განათლება,მთავარი,სიახლეები

სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ დემოკრატია ბუტაფორიაა – ინტერვიუ მასწავლებელთან

06.07.2021 • 3517
სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ დემოკრატია ბუტაფორიაა – ინტერვიუ მასწავლებელთან

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სიძულვილის თემაზე საუბრობს. ის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებსაც ეხმაურება.

  • ქალბატონო სოფო, მინდა გკითხოთ როგორც პედაგოგს, როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმ დოზით სიძულვილს საზოგადოებაში, რაც 5 ივლისს ვნახეთ რუსთაველზე, რა არის ამ სიძულვილის მიზეზი?

სიძულვილი, რაც ვნახეთ რუსთაველზე, ახალი არ არის. თითქმის ყოველდღე ვაწყდებით მას ცხოვრებაში, გუშინ უბრალოდ მასშტაბურად გამოჩნდა.

სიძულვილს და ზოგადად, იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობა, ამდენი უმუშევრობა, გაჭირვება… პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს ებმის განათლების პრობლემები.

ასე ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს ეს ყველაფერი და უარესი და უარესი შედეგი გვაქვს. რასაც ვსწავლობთ, თითქოს განზე რჩება, რადგან პრაქტიკულად არ ვახორციელებთ.

  • თქვენ ასწავლით რუსთაველის, ილიას, ვაჟას ღირებულებებს და იმის თქმა გინდათ, რომ ეს ყველაფერი რჩება „ხმა მღაღადებლისად“?

ასე გამოდის ნამდვილად, რადგან იმას, რასაც ვასწავლით, არ ვაჩვენებთ პრაქტიკულად. სადღაც რჩება ეს სწავლება – ნიშნისთვის, გამოცდისთვის, შემდეგ დიპლომისთვის და ასე გრძელდება უსასრულოდ. ლიტერატურა სამუზეუმო ექსპონატად იქცა.

გუშინ შემომედავნენ ონლაინსივრცეში. კომენტარებში ვთქვი, რომ ადვილია, როცა ალმადოვარის ფილმებს ვუყურებთ, ვსწავლობთ, ჩვეულებრივად მივიღოთ განსხვავებული, იქნება ეს ტრანსგენდერი თუ სხვა, თუმცა პასუხი იყო, რომ „ალმადოვარი ხელოვნებაა, ცხოვრება კი სხვა რამეა“.

არადა, ზუსტად ისაა ცხოვრება, რასაც კინოში ვუყურებთ, ვუსმენთ, ვკითხულობთ, ვხატავთ და ვძერწავთ. როცა სინამდვილესა და ხელოვნებას შორის ვზრდით უფსკრულს და უარს ვამბობთ მთავარ ღირებულებებზე, ეს დიდ პრობლემად გვხვდება წინ.

  • რატომ ჰგონიათ, რომ ხელოვნება სხვა რამეზე საუბრობს? თქვენი აზრით, ვინ არის ის მეორე მხარე, ვინც ამაში არწმუნებს ადამიანებს?

მგონია, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში არასწორად აღქმული ღირებულებების შედეგია და ამას მოკლე დროში ვერ აღმოვფხვრით.

საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ცეცხლზე ნავთს ასხამს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ნამდვილი ღირებულებებისთვის იბრძვის, მცირეა. შედეგიც ნაკლებად ჩანს. ყველამ ერთად უნდა აკეთოს საერთო, საქვეყნო საქმე და ეს „ყველა ერთად“ არა და არ გვეღირსა.

  • ვინ არის ის ჯგუფი, ვისაც არ უყვარს ფერები, სილაღე, თავისუფლება – რელიგიური ჯგუფია? თქვენ ვის მოიაზრებთ ამაში?

მათ ძნელია უწოდო მორწმუნე, რადგან თუ რაიმე რეალური კავშირი აქვთ რელიგიასთან, თუ ოდნავ მაინც გასცნობიან ქრისტიანულ ღირებულებებს, ოდნავ მაინც თუ მიახლოებიან ქრისტიანობას, აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ყველაზე მშვიდობიანი, შემწყნარებლური და ჰუმანური რელიგიაა ქრისტიანობა. ჩვენ კი რას ვხედავთ?!

ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელმაც ვერ გაიგო, დასკვნა ვერ გამოიტანა, ვერც რელიგიიდან ვერც ლიტერატურიდან. ისევ მივდივართ წაკითხულის გააზრების პრობლემასთან, შინაარსი ვერ გამოგვაქვს ტექსტებიდან, ვერც იმ უამრავი კონვენციის მუხლებიდან, რომლებიც მარტივ ჭეშმარიტებას ამბობენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს, რომ უნდა მივიღოთ ერთმანეთი.

  • საიდან აქვს ადამიანების ამ ჯგუფს ძალაუფლება?  

აქ ძალიან კარგად ჩანს „ჩრდილოეთის ხელი“. იმპერიალისტურმა რუსეთმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში კარგად გამოიყენა რელიგია, შემდეგ ფსევდოკომუნიზმის ნიღაბს ამოეფარა, ახლა ისევ ამღვრევს წყალს და ყოველთვის პოულობს ისეთ სატყუარას, რომლითაც მშვენივრად ახერხებს გამარჯვებას. მიჭირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე გამოდის.

ჰიბრიდული ომი იქნება, ტროლი, ბოტი, რა ვიცი… ყველანაირად ცდილობს წყლის ამღვრევას და ცუდი ის არის, რომ იმის მაგივრად, რაც მეტი დრო გადის, უკეთ დავინახოთ ეს გამანადგურებელი ძალა, პირიქით, უკუსვლა გვაქვს. უკან ვბრუნდებით, ცივ ჩრდილოეთში.

  • აგრესია ხშირად მოდის სასულიერო პირების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ? ქრისტიანობას არ იცნობენ, თუ აქაც რუსული ხელია?

ახალს ვერაფერს ვიტყვი აქაც, რადგან იქიდან მოყოლებული, რაც ქართული ეკლესია რუსეთის იმპერიას დაექვემდებარა, რუსულ გავლენებს თავი ვერ დააღწია. მართლმადიდებლობას მესამე საუკუნეა ხელზე იხვევს რუსეთი და ძალიან ადვილად გვატყუებს. არც გაწყვეტილა არასდროს ეს რუსული ხაზი.

გვახსოვს ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში გვეუბნებოდნენ, რომ გვეკუთვნის რუსული მართლმადიდებლური ბომბები, რაც ძალიან სამწუხაროა.

  • ხელისუფლების როლს თუ ხედავთ აგრესიის წახალისებაში და ზოგადად, როგორც მოქალაქე, თუ გრძნობთ თავს დაცულად?

სამოქალაქო ღირებულებებზე ვერ ილაპარაკებს სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ნებაზე დაატარებენ ხეებს და ოლიგარქის ჭკუაზე მოქმედებს ნებისმიერი ინსტიტუტი, დაწყებული განათლებით, დამთავრებული ღმერთმა იცის რით.

დემოკრატიის პრინციპები და დემოკრატია რომ არ არსებობს და ეს ყველაფერი წყლის ნაყვა რომაა, გუშინაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ და როგორ ვიქნებით დაცული?!

იქ, სადაც გახელაძის პრობლემა, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, ენგურში ჩამხრჩვალი ადამიანები უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, სადაც უამრავ ბავშვს საჭმელი და წამალი არ აქვს, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და კიდევ იზრდება სიღარიბე, იმაზე წუხან, ვინ სად ჩაივლის და ამის გამო თავპირი შეუძლიათ დაამტვრიონ ჟურნალისტებს, ქალებს, პატარა გოგოებს, რაზე უნდა ილაპარაკო.

სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ უკვე დემოკრატია ბუტაფორიული, სასაცილო სიტყვაა.

  • როგორ ხდება, რომ დესტრუქციული ნაწილი ახერხებს ამ დოზით საზოგადოებაში აგრესიის შემოტანას. თქვენი აზრით, პოლიტიკური ნებაა ეს?

რა თქმა უნდა, ხელისუფლება უწყობს ხელს ამ პროცესებს და ბოლო წლებია სულ ამას ვუყურებთ. არაფრით ეწინააღმდეგება, არაფრით ებრძვის ამ იდეოლოგიას, არაფერი გაუკეთებია, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ სახელი დაარქვას მტერს.

ძალიან ხშირად პოლიტიკოსებს დეფინიციაც უჭირთ იმისი, განსაზღვრონ ვინ არის მტერი და ვინ ოკუპანტი. რაზე უნდა ველაპარაკოთ, როცა მტერს მტრის სახელიც არ ჰქვია. უარესი შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით, ვიდრე წლების წინ.

სახელმძღვანელოებშიც კი შელამაზებულია ოკუპაციის საკითხები. არ არის მკვეთრი და ხაზგასმული, დაფარულად, პროპაგანდისტულად გვხვდება ხშირად. თუმცა გარკვეული ჯგუფი უკვე მუშაობს იმაზე, რომ ოკუპაციური პოლიტიკის და სხვა საკითხები უკეთ წარმოჩინდეს.

ამ საკითხში თაობის ნაწილიც მოწამლულია წინა თაობის მავნე გავლენებით და აქაც სამუშაოა. 27 მანეთად მოსკოვში გაფრენის ნოსტალგია ისევ ბევრს აქვს.

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ვიყავი გუშინ, თითქმის ყოველ წელს დავდივარ და წელს პირველად შევამჩნიე ასე მკაფიოდ, რომ ბავშვები გამოცდაზე მოდიან რაღაც შავი მანქანებით, ბოლომდე უწევენ ხმას და რთავენ რუსულ სიმღერებს ამაზრზენ კრიმინალურ თემებზე. არ ვარ მუსიკის და ლიტერატურის მტერი, მაგრამ ეს არის რუსული „რბილი ძალა“, ძალიან ჭკვიანურად გვიტევენ და ჩვენ სწორედ აქ უნდა ვიყოთ მაგრად.

  • ფიქრობთ, რომ სკოლებში უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს ადამიანის უფლებების, ღირებულებების სწავლებას?

რაც არ უნდა ვუმატოთ საათები, ვერაფერს ვერ შევცვლით, თუ მე სკოლაში ერთს ვასწავლი ბავშვს და გარეთ ის სხვა რამეს ხედავს.

ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში არის ოლიგარქიის მცირე ფორმები, ვიღაცის ხელშია ბიზნესი, ვიღაც იჩაგრება, ვიღაცას მეტი ეთქმის, ვიღაცას – არა.

ბავშვები ხედავენ, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ისევ გამოვიდნენ სამზეოზე და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. კრიმინალური ავტორიტეტებისადმი დიდი სიმპათიებით სამეგრელო გამოირჩევა და თუ ამას დაინახავს ბავშვი, მე კლასში როგორ ვასწავლი ვაჟას, რუსთაველს. ეს არის ხშირად ზღვაში წვეთი.

თუ ყველაფერი ერთმანეთს არ ემატება: სახლში, გარეთ, სკოლაში – თუ ეს ყველაფერი ერთად არ იმუშავებს, მხოლოდ საათების გაზრდა და სახელმძღვანელოების გამოცვლა ვერაფერს შეცვლის. ეს განწყობები აირეკლება ახალ თაობაშიც. ამ პროცესებს კი ხელისუფლება ხელს უწყობს, ჩვენც ვეხმარებით გარკვეულწილად იმით, რომ ხან თავს ვიკავებთ, ხან ველოდებით, რომ რაღაც შეიცვლება და ვართ ასე უმოქმედოდ.

მთავარი მაინც ისა, რომ არ დავხუჭოთ თვალი, რომ თეთრზე თეთრი ითქვას, შავზე – შავი. ჩვენი საქმე კარგად უნდა ვაკეთოთ ყველამ, გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რა გაიარეს, როგორ მიაღწიეს წარმატებას, ჩვენ სად ვუშვებთ შეცდომებს, რადგან სულ ერთ წრეზე ტრიალს და სულ საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლას ბოლო უნდა მოეღოს.

ერთადერთი გამოსავალი აქაც განათლებაა. უფრო სისტემური და ძირეული ცვლილება გვჭირდება.

  • ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, რატომ არის სიყვარული სიძულვილზე მნიშვნელოვანი?

უნდა მივხვდეთ იმას, რომ ზოგადად, ადამიანების ერთად ყოფნაა მნიშვნელოვანი, რა ნიშნითაც არ უნდა ვიყოთ განსხვავებული. ერთად ყოფნა კი სიძულვილით გამორიცხულია. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვსაც.

დღეს ახალგაზრდებში უფრო ნაკლებია სიძულვილი, მაგრამ თუ ასეთ გარემოში გაიზრდებიან, შემდგომ თაობაშიც იგივე გვექნება.

საერთოდ, ეკონომიკური პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყო ამის გამოსწორება, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს ამ პრობლემის მომგვარებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: