კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება.
დღეს, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გაიმართოს.
ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღირსების მარშის გამართვს, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და რუსთაველის გამზირიდან, მათივე აქციიდან, გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა, ნაწილს კი აქციის მონაწილეებმა ტექნიკა დაულეწეს. ძალადობრივი ჯგუფების აგრესიის გამო პოლიციამ რამდენიმე ჟურნალისტი ავტომანქანებით გაიყვანა.
კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2021 წლის პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.
ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას “ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- უზრუნველყოს “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას”.