მთავარი,სიახლეები

„ახლოს თუ მოხვალ, გცემთ“ – ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც აქციას აშუქებდა

06.07.2021 • 1536
„ახლოს თუ მოხვალ, გცემთ“ – ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც აქციას აშუქებდა

5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი აქცია ჟურნალისტებზე ნადირობის დღეს იქცა.

მარიამ ნიკურაძე OCMEDIA-ს რედაქტორია. ინტერნეტგამოცემა სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში მუშაობს. მარიამი იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორისაა, ვინც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველზე მოვლენების ეპიცენტრში მუშაობდა, თუმცა მოძალადეებს გადაურჩა. “ბათუმელებმა” მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

  • მარიამ, თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რა შეიცვალა გუშინდელი დღის შემდეგ?

12 წელია მეტი ჟურნალისტი ვარ და გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიგრძენი, რომ როგორც ჟურნალისტი, არ ვიყავი დაცული. კი, ამ წლების განმავლობაში ქვაც მომხვედრია, რეზინის ტყვიაც, კვერცხიც – აქციაზე ბევრჯერ დავშავებულვარ, პოლიციელსაც ჩაურტყამს ფეხი… თუმცა ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედებები ჟურნალისტის მიმართ. უბრალოდ მომხვდა დარბევის დროს.

ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არცერთხელ არ მქონდა იმის განცდა, რომ ახლა რადგან ჟურნალისტი ვარ, ვიღაცა მოვა და მცემს. პირიქით ყოველთვის ვცდილობდი, რომ პრესის ნიშანი მქონოდა ან რაღაც ისეთი განმასხვავებელი, რომ ხალხს და პოლიციელებს სცოდნოდა – ჟურნალისტი ვარ. შესაბამისად, არ შემხებიან. გუშინ იყო სულ სხვანაირად – იგრძნობოდა, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჟურნალისტების მიმართ და გუშინ იყო საშიში, რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი. ეს შეიცვალა ზუსტად ჩემთვის პირადად.

  • ბევრი აქცია გაგიშუქებიათ – ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამოჩენილი სისასტიკის გარდა, რით იყო განსხვავებული გუშინდელი დღე სხვა აქციებიდან?

ახალი თითქოს არაფერი იყო. 2013 წლის 17 მაისიც მაქვს გაშუქებული. საწინააღმდეგო ჯგუფების მუხტი აქციის დროს მაშინაც იგივე იყო. მზად იყვნენ ვიღაცები მოეკლათ. გუშინაც ასეთი განცდა მქონდა, დილით განსაკუთრებით. დილას ვფიქრობდით, რომ უფრო პრაიდის დღე იყო და უფრო და უფრო ცუდის მოლოდინი გვქონდა. საღამოს კი ვფიქრობდი, რომ ეს დღე დარჩებოდა ჟურნალისტებზე ნადირობის დღედ. პრაიდმაც გააკეთა განცხადება, თქვა აღარ ვატარებთო. ისე გამოვიდა, რომ გუშინდელი აქცია შეგვრჩა, როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული აქცია.

თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ იყო უცნობის აქცია ევროპის მოედანზე. მაშინაც ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი მონაწილეები, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის დონეზე. ხელი არავის დაურტყამს. მეც გამომლანძღეს რაღაც საშინელი სიტყვებით – სოროსის აგენტი, სატანა და ჯოჯოხეთის მაშხალა მეძახეს იქაც.

მაშინაც ვფიქრობდი, რომ ყველა, იქ ვინც იყო, ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ. გუშინ ეს აგრესია უკვე ძალადობაში გადაიზარდა. ასეთი მართლა არ მახსოვს. ჩემს პრაქტიკაში მართლა არ ყოფილა, რომ ამდენი ხალხი ჟურნალისტებს სცემდა მიზანმიმართულად.

  • განსხვავებით სხვა ჟურნალისტებისგან თქვენ არ დაშავებულხართ, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ეპიცენტრში იყავით. როგორ იმუშავეთ? როგორ მოახერხეთ ფოტოების გადაღება?

ცოტა მეცინება ახლა რომ ვიხსენებ. ვიცოდი, რომ მძიმე დღე გველოდა, ამიტომ ვფიქრობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი თავი, როგორც ჟურნალისტს. გუშინ გამთენიისას დავჯექი და PRESS ნიშანი დავაკერე ჩემს ზურგჩანთას. მინდოდა ყველა მხრიდან იდენტიფიცირებადი გავმხდარიყავი, როგორც ჟურნალისტი. ასევე ჩაფხუტი კეპი მაქვს, ვფიქრობდი, იმას დავიხურავდი და ასე უფრო დაცული ვიქნებოდი.

გათენდა. რუსთაველზე დილას ადრე გავედი. ჩემი კოლეგები შემომხვდნენ. მათ შორის ნეტგაზეთის ჟურნალისტი და მან მითხრა, „ეს პრესა რომ მაწერია, მგონია, რომ უსაფრთხოდ არ ვარო“. სიტუაციას რომ შევხედე, გავიფიქრე – ეს რა სისულელე ვქენი, ჩანთას PRESS ნიშანი რომ დავაკერე-მეთქი.

დილასვე რედაქციაში პატარა შეხვედრა ჩავატარე და ვუთხარი ჩემს თანამშრომლებს – დღეს პრესის ბარათებს მაისურების ქვეშ ვინახავთ, თუ რაღაც პოლიციას ვაჩვენოთ, რომ ჟურნალისტები ვართ. სხვა შემთხვევაში კი შეეცადეთ, არ წარმოაჩინოთ თავი, როგორც ჟურნალისტებმა-მეთქი.

ასევე, ყველასთვის ნათქვამი მქონდა და მეც ასე წამოვედი სახლიდან, ჩავიცვი მაქსიმალურად კონსერვატიულად. მაგასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. 2013 წლის 17 მაისს შევესწარი, მოძალადეებმა თავისიანებს სცემეს იმიტომ, რომ ფერადი ტანსაცმელი ეცვათ.

გუშინ, დღის ბოლოს ყველაზე დიდი ჩხუბი იყო ქაშვეთის ეკლესიის გვერდით, ბაღში. იქ ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს სცემეს და მთავარის ოპერატორს. ჩემი მეგობარი შემომხვდა რადიო „თავისუფლებიდან“. „თავისუფლების“ მაისური ეცვა და ძალიან შევწუხდი, ვთხოვე გადაიცვი რამე, რადგან განსაკუთრებით ერჩოდნენ რადიო „თავისუფლების“, ტვ პირველის და „მთავარის“ ჯგუფებს. ლოგოს და მიკროფონის ღრუბელს რომ ხედავდნენ, ეგრევე მოდიოდნენ – ქალი იყავი, კაცი იყავი არ აინტერესებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის ნიშანი არ მქონდა, მეჭირა ფოტოაპარატი. აქციის რამდენიმე მონაწილემ მითხრა – შენ მაგ კამერით ახლოს თუ მოხვალ, გცემთ, მოშორდი აქაურობასო.

  • კავკასიის რეგიონის ქვეყნებში მუშაობთ. 5 ივლისამდე საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ჟურნალისტებისთვის. დღეს როგორ დეფინიციას გააკეთებდით? არის ისევ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა?

მაინც ასე ვფიქრობ. ჩვენ ვმუშაობთ ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაშიც. მიუხედავად იმისა გუშინ რაც მოხდა, საქართველო მაინც შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა. აქ უფრო მაინც დგას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი და გუშინ ეგ უფრო გამძაფრდა. მანამდე არ იყო ასე. თუმცა 20 ივნისის და რაღაცეების გათვალისწინებით იყო ეგ საფრთხე.

ჩვენი ორგანიზაციის ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე საუბრისას, როდესაც საქართველო დადგება ხოლმე განხილვის თემა, სულ ვამბობთ – უსაფრთხოებისთვის გვჭირდება ჩაფხუტი, ჟილეტები… სომხეთშიც ასევე, რადგან იქ არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც მაგალითად ჩრდილო კავკასიაში. ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჟურნალისტის ევაკუაცია დაგვჭირდა სხვა ქვეყანაში.

აზერბაიჯანში საერთოდ მუქარებს იღებენ ჟურნალისტები. ამიტომ, ცხადია, საქართველოს მდგომარეობას არ შევადარებ, მაგრამ გუშინდელი პრეცედენტი არის ძალიან, ძალიან საშიში. თუ არ დასჯიან ამ მოძალადე ადამიანებს, მით უფრო საშიში გახდება იმ ფონზე, რომ მოძალადეთა უმეტესობა აღბეჭდილია, კადრები გვაქვს, ჩანს მათი სახეები. ერთი დღე გავიდა ჟურნალისტებზე ძალადობიდან და ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, თითქმის არავინ დაკავებული. რა უნდოდა იმ ადამიანების იდენტიფიცირებას? თუ არ დაისჯებიან ეს ადამიანები, ეს იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი და, რა თქმა უნდა, მომავალ აქციებზე წახალისება. აღარ მოერიდებიან ჟურნალისტების ცემას. შედეგად უფრო და უფრო საშიში გახდება ველზე ჟურნალისტების მუშაობა.

  • არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჟურნალისტების მიმართ საქართველოში ცალკეული აგრესიული დამოკიდებულებაც კი არ შეინიშნებოდა. დღეს ეს ტენდენცია აშკარად იცვლება თუ ხელოვნურად ცვლიან. თქვენი აზრით, რა როლი აქვს ამაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას?

პირდაპირ ვერ განვაცხადებ, არიქა მთავრობის ბრალია-მეთქი, მაგრამ გუშინ რაც დავინახე, პოლიცია იყო აბსოლუტურად უმოქმედო. 1-ელ ივლისს, ხუთშაბათს ხომ იყო ფილმის ჩვენება. ხუთშაბათს პოლიციამ იმუშავა არაჩვეულებრივად. საკმაოდ რთული და საშიში სიტუაცია იყო, იქაც ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, გვეტაკებიან ჟურნალისტებს-მეთქი. მაგრამ წამებში ხდებოდა პოლიციის მხრიდან რეაგირება. უამრავი პოლიციელი იყო და აბსოლუტურად აღკვეთეს ყველანაირი ძალადობა ძალიან ეფექტურად.

მართალია, მაინც იყო რაღაცების სროლა, მაგრამ მაგას ვერაფერს ვერ უზამ. მაგის ფონზე, გუშინდელი დღე და გუშინდელი პოლიციის მუშაობა იყო აბსოლუტურად საპირისპირო. დავდიოდი და ვაკვირდებოდი – ძალადობრივი ჯგუფების ყველაზე დიდი ნაწილი იყო პარლამენტის წინ მობილიზებული. ასევე ვაკვირდებოდი პოლიციას, სად იყო და როგორ. ჯერ ერთი ძალიან ცოტა იყო პოლიცია, ხალხის რაოდენობაც არ იყო დიდი. უამრავი აქცია გაგვიშუქებია. ყოფილა შემთხვევები გამოუყვანიათ სპეცნაზი და ისე შეუჩერებიათ. გუშინ რომც არ გამოეყვანათ სპეცრაზმი, არ იყო ამ ხალხის რაოდენობა იმხელა, რომ მას პოლიცია არ ჰყოფნოდა. არ იყო არანაირი ორგანიზება, რომ ვთქვათ განეცალკევებინა ერთმანეთისგან მოძალადეები. პოლიციელები კუთხეში მიყუჩებულები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ. დაპირისპირება რომ მოხდებოდა, ნელ-ნელა მოვიდოდნენ და ბოლოს, სულ ბოლო მომენტებში, უკვე დაშავებულები რომ იყვნენ ჟურნალისტები, მაშინ გაჰყავდათ. ევაკუაციას ახდენდნენ ჟურნალისტების უსაფრთხო ადგილას. თითქოს მითითება ჰქონდათ ისეთი, რომ რეაგირება არ ყოფილიყო. როცა ხუთშაბათს კარგად იმუშავე და ორშაბათს უმოქმედოდ იყავი, არ ხდება ხოლმე ეგრე. რაღაც ეჭვები ჩნდება ცხადია.

  • გუშინდელი ცემა ვისი შურისძიება იყო ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეკლესიის, ხელისუფლების, თუ უფრო კონკრეტული პირების, მაგალითად პრემიერ ღარიბაშვილის, ან იქნება ივანიშვილის… რას ფიქრობთ თქვენ?

პრემიერის გუშინდელი განცხადება, წახალისება იყო ნამდვილად. „პრაიდი არ ჩატარდება“ ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა ვალიდაცია მიეცა ამ ჯგუფებს. სახელმწიფოს მხრიდან იყო წახალისება. 5 ივლისის დილიდან ხდებოდა ეს ამბები და როდის გაკეთდა დასაგმობი განცხადებები? სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს დღეს, 6 ივლისს.

  • ვხედავთ, რომ არის ჟურნალისტების დემონიზების მცდელობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებენ ამის მიღწევას?

თუ წახალისდა ეს ძალადობა, თუ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, კი, უფრო და უფრო გაძლიერდება ჟურნალისტების მიმართ აგრესია. ზოგს არ მოსწონს ოპოზიციური არხი, ზოგისთვის მიუღებელია ლიბერალური მედია. რეაგირება მოძალადეების მიმართ ჯერჯერობით არ ჩანს. კი, ასე ვფიქრობ. თუ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, უფრო და უფრო საშიში გახდება. სულ ვამბობ, რომ გამოძიების დაწყებაში ბადალი არ გვყავს. საქმის დაწყება არ ეშლება შსს-ს, მაგრამ რამდენი საქმეა შემოდებული თაროზე ვინ მოთვლის. არასდროს არ სრულდება ხოლმე ეს გამოძიებები. იმედია ,ამჯერად მაინც ვიღაცას დაიჭერენ. გირაოს და ხელწერილის გარეშე არ გამოუშვებენ. მართლა რასაც იმსახურებენ კანონმდებლობით, ისე დაისჯებიან.

  • ცოტა საკუთარ თავსაც რომ ჩავეკითხოთ – ბალანსის დაცვის მოტივით მოძალადეების მუდმივმა ტირაჟირებამ ქართულ მედიაში ხომ არ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს?

მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ბალანსის დაცვის მოტივით ნახევარი დრო დაუთმო მოძალადეს და ნახევარი დრო მაგალითად, ადამიანის უფლებების დამცველებს. ეს ასე არ არის. მგონია, რომ ჟურნალისტებს ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს და ბალანსი ეს ასე 50/50-ზე არ უნდა გვესმოდეს.

ვთქვათ, როდესაც გაუპატიურების მსხვერპლზე წერ, მოძალადეს აზრს ხომ არ ეკითხები? არ ართმევ კომენტარს. ყველაფერს ასე ბალანსს ვერ დაარქმევ.

ძალიან მძიმეა იმის ნახვა, რომ გუშინდელი ამბების მერე დღესაც მიდიან და ტრიბუნას უთმობენ იმ მღვდელს და იმ მოძალადეებს, რომლებიც გუშინ ასე გამეტებით ურტყამდნენ ჟურნალისტებს. არ არის ეს სწორი.

მე მგონია, რომ მედიამ უნდა შეცვალოს წარმოდგენები ჟურნალისტურ სტანდარტებზე.

  • ცდუნების წინაშე დგანან მედიები თუ კონკრეტული ჟურნალისტები რეიტინგების გამო. თქვენი აზრით, შეძლებს თანამედროვე ქართული მედია ძალადობრივი ჯგუფების ტირაჟირებაზე უარის თქმას?

იქნება და გუშინდელმა დღემ რაღაცა პოზიტიური ცვლილება მოიტანოს. ეს არის აბსოლუტურად მედიაზე დამოკიდებული. მე მგონია მედიას უნდა ჰქონდეს თვითრეგულირების მექანიზმები. იმედია გუშინდელ ამბებს გაითვალისწინებენ მედია ორგანიზაციები და თავიანთ სარედაქციო პოლიტიკას გადახედავენ. ეს არის იმედი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: