მთავარი,სიახლეები

ცხოვრება პანიკურ შეტევებთან ერთად

06.07.2021 • 3056
ცხოვრება პანიკურ შეტევებთან ერთად

ავტორი: მარი თავბერიძე

„გვიანი ღამე იყო, დაახლოებით პირველი საათი. ძალიან შემეშინდა და დედას დავუძახე. ვერ დავმშვიდდი და სასწრაფო გამოვიძახე“ – ასე იხსენებს 19 წლის ანა პირველ პანიკურ შეტევას მის ცხოვრებაში.

თებერვლის იმ ღამეს ანამ ჯერ არ იცოდა, რა ერქვა იმ მდგომარეობას, რომელმაც მასში ემოციური დაძაბულობა, განგაში, კანკალი და გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება გამოიწვია. „მეგონა, ვკვდებოდი, მოვძებნე დამამშვიდებლები, მაგრამ მაინც არ მიშველა“, – გვიყვება ანა.

ახლა მან უკვე იცის, რა დაემართა იმ ღამეს. მდგომარეობას, რომელსაც ანა აღწერს, სპეციალისტები პანიკურ შეტევას უწოდებენ.

„პანიკური შეტევა არის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ეს ნევროზული რეგისტრის ფსიქიკური აშლილობაა. ასეთ დროს ადამიანი განიცდის მოულოდნელი, ძლიერი განგაშის და შიშის შეგრძნებას“, – განმარტავს ფსიქოთერაპევტი ნონა ნაკაშიძე.

ნონა ნაკაშიძე

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ პანიკური შეტევა აქვს?

„ძირითადად ეწყებათ ძალიან არასასიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებები, რომლებსაც ახლავს:

ძლიერი შიში, გულის აჩქარება, ოფლიანობა, სიცივე, წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება, ან სიცხე, თავის ტკივილი, გაბრუება. შეგრძნებები მრავალფეროვანია“, – ამბობს ნონა ნაკაშიძე.

19 წლის ანას პანიკური შეტევის ეპიზოდი რამდენჯერმე ჰქონდა. იგი ამბობს, რომ თავიდან ამან მისი ცხოვრება შეცვალა, თუმცა ანამ ფსიქოლოგს მიმართა და თანდათან ისწავლა, როგორ უნდა ემართა ეს მდგომარეობა:

„თავიდან ვიწექი მთელი დღე ლოგინში, ველოდებოდი გული როდის ამიჩქარდებოდა, მინდოდა მეთქვა ჩემებისთვის, რომ  სასწრაფოსთვის დაერეკათ, მარტო ვეღარ ვრჩებოდი.

ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევა მოულოდნელად არ ხდება ხოლმე. თუ ყურადღებას ზედმეტად მივაქცევ, შეიძლება უბრალო შემცივნების დროს ვიფიქრო, რომ გულზე მჩხვლეტს. ასეთი ფიქრები პანიკურ შეტევებს უფრო მიხშირებს, ამიტომ  ვცდილობ ყურადღება ნაკლებად მივაქციო“.

ანა მიიჩნევს, რომ მის შემთხვევაში პანიკური შეტევა სავარაუდოდ გადაღლილობამ და სტრესმა გამოიწვია, თუმცა პანიკური შეტევის მიზეზების ზუსტი ჩამონათვალი არ არსებობს.

„პანიკური შეტევის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. კონკრეტული, ეტიოლოგიური მიზეზების დასახელება ანუ რამე ერთზე დაბრალება, რთულია. ეს ყველა შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ სპეციალისტმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა“, – ამბობს ფსიქოთერაპევტი ნონა ნაკაშიძე.

პანიკური შეტევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს. ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანს ცხოვრებაში პანიკური შეტევის მხოლოდ ერთი ეპიზოდი ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება ეს ეპიზოდები განმეორდეს.

ნონა ნაკაშიძე ამბობს, რომ სპეციალისტის დახმარებით პანიკური შეტევების დამარცხება შესაძლებელია.

„ის მითი, რომ პანიკური შეტევების დროს განწირული ხარ მთელი ცხოვრება, არასწორია.

ასევე არის მითები, რომ „თავი ხელში უნდა აიყვანო“ და ეს თუ ვერ შეძელი, საქმე ცუდად არის. ეს არასწორი შეხედულებებია. ამ ყველაფერზე მუშაობს ფსიქოთერაპევტი და ადამიანები ახერხებენ პანიკურ შეტევებთან გამკლავებას.

ძირითადი რეკომენდაციაა აუცილებელი ვიზიტი სპეციალისტთან, არა ნევროპათოლოგთან, არამედ ფსიქოთერაპევტთან და ზოგადად, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. მთავარი, წამყვანი სპეციალისტი პანიკური შეტევის დროს არის ფსიქოთერაპევტი“ – ამბობს ნონა ნაკაშიძე.

კითხვაზე, როგორ შეიძლება  დავეხმაროთ ადამიანს რომელსაც პანიკური შეტევა აქვს, ფსიქოთერაპევტი ასე პასუხობს:

„პირველ რიგში მის გვერდით მყოფი ადამიანი არ უნდა ჩავარდეს პანიკაში. აუცილებელია სპეციალისტმა შეაფასოს მდგომარეობა, შემდეგ კი, როცა უკვე ცნობილია, დიაგნოსტირებულია, რომ ადამიანს აქვს პანიკური შეტევა, დაეხმაროს სპეციალისტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში.

აი, ასეთ დროს ადამიანს აქვს განცდა, რომ ის არ არის მარტო. მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გვერდით ყოფნა, რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება ადამიანებს გადალახონ მენტალური პრობლემები“.

თავის გამოცდილებას გვიზიარებს 19 წლის ანაც. იგი რამდენიმე რჩევას აძლევს მათ, ვინც ახლა გადის ამ პერიოდს.

„ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. შეიქმენით გარემო, სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ, დაიწყეთ რაღაცაზე ზრუნვა, მოუარეთ ყვავილებს, შინაური ცხოველები თუ გყავთ – მათ.

ჩემს შემთხვევაში ოჯახის წევრების დამოკიდებულება შეიცვალა, ცდილობენ კიდევ უფრო ხშირად შემოვიდნენ კონტაქტში, ჩემი აზრი გაითვალისწინონ და გვერდში დამიდგნენ.

ამ პერიოდის შემდეგ  დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი არსებობა ამ სამყაროსთვის. გავაცნობიერე, რომ ყოველ დილით  ჩემი გაღვიძებით რაღაც ახალი უნდა შემექმნა, მეზრუნა გარემოზე, გარშემომყოფებზე და საკუთარ თავზე,“ – ამბობს ანა.

_________________

მთავარი ფოტო: pexels

გადაბეჭდვის წესი


ასევე: