რა არის თრომბი და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები

სისხლის შედედების თვისება ყოველთვის ნეგატიური მოვლენა არ არის. თრომბები, იგივე სისხლის კოლტები სასარგებლოა, როდესაც ისინი ფიზიკური დაზიანების ან ჭრილობის საპასუხოდ წარმოიქმნებიან, კეტავენ დაზიანებულ სისხლძარღვს, რაც აჩერებს სისხლდენას. მაგრამ ზოგიერთი თრომბი ვენების შიგნით ყოველგვარი სასარგებლო მიზეზის გარეშე წარმოიქმნება და არ იშლება ბუნებრივი გზით.  ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით, თუ თრომბი ფეხების არეში ან უფრო კრიტიკულ ადგილებშია, მაგალითად, ფილტვებსა და თავის ტვინში.

რა არის თრომბი, როგორ ჩნდება ის და როგორ ავიცილოთ თავიდან სისხლის შედედება? – ამ და სხვა კითხვებზე ნევროლოგმა ჯამბულ მაკარაძემ გვიპასუხა.

  • ბატონო ჯამბულ, რა არის თრომბი, როგორ ჩნდება ის?

თრომბი წარმოადგენს სისხლძარღვში, ვენაში ან არტერიაში სისხლის კოლტს, ანუ შედედებულ სისხლს. თრომბის წარმოქმნა საკმაოდ რთული პროცესია. ის შეიძლება განვითარდეს ორი – სისხლძარღვის კედელზე მოქმედი მექანიზმითა და კოაგულაციური ფაქტორებით განპირობებული მექანიზმით.

ერთის შემთხვევაში უნდა დაზიანდეს სისხლძარღვის კედელი და ამ სისხლძარღვში გამავალი სისხლის ელემენტები, რასაც ჰქვია თრომბოციტები. თრომბოციტების აგრეგაცია ანუ დაგროვება-დაჯგუფება ხდება დაზიანებული სისხლძარღვის კედელთან. შესაბამისად, მიდის რთული ქიმიური პროცესი, გამომუშავდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მერე თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაბამისად, სისხლძარღვიც ვიწროვდება ამ ადგილას.

მეორე მექანიზმი უფრო ნელია, როცა ფიბრინოგენი, სისხლში არსებული ცილა, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებაში, გარდაიქმნება ფიბრინად. ფიბრინი ქმნის ისეთ ბადეს, სადაც უკვე  თრომბოციტები ილექება და ამდაგვარად მოხდება თრომბის/კოლტის წარმოქმნა.

ზოგადად თრომბის წარმოქმნა არის დიდი ჯაჭვი, 12-13 ფაქტორი მოქმედებს სისხლის შედედებაზე.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის დაზიანება?

ეს შესაძლოა გარეგანი დაზიანების შედეგად მოხდეს, იგივე ტრავმების დროს. არის კიდევ ქიმიური პროცესები, რაც აზიანებს სისხლძარღვის კედელს. მაგალითად, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი რეაქციები. შესაძლოა სისხლძარღვი დააზიანოს საყოველთაოდ ცნობილმა ნიკოტინმა, რომელიც ქიმიურად აზიანებს სისხლძარღვის კედელს და ამიტომ არის ნიკოტინი მიჩნეული ათეროსკლეროზის და შემდგომში თრომბოზის ფორმირების ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად.

მნიშვნელოვანი ფაქტორებია ორგანიზმში არსებული გარკვეული ნივთიერებების სიჭარბე ან ნაკლებობა, ან სხვადასხვა ორგანოში  განვითარებული დაავადებები და მათ ფონზე მიმდინარე ცვლილებები შემდედებელი სისტემის მხრივ.

არსებობს დაავადებები, რომლებიც შეეხება უშუალოდ სისხლის დაავადებებს. მაგალითად, თრომბოციტოზი, როცა ჭარბი რაოდენობითაა სისხლის ის უჯრედები, რომლებიც ადედებს სისხლს, ეს ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. არსებობს საპირისპირო მოვლენა – თრომბოციტოპენია – როცა თრომბოციტები ცოტაა და სისხლდენის საშიშროება არსებობს. ეს შესაძლოა გამოიწვიოს თრომბის საწინააღმდეგო სამკურნალო ნივთიერებების უკონტროლო მიღებამაც.

  • რა ტიპის მედიკამენტები ან პროდუქტებია საყურადღებო, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას?

აი, მაგალითად, K ვიტამინი (რომელიც ჩვენთან ცნობილია ვიკასოლის დასახელებით), ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. არსებობს მედიკამენტები, რომლებითაც ჩვენ თრომბს ვებრძვით, მაგალითად ჰეპარინი, იგი სწორედ ამ K ვიტამინზე მოქმედებს, ანუ ბოჭავს მას და ხელს უშლის, რომ K ვიტამინმა შეადედოს სისხლი და წარმოქმნას თრომბი.

რაც შეეხება ასეთ პროდუქტს, ეს შეიძლება იყოს ფოთლოვანი მწვანილეული, განსაკუთრებით წიწმატი, რომელშიც შედის დიდი რაოდენობით K ვიტამინი.

  • კვებასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები არსებობს  თრომბის პრევენციისთვის? რა საკვებს უნდა მოვერიდოთ, რომ თრომბი ავიცილოთ თავიდან? 

ცხიმოვანი საკვები, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმი – ქონი და კარაქი, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის ანუ ცხიმის გროვების დაგროვებას სისხლში, შესაბამისად, ეს ხელს უწყობს თრომბების განვითარებას ანუ სისხლძარღვთა დახშობას.

როდესაც სისხლძარღვის კედელზე ჩნდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, ცხიმოვანი ლაქა, დროთა განმავლობაში ეს სისხლძარღვი ზიანდება და გარკვეული დროის მანძილზე ხდება თრომბოციტებისა და შემდედებელი ნივთიერებების აგრეგაცია ანუ დალექვა. ასე ყალიბდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც საბოლოო ჯამში თრომბოზის მიზეზია.

ის იმხელა ხდება ზომით, რომ ან ადგილზევე დაახშობს ამ სისხლძარღვს ან, შესაძლოა, რომ თრომბის ფრაგმენტი/ნაწილი მოწყდეს სისხლძარღვის კედელს, გაჰყვეს სისხლის ნაკადს, სადაც  ვიწრო დიამეტრის სისხლძარღვი იქნება იქ შეიძლება დაახშოს და ინფარქტი გამოიწვიოს.

გამოშრობა, სითხის დაკარგვა – ახლა ზაფხული მოდის და განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს ეხებათ ეს, რადგან მათ უფრო აწუხებთ ეს პრობლემები. ჩვენი ორგანიზმი 65-70% წყლისგან შედგება, თუ ორგანიზმში გაჩნდა სითხის დეფიციტი, სითხის დეფიციტი ვითარდება ჩვენს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლშიც. სისხლი თუ გახდა ბლანტი, ამ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ გაჩნდეს თრომბი. განსაკუთრებით ეს ეხება ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც სისხლძარღვები ისეც დაზიანებული აქვთ და თუ სითხის დანაკარგიც ექნებათ, ფაღარათის გამო, თუ სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების გამო, ასევე, სხვა დაავადების გამო დანიშნული შარდმდენი მედიკამენტების მიღებისას თუ ჭარბად მოხდა ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა, შეიძლება სადღაც მოხდეს თრომბის წარმოქმნა.

  • რატომ არიან ორსულები თრომბოზის რისკჯგუფში?

ორსულობა და მშობიარობა გარკვეულწილად დაკავშირებულია სისხლის დაკარგვასთან. ორგანიზმს აქვს ფუნქცია, როცა იკარგება სისხლი, ის საპირისპიროდ ისეთ ნივთიერებებსა და მექანიზმებს ამუშავებს, რომ სისხლი შედედდეს, არ დაიკარგოს. ამ პროცესში შესაძლოა მოხდეს თრომბის წარმოქმნა, მათ შორის მცირე მენჯის ღრუში, იქ ვენურ სისტემაში… ეს არ არის იშვიათი. ეს თრომბი შესაძლოა წავიდეს ფილტვში და ეს ძალიან საშიშია.

კოვიდის დროს სისხლძარღვის კედელში მუშაობს თრომბის წარმოქმნის მექანიზმი. სისხლძარღვის ანთებითი რეაქციისას წარმოიქმნება თრომბები და მათი დაშლის პროდუქტი არის ე.წ.  D-დიმერი. როცა თრომბი დაიშლება, უკვე ლაბორატორიულ  ანალიზში ჩანს, რომ თრომბი სადღაც დაიშალა და D-დიმერმა აიწია. ამიტომ ეშინიათ კოვიდის დროს ექიმებსა და პაციენტებს. თუ D-დიმერის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გულის, ფილტვისა და ტვინის თრომბოზის რისკი მაღალია.

  • ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის გარდა რა კონკრეტულ ჩვევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება თრომბოზის პრევენციისთვის?

ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ არა მარტო თრომბოზის, არამედ ყველა სხვა დაავადების პრევენციაა, თეორიულად ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად არ ვითვალისწინებთ.

ფიზიკური აქტივობისა და სწორი კვების გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ სითხის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღებას,  ძილის მოწესრიგებასა და ნიკოტინისა თუ სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტას.

გარკვეული დაავადებების დროს აქტუალურია თრომბის წარმოქმნა. მაგალითად, თავის ტვინის იშემიური ინფარქტი/ინსულტი, მისი არსი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თავის ტვინის რომელიმე სისხლძარღვში ჩნდება თრომბი. ის შეიძლება ადგილზე გაჩნდეს, შეიძლება გულიდან ან სხვა არტერიიდან გაიქცეს, იქამდე მივიდეს და დაითრომბოს.

ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება პრეპარატები, ანტიაგრეგანტები – ანუ თრომბოციტების შედედებას რაც უშლის ხელს და მეორეა ანტიკოაგულანტები – რომლებიც ხელს უშლიან თრომბის წარმოქმნას და მიგრაციას ქვემო კიდურებიდან ზემოთ, ასევე გულიდან ტვინში.

სითხის დეფიციტი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა ამ დროს. 

ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაციით მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკონტროლოდ – რათა მეორე უკიდურესობაში არ გადავიდნენ და არ გაჩნდეს სისხლდენებისკენ მიდრეკილება. ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად ლაბორატორიული ანალიზები და კლინიკური შეფასება ასეთი პაციენტებისთვის.

თუ ადამიანმა შეამჩნია, რომ წინა მხარი/ხელი გაუცივდა და ფერი დაკარგა, გაფითრდა ან გალურჯდა და პულსი არ ისინჯება მაჯაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მხრის არტერიაში რაღაც მოხდა ისეთი, რომ ჩაიკეტა არტერია. ამ დროს სასწრაფო გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობაა.

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზს თუ  დაერთო ანთებითი რეაქცია, ამ შემთხვევაში  ანთებითი ვენა არის ძალიან მტკივნეული და ვიზუალურად არის შეწითლებული, ხელის შეხებით არის გამაგრებული. ასეთი ვენა არის ძალიან სახიფათო, რადგან ვენის კედელში ანთებითი რეაქციის გამო თრომბი წარმოიქმნება, შესაბამისად დიდი რისკია, რომ თრომბი გადავიდეს სხვაგან.

ქვემო კიდურების ვარიკოზული გაგანიერებისას, რა დროსაც ქვემო კიდურები შესივებულია, ვენების კვალი ამჩნევია ან გაფართოებულია ვენები, ეს უკვე არის რისკი თრომბოზის, ასეთმა ადამიანებმა მუდმივად უნდა მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით.

რას ფიქრობენ პროფესორები მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენაზე ომბუდსმენის მიმართ

სხალთის ეპისკოპოსმა, სპირიდონმა 21 აპრილს ონლაინკონფერენცია გამართა, რომელსაც, მისი თქმით, 90 პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენციაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები ძირითადად იმ უნივერსიტეტში მუშაობენ, რომლის რექტორიც თავად სპირიდონია. თუმცა ესწრებოდნენ ისინიც, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს.

საქმე იმაშია, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 აპრილს სცადა შესულიყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელიც ეპისკოპოს სპირიდონის პატრონაჟის ქვეშაა. მას ამის უფლება არ მისცეს, რაც კანონის დარღვევაა. კონფერენციაც სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა სხალთის ეპისკოპოსმა.

21 აპრილის კონფერენციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს ეპისკოპოსმა სპირიდონმა სთხოვა, ესაუბრათ იმ დადებით მხარეებზე, რაც მათ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ნახეს. ეპისკოპოსმა მათთანაც იქადაგა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეკლესიის მტერი და გარყვნილი ადამიანია.

ეპისკოპოსმა სპირიდონმა კონფერენციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს დაუზუსტა, თუ რატომ არ უშვებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველს – იმიტომ, რომ მას სურს „დააკანონოს გარყვნილება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამიტომ მისი შეშვება იქ არაფრით არ შეიძლება. მასეთი ადამიანი სახლშიც კი არ უნდა შეუშვა“. ეს ციტატაც სასულიერო პირს ეკუთვნის. ონლაინკონფერენციას ესწრებოდნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობდნენ და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა ისინი ეპისკოპოსის პოზიციას სახალხო დამცველთან დაკავშირებით და ხედავენ თუ არა პრობლემას იმაში, რომ ეპისკოპოსი არ ემორჩილება ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, ანუ კანონს?

შუახევის ყოფილმა მერმა, ტარიელ ებრალიძე, რომელიც დღეს აჭარის განათლების ფონდში მუშაობს, კონფერენციაზე თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის კრიტიკა „ეკლესიის წინააღმდეგ ტოტალური შეტევის ერთ-ერთი ფრაგმენტია. ლიბერასტების მიერ არის შექმნილი, რომ პატრიოტიზმს ებრძოლონ“.

თუმცა „ბათუმელებთან“ მან თქვა, რომ ეპისკოპოს სპირიდონის პოზიციას, როცა ის სახალხო დამცველს გარყვნილს და ბილწს უწოდებს, ამ ნაწილში არ იზიარებს.

„მე სატანას არ ვუწოდებ არავის. ჩემი იქ დასწრება (ონლაინშეხვედრაზე) არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ იქ რა აზრიც გამოთქვა, ყველაფერს ვეთანხმები. მე გამაჩნია ჩემი შეხედულება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახალხო დამცველი, უნდა არსებობდეს თავისუფალი მედია და უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი აზრი. თუმცა ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ ნინოწმინდის პანსიონში საშინელება ხდება,“ – ამბობს ებრალიძე.

მისი აზრით, სახალხო დამცველი პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს აღმზრდელების თანდასწრებით უნდა შეხვდეს და არა მარტო. ასევე, ის ამბობს, რომ ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა თუ ვინმეს სურს, ღონისძიებებზე უნდა ჩავიდეს და დაესწროს.

ეპისკოპოსი სპირიდონის მიერ გამართულ ონლაინკონფერენციას კიდევ ერთი ყოფილი მერი, ბესიკ ბაუჩაძე ესწრებოდა. ის ახლა ხიჭაურის უნივერსიტეტშიც მუშაობს და ბსუ-შიც კითხულობს ლექციებს.

კონფერენციაზე მან თქვა: „ჩვენ მხარს გიჭერთ მეუფეო“. თუმცა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სპირიდონის პოზიციას სახალხო დამცველთან მიმართებაში არ იზიარებს.

„მე, რა თქმა უნდა, ვემიჯნები ასეთ გამონათქვამებს. არ ვიზიარებ მაგ პოზიციას (რომ სახალხო დამცველი ბილწი და სატანაა), ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს პატივს ვცემ, ყველა ინსტიტუტმა უნდა იმოქმედოს, ეს არის დემოკრატია, თუმცა ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ჩემი გასარკვევი არ არის,“ – ამბობს ბაუჩაძე.

ხულოს ყოფილი მერის თქმით, სახალხო დამცველს კონსტიტუციურად აქვს უფლება, შევიდეს ასეთ დაწესებულებებში.

ონლაინკონფერენციას ესწრებოდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილიც. „ბათუმელები“ მასაც დავუკავშირდით და ჰკითხა, რამდენად იზიარებს ეპისკოპოსის შეფასებებს სახალხო დამცველთან დაკავშირებით.

მაია ჭიჭილეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი სიტყვები სპირიდონისგან არ მოუსმენია.

„არ ვიცი, არ მომისმენია, სიმართლე რომ გითხრათ, მე შევედი გვიან კონფერენციაზე და ვერაფერს ვერ გეტყვით“.

რაც შეეხება ეპისკოპოს სპირიდონის მხრიდან არაერთგზის გამოყენებულ სიძულვილის ენას ნინო ლომჯარიასთან მიმართებაში, ჭიჭილეიშვილი ამბობს – „პირველად მესმის“.

„მე მსგავსი პათოსი არ შემიმჩნევია (სპირიდონისთვის) იმიტომ, რომ ბოლო ნაწილში შევუერთდი კონფერენციას და მანამდე თუ იყო, ვერ გეტყვით“.

თუმცა დასძენს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლით ბევრია აღფრთოვანებული.

„ბავშვთა სახლში სისტემატურად დადიოდნენ ჩვენი პედაგოგები და აღფრთოვანებულები იყვნენ ბავშვების განათლებითო“.

ამის შემდეგ ვკითხეთ, მისი აზრით, უნდა ეძლეოდეს თუ არა სახალხო დამცველს პანსიონში ბავშვებთან შეხვედრის უფლება ან საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა მსგავსი ტიპის დაწესებულება ქვეყანაში? – მაია ჭიჭილეიშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველმა „მისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი უნდა გაარკვიოს“.

ბავშვთა სახლების არსებობაზე კი ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა როინ მალაყმაძეს და მზია შავაძეს, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ამ კონფერენციას და ხიჭაურის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან. მათ ვერ დავუკავშირდით.

კონფერენციაზე როინ მალაყმაძემ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი „ერთადერთი მარგალიტია“ სამცხე-ჯავახეთში და „ასეთი დაწესებულების წინააღმდეგ წასვლა, ქვეყნის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს“.

მზია შავაძეს კი მიაჩნია, რომ „საქართველოზე ასე შემართებით რომ ამბობენ ლექსს (პანსიონის ბავშვები), ალბათ ეს არ მოსწონთ“.

კონფერენციას ხიჭაურის სასულიერო სკოლის პედაგოგი ირა აბულაძეც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ვინც ეპისკოპოს სპირიდონს აკრიტიკებს და ბავშვთა სახლის შესწავლას ითხოვს, „ეშმაკის მსახურები არიან. ესენი ქართველები არ არიან, არც ქართული სისხლი აქვთ და არც ქართული ჯიშის არიან“.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა სახლში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები.

„პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებული არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი. ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა“.

დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა. ეს უწყება 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

უქმეები ბათუმში | ფოტო

რაც მეტად თბება ჰაერი, მით მეტი ადამიანი შლის საპიკნიკე პლედს ბათუმის ბულვარში და მით მეტი ადამიანი გადის სანაპიროზე რუჯის მისაღებად. იმის გამო, რომ მაისი არც მთლად გაზაფხულია და არც მთლად ზაფხული, შეგიძლია არჩევანი გააკეთო რუჯის მიღებასა და აყვავებული ხეების ქვეშ ჯდომას შორის. ანდაც რა საჭიროა არჩევანის გაკეთება, როცა უქმეებია?

ამ სტატიაში გიწვევთ მზით გამთბარ ბათუმში ვირტუალური გასეირნებისთვის, მათ ვინც სხვადასხვა მიზეზით ამას ვერ ახერხებთ.

დავიწყოთ 6 მაისის პარკით.

პარკში გასულ კვირას ბალახი გაკრიჭეს და მანამ ტრიალებდა ეს სურნელი ჰაერში, სანამ ბალახებისგან გათავისუფლებულმა ყვავილებმა არ ამოყვეს თავი მიწიდან.

ნურიგელის ტბა 6 მაისის პარკში

პარკში დღეს პოპულარული იყო ბალახზე წამოგორება და კიდევ ფრიზბის თამაში, რომელიც ფოტოზე იმიტომ არ ჩანს, რომ ძალიან სწრაფად დააქროლებდნენ.

6 მაისის პარკი, პიკნიკი

ახლა კი ბულვარისკენ წავიდეთ და ეგებ ზღვასაც გადავხედოთ.

როგორც ჩანს, ჩვენ გარდა სხვებსაც იგივე მარშრუტი აქვთ არჩეული.
როგორც ჩანს, მხოლოდ ადამიანები არ ატარებენ აქ კარგ დროს
ბულვარი

კოლონადების წინ გაშლილ მოედანზე სკეიტერები და ველომოყვარულები სხვადასხვა ტრიუკების ზუსტად შესრულებაში იწაფებიან.

იქვე ფოტოსტუდიასა და სიცილის ოთახთან ახალი თაობა ხვდება ჩვენი ქალაქის „დიდებულ თეთრ ცხენს“

ცოტა ხნით შეგვიძლია ისინი მარტო დავტოვოთ და გლიცინიაშემოხვეული ხით აღფრთოვანებაში შევუერთდეთ სხვა მოსეირნეებს.

უკვე გვიანდება და დროა, ზღვისკენ გავეშუროთ მზის ჩასვლის სანახავად.

სანამ ჩვენ ვსეირნობდით, სხვებს უკვე რუჯიც დაეტყოთ

უკაცრავად, თქვენთ არ მიგულისხმიხართ

თქვენც არ ელოდით ასე ლამაზ დაისს?

შეამოწმე, როგორ გესმის თინეიჯერების ენა [ტესტი]

ენა ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ბევრი ახალი სიტყვა, მათგან ზოგი რჩება, ზოგიც ქრება. ენისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ხშირად ახალგაზრდების, თინეიჯერების მეტყველება ბევრად განსხვავდება უფროსების მეტყველებისგან, თინეიჯერები ბევრ ისეთ ახალ სიტყვას იყენებენ, რაც სოცქსელებშია გავრცელებული, მათი უმრავლესობა ინგლისური სიტყვების ანალოგია. შეამოწმეთ, როგორ გესმით თინეიჯერების ლექსიკა.

6-თვიანი აკრძალვის შემდეგ საბერძნეთში კაფეები და რესტორნები გაიხსნა

დღეს, 3 მაისს, ბერძნული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში გახსნილი კაფეები და რესტორნებია.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან ექვსი თვის შემდეგ ბერძნებს უკვე შეუძლიათ კაფეში წასვლა, თუმცა ქვეყანაში კაფეები და რესტორნები მუშაობს მხოლოდ ღია სივრცეში და მუსიკის გარეშე.

მაგიდასთან დაშვებულია მხოლოდ 6 ადამიანის განთავსება. მიმტანებმა უნდა ატარონ პირბადე და კვირაში ერთხელ გაიარონ ტესტირება კოვიდზე.

რესტორნები და კაფე-ბარები საბერძნეთში 22:45 საათამდე იქნება ღია.

ღია კაფედან გამოაქვეყნა ფოტო ტვიტერზე საბერძნეთის პრეზიდენტმა, ეკატერინი საკელაროპულუმ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დღევანდელი მონაცემებით, საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდის 346 422 შემთხვევა. ქვეყანაში 10 453 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით.

____________

ფოტო: protothema.gr

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ციფრული ვერსიის შექმნის პროექტზე იწყებს მუშაობას. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, რომელიც არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ციფრულ ლარს გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC-ის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] აცხადებს ასევე, რომ „CBDC – ს გააჩნია პოტენციალი, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნესმოდელებს, რასაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს“.

ამასთან, „ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე“.

ამ ეტაპზე სები ციფრული ლარის პროექტზე თანამშრომლობისთვის ფინტექ კომპანიებს და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს იწვევს: „პროექტში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, სხვადახვა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობის და მონაცემთა მართვაში“.

სების განცხადებით, ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოკვეთა, „რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა“.

როგორ მოვიქცე, როცა ქუჩაში პოლიციელი მაჩერებს? – იურისტის რჩევები [ვიდეო]

ჰქონდა თუ არა მოქალაქეს გაქცევის უფლება, ვისი შეჩერებაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელმა ქუჩაში პირბადის არქონის გამო სცადა? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს დავუსვით. იურისტს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ვთხოვეთ პრაქტიკული ინფორმაციის მოწოდება – შემთხვევა, როცა ქუჩაში პოლიციელი გვაჩერებს, ფოტოს გვიღებს, ჩხრეკას გვიპირებს…

  • გიორგი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს და ინტერესდება ვინ ვართ, სად მივდივართ ან რატომ ვართ ქუჩაში?  

თქვენი მონაწილეობა საპოლიციო ღონისძიებებში არის ნებაყოფლობითი. მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიციელთან კომუნიკაციის დროს უნდა იცოდეთ თითოეული მოქმედების შესახებ. განსხვავებით სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისგან, იქ თუ თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ უარი განაცხადოთ, ან მითითება მისცეთ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მათ მიერ კანონით განხორციელებულ პროცედურებზე, ამ შემთხვევაში, საპოლიციო ღონისძიებებს როდესაც ეხება საკითხი, საუბარია უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და სტანდარტზე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

პირის გამოკითხვა არის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არის პირველადი კომუნიკაციის შესაძლებლობა და საშუალება, მაგრამ პოლიციელს ასე მარტივად, ცხადია ამ კითხვების დასმის უფლება არ აქვს. პირველ რიგში, თქვენი შეჩერება და გამოკითხვა უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ გარემოებებთან. ეს შესაძლოა იყოს თქვენი მსგავსება სამართალდარღვევაში მონაწილე პირთან, ან უშუალოდ თქვენ იყოთ ჩართული სამართალდარღვევაში, ან პოლიციელს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თქვენ რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ჩაიდენთ.

ასევე შესაძლებელია, რომ სამძებრო ღონისძიებას ატარებდეს პოლიციელი და მას სჭირდება თქვენი იდენტიფიცირება იმისთვის, რომ დაადგინოს თქვენსა და ძებნილ პირს შორის შესაძლო კავშირი. თქვენი გამოკითხვა უნდა იყოს დაკავშირებული ობიექტურ მიზეზთან. პოლიციელის სუბიექტური სურვილი, რომ მას სურს რაღაც გაიგოს თქვენს შესახებ, ამის უფლება მას არ აქვს.

  • რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს, როცა პოლიციელი იწყებს ჩვენს გამოკითხვას ქუჩაში? 

პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვესაუბრებით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს. პოლიციელის აღქმის პირველი შესაძლებლობა არის პოლიციელის უნიფორმა. თუ ეს ფორმა მას არ აცვია და არც სხვა გარემოებები არ გაძლევთ მოლოდინის საფუძველს, რომ პოლიციელთან გაქვთ ურთიერთობა, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ, მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს პოლიციელს. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ვინ არის პოლიციელი, ვისთანაც პირველ ეტაპზე გაქვთ ეს კომუნიკაცია.

რაც შეეხება ჩვენი შეჩერების საფუძველს და მიზეზებს – ეს უნდა განმარტოს პოლიციელმა და ამის ვალდებულება მას აქვს. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც პოლიციელმა შესაძლოა ვერ მოასწროს ამ უფლებების განმარტება, ან ამის ობიექტური შესაძლებლობა არ იყოს, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა. პირის გამოკითხვა და ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიება, რომელშიც თქვენ შესაძლოა მიიღოთ მონაწილეობა, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ნებაყოფლობითია, ანუ ეს დაკავშირებულია თქვენს სურვილზე, გქონდეთ პოლიციელთან კომუნიკაცია, ითანამშრომლოთ და მიაწოდოთ მას გარკვეული ინფორმაცია. არანაირად ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალადობასთან, პირის იძულებასთან, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. თქვენ გაქვთ უფლება, რომ არ გასცეთ ინფორმაცია და პოლიციელს არ აქვს უფლება, რომ რაიმე სახის ზემოქმედებით გაიძულოთ ინფორმაციის გაცემა.

  • რისი უფლება აქვს პოლიციელს, რასაც უარით ვერ ვუპასუხებ? 

პერსონალური მონაცემი არის მხოლოდ სახელი და გვარი, პირადი ნომერი. თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ პოლიციელს თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პასპორტი, რომლითაც პოლიციელს თქვენი იდენტიფიცირება შეეძლება. სხვა ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, მაგალითად: საიდან მოდიხართ, სად მიდიხართ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ეს ინფორმაცია არ გასცეთ. ზოგადად, არც პოლიციელი უნდა სვამდეს ამ კითხვებს, რადგან ეს არ არის დაკავშირებული პირის იდენტიფიცირებასთან. თუ ადამიანს შეუძლია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მიაწოდოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, ცხადია ამ კითხვების დასმის უფლება პოლიციელს არ აქვს.

  • აქვს თუ არა პოლიციელს უფლება ფოტო გადამიღოს? 

ფოტოს გადაღება არის პირის იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ ფოტოს გადაღება არის ისეთი საპოლიციო ღონისძიება, როდესაც ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება. ფოტოს გადაღება არის უკიდურესი აუცილებლობა, როდესაც პოლიციელი გვეკითხება, ვინ ვართ და ამას ვერ ვპასუხობთ, ან დაგვავიწყდა ჩვენი პერსონალური მონაცემები, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს პოლიციელს უფლება, გადაგვიღოს ფოტო. მას აქვს უფლება ასევე გადაგვიღოს ფოტო ფიზიკურ მახასიათებელზე, მაგალითად, ტატუზე, გაზომოს ჩვენი სიმაღლე, ჩაიწეროს ხმა, თითის ან ხელის გულების ანაბეჭდები აიღოს.

ეს პროცედურა მოითხოვს სპეციალური ოქმის შედგენას, სადაც უნდა გაიწეროს ყველა ღონისძიება, რაც განახორციელა პოლიციელმა. თქვენ თუ არ ეთანხმებით ამ საპოლიციო ღონისძიებას, ან თვლით, რომ პოლიციელმა კანონის დარღვევით გადაგიღოთ ფოტო, ან სხვა საპოლიციო ღონისძიება განახორციელა, უფლება გაქვთ ეს დააფიქსიროთ ოქმში, დაადასტუროთ ხელმოწერით და მიიღოთ ამ ოქმის ასლი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, ეს შესაძლებლობას მოგცემთ, საპოლიციო ღონისძიებები გაასაჩივროთ, მიმართოთ სასამართლოს. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურებაც, რაც მოგადგათ თქვენ ამ საპოლიციო ღონისძიებით.

არსებობს პრაქტიკა, როცა ოქმზე ხელს არ აწერენ. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ოქმზე ხელის მოწერა არ ადასტურებს და არც უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენას. ოქმზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ იმ საპოლიციო ღონისძიების ჩატარებას, რაც განახორციელა პოლიციელმა.

ოქმში ინფორმაციის შეტანა არის პირველადი წყარო იმისთვის, რომ შემდეგ ნებისმიერმა იურისტმა შეძლოს ინფორმაციის მიღება, ეს ინფორმაცია არის იმისთვის, რომ თქვენი სამართლებრივი დაცვის ინტერესები დაეფუძნოს ოქმში ასახულ ინფორმაციას. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ოქმზე ხელის მოწერაზე ნუ ვიტყვით უარს. პირიქით, მოვითხოვოთ ოქმი, მასში ინფორმაციის შეტანა და თუ ვთვლით, რომ რაღაც ინფორმაცია მიაკლო პოლიციელმა, ან არ შეიტანა განზრახ, გაუფრთხილებლობით, უფლება გაქვთ, ეს თავად ასახოთ ოქმში.

  • მაქვს თუ არა უფლება არ მივიდე პოლიციის განყოფილებაში, როცა იქ მიბარებენ? 

პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებაც არის ნებაყოფლობითი პროცედურა. თუ მე არ მსურს გამოვცხადდე სამართალდამცავ ორგანოში, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და პოლიციელი ვალდებულია, ჩემი ეს სურვილი გაიზიაროს. ამას თქვენი არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. თქვენ იძულებით მიყვანას პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველი ვერ მოახდენს, მაგრამ, ცხადია, რომ თანამშრომლობა და პოლიციელებთან კომუნიკაცია სწორი სამართლებრივი პრაქტიკაა. პოლიციელი საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვაში ვერ იქნება მხოლოდ სუბიექტი საზოგადოების გარეშე და როცა საზოგადოება ხელს უწყობს მას, ეს ერთგვარი დემოკრატიული პროცესის ზრდის კარგი შესაძლებლობა და საშუალებაა.

რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა უნდა იყოს მორგებული ადამიანის დროის შესაძლებლობაზე: თუ მე ვმუშაობ და არ მაქვს საშუალება, მითითებულ დროს გამოვცხადდე პოლიციის განყოფილებაში, შემიძლია შევთავაზო პოლიციის თანამშრომელს კონკრეტული დრო, რაც აბსოლუტურად გაზიარებული უნდა იყოს, ვინაიდან თუ ისიც დაინტერესებულია, რომ ჩემგან ინფორმაცია მიიღოს, უნდა მომცეს შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე ჩემთვის სასურველ დროს.

  • როდის შეიძლება გამჩხრიკოს პოლიციელმა? 

გაჩხრეკა არის ყველაზე მკაცრი საპოლიციო ღონისძიება და ჩხრეკის ჩატარება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესს, ანუ ეს უნდა იყოს დანაშაულის შემადგენლობა. ჩხრეკის დროს პოლიციელს უფლება აქვს ტანსაცმელსა და ტანსაცმლის შიგნით ჩაყოს ხელი, ან კონკრეტული საგნის გამოყენებით შეგამოწმოს. რაც შეეხება პოლიციელის მხრიდან შემოწმებას, როცა ის ქუჩაში გვაჩერებს და ეს არ უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, ეს უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან აკრძალული ნივთის ფლობასთან, გადატანასთან, ან პოლიციელს უნდა უქმნიდეს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ჩვენ ამ ნივთს ვფლობთ. სხვა შემთხვევაში რომ გამაჩეროს ვინმემ და მოითხოვოს ჩემი შემოწმება, ეს არ გამოვა. პოლიციელს ამ დროს არ აქვს ჩხრეკის უფლება. მას არ შეუძლია, მაგალითად, ჯიბეში ხელი ჩამიყოს, გახსნას ავტომანქანის სალონი და დაათვალიეროს დახურული ნაწილები, რასაც გახსნა სჭირდება. მას შეუძლია მხოლოდ გარეგანი დათვალიერება, ანუ, მაგალითად, თუ ჩემს ტანსაცმელს აქვს გარედან ჯიბე, პოლიციელს უფლება აქვს მას გარედან ხელი მიადოს და დაათვალიეროს, მაგრამ მას არ აქვს უფლება, ჯიბეში ხელი ჩაგიყოთ, ან ჯიბეები გადმოატრიალოს.

მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ცხადია, ეს შემოწმებაც არის ნებაყოფლობითი. პოლიციელმა ასევე უნდა განგიმარტოთ, რომ თუ მართლაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ფლობთ, თავად წარმოადგინოთ ეს ნივთი, მაგრამ თუ თქვენ ამ ნივთს არ ფლობთ, ან ეს დამაჯერებელი არ არის პოლიციელისთვის, მას აქვს ტანსაცმლის გარეგანი დათვალიერების უფლება. თუ ის საპირისპირო სქესის წარმომადგენელია, მას არ აქვს თქვენი გარეგანი დათვალიერების უფლება.

  • გახმაურებულ შემთხვევაზე მინდა გკითხოთ – ბათუმში პოლიციელი ქუჩაში გაეკიდა კაცს, რომლის დაჯარიმებაც სცადა პირბადის არქონის გამო. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“? 

როდესაც გარკვეული სამართალდარღვევის ჩადენაში შემჩნეულია პირი და არსებობს ლეგიტიმური საფუძველი, რომ პოლიციელმა მის მიმართ გაატაროს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, პოლიციელის მოქმედება კანონიერია. როდესაც პოლიციელმა ამ შემთხევაში სცადა შეემოწმებინა პირის მონაცემები, დაინტერესდა, თუ რატომ არ ატარებდა იგი პირბადეს, ამ დროს გაქცევა არ იყო კანონიერი პროცედურა. გაქცევის დროს ჩვენ შეგვიძლია ჩავიდინოთ მეორე სამართალდარღვევა უნებლიეთ  – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პროცედურულად ორი ძირითადი მომენტი: პირველი, როდესაც ჩვენ არ მიგვიძღვის ბრალი სამართალდარღვევის ჩადენაში, ამ დროს ჩვენი უფლებაა, ნებაყოფლობით მივიღოთ მონაწილეობა საპოლიციო ღონისძიებაში და მეორეა, როცა ძალიან აშკარაა პირის მონაწილეობა კონკრეტულ სამართალდარღვევაში და პოლიციის მოთხოვნა ჩემ მიმართ, შესაძლოა იყოს დაკავშირებული კანონიერ მოთხოვნასთან და მისი შეუსრულებლობა იწვევდეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

  • როდესაც მაკავებენ, მაქვს თუ არა უფლება დავურეკო ოჯახის წევრს, ადვოკატს?

დაკავება ეს არის ყველაზე მკაცრი ფორმა, საშუალება, რომელსაც პოლიციელი უნდა იყენებდეს უკიდურესი აუცილებლობის დროს. დაკავება არ უკავშირდება მაინცადამაინც სამართალდარღვევას, ეს უნდა იყოს გარდაუვალი აუცილებლობა. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების, მიმალვის ან ახალი სამართალდარღვევის ჩადენის რისკი უნდა არსებობდეს. ხშირად დაკავება ატარებს ფორმალურ ხასიათს, ანუ გვეუბნება სამართალდამცველი, რომ დაკავებული არ ვართ, მაგრამ გვიზღუდავს გადაადგილებას, არ გაძლევთ საშუალებას, რომ დაუკავშირდეთ თქვენი ოჯახის წევრებს, ადვოკატს და ასე შემდეგ.

დაკავების დროს, რა თქმა უნდა, თქვენი უფლებაა, რომ დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, ადვოკატს. ადვოკატთან შეხვედრის უფლება უნდა იყოს ცალსახად რეალიზებული, ეს დაკავშირებულია საპროცესო, თუ სხვა სახის უფლებებთან. ასევე თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, რაც კონსტიტუციური უფლების ნაწილია. დუმილის უფლებით სარგებლობა არ ნიშნავს თქვენს ბრალეულობას, ან თქვენ უდანაშაულობას. დუმილის უფლება უბრალოდ არის ფაქტობრივი მოცემულობა, როცა თქვენ არ გასცემთ ინფორმაციას.

ადმინისტრაციული დაკავების დროს სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია თქვენი დაკავების ოქმი წარადგინოს სასამართლოში. თქვენი აღიარება რომც არსებობდეს, ეს არაა საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინეთ. ყველა შემთხვევაში თქვენ მიმართ გატარებული იძულებითი ღონისძიებები მოითხოვს მტკიცებას. თქვენი ბრალეულობა უნდა იყოს დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

რა გავაკეთო, როცა ქუჩაში პოლიციელი მაჩერებს? - იურისტის რჩევები

 

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება      

თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ ან ჩაბარებას სწორედ იქ აპირებ, ალბათ შენც დაძაბული ადევნებ თვალს საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის „ა“ ლიგას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „კავკასია“ გადამწყვეტ მატჩებს ხომ სწორედ ახლა ატარებს იმისათვის, რომ სუპერ ლიგის საგზური მოიპოვოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „კავკასია“ სუპერლიგის საგზურისთვის იბრძვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „კავკასია“ სუპერლიგის საგზურისთვის იბრძვის

გუნდი ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების სერიისთვის განსაკუთრებულად ემზადება – სუპერლიგის კლუბ „ბათუმთან“ გამარჯვება „კავკასიისთვის“ 2021 წლის გაზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გუნდის მწვრთნელი, ბექა წივწივაძე აღნიშნავს, რომ ჩემპიონატში ორი მოთამაშის ტრავმა ყველაზე დიდი უიღბლობა იყო, რაც გუნდს შეიძლებოდა წელს დამმართნოდა.

„ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა დასკვნით ეტაპზე გამართლება, უბრალოდ, ჯანმრთელი მოთამაშეები გვჭირდებოდა. რევაზაშვილისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კოლეის არყოფნა გუნდს დაეტყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ჩვენი მიზანი სუპერლიგის საგზურის მოპოვებაა. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ბათუმის გუნდთან“, – აღნიშნავს, ბექა.

ცნობისთვის, CIU-ს საკალათბურთო კლუბი 2017 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ კლუბმა „ა“ ლიგის ჩემპიონატის ორი ფინალი ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. დამარცხების მიუხედავად, ბექა წივწივაძე თვლის, რომ გუნდმა გამოცდილება საკმარისად დააგროვა.

„ვფიქრობ, რომ დამარცხების ცოდნის გარეშე გუნდი ვერ შედგება გუნდად. გუნდმა უნდა იცოდეს, წინ რა ელის, რამდენად დიდია გამოწვევები, რამდენად მასშტაბური უნდა იყოს ის სტრატეგია, რასაც ვისახავთ. ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებას კი სულ სხვა ფასი აქვს“, – აღნიშნავს ბექა.

 რამ უნდა გააერთიანოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები?

უნივერსიტეტმა აუცილებელია იცოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება –  მათი სტუდენტები, გარდა ხარისხიანი სწავლებისა, საუნივერსიტეტო ცხოვრების, უნივერსიტეტის სულის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

ესაა რაღაც, რასაც ერთად უნდა გულშემატკივრობდნენ, რეგულარულ აქტივობებში ებმებოდნენ და რითაც ისინი უნდა ამაყობდნენ. ისინი უნდა ამაყობდნენ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლობენ, რომ მათ ეკუთვნიან.

ერთიანობის განცდა კი ყველაზე უკეთ სპორტში ვლინდება, გულშემატკივრები კი ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

ბექა წივწივაძე ამბობს, რომ 2020-2021 წლების სეზონი ამ მხრივ სპორტსმენებისთვის ყველაზე რთული იყო.

„გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოეცალა – ესაა გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, რომლებიც თავიანთი უნივერსიტეტის სახელს სკანდირებენ და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ბიჭებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივარი, კსუ-ს თითოეული სტუდენტი და არამხოლოდ ისინი, დისტანციურად კვლავ გვერდში გვიდგას“, – აღნიშნავს ის.

კალათბურთის სიყვარული, მოთმინება და შრომა – არის ის, რასაც გამოცდილი მწვრთნელი თითოეულ ახალგაზრდა და დამწყებ კალათბურთელს ურჩევს.

„რაც შეეხება გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ სულ მალე რეალურადაც, კვლავ საკალათბურთო დარბაზში შევხვდებით ერთმანეთს“,-  ამბობს ბექა.

რაში დახარჯავს აჭარა 20 მილიონ ლარს, პროგრამა – „განახლებული რეგიონები“

ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარი იქნება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის პერიოდში უნდა დასრულდეს.

ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აუქციონის გარეშე, პრეისკურანტით გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრულია თითოეული ობიექტის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტული სამუშაოების ზღვრული ღირებულებები. ანუ ტენდერში მონაწილემ ამა თუ იმ სამუშაოს ღირებულება ფონდს, პრეისკურანტის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს.

მაგალითად, თუ კერძო სახლში საჭიროა თაბაშირმუყაოს ორმაგი ტიხრის მოწყობა, ფონდი 1 კვ/მეტრში მაქსიმუმ 51,94 ლარს გადაიხდის.

ტენდერში მოცემულია კერძო სახლის; ადმინისტრაციული შენობის ან კორპუსის; საგზაო სამუშაოების; სკვერის, პარკისა და ღობის პრეისკურანტები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერის მიხედვით, თითოეულ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო ობიექტებს შეარჩევს თავად კომპანია, მოამზადებს მათზე საპროექტო დოკუმენტაციას [ხარჯთაღრიცხვას] და ამ პროექტებით თავადვე ჩაატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ტენდერის პირობის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ესკიზების მინიმუმ 2 ვარიანტიდან ერთ-ერთს შეითანხმებს და დაამტკიცებს სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი კომისია. აღნიშნული ესკიზების დამტკიცების შემდეგ კი, მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების სრული გეგმა-გრაფიკი.

მთავრობამ პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ 2021 წლის 26 აპრილს დაამტკიცა. რა თანხით უნდა დაფინანსდეს პროგრამა, ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რაც შეეხება ტენდერებს სამუშაოების შესყიდვაზე, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ამ დრომდე 8 ტენდერი უკვე გამოაცხადა სხვადასხვა ადგილზე. თითოეული ადგილის შემთხვევაში ხელშეკრულების სავარაუდო ჯამური ღირებულება მაქსიმუმ 20 მილიონი ლარი იქნება. ანუ, 34 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში განახლებული რეგიონების პროგრამით ჯამში 160 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ერთი ტენდერის ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე მუნიციპალიტეტში [ლოკაციაზე] ჩატარდება. როგორც ფონდში გვითხრეს, მაგალითად, ხულოს ლოკაცია გულისხმობს თავად დაბის, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ასეა ყველა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში.

3 მაისის მდგომარეობით ტენდერები გამოცხადებულია: 

  • ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქედის ლოკაციებზე
  • ლენტეხის, ონის, ცაგერის, ამბროლაურის, ტყიბულის ლოკაციებზე
  • ხობის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის ლოკაციებზე
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის ლოკაციებზე
  • მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთის ლოკაციებზე
  • თერჯოლის, ქუთაისის, ვანის ლოკაციებზე
  • ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის ლოკაციებზე
  • საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის ლოკაციებზე

მაგალითად, აჭარის შემთხვევაში, ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 7 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება.

ხომ არ არის ეს პროგრამა თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე შესაძლო ზემოქმედება; რამდენად შეესაბამება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი პროექტის განხორციელება თვითმმართველობის პრინციპებს და ხომ არ არის ეს ცენტრის ჩარევა თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში? – ამ საკითხებზე ვრცლად წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:

https://netgazeti.ge/news/538160/

მაისი ბახმაროში [ფოტო]

კურორტი ბახმარო მაისის პირველ რიცხვებში უკვე გაცოცხლდა. კურორტზე ჯერ მხოლოდ ისინი ადიან, ვინც სახლის აშენებას ან შეკეთებას აპირებს. თოვლი ბახმაროში მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩა.

აქტიური სეზონი ბახმაროში ივნისის ბოლოს იწყება. ალპურ ზონაში მდებარე კურორტი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება.

ფოტოები ბახმაროში 2 მაისსაა გადაღებული.

მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
მაისი ბახმაროში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

ბათუმში 34 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდით

დღეს, 3 მაისს, ბათუმში 34 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით კლინიკა „ბიემსიში“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა „ბიემსიში“ 8 აპრილს შეიყვანეს. მას რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობდნენ, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი.

„მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – იუწყება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

ამ შემთხვევის ჩათვლით, ბოლო 24 საათში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 2 ქალი, მათი ასაკი 71 და 66 წელი იყო.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მაისის პირველ კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოსალოდნელია  დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 5 მაისს ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 13 გრადუსია.

კოვიდის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.81%, 12 ადამიანი გარდაიცვალა

3 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 163 პირი გარდაიცვალა.

რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა.

2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, მათგან 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი.

9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

აჭარაში კორონავირუსის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი – 3 მაისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსით გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 8 ადამიანი, სულ კოვიდკლინიკაში მკურნალობს 413 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 85.

„სასაფლაოზე შესვლამდე დამაკავეს, ვიდრე წესს დავარღვევდი“ – დეპუტატი

„პოლიციელს ვუთხარი, რომ დემონსტრაციულად დავარღვევდი წესს და შევიდოდი სასაფლაოზე, მაგრამ ტელევიზიები ვიდრე მოვიდოდნენ, დამაკავეს,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. ის ადმინისტრაციული წესით დღეს, 2 მაისს, ურეხის სასაფლაოსთან დააკავეს.

2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოზე შესვლა აკრძალულია – ჯარიმა 2 ათასი ლარია.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მას პოლიციელებთან კამათი მას შემდეგ მოუხდა, როცა სასაფლაოზე არ შეუშვეს 12 თებერვალს გარდაცვლილი 25 წლის მეხანძრე-მაშველის – თორნიკე კიპაროიძის ქვრივი .

„მე იქ მივედი იმისთვის, რომ მენახა, რა ხდებოდა, ადამიანები მიდიოდნენ, მაგრამ პოლიცია არ უშვებდა. დაღუპული მეხანძრე-მაშველის ცოლის შემთხვევა იყო გამაღიზიანებელი, მე რა ვქნა, ჩემ გამო ხომ არ მომკვდარაო, ეუბნებოდა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის მოადგილე შოთა ბაღიაშვილი დაღუპულის ცოლს. ის ითხოვდა პასკას დავდებ საფლავზე და მალევე გამოვალო… ვუთხარი პოლიციის უფროსის მოადგილეს, რომ ეს არ იყო სწორი და მე შევიდოდი სასაფლაოზე დემონსტრაციულად. ტელევიზიებს დავურეკე და მათ ველოდებოდი. პოლიციის უფროსის მოადგილე ამ დროს ტელეფონით ესაუბრა ვიღაცას და, როგორც ჩანს, მიიღო დავალება ჩემს დაკავებაზე,“ – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, მას დაკავების დროს ადვოკატთან დაკავშირების საშუალებაც კი არ მისცეს. პოლიციის განყოფილებაში სამსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, დეპუტატი სასამართლოში გადაიყვანეს.

ელგუჯა ბაგრატიონი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

დეპუტატის თქმით, მას პოლიციელმა ასე განუმარტა დაკავების მიზეზი: „დარღვევის ჩადენას აპირებდი“.

„მოსამართლეს ვუთხარი, რომ ადვოკატიც კი არ მყავდა, ამიტომ საქმის განხილვა გადაიდო,“ – დასძინა ელგუჯა ბაგრატიონმა.

რა ღირს ბათუმში დასვენება? ჰოსტელებისა და სასტუმროების ფასები

ყველაზე მეტად პანდემია ბათუმში ჰოსტელების ფასს დაეტყო – ზოგიერთ ჰოსტელში ღამის გათევა 15 ლარადაც კი შეიძლება. ჰოსტელების მფლობელები არ გამორიცხავენ, რომ შუა ზაფხულშიც ჰოსტელებში, რომლებიც პანდემიას  გადაურჩნენ, იგივე ფასი შეინარჩუნონ. ჰოსტელების ერთი ნაწილი კი, საერთოდ დაიხურა.

ფასების დაახლოებით 10-20 პროცენტით შემცირებაზე საუბრობენ სასტუმროებშიც, თუმცა ამ სეგმენტში ელიან, რომ ზაფხულამდე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და ფასების ძველ ნიშნულს დაუბრუნდნენ.

ბათუმში სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე მითითებული 9 ჰოსტელიდან „ბათუმელებს“ მოქმედი მხოლოდ 2 დახვდა. დანარჩენ ჰოსტელებში სატელეფონო ზარს არ პასუხობენ, ან გიპასუხებ, რომ „ჰოსტელი დახურულია, არ ვიცით, საერთოდ გაიხსნება თუ არა“.

„ჩვენთან ერთი ღამე 15 ლარია, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ვართ, ქალაქის ცენტრში… ბევრი სტუმარი არ არის, მაგრამ ხანდახან არიან, ზაფხულშიც ალბათ იგივე იქნება, რადგან ხომ გესმით: პანდემიის დროს ადამიანებს ასეთი ადგილები უფრო აშინებთ, სადაც ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში 10 ლარი ღირდა ერთი ღამე. წინა წლებში, როგორც ვიცი, დაახლოებით 40 ლარი ღირდა, მაშინ მე აქ არ ვმუშაობდი,“ – გვითხრეს ჰოსტელში „Enjoy the hostel“.

„დაახლოებით 30 პროცენტით გაიაფდა ჰოსტელი,“ – გვიყვება „სან ჰოსტელის“ მენეჯერი ჯაბა ჯაფარიძე. მისი თქმით, ჰოსტელები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ის ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი.

„ახლა ძირითადად ქართველები მოდიან, რუსები და უკრაინელები… ერთი ღამე დაახლოებით 20 – 25 ლარია. გააჩნია, რამდენი ადამიანია ერთად და რამდენი ღამის დაჯავშნა სურთ. თუ ბევრია ერთად, ბუნებრივია, ფასი იკლებს. ივლისსა და აგვისტოშიც ეს ფასი გვექნება ალბათ, რასაც ვუყურებთ,“ – ამბობს ჯაბა ჯაფარიძე.

Guest house-ების და საცხოვრებელი ბინების მფლობელების თქმით კი, პანდემიამ გაქირავების მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა, მაგრამ ფასების შემცირება მაინც არ უღირთ.

„ერთი ღამე 40 ლარია ახლა, ძირითადად ქართველები და ინდოელები მოდიან. წინა წლებში ამ დროს იგივე ფასი იყო, ზაფხულში კი, დაახლოებით 80-90 ლარად ვაქირავებდით. წელს არ ვიცი რა იქნება,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ვისაც ბინა ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილზე აქვს.

სასტუმროს გაიაფებას ადასტურებენ „ეიფორიაში“. „დღეს, მაგალითად, 60 აშშ დოლარი ღირს სტანდარტული ნომერი,“ – გვითხრეს სასტუმროს მისაღებში. ადმინისტრატორის თქმით, სასტუმროში ნომრები პანდემიის დროს ზოგადად გაიაფდა, თუმცა რამდენით, ამის შესახებ მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია.

„ეიფორიაში“ მაისის ბოლოს სტანდარტული ნორმის ფასი დაახლოებით 90 დოლარი იქნება, ივლისსა და აგვისტოში – 130-150 აშშ დოლარი.

„შერატონში“ დღეს, 2 მაისს, სტანდარტული ნომრის ფასი 500 ლარია. სასტუმროს ადმინისტრატორის თქმით, ზაფხულის ფასები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, მაგალითად, მაისის ბოლოს სტანდარტული ნომრის დაჯავშნა 600 ლარადაა შესაძლებელი, აგვისტოში – 890 ლარად.

„ჰილტონში“ სტანდარტულ ნომერს დღეს 403 ლარად აიღებდით, მაისის ბოლოს კი, იმავე ნომრის აღება 607 ლარად იქნება შესაძლებელი.

„ივლისსა და აგვისტოშიც დაახლოებით ეს ფასი იქნება, მაგალითად, აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება 648 ლარი,“ – გვიპასუხა „ჰილტონის“ ადმინისტრატორმა.

„საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

„დაგვეხმარეთ, საჭმელი არაფერი არ გვაქვს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის 6 წლის ბიჭს. ასე მთავრდება ვიდეო, რომელშიც ის დედასთან ერთად საუბრობს საკვების გარეშე ცხოვრებაზე.

„არ მიხარია აღდგომის მოსვლა, რადგან ჩემს შვილებს შიათ, ჩემს შვილებს არაფერი აქვთ სააღდგომო,“ – ამბობს ხატია ბაღათურია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყოფილ ქმარს ახლაც გაურბის და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ხატიას თქმით, მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა – თვეში 250 ლარი, საიდანაც ბინის ქირის ფული 200 ლარიც უნდა გადაიხადოს. 6 და 8 წლის შვილების გამოსაკვებად კი, მხოლოდ 50 ლარი რჩება.

„ვერ ვყიდულობ ვერაფერს, მშივრები ვართ ნახევრად… ამ სააღდგომოდ ერთმა კეთილმა ადამიანმა თავისი სურვილით გვაჩუქა პასკა, კვერცხები და ვერმიშელი. ორი დღე გავიტანთ ამით თავს, მერე რა იქნება, არ ვიცი,“ – ამბობს ხატია ბაღათურია „ბათუმელებთან“.

8 წლის ანი ბაღათურია სენაკში, ზანას საჯარო სკოლაში სწავლობს. ქუთაისში გადასვლამდე ხატია ქმართან და შვილებთან ერთად სენაკში ცხოვრობდა. ახლა ხატიას დედა ანუ ბებია უვლის ანის, რომელიც პერიოდულად მამასთანაც რჩება. 6 წლის საბა კი, დედასთანაა. ის საბავშვო ბაღში დადის და წელს სკოლაში მიდის.

„ანის კლასი ბოლო რამდენიმე კვირა დისტანციურ სწავლებაზეა, მაგრამ ანის არც კომპიუტერი აქვს და არც ინტერნეტი, ვერ ესწრება გაკვეთილებს,“- გვითხრა ხატიამ.

ზანას საჯარო სკოლის დირექტორის, რომან კვარაცხელიას თქმით, ანი სკოლას არ აცდენს და მას ძირითადად ბებია აკითხავს. სკოლის დირექტორი დაგვპირდა იმის გარკვევას, თუ რატომ არ აქვს ამ დრომდე კომპიუტერი მეორეკლასელ ანის.

ხატია ბაღათურია ამბობს, რომ ის ზუსტად 8 წელი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამ პერიოდში 8 შემაკავებელი და დამცავი ორდერი გამოუცია პოლიციას ხატიას დასაცავად.

„გადიოდა თუ არა ეს ერთთვიანი, ან ორთვიანი ვადა, მერე ისევ მოვიდოდა და მცემდა. პოლიცია მეუბნებოდა, ორდერი არ დაურღვევია და ისე ვერ დავაკავებთო და ისევ ორდერს წერდნენ… ბოლოს ხელი რომ ეტკინა და დაიღალა, ჯოხით და შეშით მცემა, წამოვედი. ჩემთვის ექსპერტიზა არავის ჩაუტარებია, არც ჩვენება მიმიცია… ის ალკოჰოლზეა დამოკიდებული. დღემდე მეძებს, მასთან შეხვედრას აღარ ვაპირებ. ბევრი წელი ვითმინე, მეუბნებოდნენ, გამოსწორდება, შვილები გყავთო.

გავიგე, რომ ანის გადაყვანა უნდა თავისი სოფლის სკოლაში, არ ვარ წინააღმდეგი, თუ გადაიყვანს და მიხედავს, რატომ ვიქნები წინააღმდეგი, მე ვერ ვმუშაობ და არსებობა გვიჭირს… ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს, ვერ ვმუშაობ და ვერც გამოკვლევები ჩავიტარე,“ – ასრულებს ხატია ბაღათურია.

______________

მკითხველების თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ხატია ბაღათურიას ოჯახის დასახმარებლად.

სს საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – ხატია ბაღათურიას ოჯახის მხარდაჭერა

დღეს ინდოეთში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

დღეს, 2 მაისს, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ამ დრომდე რეკორდული რაოდენობა – 3 689 დაფიქსირდა. გუშინ ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ერთ დღეში 400 000-ს გადააჭარბა. შესაბამისად, ინდოეთი პირველ ადგილზეა ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობით.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს დილით, კრიზისის განხილვისას განაცხადა.

ინდოეთში საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები საწოლებისა და სამედიცინო ჟანგბადის უკმარისობის გამო ვერ ახერხებენ პაციენტების სრულად მიღებას და მკურნალობას.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ოჯახები ცდილობენ საავადმყოფოებში საწოლებისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი ინვენტარის მოძიებას, პარალელურად კი კრემატორიუმები და მორგები გადატვირთულია ცხედრებით.

შაბათს, დელის ერთ-ერთი ჰოსპიტალში 12 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალს ჟანგბადი დაუმთავრდა.

„ინდოეთის თაიმსის“ ცნობით, ანდრა პრადეშის სამხრეთ შტატის ორ ჰოსპიტალში ჟანგბადის უკმარისობის გამო 16, ხოლო დელის გარეუბანში 6 ადამიანი გარდაიცვალა.

დელის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაიწყება ოფიციალური პირების დასჯა, თუ კი სიცოცხლისათვის აუცილებელი მარაგები ჰოსპიტლებამდე ვერ მიაღწევს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი ინდოეთში რეალურზე ბევრად დაბალია. ისინი ხაზს უსვამენ ტესტირების დაბალ მაჩვენებელს და სახლებში გარდაცვლილ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია სოფლებსა და გარეუბნებში.

კრიზისის ფონზე, მარტსა და აპრილში, ქვეყნის 5 შტატში გამართული არჩევნების შედეგების დათვლა დღეს დაიწყო.

დღეის მდგომარეობით, ინდოეთში თითქმის 20 მილიონი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. გარდაიცვალა 215 542 ადამიანი. ინდოეთი ამ მონაცემებით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.

___

ფოტო: Chethan Cheenu

კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში – 2 მაისი

აჭარაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 111 პაციენტი, კლინიკა დატოვა 28 პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია 9 პაციენტი.

2 მაისის მდგომარეობით კლინიკაში მკურნალობს 235 პაციენტი.

სააღდგომო ლიტურგია პირბადეებით, მაგრამ დისტანციის დაცვის გარეშე [ფოტო]

2 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც პანდემიის გამო აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლი არ დაუშვეს, წელს  სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა.

სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოქმედ ტაძარებშიც. ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.

სააღდგომო მსახურება ბათუმის საკათედრო ტაძარში საღამოს 11 საათზე დაიწყო
ტრადიციულად პირველად გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში
მრევლი და სასულიერო პირები ელოდებიან ტაძარში მიტროპოლიტ დიმიტრის მისვლას
ღამის 12 საათისათვის საკათედრო ტაძარში მეუფე დიმიტრი მივიდა
წირვაზე მიტროპოლიტთან ერთად მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც
სააღდგომო ლიტურგია საკათედრო ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია საკათედრო ტაძარში
ტაძარი მომლოცველებით იყო სავსე, ამის გამო კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული დისტანციის დაცვა რთული იყო
მრავლად იყო ხალხი ტაძრის ეზოშიც, სადაც დისტანცია დაცული იყო
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის საკათედრო ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის საკათედრო ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის საკათედრო ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის საკათედრო ტაძარში

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობის გამო სცემა, მას ყოფილმა ცოლმაც უჩივლა

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის სცემა. ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის შემდეგ ლევანს [სახელები შეცვლილია] ყოფილმა ცოლმაც უჩივლა. ეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა.

განაჩენის მიხედვით, ლევანმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.

„…არასრულწლოვანი შვილის – საბას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, სახის არეში დაარტყა ხელი ორჯერ, ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა წინამხრის არეში. თ.-მ დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – წერია განაჩენში.

ძალადობაზე პასუხის მოთხოვნა ლევანისთვის ყოფილმა ცოლმაც გადაწყვიტა. მარი გამოძიებლებს მოუყვა, რომ ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ლევანი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. მარის თქმით, ის წელიწადი და 4 თვე იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მანამდე ისინი 9 წელი იყვნენ ერთად.

„ჩემი 6 წლის შვილიც უყურებდა ამას, როცა 25 ივნისის საღამოსაც მაგინა და დანით მოკვლითაც დამემუქრა… მაგინებდა დედის მისამართით, მიწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, მიხსენიებდა აუგად, უმიზეზოდ მიყვირდა, აგრესიას გამოხატავდა… კამათის დროს დანითაც დამემუქრა, მოგკლავო, მე მართლა შევშინდი,“ – უთხრა გამომძიებელს მარიმ და დაამატა, რომ ამ დღის შემდეგ გაშორდა ლევანს.

მოსამართლეს არ მოუსმენია მარის, თამთას ან სხვა მოწმეების და თავად ბრალდებულის ჩვენებები, რადგან ლევანმა თავი დამნაშავედ მიიჩნია. მან უდავოდ მიიჩნია ყველა ის მტკიცებულება, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე შეაგროვა.

მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურას თამთაზე ძალადობის შემთხვევაში არ გამოუკვეთია გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული. სპეციალისტების და, მათ შორის, მაგალითად, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, ანა თავხელიძის შეფასებით, ხშირად არასათანადოდ ხდება, ან ვერ ხერხდება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის დადგენა, ანუ როცა ქალზე იმიტომ ძალადობენ, რომ ის ქალია.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ლევანს 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ლევანი 7 თვეს ციხეში მოიხდის, დარჩენილი 7 თვე კი, ჩაეთვლება პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ამ თემაზე:

როცა ქალზე იმიტომ ძალადობ, რომ ქალია – ინტერვიუ

 

 

და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]

მარიამი, ჯანი და აზიფე – სამი ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს. სკოლაში არც ერთი მათგანი არ დადის. ბავშვები ძველი ბათუმის უბანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

მარიამი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი, რაც განიცადა, სწორედ იმის გააზრება იყო, რომ სკოლაში ვეღარ ივლიდა. „უსწავლელი დამტოვეს“- გვეუბნება ის და ამაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ ქართულმა სახელმწიფომ მისი განათლებისთვის არაფერი გააკეთა. მარიამი ცდილობს არ გვაჩვენოს ცრემლი, თუმცა მაინც იგრძნობა მის ხმაში ბზარი.

„სკოლაში პირველად რვა წლის ასაკში წავედი. მაშინ თურქეთში ვცხოვრობდით და იქ შემიყვანეს სკოლაში. რადგან დედა არალეგალი იყო, სკოლაში ფორმალურად დავდიოდი, ოფიციალურად არ ვიყავი ჩარიცხული. მალე საქართველოში მოგვიწია გადმოსვლა საცხოვრებლად და ქართულ სკოლას მივაკითხეთ, თუმცა არ მიმიღეს, რადგან თურქულმა სკოლამ დოკუმენტი ვერ მომცა“, – გვიყვება საკუთარ ისტორიას მარიამი.

მარიამი ახლა 16 წლისაა.

მარიამ ონდერი

ჯანი და აზიფე კი სკოლის გარეთ იმიტომ დარჩნენ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მარიამის და-ძმას – ჯანის, რომელიც ახლა 11 წლისაა და აფიზეს, რომელიც 9 წლისაა, სკოლაში არასდროს უვლია.

სკოლის გარეშე დარჩენილი მარიამი ცდილობს სამუშაო იშოვოს. გასულ ზაფხულს რესტორანში მუშაობდა მიმტანად. ჰქონდა პერიოდი, როცა სამუშაოს დილის 10:00 საათიდან იწყებდა და საღამოს 12:00 საათამდე მუშაობდა.

„ძალიან რთულია, ხელფასი გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული და ისიც 5 პროცენტი. იყო დღეები, როცა მკვდარივით ვიყავი, ისეთი დაღლილი მოვდიოდი სახლში, თუმცა ფული მაინც არ მქონდა. ვიცი, რომ არასრულწლოვნისთვის ასეთი შრომა კანონითაც არაა დაშვებული, თუმცა ვერაფერს ვამბობდი. ბოლოს ვეღარ გავუძელი და მივატოვე. ახლა კოსმეტიკურ კომპანიაში ვმუშაობ და ეს ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან ონლაინ ვმუშაობ“, – გვეუბნება მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო მაშინ, როცა მამა ცოცხალი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ბევრი პრობლემა გაჩნდა ოჯახში. „მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ და ამ ქვეყნის მოქალაქე, აქ გატარებული თითქმის ყოველი დღე პრობლემებით იყო სავსე ჩემს ცხოვრებაში. გაჭირვება, უფულობა, ქირით ცხოვრება… გული იმაზე მტკივა, რომ ქართველებს ერთმანეთის გვერდით დგომა არ შეგვიძლია. ნამდვილად შეეძლოთ, რომ ჩემთვის განათლების მიღების შესაძლებლობა არ წაერთმიათ, მაგრამ წამართვეს და დამტოვეს განათლების გარეშე. ვცდილობ, არ ვიფიქრო ამაზე, რადგან რომ ჩავუღრმავდე, შეიძლება გავგიჟდე“, – ამბობს მარიამი.

საკუთარი თავის გარდა ახლა ის უმცროს და-ძმაზეც დარდობს, რომლებსაც მისგან განსხვავებით არასდროს უვლიათ სკოლაში.

ჯანი ხალისიანი, ენერგიული ბიჭია. ყველაზე მეტად ფეხბურთი უყვარს. ჯერ არც ბურთი აქვს და არც ბუცები, მაგრამ ამბობს, რომ მალე იყიდის და ფეხბურთზეც შევა.

„ერთი უფროსი მეგობარი მყავს, ის შემპირდა, რომ ბავშვთა ფეხბურთში მიმიღებს და ველოდები“, – გვეუბნება ჯანი. მანამდე კი ფეხბურთს პატარა, იტალიურ ეზოში, თავის 9 წლის დასთან – აზიფესთან ერთად წყლით სავსე ბოთლით თამაშობს.

წყლიანი ბოთლი მათ სხვა გართობაშიც ეხმარება. ჯანი და აზიფე ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო სწრაფად დასვამს ჰაერში აქნეულ ბოთლს მაგიდაზე ისე, რომ ბოთლი არ წაიქცეს. ამჯერად აზიფეს გაუმართლა. წყლიანი ბოთლი სწრაფად დასვა მაგიდაზე.

მოწყენილობის დასაძლევად ჯანი და აზიფე ცდილობენ ტელეფონში მუსიკა მოძებნონ და იცეკვონ. რადგან ინტერნეტი ჭედავს, მუსიკა შიგადაშიგ წყდება და რიტმები ერევათ.

ჯანი და აზიფე ბოთლით ფეხბურთს თამაშობენ

ჯანი ამბობს, რომ ქართულად თავისი სახელ-გვარის დაწერა შეუძლია, „კითხვა დაახლოებით 30 პროცენტი ვიცი, მიჭირს, მაგრამ ვცდილობ უკეთესად ვისწავლო. ერთი მეგობარი მყავს, ზოგჯერ მასთან დავდივარ და ის მეხმარება სწავლაში. უფრო მეტად კი დედაჩემი და ჩემი და მეხმარება. როცა ვერ ვიგებ, ვეკითხები და ისინი მიხსნიან“, – ამბობს ჯანი.

ჯანი ამბობს, რომ სწავლაზე ხელი არ ჩაუქნევია და იმედი აქვს, რომ სექტემბერში აუცილებლად მივა სკოლაში.

მარიამი, ჯანი და აზიფე – ინგა ზაქარაშვილის შვილები არიან. ინგას ბავშვები სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს.

ინგა ზაქარაშვილი – მარიამის, ჯანის და აზიფეს დედა

„მარიამის გვარი აბესაძე იყო. როცა მისი ბიოლოგიური მამა გარდაიცვალა, მარიამი ორი წლის მყავდა. ოჯახი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ. მოგვიანებით მარიამიც წავიყვანე, მაგრამ რადგან არალეგალი ვიყავი, ოფიციალურად ვერ ჩარიცხეს სკოლაში. სკოლის დირექტორი ეროვნებით ქართველი იყო და არაფორმალურად მაინც მიიღო მარიამი. შემდეგ, თურქეთის მოქალაქეზე როცა ვიქორწინე, მან მარიამს თავისი გვარი – ონდერი მისცა. გვარი თურქული აქვს, თუმცა მარიამი საქართველოს მოქალაქეა“, – ამბობს ინგა ზაქარაშვილი.

მარიამი დაახლოებით ათი წლის იყო, როცა ოჯახი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჯანი და აზიფეც ბათუმში ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად.

„ჩემი ქმარი კარგი ადამიანი იყო, ოჯახზე ზრუნავდა. მშენებლობებზე მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. თუმცა სამი წლის წინ, კუჭის სიმსივნე დაემართა და გარდაიცვალა. იმასაც ძალიან დარდობდა, რომ ბავშვები სკოლაში არ მიიღეს“, – გვეუბნება ინგა.

რადგან ჯანი და აზიფე საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობენ, თურქული ენა აღარ ახსოვთ, ქართულად საუბრობენ და მომავალშიც აქ აპირებენ ცხოვრებას. „აქ უფრო კარგად გრძნობენ თავს ბავშვები, თურქეთში დაბრუნება არ უნდათ“, – ამბობს დედა.

ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მისი შვილების მიმართ, რომ არაფორმალურად მაინც ევლოთ სკოლაში და სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩენილიყვნენ.

ინგა ზაქარაშვილი შვილებთან ერთად

„სკოლებში გვეუბნებოდნენ, რომ საბოლოო პასუხი განათლების სამინისტროსგან უნდა მიეღოთ. ერთი თვე უნდა გვადროვოო, თუმცა ერთი თვეც გავიდა და 6 წელიც. სადაც მივდივარ, ყველგან იმას მეუბნებიან, თურქეთის მოქალაქეები გყავს ოჯახში და ვერ დაგეხმარებითო. დანაშაულია, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩემი შვილები? ბევრს ჰყავს უცხოელი შვილიც და ქმარიც, მაგრამ სახელმწიფო ეხმარება მათ. მე მხოლოდ იმაში ვთხოვ დახმარებას, რომ განათლება მიიღონ ჩემმა შვილებმა და რაღაცას ეწიონ ცხოვრებაში“, – გვეუბნება დედა.

სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ინგას სამი შვილით სოციალური მუშაკი დაინტერესდა და ბავშვები დღის ცენტრში მიიყვანა. დღის ცენტრი ბათუმში საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქნის“ ბაზაზე ახლახან გაიხსნა და ინგა ცდილობს ამ ცენტრში მაინც ატაროს ბავშვები წერა-კითხვის შესასწავლად.

„ახლა ვცდილობ, რომ ბავშვებს ქართული პირადობის მოწმობები ავუღო და სექტემბრიდან მაინც მივიყვანო სკოლაში“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სკოლის გარეთ 10 ათასზე მეტი ბავშვი იმყოფება.

რა არ მოსწონს ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას საარჩევნო კანონის ცვლილებებში

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია დასკვნას აქვეყნებენ. დასკვნაში ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზს უსვამენ სტაბილურობის მნიშვნელობას. „საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის“, – ვკითხულობთ დასკვნაში.

ერთ-ერთი შენიშვნა, რასაც ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია უსვამენ ხაზს, არის მათი შთაბეჭდილება იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები „უფრო მიმართულია პოლიტიკური კრიზისი დაძლევასა და პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტისკენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაჩნდა და არა კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე.“

„ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა ემყარებოდეს მინიმუმ სამ ელემენტს: 1. მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ; 2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, საჯარო განხილვების შედეგად 3. პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ სრულად მოხდეს კანონმდებლობის იმპლემენტაცია,“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისიის კიდევ ერთი შენიშვნა ეხება კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალედ უზრუნველყოფას. აქ აქცენტირებულია კომისიის წევრების „დამსახურების პრინციპით“ შერჩევაც.

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიას კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე:

რეკომენდაციები:

  1. კვალიფიციური [მაგალითად, ორი-მესამედი] საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა [მოითხოვს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას] ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად. ანტიჩიხური მექანიზმით მოითხოვოს უფრო მაღალი მანდატი ცესკო-ს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს პროცესს გამჭვირვალედ.
  2. მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცესკო-ში პარტიის მიერ წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ბ და გ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება გააჩნია და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს.
  3. შემდგომი ცვლილებების შეტანა დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე, როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელი, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფოს დაფინანსების უფლება
  4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძვლით ხსნიან პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრებს
  5. არჩევნების დღეს აიკრძალოს, როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე, საარჩევნო კამპანიის საქმიანობა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე.
  6. სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩოს მიღება, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს ხმების გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად.
  7. სასამართლო დავების დროული განხილვის ხელშეწყობა, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილ ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური ჩართვის შესაძლებლობით.
  8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და დავის განხილვის ვადების შემდგომი გახანგრძლივების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლიდეს საჩივრების სათანადო განხილვას
  9. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის წინა რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი, ან მსგავსი ოდენობის ამომრჩევლით.
  10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეზღუდული დროის პირობებში, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი ერთადერთი რეალური ვარიანტია მომდევნო არჩევნებისთვის.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/537244/

მანგლისიდან ევროპაში – ევა ბრიუნელის გზა მსოფლიო სიმფონიური მუსიკის სამყაროში

„შემთხვევით დავესწარი ევა ბრიუნელის დირიჟორობით გამართულ კონცერტს. უნდა გამოვტყდე, წინასწარ ,,მომზადებული“ ვიყავი. როგორც გაზეთებით, ისე ნაცნობთა აზრით, უარყოფითი შეხედულება მქონდა. ეს კიდე არაფერი. ჩვენ, მამაკაცებს, ქალის ასეთ ასპარეზზე გამოსვლა სასაცილოდ არ გვყოფნის… ეს მეტისმეტად სერიოზული საქმეა და ამ სერიოზულ დარგში ,,სერიოზული“ მამაკაცის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია. ქალების დირიჟორობა კაფე-რესტორნების ესტრადას არ გასცილებია და გასაკვირიც არ არის, რომ ასეთი შეხედულება გვქონდეს“, – წერდა 1914 წლის  ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ კორესპონდენტი ინიციალებით ა-კო, პირველი ქართველი დირიჟორი ქალის, ევა ბრიუნელის შესახებ.

ევა მაშინ საქართველოში გასტროლებით ჩამოვიდა და ,,ახალ კლუბში“ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა.

ეს ფოტო ევა ბრიუნელმა საქართველოში გასტროლების დროს, 1914 წელს გადასცა ვანო სარაჯიშვილს. ფოტოს წარწერაც აქვს: ,,ჩემ მომაჯადოებელ სოლისტს, ივანე პეტრეს ძე სარაჯიშვილს, ევა ბრიუნელისაგან. 1914 წ.”

წერილის ავტორი სრულებით არ მოელოდა „დიად მოვლენას“, რაც „ახალ კლუბში“ ნახა. მის ცხოვრებაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქალმა სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა და დიდი პროფესიონალიზმით შეასრულა გლიუკის, ბეთჰოვენის, გრიგის, ლისტის, ბერლიოზისა და სხვათა ნაწარმოებები. წერილის ავტორი აღწერს ევა ბრიუნელის დირიჟორობის მანერას, ფაქიზ ტემპერამენტს, დაცლილს მამაკაცური ექსპრესიისგან, რასაც დირიჟორობისთვის აუცილებელ მახასიათებლად მიიჩნევენ დღემდე. თუმცა, როგორც წერილშია აღნიშნული, დირიჟორობის მსუბუქი ,,ქალური“ მანერა აქცევს სწორედ ევა ბრიუნელს განსხვავებულ და ინდივიდუალურ დირიჟორად, „რომლის ტემპერამენტიც თავისებურ დაღს ასვამს ნაწარმოებს“.

1914 წლის გასტროლებზე ევა ბრიუნელმა თბილისს უცხო კომპოზიტორების ისეთი ნაწარმოებები გააცნო, რაც ქალაქში მაშინ ან ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ მოესმინათ.

1914 წლის გასტროლებისას ევას კახეთშიც უმოგზაურია და ,,მოგზაურობის დროს შეჰკრიბა ადგილობრივი ხმები“ – როგორც 1915 წლის ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება“ იუწყება.

1922 წელს ამერიკული გაზეთი ,,St. Louis Post-Dispatch” პირველ გვერდზე აქვეყნებს ევა ბრიუნელის ფოტოს სხვა იმდროინდელი ცნობილი ქალების ფოტოებთან ერთად.

ევა ბრიუნელის ფოტო (მარცხნივ, შუაში) გამოცემის „St. Louis Post-Dispatch” პირველ გვერდზე

ეს გამოცემა ევა ბრიუნელს მოიხსენიებს ,,მსოფლიოში ერთადერთ სიმფონისტ დირიჟორ ქალად, ვინც ჩნდება კონცერტებზე ბრიუსელში, რომში და ევროპის სხვა მუსიკალურ ცენტრებში“.

1926 წელს ისევ ამერიკული გამოცემა „Lansing State Journal, Michigan” (Friday, March, 26, 1926) წერს, რომ ევა ბრიუნელი პირველი ქალია საფრანგეთში, ვინც წარმატებით უდირიჟორა ორკესტრს, კრიტიკოსებმა კი მისი დირიჟორობის მანერა შეაფასეს, როგორც ზუსტი, მშვიდი, სრულყოფილი და ყოველგვარ ექსტრავაგანტულობას მოკლებული.

ამერიკული გამოცემა „Lansing State Journal, Michigan” ევა ბრიუნელის შესახებ

ევა ბრიუნელი (Brunelli) საქართველოში, მანგლისში დაიბადა 1887 წელს. მამა, წარმოშობით იტალიელი ალფონს ბრიუნელი ერევნის პოლკის ოფიცერი იყო, ევას დედის გვარი ანდრონიკაშვილია, ბებიასი მორთულაძე. 1903 წელს ევამ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრა თბილისში, მერე იტალიაში გაემგზავრა და რომის კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა.

იტალიიდან პეტერბურგს მიაშურა, პეტერბურგის დრამატულ თეატრში დაარსებულ ორკესტრს დირიჟორობდა, იყო ამავე თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე. ევას დირიჟორობით სიმფონიური მუსიკის კონცერტები იმართებოდა რუსეთის იმპერიის ქალაქებში.

ევა ბრიუნელი ძირითადად კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს დირიჟორობდა.

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და მუსიკის მკვლევარი, მზია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევა ბრიუნელის სადებიუტო კონცერტები ბევრად უსწრებს წინ  მსოფლიოში ცნობილი ქალი დირიჟორების დებიუტებს, როგორებიც არიან შვედი ელფრიდა ანდრე (1841-1929), ბრაზილიელი შიკინია გონზაგა (1847-1935) და ფრანგი ნადია ბულანჟე (1987-1979). ამ ნიშნით, როგორც მკვლევარი მიიჩნევს, ევა ბრიუნელი ზემოთჩამოთვლილ რჩეულთა შორისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ პირველი დირიჟორი ქალია. რუსეთის იმპერიაში კი ევა დადასტურებულად პირველი დირიჟორი ქალი იყო.

ევა ბრიუნელის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა, 1920-იანი წლების უცხოური პრესა და შალვა კაშმაძის მონოგრაფია ,,ვანო სარაჯიშვილი“ – ეს არის ის მწირი ჩამონათვალი რესურსებისა, სადაც პირველ ქართველ დირიჟორ ქალზე შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია.

როგორც მუსიკის მკვლევარი, მზია ჯაფარიძე ამბობს, ქალ დირიჟორთა საერთაშორისო სიაში  აღარსად იხსენიება ევა ბრიუნელი – მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი საქართველოდან, რადგან საშემსრულებლო ხელოვნება მოცემულ დროსა და სივრცეში არსებობს მხოლოდ. თან ევას არ გაუმართლა: მეოცე საუკუნის დასაწყისი საკმაოდ ადრეული ხანა იყო ვიდეოგადაღებებისთვის – კონცერტები მისი დირიჟორობით კადრებს არ შემოუნახავს.

ევა ბრიუნელი ახალგაზრდა, 40 წლისა გარდაცვლილა 1927 წლის 22 თებერვალს. 2021 წელს მისი დაბადებიდან 134 წელი შესრულდა.

რა აწერია ევას საფლავს, იდენტიფიცირებულია თუ დაკარგული? არაფერი ვიცით.

და რა შეგვიძლია ჩვენ, ვინც ასეთ ამბებს ვეძებთ ან ვკითხულობთ? ალბათ მხოლოდ ის, რომ როცა პარიზში მოვხვდებით, აუცილებლად ვეწვიოთ ბანიოს სასაფლაოს, სადაც ევა და-ძმასთან ერთადაა დაკრძალული. ჩვენ მისამართს გეტყვით: პარიზი, ბანიოს სასაფლაო, მაქს-დორმუას 45 / 92220 Cimetière parisien de Bagneux. 45, avenue Marx-Dormoy, 92220 Bagneux.


  • სტატია მომზადებულია მუსიკის მკვლევარის, მზია ჯაფარიძის კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც კომპოზიტორთა კავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა 2018 წელს, სახელწოდებით ,,ევა ბრიუნელი – მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი მანგლისიდან”.
  • სტატიაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა მკვლევარმა მზია ჯაფარიძემ.

პირველი მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღეა

„საქართველოში, პირველ მაისს მშრომელთა ერთი ნაწილი უსამსახუროდ, მეორე ნაწილი კი საფრთხისშემცველ სამუშაო პირობებში ხვდება.

COVID 19-ის პანდემიის შედეგად დამდგარი მრავალმხრივი და საყოველთაო კრიზისი იმის დასტურია, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს მდგრად, სამართლიან და უსაფრთხო ყოველდღიურობას მშრომელთათვის და მათი ოჯახებისთვის. კრიზისი ადასტურებს ფუნდამენტური ცვლილებების და მათთვის ბრძოლის აუცილებლობასაც,“ – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც დღეს, პირველ მაისს განცხადებას ავრცელებს.

სხვადასხვა პრობლემის პარალელურად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზს უსვამს შრომის კოდექსში შესულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 2021 წელს ამოქმედდა.

„გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსპექციას უკვე შეუძლია რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ, ზოგადად, შრომითი უფლებების დარღვევაზე, გამკაცრდა ანტიდისკრიმინაციული რეგულირება, მოწესრიგდა შესვენებისა და დასვენების დრო და სხვ. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველი პროექტი უფრო სიღრმისეულ ცვლილებებს შეიცავდა, თუმცა, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე პროცესისა და მსხვილი ბიზნესის აქტიური ლობირების შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი საკანონმდებლო ცვლილებების მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, სათანადო აღსრულების პირობებში, შეცვლილი შრომის კანონმდებლობა შესაძლოა, მშრომელთა ყოველდღიურობის ხელშესახები გაუმჯობესების წინაპირობად იქცეს და შექმნას შესაძლებლობა მომავალი ცვლილებებისთვისაც,“ – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების აღსრულებას ამ დრომდე შრომის ინსპექცია აკონტროლებს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომის ინსპექცია ისედაც განიცდიდა რესურსების ნაკლებობას.

„როგორც შრომის რეფორმის წარმატება, ისე, ზოგადად, შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მდგრადობა, დიდწილად დამოკიდებული იქნება თავად ინსპექციის  უნარზე,  ეფექტურად აღასრულოს ახალი მანდატით განსაზღვრული უფლებამოსილებები და ხელშესახებად გააუმჯობესოს მშრომელთა სამუშაო პირობები,“ – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე პანდემიის დროს. უმუშევრობის დონემ განსაკუთრებით იმატა ტურიზმის სექტორში, ასევე სახელოვნებო და კულტურის ინდუსტრიებში.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დააჯარიმეს – შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 798 ადამიანი დააჯარიმეს, ხოლო პირბადის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტზე – 158. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 051 ფაქტი გამოვლინდა.

კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა აჭარაში – პირველი მაისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 144 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქვეყნებს.

პირველი მაისის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 99 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 11 პაციენტი.

კოვიდკლინიკაში მკურნალობს – 387 პაციენტი.

„ბეს მოგცემ და შემეჯიბრე ვინ მეტს დაართავს” – ტრადიცია აჭარაში

ავტორი: ნესტან ანანიძე, სტუდენტი. „სოლიდარობის თემის“ წევრი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლში მოცემულია ბეს სამართლებრივი ცნება. ბე – ბეჰი [არაონი, მცირე საწინდარი] გვხდება ასევე აჭარულ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, რა კავშირი შეიძლება იყოს ამ სამ მოცემულობას შორის?

აღნიშნულ სტატიაში ვეცდები ამ საკითხს ნათელი მოვფინო.

სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშშიც. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ასევე, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ასე რომ, სამართლებრივად ბეს გააჩნია სამი ძირითადი ფუნქცია: 1. დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი; 2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და 3. საგადამხდელო ფუნქცია.

ერთ დღეს, როცა ვეცნობოდი „ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი – „აჭარა“-ს შემხვდა ტერმინი „ბე“ იგივე – „ბეჰი“, „ბელგი“, რომელსაც თავისი ტრადიციული დანიშნულება აქვს აჭარულ ეთნოგრაფიაში. ლექსიკონის განმარტების მიხედვით, ბე წინა საქორწინო სავალდებულო ფულადი გადასახადია, რომელსაც ვაჟის ოჯახი საჩუქრის სახით ქალის ოჯახს გადასცემდა. ბელგის (ბედ გამზადებულ ნივთთა ერთობლიობა) გადახდის შემდეგ ქალი ამ ოჯახის სარძლოდ ითვლებოდა. ტრადიციულად, ბეს სანაცვლოდ საქორწინო შეთანხმების შემდეგ, თანხმობის ნიშნად ვაჟის ოჯახი საპატარძლოს ოჯახს ბეჭედს ან სხვა ნივთს უტოვებდა.

 

გარდა ამისა, ბე წარმოადგენდა საქონლის ღირებულების ნაწილის წინასწარ გადასახადს, რის საფუძველზეც გასაყიდ საქონელს ერთგვარად ისაკუთრებდნენ – იბევებდნენ. ბეს ეს უკანასკნელი მნიშვნელობა კი სრულ თანხმობაშია სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებულ განმარტებასთან.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – აჭარული ტრადიციული ქორწილი

ძველად, ზემო აჭარულ სოფლებში, ხშირად  შეხვდებოდით მატყლის დართვის პროცესს. დიდი რაოდენობის დასართავი მატყლის არსებობის შემთხვევაში კი „დართვა ნადით“ [ნადი – კოლექტიური საქმიანობა, ამ შემთხვევაში მატყლის სართავად მოწვეულ ქალთა ნადი, ქალთა ურთიერთდახმარება მატყლის დართვისას] მიმდინარეობდა. ბე ხერტლის ნადში მონაწილე ქალებისთვის წინდაწინ დასართველად მიცემული მატყლი იყო, ხოლო შეჯიბრში მონაწილეზე წინდაწინ მიცემული გაჩეჩილი და დასართავად მომზადებული მატყლი ფთილა – ნართი.

მატყლის სართავად მოწვეულ ქალთა ნადს [მატყლის დართვისას ქალთა ურთიერთდახმარება] ქალები მატყლის დიდი რაოდენობით რთვის დროს, უპირატესად, შემოდგომაზე ანდა ზამთარში იწვევდნენ. მასში მხოლოდ კარგი „ხელსაქნარით“ გამორჩეული ქალები მონაწილეობდნენ. ხერტლის ნადში მონაწილე ქალი მენადეებთან საკუთარი სამუშაო იარაღით – ხერტალითა და საჩეჩელით მიდიოდა. შუახევის მხარეს მათ „მექსელე ქალები“ ერქვა. ნადის წევრებს სახლეულში დიასახლისები გამორჩეული კერძებით უმასპინძლდებოდნენ. ხერტლის ნადზე იყო გართობა-მხიარულება, ცეკვა-თამაში, სიმღერა. ქალთა ცეკვა სიმღერასთან ერთად სრულდებოდა. მომღერალ-მოცეკვავე ქალები მატყლის ჩეჩვის და რთვის მომენტებს განასახიერებდნენ. აჭარის მთიანეთში „ხერტლის ნადის“ სატრფიალო სცენების სხვადასხვა ვარიანტი იყო გავრცელებული.

„ხერტლის ნადში“ ხშირი იყო ქალების შეჯიბრი, რაც პროცესს უფრო სახალისოსა და ქალებისთვის ერთგვარ გასართობ სივრცეს ქმნიდა. ასეთ შემთხვევაში ერთი ქალი თავის ხელსაქმეში უფრო თავდაჯერებული, მეორეს ეტყოდა: „ბეს მოგცემ და შემეჯიბრე ვინ მეტს დაართავსო”. ანუ მატყლის დართვაში გაწაფული ქალი მეორე ქალს უპირატესობას აძლევდა დართვის დაწყებამდე და ასე ეჯიბრებოდა მეორე ქალს.

ღირებულია აქვე აღვნიშნოთ, რომ ნადი აჭარაში შრომითი ურთიერთდახმარების საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. ნადის მეთოდს არა მხოლოდ მატყლის დართვის, ასევე სხვადასხვა შრომითი პროცესის, მაგალითად, ყანის თოხნის, მკის, ჭალის თიბვის, შეშის მოჭრის, სახლის მშენებლობის, ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების დროსაც მიმართავენ. იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დიდი და შრომატევადი სამუშაო აქვს გასაწევი.

სიტყვა ნადი არ არის ქართული წარმოშობის, თუმცა მისი ტრადიცია ადგილობრივ დონეზე საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსით დამკვიდრდა. ნადის შრომითი ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ნებაყოფილობით პრინციპს ემყარება. სათემო-სამეზობლო ურთიერთობის პირობებში ნადში მოიწვეოდა ნათესავები, მოყვრები, ახლო და შორი მეზობლები, მოგვიანებით კი მასში არანათესავი მეზობლებიც ჩაერთნენ. პროცესში მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც მენადის მოგვარეები გამოდიოდნენ.

აჭარელი ქალი მატყლის დართვისას

გურიაშიც არსებობდა ნადის ფორმა, რომელშიც ნათესაური ფაქტორი გადამწყვეტი იყო, ასეთ ნადს „მოყვრის ნადი“ ერქვა.

დღეს უფრო არანათესაობაზე დამყარებული ნადის სახეობა გვხდება. როგორც წესი, ნადის წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია სამუშაოს ოდენობაზე. ნადის პროცესს უფრო ექსკლუზიურს ხდიდა ის, რომ დახმარების მიმღები ნებისმიერ დროს შეიძლება დახმარების ობიექტად თავად  ქცეულიყო.

როგორც უკვე ვახსენე, ნადში მონაწილეობისთვის აჭარაში დაუშვებელია რაიმე სახის ანგარიშსწორება. მენადე ვალდებულია ნადის წევრებს მხოლოდ საჭმლით გაუმასპინძლდეს. შრომის განაწილებისა და მხარდაჭერის გარდა ნადი ქალების თავშეყრისა და სოციალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. ცნობილია ბევი ნადური სიმღერები, მაგალითად: ჯიქურა, წერეთიე და სხვა. ნადის პროცესი ურთიერთმხარდაჭერის, შრომის შემსუბუქების, გართობისა და გამოცდილების გაზიარების უმნიშვნელოვანესი პროცესია.

ლირიკული გადახვევის შემდეგ ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ, თანამედროვეობაში ბეჰის ტრადიცია გარკვეულწირად ტრანსფორმირებულია. ბეჰი ეს არის წინასაქორწილოდ საპატარძლოს ოჯახის მიერ სასიძოსთვის საქორწილო შარვალ-კოსტუმის მიტანა ან ფულადი თანხის გადაცემა მის შესაძენად. ამას გარდა, ბეჰში შეიძლება შედიოდეს „ბურმალი“, ნეფისთვის საჩუქრად განკუთვნილი წინდა. საპატარძლოს მიერ ნეფისთვის მოქსოვილ [ან ქალის ოჯახის საჩუქარი სასიძოს] წინდას, ანუ „სანეფიო წინდას“ „ბეჰის წინდასაც უწოდბენ.

აჭარული ტრადიციული ხელწინდა

„ციცას რომ გაათხუებდნენ, სიძეს ბეჰი მივეციო იტყოდნენ“, ანუ ქალიშვილს როცა დააქორწინებდნენ, ამბობდნენ, რომ სიძეს ბეჰი მივეციო. ასე რომ, ბეჰი აჭარულ ტრადიციაში წარმოადგენდა შეთანხმების დამადასტურებელ წინასწარ მატერიალურ ან ფულადი სახის გადასახადს, რომელიც შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში უკან უბრუნდება საპატარძლოს ოჯახს და მასვე რჩება სასიძოს მიერ საპატარძლოსთვის გადაცემული ოქრო და სხვა მატერიალური კეთილდღეობა, იმ შემთხვევაში თუ ქორწილი სასიძოს ბრალეულობით ჩაიშლებოდა. ხოლო, თანაბრალეულობის ან შეთანხმების შემთხვევაში მხარეებს თავთავიანთი გაცემული უკან უბრუნდებათ მათ შორის ბეჰიც.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში ბე იხსენიება ნასყიდლობასთან დაკავშირებით. მაგ., „რომელიც რომ იყიდის რასმე, პირველად ცოტას მისცემს რასმე ბესა. ხოლო ბეს მიმცემმა თუ … აღარ იყიდოს ის საქონელი, რომელიც რომ ბედ მისცა, ბევრი თუ ცოტა, დაეკარგების… უკეთუ განმსყიდველმან ბე აღიღოს და მასუკან შეუშალოს, აღარ მიჰყიდოს… თავისი ბე ისევ მისცეს, და ერთი იმდენი კიდევ სხვა მისცეს“. ანუ რაიმეს ყიდვის დროს წინასწარ მიიცემა ბე მყიდველის მიერ გამყიდველზე და თუ მყიდველი შემდეგ აღარ იყიდის საქონელს მას ეკარგება ნაწილობრივ ან მთლიანად. ხოლო თუ გამყიდველი აღარ მიჰყიდის საქონელს მაშინ მყიდველს უბრუნებს ბეს ორმაგი ოდენობით.  ბე ამ შემთხვევაშიც გარიგების წინასწარი გადასახადს წარმოდგენს, რასაც გარიგების ჩაშლის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოსდევს.

ტრადიციული აჭარული ხელით ნაქსოვი წინდა

ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოზიტიური – წერილობითი სამართლის წინამორბედი და სამართლის უძველესი წყარო ჩვეულებითი სამართალია. ისტორიულად სამართალი ჩამოყალიბდა, როგორც დაუწერელი ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა და ხალხის ისტორიულ ცნობიერებაში ყოფიერდებოდა [სამართლი თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2015. გვ. 157-158] ამის ნათელი მაგალითი კი სწორედ ზემოხსენებული აჭარაში გავრცელებული ბეჰის ტრადიციული წეს-ჩვეულებაა, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მოდიფიცირებულად დღემდე არსებობს.

საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მრავალი ადათ-წესია დამკვიდრებული. მათ თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაში. ამასთან, დღემდე არსებობს დრომოჭმული ტრადიციები, რომლებმაც შეიძლება ადამიანები დააზიანოს. თუმცა, ჩვენ არ უნდა გავურბოდეთ ტრადიციებს, რადგან ისინი ჩვენი საწყისის და განვითარების პროცესის ნაწილია. მათ შინაარსთან ყოველთვის ახლოს ვგრძნობთ თავს, ამიტომაც შეგვიძლია ისინი ჩვენს სასიკეთოდ მოვარგოთ თანამედროვეობას და მეტი ღირებულება თუ სიმბოლიზმი შევძინოთ ყოველდღიურობაში.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული

უქმეებზე მოქმედებს 2 დამატებითი შეზღუდვა, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კი იმუშავებს – მთავრობა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

„უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა.

პირველი – ეს არის 2 დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე – 2-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული.

ცოლ-ქმარი 2 შვილით შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

30 წლის ეკა ქმართან და ორ შვილთან ერთად ბათუმში, თამარის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ბინის კარს შეაღებ თუ არა, თვალში გეცემა სისუფთავე და წესრიგი. ერთი შეხედვით ვერ დაიჯერებ, რომ ამ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს ახლა დიდი გასაჭირი უდგათ, თუმცა ფაქტია – ეკას ოჯახის სოციალური ქულაა 9 100. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი ძალიან ღარიბია.

ამ ბინაში ეკას ოჯახის საკუთრება მხოლოდ რამდენიმე ნივთია: ნაჩუქარი კარადა, საბნები, ბალიშები, ტანსაცმელი… ბინა ოჯახს 300 ლარად აქვს ნაქირავები, თუმცა ბოლო სამი თვეა ქირის გადახდას ვერ ახერხებენ და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ.

„280 ლარი მაქვს სოციალური დახმარება. ბინაში გადასახდელი მაქვს თვეში 300 ლარი, რასაც ვეღარ ვახერხებ და 900 ლარი გვაქვს ბინის მეპატრონის ვალი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, პანდემიის პირველი ტალღის დროს შეღავათი გაგვიწია და რომლისაც ძალიან მრცხვენია.

დამიჯერებთ?! ტელეფონი რომ რეკავს, უცხო ნომერი, მგონია, რომ ბინის მეპატრონეა. ჯერ ველოდები მის ხმას და მერე ვპასუხობ იმიტომ, რომ მრცხვენია და მეშინია ბინის გარეშე დარჩენის.

პანდემია ჩვენს ოჯახზე ძალიან მძიმედ აისახა, ადრე ჩემი ქმარი პერიოდულ სამუშაოს შოულობდა, ხან სოფელში ეხმარებოდა ხალხს და რაღაც თანხა გროვდებოდა. ახლა ვერც სამუშაოს ნახულობს და ძალიან ცუდ დღეში ვართ. 900 ლარი ძალიან დიდი ფულია ჩვენთვის. არ ვიცი რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ“, – ამბობს ეკა.

იგი გვიყვება, რომ მისი თითქმის ყოველი დღე ერთნაირად იწყება – სატელეფონო ზარით ბათუმის მერიაში.

„ვრეკავ ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს მერიაში. მცემენ იგივე პასუხს – „იქნება ამ თვის ბოლოს, იქნება ამ თვის ბოლოს“… იანვრის 13 რიცხვიდან მეუბნებიან – „თვის ბოლოს, თვის ბოლოს…“

ახლა რომ შეამოწმოთ, დღესაც დარეკილი მაქვს. დღეს მითხრეს, მაისის ბოლომდე განიხილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაგაგებინებთ, თუ მიიღებთ ერთჯერად დახმარებასო.

თორნიკე რიჟვაძესთან მივედი და დაცვამ არ შემიშვა. მეტი სად წავიდე?

რა იქნება, რომ არ დაგვეხმაროს მერია? – დავრჩებით გარეთ. ალბათ მივალთ მერიაში, დავჯდებით იქ და დაინახავენ, რომ ნამდვილად გვიჭირს. ალბათ მაშინ დაგვიჯერებენ. სხვა გზა არ გვაქვს“, – ამბობს ეკა.

ეკა ბარათაშვილი

ეკასთან სახლში მისულს არ დაგვხვდა მისი ქმარი, პაატა გოგია. ეკამ გვითხრა, რომ მის მეუღლეს დღეს სასაფლაოზე შესთავაზეს ქვიშის აზიდვა და სამუშაოდ წავიდა. ეკას თქმით, ასეთი დღიური სამუშაო პანდემიის დროს სულ უფრო და უფრო იშვიათია.

ეკა ბოლო წლებია ვერ მუშაობს, რადგან უმცროსი შვილი ჯერ 1 წლის და 7 თვისაა, ბაღში კი 3 წლამდე ბავშვებს არ იღებენ. იგი მაინც ცდილობს სამუშაოს შოვნას.

„ძალიან მინდა მუშაობა. ვინმე რომ შემეხმიანოს დალაგებაზე, დავალაგებ. ვისაც კი ვეუბნები, ყველა მეუბნება – დაგირეკავთ… თუ კი ვინმეს ექნება სურვილი, მე ყველგან წავალ, ჩემი  შრომით გადავიხდი და არ ვთხოვ ადამიანებს დახმარებას, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ ბინის გარეშე ვრჩებით“.

კითხვაზე, რა აქვთ დღეს სადილად ბავშვებს, ეკა გვპასუხობს, რომ პიურე მოამზადა იმ კარტოფილით, რომელიც უფასო სასადილოში მისცეს. უფასო სასადილოში გაცემული სურსათი ეკას ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სასადილოდან მოტანილი პროდუქტით ვამზადებ სუპს, მაკარონს, „გრეჩიხას“, კარტოფილს… ადრე, პანდემიამდე უკეთესი იყო, ყოველ დღე მზა საკვები მომქონდა, პურიც და მთელი დღე გვყოფნიდა ჩვენ. სახლში მოტანილი პროდუქტი უნდა მოამზადო, ზეთია საჭირო, გაზი, შუქი…“ – ამბობს ეკა.

ნაქირავები ბინის პირველი სართულის ფანჯრიდან ეზო და პატარა მაღაზიები ჩანს. ეკა გვეუბნება, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში ვალი აქვს, 420 ლარი და ცდილობს ნელ-ნელა, 20-30 ლარით გადაიხადოს: „მათაც ეშინიათ, იციან, რომ ქირით ვართ, მაგრამ ვეცოდებით და გვაძლევენ ნისიად. ხან პამპერსი მომაქვს, ხან ჰიგიენური საშუალებები“.

ეკას უფროსი შვილი, მარიამი, 7 წლისაა. ეკა ამბობს, რომ მარიამს ბევრ რამეზე ეუბნება უარს და მასაც ესმის მშობლების სიდუხჭირის.

„უნდა, რომ ჰქონდეს როგორც სხვას აქვს, მის კლასელებს,  ეზოში ბავშვებს… მაგრამ ხვდება. ხან მეუბნება – „ეს კი მინდოდა, მაგრამ ვიცი, რომ შენ ფული აღარ გაქვს და კარგი, აღარ მინდა“.

ნახეთ ვიდეო: 

10 593 ლარი – ირაკლი კობახიძის მგზავრობის ხარჯი ვაშინგტონში და უკან

სამი პარლამენტარის: ირაკლი კობახიძის, ირაკლი ჩიქოვანის და კახაბერ კუჭავას აშშ-ში, ვაშინგტონში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 31 315 ლარი დაიხარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებმა“ პარლამენტიდან გამოითხოვა.

პარლამენტის სამი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის, ამ პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ვაშინგტონში 12 აპრილს ჩავიდა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამ დეპუტატს შორის ყველაზე ძვირი ირაკლი კობახიძის ფრენა დაჯდა – 10 593 ლარი. ირაკლი ჩიქოვანის ფრენა ასევე ვაშინგტონში 3 565 ლარი დაჯდა, ხოლო კახაბერ კუჭავასი – 2 851 ლარი.

პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ჭურაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ამ სხვაობის მიზეზი ისაა, რომ კახაბერ კუჭავა ვაშინგტონიდან სტრასბურგში წავიდა სხვა მივლინებით, ირაკლი კობახიძემ კი, ამავე ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონიდან ბრიუსელში გამოიარა.

„ეს გზა ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე ღირდა უფრო ძვირი, არ ვიცი რატომ,“ – ამბობს დავით ჭურაძე. მისი მტკიცებით, ირაკლი კობახიძეს ან რომელიმე სხვა პარლამენტარს ბიზნესკლასით არ უსარგებლიათ.

რაც შეეხება სასტუმროს ხარჯს: კახაბერ კუჭავამ სასტუმროში 2 457 ლარი დახარჯა, ირაკლი კობახიძემ – 3 072, ხოლო ირაკლი ჩიქოვანმა – 3 072 ლარი.

დეპუტატებმა მიიღეს სადღეღამისო ხარჯიც: ირაკლი ჩიქოვანმა 2 078,76, კახაბერ კუჭავამ – 1 843 ხოლო ირაკლი კობახიძემ – 1 781 ლარი.

დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში 12-17 აპრილს იმყოფებოდნენ.

მივლინების ხარჯები – პარლამენტიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია

2 წელი სასამართლოში ჩივილიდან – საია ნათია კაპანაძის საქმის გაჭიანურებაზე

დღეს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ნათია კაპანაძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ის მრჩეველთა საბჭომ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. სასამართლოს დღემდე არ დაუწყია ნათია კაპანაძის საჩივრის განხილვა. ნათია კაპანაძის გადაყენება ბევრმა ჯგუფმა შეაფასა, როგორც „ხელისუფლების ინტერესი“.

საია ამ ფაქტს აფასებს, როგორც გაჭიანურებას და განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. უნდობლობის გამოცხადებამ გააჩინა განცდა, რომ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. მაუწყებელში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა ეს ეჭვები დაადასტურა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით ნათია კაპანაძე ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას. სარჩელში დასაბუთებულია, რომ:

  • მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო პროცესუალური ნომრების დარღვევით.
  • გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას.
  • მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს. ასევე, 2017 და 2018 წლების გარე აუდიტის შედეგების თანახმად, ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის წარდგენიდან 2 წელი გავიდა, საქმეზე დღემდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა. ამასთან, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს დღემდე წერილობით არ უცნობებია, რა გახდა საქმის განხილვის გაჭიანურების საფუძველი. სატელეფონო საუბრისას მიღებული განმარტებით, საქმის გაჭიანურება „ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ“ განაპირობა.

საია მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში მიიღოს“.

რას პასუხობს აგურების მწარმოებელი მოსახლეობას, რომელსაც სახლში მტვრის ბუღი აწუხებს

„ამას მაინც გასდის ბუღი, ამხელა წარმოებას ამუშავებს და ერთი ფილტრი ვერ დააყენა,“ – წერს მოქალაქე იამზე მჟავანაძე სოციალურ ქსელში. ის ბათუმში, აკაკი შანიძის პირველ ჩიხში ცხოვრობს. აქ 180-მდე ოჯახი ცხოვრობს და წლებია აპროტესტებენ ბეტონის საწარმოდან დაკვამლიანებას.

შანიძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტის და ამავე ბეტონის საწარმოს შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელსაც წერდა. მაშინ საწარმო კომპანია „გუმბათი აგურს“ ეკუთვნოდა. 2018 წლიდან ბეტონის საწარმო MIG-ის საკუთრებაა.

„მუდმივად ისმის დაპირება, რომ დააყენებს ფილტრს, მაგრამ სადაა?“ – კითხულობს მოსახლეობა. მათი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში საწარმო იშვიათად მუშაობს, მაგრამ როცა მუშაობს, მტვრის ბუღი მაშინვე დგება.

„ფილტრი ნამდვილად დაყენებულია, ახლახან დამონტაჟდა,“ – გვითხრა გიორგი აბაშიძემ, ის კომპანია MIG-ის მფლობელია. გიორგი აბაშიძის თქმით, საწარმოში ერთდროულად 5 მანქანა მიიღო და ტექნიკურად რომ ამდენი მასალის გადამუშავება პრობლემა იქნებოდა, არ იცოდა.

„აქამდე 1 ან 2 მანქანას ვიღებდი და ცალ-ცალკე ხდებოდა დამუშავება, ახლა რადგან ფილტრი გვაქვს, ხუთი მივიღე ერთად და ეს იყო, გამოსწორდება,“ – აღნიშნა გიორგი აბაშიძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებმა“ სცადა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

როცა მუსლიმი პატიმარი ხარ და მარხვაში დღისით გაწვდიან საჭმელს – დისკრიმინაცია ციხეში

„მითხრა, რომ დღისით აწვდიან, მაგალითად, ცხელ წვნიანს,  ღამით არა, ის კი დაღამებას ელოდება, რომ ჭამოს. ძირითადად ასეა – დღისით მიწოდებულ საკვებს ინახავს ღამისთვის,“ – ამბობს მირანდა ქამადაძე. მისი ქმარი, ბრალდებული ელდარ ანთაძე მუსლიმია  და მარხვას ციხეში იცავს. რამადანის თვეში მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველანაირ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. შესაბამისად, ჭამა დასაშვებია შებინდების შემდეგ და გათენებამდე, საპატიმრო დაწესებულებაში კი საკვებს ამ გრაფიკის მიხედვით არ აწვდიან.

ბრალდებულის ცოლი არ არის ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ პატიმრების ინტერესებს რელიგიის, რწმენის ან უბრალოდ კულტურული თავისებურებების მიხედვით კვების დროს არ ითვალისწინებენ.

საპირისპიროს ამტკიცებს პენიტენციური სამსახური. უწყების მტკიცებით, „გათვალისწინებულია ყველა რელევანტური საჭიროება, მათ შორის, რელიგიური აღმსარებლობა“. თუმცა უკვე ყოფილი პატიმარი – გლებ ტიმოფეევი სასამართლოში უჩივის პენიტენციურ სამსახურს და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს. ის ვეგანია და ამბობს, რომ ციხეში ნახევრად მშიერი იყო 6 თვე.

სახალხო დამცველმა ბოლო ანგარიშშიც ჩაწერა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა წლების განმავლობაში არ იცვლება და რელიგიის, რწმენის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება არ ხდება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამონაკლის და უპირატეს მდგომარეობაში მხოლოდ მართლმადიდებელი პატიმრები არიან. სახალხო დამცველი ამის შესახებ წინა წლებშიც წერდა.

ადვოკატების ინფორმაციით, რაც მათ სმენიათ, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეს ექმნება პრობლემა ამ კუთხით, ვინც ქართულ ციხეში ხვდება. „საქართველოს მოქალაქეზე მაინც გამონაკლისს უშვებენ და საჩივრებს აღარ წერენ. საჩივრებს თავს არიდებენ უცხოელებიც,“ – გვიყვებიან ადვოკატები.

მაგალითად, ბოლო დროს, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, ადვოკატ ზაზა პაპიძეს ჩინეთის მოქალაქე ახსენდება, რომელსაც დაახლოებით სამი თვე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

„ითხოვდა ქათამს და კიდევ რაღაც საკვებს. ამბობდა, რომ ვერ ჭამდა ვერაფერს ქართულ ციხეში და მშიერი იყო… სამი თვის შემდეგ საპროცესო გაკეთდა და გამოვიდა,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

მორალური ზიანის – 10 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს პენიტენციური დაწესებულებისგან საქართველოს მოქალაქე გლებ ტიმოფეევი. ის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული და ვეგანური საკვების მიღებაზე ჰქონდა პრობლემა. გლებ ტიმოფეევი დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს.

„ხორცი თუ ღირს პირობითად 15 ლარი, ჩემთვის საჭირო ცილა ღირს 3 ლარი. რატომ უნდა ყოფილიყო მისი მოწოდება პრობლემა? მე არ ვითხოვდი რამე სპეციალურს და განსაკუთრებულს… იგივე წიწიბურა, რომელიც ჩემთან შემოჰქონდათ, უკვე ჩაჭრილი იყო მასში, მაგალითად, სოსისი,“ – უთხრა ჟურნალისტებს 18 მარტს გლებ ტიმოფეევმა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გლებ ტიმოფეევის სარჩელის განხილვა დაიწყო.

გლებ ტიმოფეევის თქმით, ვეგანური საკვების შეძენა პრობლემა იყო ციხის მაღაზიაშიც.

საია-ს იურისტი დათო ლომთაძე იცავს გლებ ტიმოფეევის ინტერესებს სასამართლოში. ის იმ ნორმატიულ აქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც პატიმარს აქვს უფლება რწმენის, რელიგიის ან კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოითხოვოს საკვები.

„პრაქტიკულად კი არ არის გათვალისწინებული სპეციალური კვება ამ ადამიანებისთვის… იგივე გლები არ ითხოვდა რამე ძვირადღირებულს ან ახალ საკვებს. მოცემულობა ესაა, რომ კონკრეტული პატიმრები საჭიროებენ სპეციალურ მენიუს და ამის გათვალისწინება უნდა ხდებოდეს ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სიას იურისტი დათო ლომთაძე.

ევროსასამართლოს რამდენიმე მსგავსი საქმე აქვს განხილული. მაგალითად, 2010 წელს საქმეზე „იაკობსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, როცა ის ვეგეტარიანული დიეტის დაცვას ითხოვდა, ციხის ადმინისტრაცია კი პასუხობდა, რომ ერთი პატიმრისთვის სპეციალური ღონისძიების გატარება ფინანსურ გავლენას მოახდენდა.

„განმცხადებელმა უბრალოდ მოითხოვა დიეტა ხორცის პროდუქტების გარეშე, მისი კერძები არ უნდა მომზადებულიყო, მოხარშულიყო და არც რამე განსაკუთრებული პროდუქტი სჭირდებოდა… ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანი ბალანსის დამყარება ინტერესებს შორის,“ – წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

იურისტ დათო ლომთაძის თქმით, ევროსასამართლო ვეგანების და ვეგეტარიანელების მოთხოვნებსაც რწმენის თავისუფლების საკითხად განიხილავს.

როგორ უნდა დადგინდეს, რა არის რწმენის და რელიგიის თავისუფლება, როცა საქმე კვებას ეხება? იქნებ პატიმარი იგონებს კონკრეტულ რელიგიურ შეხედულებას და ცდილობს ციხეში, სადაც მისი უფლებები ისედაც შეზღუდულია, სპეციალური და მისთვის სასურველი მენიუ მიიღოს? –  ვკითხეთ საია-ს იურისტს.

„ეს საკითხი უნდა აკმაყოფილებდეს რწმენის თავისუფლების სტანდარტს, ანუ უნდა ატარებდეს ტრადიციულობის და სერიოზულობის ხასიათს… ეს უნდა დგინდებოდეს გონივრული განსჯის საფუძველზე,“ – მიიჩნევს დათო ლომთაძე, საია-ს იურისტი.

„ეს სიცრუეა. მას საკვებად მიეწოდებოდა ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავდა ხელოვნურ ცხიმებს…“ – ეს ინფორმაცია გლებ ტიმოფეევის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა ეს რომ არაა სწორი, ამის დასტურად იურისტი დათო ლომთაძე პენიტენციური სამსახურის მიერ 2019 წლის 25 სექტემბერს მისთვის ჩაბარებულ წერილს ასახელებს, სადაც პენიტენციური სამსახური აღნიშნავდა, რომ „უცნობია, როდის ექნებოდათ ვეგანური მენიუ“. ამ დროისთვის ტიმოფეევს სასამართლოსთვის მიმართული არ ჰქონდა.

რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების კვების უზრუნველყოფა რელიგიური თავისებურებების გათვალისწინებით? – ვკითხეთ პენიტენციურ სამსახურს, სადაც ინფორმაცია მხოლოდ წერილობით მოგვაწოდეს. უწყებამ აქცენტის გაკეთება იმაზე არჩია, რომ ზოგადად ახალი სტანდარტის მენიუ აქვთ, რომელიც სეზონურია და 48 სახეობისაა.

რაც შეეხება პრობლემას – პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რელიგიურ აღმსარებლობას ითვალისწინებენ. აქ არ დაგვიკონკრეტეს, როგორ ხდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და თუ ასეა, რატომ აქვთ პრეტენზიები პატიმრებს ან სახალხო დამცველი რატომ ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიდგომა დისკრიმინაციულია?

უწყებიდან არაფერი მოგვწერეს ბრალდებულების შესახებაც, მათ შორის, მუსლიმი პატიმრების შესახებ, რომლებიც ამ დღეებში მარხულობენ და დღისით მიწოდებულ წვნიანს ჭამენ ღამით. ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული მუსლიმი პატიმრის შესახებაც ვკითხეთ.

„მენიუების შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ყველა რელევანტური საჭიროებები. მათ შორის მხედველობაში მიიღება თავისუფლებააღკვეთილ პირთა რელიგიური აღმსარებლობა და ხდება მათთვის ინდივიდუალურ საჭიროებების შესაბამისი საკვების მომზადება. აღნიშნული მიმართულებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გრძელდება მუშაობა.

ასევე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლიათ ამანათის სახით მიიღონ ან/და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში გარე ქსელის ანალოგიურ ფასად შეიძინონ საკვები პროდუქტი,“ – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

„პრაქტიკაში ეს საკითხი არის პრობლემური, სისტემურად ვერ ხდება რწმენის, რელიგიის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება, ყოველწლიურად გვაქვს ანგარიშებში ამაზე საუბარი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის მექანიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნიკა კვარაცხელიას თქმით, ციხეებში პერიოდულად შესვლის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ხშირად საუბრობენ პატიმრები ამ პრობლემაზე.

სახალხო დამცველს მერამდენე წელია უწევს იმის გამეორებაც, რომ ამ მიმართულებით მიდგომა დისკრიმინაციულია – ციხის ადმინისტრაცია მხოლოდ მართლმადიდებელი პატიმრების ინტერესებს იცავს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს სისტემას ნებისმიერი სხვა რელიგიის აღმსარებლობის მქონე პატიმართან, როგორც ეს მართლმადიდებლების შემთხვევაში ხდება… რეალურად გარკვეული დაწესებულებები უშვებენ შეღავათებს, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი. სისტემური ხასიათი უფრო აქვს იმას, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე, ეს იქნება ქრისტიანული თუ სხვა დღესასწაული, დაშვებულია ამანათით სპეციალური საკვების გაგზავნა პატიმრისთვის,“ – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.

სახალხო დამცველმა 2021 წლის ანგარიშში, სადაც 2020 წლის მდგომარეობაა ასახული, ჩაწერა:

„აღსანიშნავია, რომ პატიმართა საკნებში განთავსების დროს არ იყო გათვალისწინებული ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები, მათ შორის, საკვების მომზადების დროს არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები.

დისკრიმინაციული მიდგომაა კვების კუთხითაც, რადგან არ არის გათვალისწინებული პატიმართა კულტურული და რელიგიური კვებითი თავისებურებები,“ – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

უფრო რადიკალური იყო ომბუდსმენის ჩანაწერი 2019 წელს:

„დაწესებულებებში არ არის გამოყოფილი სივრცე [გარდა მართლმადიდებლური სამლოცველოებისა], სადაც ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს მშვიდ გარემოში შეეძლებოდათ ჯგუფური შეკრებების და რიტუალების ჩატარება. კვების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კულტურულ და რელიგიურ თავისებურებებს არ ითვალისწინებენ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა კულტურული და რელიგიური საკითხების გათვალისწინებისას, რაც პატიმრებს შორის არ გააჩენს იმის განცდას, რომ უმცირესობების საჭიროებები სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოა….“ – წერდა სახალხო დამცველი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მაისის 21 საათიდან 2 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2-3 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

3 მაისს რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს თბილისი-ბათუმის მიმართულებით

საქართველოს რკინიგზა 3 მაისს თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

რეისის დამატების მიზეზი მგზავრთა გაზრდილი რაოდენობაა.

რკინიგზის ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.

Exit mobile version