

„ფაქტობრივად, უკანონო ტარიფით ახდევინებდა სტუდენტებს გაზრდილ გადასახადს, რის გამოც, სტუდენტების ვალი დაედო და ახლა უკან აბრუნებს ამ თანხებს. სადღაც 300 ათას ლარზეა საუბარი. ამის გამო არავის არ უნდა ეგო პასუხი უნივერსიტეტში? დაისაჯა ვინმე“, – ამბობს მითაიშვილი.

აღნიშნული ფაქტის შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ  5 მარტის სტატიაში წერდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: