მთავარი,სიახლეები

ხელისუფლებამ აუნთო მწვანე შუქი ჟურნალისტებზე ძალადობას – საიას თავმჯდომარე

05.07.2021 • 1722
ხელისუფლებამ  აუნთო მწვანე შუქი ჟურნალისტებზე ძალადობას – საიას თავმჯდომარე

დღეს, 5 ივლისს, სანამ დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეები რუსთაველის ქუჩაზე ჩაივლიდნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაიკავეს გამზირი და მაშინვე შეტევა დაიწყეს ჟურნალისტებზე, სცემეს ისინი და დაუმსხვრიეს კამერები. ნაცემი და დაშავებულია 38 ჟურნალისტი ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან. იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი მედიაზე თავდასხმა და ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას იმ შედეგებზე, რაც თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე დადგა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

  • ნიკა, ის, რაც დღეს მოხდა, იყო მხოლოდ ჰომოფობიური აქცია, თუ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა მედიაზე?

ეს აქცია დაანონსებული იყო, როგორც ჰომოფობიური და თითქოს მიმართული იყო ერთი კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ადამიანები იქ მისული იყვნენ იმისთვის, რომ ეძალადათ ჟურნალისტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მიემართებოდა არა, უბრალოდ, თბილისი პრაიდის ჩატარება-არჩატარებას, არამედ ეს იყო პირდაპირი თავდასხმა როგორც მედიაზე, ასევე სამოქალაქო სექტორზე. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის თავდასხმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზეც.

  • აქციაზე, სადაც სცემეს ჟურნალისტებს, დაუმსხვრიეს კამერები, საერთოდ არ იყვნენ პრაიდის მონაწილეები – ნიშნავს ეს იმას, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა წინასწარ იყო ჩაფიქრებული?

ჩვენ დილით პრემიერისგან ძალიან სამწუხარო განცხადება მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ჰომოფობიური განცხადება იყო. ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს იყო მწვანე შუქი  ხელისუფლებისგან, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ყველაფერი ეპატიებოდათ.

მწვანე შუქი დავინახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც, რომელმაც არაფერი გააკეთა რუსთაველის გამზირზე, რომ სიტუაცია მართული ყოფილიყო და ჟურნალისტებს თავს არ დასხმობდნენ. ძალიან სამწუხარო ფაქტი ვნახეთ, ვგულისხმობ პრაიდის შენობაში შეჭრას, სადაც დააზიანეს ნივთები და აქაც სახელმწიფოს არავითარი პრევენციული რეაგირება არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ესეც იყო მწვანე შუქი.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების განცხადებები იყო წინასწარ შეთანხმებული და მიემართებოდა არა მარტო პრაიდს, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებსაც – ჩვენ ვნახეთ, რომ რუსთაველზე აქცია კარვების დარბევით დაიწყეს დილით, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან პრაიდთან.

  • კადრებში ისმოდა ხმები: „ეგ რომელი ტელევიზიაა? მაგის დ…დაც“… და ასე შემდეგ. ძირითადად იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტებს სცემდნენ, რომელთაც მმართველი პარტია „ოპოზიციურად“ მოიაზრებს, ან კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ. ესეც ხელისუფლების მხრიდან იყო წახალისებული?

კრიტიკული მედიის მიმართ ასეთი განცხადებები გვესმის ხელისუფლების მხრიდან დიდი ხანია, მათ შორის დღევანდელი ფაქტიც არის იმ სიძულვილის ენის და წამქეზებლური განცხადებების გამოძახილი, რასაც ხელისუფლება აცხადებს კრიტიკული მედიის მიმართ და მათ შორის პრემიერ-მინისტრიც.

  • დღეს არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ სოციალურ ქსელებში იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში დღევანდელი აგრესია იყო დემოკრატიაზე შეტევა, ასეა?

რა თქმა უნდა. ეს ორ რამეზე მიგვანიშნებს: ერთი ის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იყოს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები წარიმართოს და მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიულობის ელემენტები, ხელისუფლება, აი, ამ ჯგუფებთან ერთად ებრძვის დემოკრატიულობის ამ ელემენტებს და ცდილობს, რომ ქვეყანაში არ გაიხაროს დემოკრატიამ.

  • პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, ფაქტობრივად, პირდაპირი მოწოდება იყო, რომ არ ჩატარებულიყო  პრაიდი. ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებით, დღევანდელი ქცევით „დადასტურდა, რომ ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია პრორუსულ ძალებთან“. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს?

ხელისუფლება რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, არ არის იმ დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს და ჩვენ სწორედ ევროკავშირის წევრობისკენ მივდივართ. ამდენად, ის ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო პერიოდში, იგივე თუნდაც სასამართლოსთან მიმართებით, იგივე თუნდაც რაც დღეს ვიხილეთ, ეს არაფერ კავშირში არ არის ევროკავშირთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან.

  • ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, არ გამოიყვანა პროპორციული ძალა მოძალადეების შესაჩერებლად. რაზე მეტყველებს ეს, ინსტიტუციების მოშლაზე თუ დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიზანმიმართულ შეზღუდვაზე?

ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება მისთვის არასასურველ აქციებზე კოლოსალური პოლიციელების მობილიზებას ახდენდა ხოლმე და მათ შორის კარგად აღჭურვილი პოლიციელების, ასევე სპეციალური ტექნიკისაც. რაც ვერ ვნახეთ დღეს. არაადეკვატური ძალა იყო გამოყვანილი რუსთაველზე, ძალიან მცირე რაოდენობის პოლიცია, რომელიც უბრალოდ ვერ შეაკავებდა მოძალადეებს.

როდესაც ვამბობთ, რომ პოლიციას არაფერი გაუკეთებია, პოლიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა იმიტომ, რომ არ იყო პროპორციული ძალა მობილიზებული. უბრალოდ, ვერ დაუპირისპირდებოდა პოლიცია იმ აგრესიულ ძალებს. ამიტომ შსს-მ ვერ დაგეგმა სწორად და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს აგრესია შეჩერებულიყო.

  • ვერ დაგეგმა, თუ არ იყო ხელისუფლების ნება?

ფაქტია, რომ არ იყო დაგეგმილი და შსს-ს არაფერი გაუკეთებია. სავარაუდოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნების არარსებობას უკავშირდება. სწორედ იმ არგუმენტის გათვალისწინებით, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, დილით პრემიერისგან მოვისმინეთ.

  • პრემიერის დილის განცხადებამ განსაზღვრა პროცესის ასე დასრულება?

პრემიერის განცხადებამ ეს ყველაფერი (ძალადობა) წაახალისა და მწვანე შუქი აუნთო ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი ასე წარმართულიყო.

ჩვენ რომ ვყოფილიყავით დემოკრატიული ქვეყანა, ამ ყველაფერს თავიდანვე აღვკვეთდით და ეს აქამდე არ მივიდოდა. თუმცა აქ უკვე პრევენციას ვეღარ ვაკეთებთ, რადგან ყველაფერი დაშავდა, რისი დაშავებაც შეიძლებოდა. ერთადერთი, რაც ახლა ხელისუფლებას შეუძლია არის ის, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც დღევანდელ დღეს უკავშირდება და რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მთლიანად სახელმწიფოზეა, გამოიძიოს ის საქმეები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებს უკავშირდება და დასაჯოს შესაბამისი პირები.

_________________

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილის განცხადება სამარცხვინო და არასახელმწიფოებრივია – გიორგი გოგია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: