მთავარი,სიახლეები

ტურისტების მოლოდინი სიხარულითა და შიშით – თევზით მოვაჭრეების სეზონი [ფოტოამბავი]

30.06.2021 • 2755
ტურისტების მოლოდინი სიხარულითა და შიშით – თევზით მოვაჭრეების სეზონი [ფოტოამბავი]

„დღეს კოვიდის 1200 შემთხვევა ყოფილა“, „პირბადის გარეშე არ უნდა შემოუშვან ტურისტები“ – ბათუმის თევზის ბაზარში დილა კორონავირუსზე საუბრით და სტატისტიკის განხილვით იწყება.

თევზით მოვაჭრეებს, ერთი მხრივ, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა უხარიათ, მეორე მხრივ კი, დარდობენ ვირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების გამო.

ბათუმის თევზის ბაზარი

მარინა მესხი ბათუმის თევზის ბაზარში თევზს ყიდის. ამბობს, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, აისახა როგორც მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზე, ისე ურთიერთობებზე.

მარინა მესხი: „დიდ კრიზისში ვართ. ტურისტი თუ არ შემოვიდა, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ყიდულობს უფულობისა და უსახსრობის გამო. პანდემიის დასაწყისი რთული იყო. ორი წუხილი გვქონდა, ჯერ ერთი ფინანსური და მეორე სულიერი. გვეშინოდა გარეთ გასვლა, ცხოვრება, ურთიერთობა… აქ მომუშავე ერთი ქალი მოკვდა კოვიდით. ჯანმრთელი ქალი იყო, მაგრამ დაიღუპა”.

თევზის ბაზარში ხალხმრავლობა არაა. ბაზარში შესულ ნებისმიერ უცხო სახეს ყველა თავისი დახლისკენ ეპატიჟება და ახალ თევზს სთავაზობს. გურამ მგელაძე წლებია თევზით ვაჭრობს. ამბობს, რომ პანდემიის პირველი ზაფხული რთულად გადასალახი აღმოჩნდა. წელს კი ტურისტები დაბრუნდნენ, რაც ბაზრის მუშაობაზეც აისახა.

გურამ მგელაძე: „პანდემიამ პირდაპირი გავლენა მოახდინა. კლიენტი არაა, ტურისტი არაა, თევზი არ იყიდება. შემოსავალი ნაკლებია, გასავალი მეტი, ყველაფერი გაძვირდა. ბოლო 15-20 დღეა იგრძნობა ხალხის მატება. ძალიან დამთრგუნველი იყო პირველი პერიოდი – შიში, ნერვიულობა იმაზე, რომ ახლობლები არ დაავადებულიყვნენ… დათრგუნულები ვიყავით”.

შემცირებულ შემოსავალზე საუბრისას გურამ მგელაძეს მაგალითი მოჰყავს და ასე ხსნის, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ თევზით მოვაჭრეებზე.

„თუ პანდემიამდე, 2019 წლის ზაფხულში, დავუშვათ, თვეში ჩემი შემოსავალი იყო 1000 ლარი, შარშან, 2020 წლის ზაფხულში, გახდა 300 ლარი და უფრო ნაკლები.

წელს ყველას იმედი გვაქვს, რომ კარგი ზაფხული გვექნება. ერთადერთი იმის მეშინია, დაავადება არ გავრცელდეს. ტურისტი რომ შემოვა და გაიზრდება რაოდენობა, მოლოდინი არის, რომ დაავადება უფრო გავრცელდება. რეგულაციებს შეძლებისდაგვარად ვიცავთ, აუცილებელია რეგულაციების დაცვა. პირბადე აუცილებელია,“ – ამბობს გურამ მგელაძე.

თევზის ბაზარი

ტურისტების იმედი აქვს დარეჯან ცერცვაძესაც. ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში ვირუსის შიში და ფინანსური გასაჭირი ერთად გაუჩნდათ ბაზარში მოვაჭრეებს. თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ეს ზაფხული მაინც უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული.

დარეჯან ცერცვაძე: „პანდემია ცუდად აისახა ჩვენზე. თავიდან შემოსავლები შეგვიმცირდა. ახლა უკეთესობისკენ მივდივართ. ეს ზაფხული უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. შარშან ნაკლები ტურისტი იყო. წელს აშკარად მეტი ადამიანი შემოდის“.

თევზის ბაზარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: