მთავარი,სიახლეები

მანგლისიდან ევროპაში – ევა ბრიუნელის გზა მსოფლიო სიმფონიური მუსიკის სამყაროში

01.05.2021 • 2420
მანგლისიდან ევროპაში – ევა ბრიუნელის გზა მსოფლიო სიმფონიური მუსიკის სამყაროში

„შემთხვევით დავესწარი ევა ბრიუნელის დირიჟორობით გამართულ კონცერტს. უნდა გამოვტყდე, წინასწარ ,,მომზადებული“ ვიყავი. როგორც გაზეთებით, ისე ნაცნობთა აზრით, უარყოფითი შეხედულება მქონდა. ეს კიდე არაფერი. ჩვენ, მამაკაცებს, ქალის ასეთ ასპარეზზე გამოსვლა სასაცილოდ არ გვყოფნის… ეს მეტისმეტად სერიოზული საქმეა და ამ სერიოზულ დარგში ,,სერიოზული“ მამაკაცის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია. ქალების დირიჟორობა კაფე-რესტორნების ესტრადას არ გასცილებია და გასაკვირიც არ არის, რომ ასეთი შეხედულება გვქონდეს“, – წერდა 1914 წლის  ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ კორესპონდენტი ინიციალებით ა-კო, პირველი ქართველი დირიჟორი ქალის, ევა ბრიუნელის შესახებ.

ევა მაშინ საქართველოში გასტროლებით ჩამოვიდა და ,,ახალ კლუბში“ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა.

ეს ფოტო ევა ბრიუნელმა საქართველოში გასტროლების დროს, 1914 წელს გადასცა ვანო სარაჯიშვილს. ფოტოს წარწერაც აქვს: ,,ჩემ მომაჯადოებელ სოლისტს, ივანე პეტრეს ძე სარაჯიშვილს, ევა ბრიუნელისაგან. 1914 წ.”

წერილის ავტორი სრულებით არ მოელოდა „დიად მოვლენას“, რაც „ახალ კლუბში“ ნახა. მის ცხოვრებაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქალმა სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა და დიდი პროფესიონალიზმით შეასრულა გლიუკის, ბეთჰოვენის, გრიგის, ლისტის, ბერლიოზისა და სხვათა ნაწარმოებები. წერილის ავტორი აღწერს ევა ბრიუნელის დირიჟორობის მანერას, ფაქიზ ტემპერამენტს, დაცლილს მამაკაცური ექსპრესიისგან, რასაც დირიჟორობისთვის აუცილებელ მახასიათებლად მიიჩნევენ დღემდე. თუმცა, როგორც წერილშია აღნიშნული, დირიჟორობის მსუბუქი ,,ქალური“ მანერა აქცევს სწორედ ევა ბრიუნელს განსხვავებულ და ინდივიდუალურ დირიჟორად, „რომლის ტემპერამენტიც თავისებურ დაღს ასვამს ნაწარმოებს“.

1914 წლის გასტროლებზე ევა ბრიუნელმა თბილისს უცხო კომპოზიტორების ისეთი ნაწარმოებები გააცნო, რაც ქალაქში მაშინ ან ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ მოესმინათ.

1914 წლის გასტროლებისას ევას კახეთშიც უმოგზაურია და ,,მოგზაურობის დროს შეჰკრიბა ადგილობრივი ხმები“ – როგორც 1915 წლის ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება“ იუწყება.

1922 წელს ამერიკული გაზეთი ,,St. Louis Post-Dispatch” პირველ გვერდზე აქვეყნებს ევა ბრიუნელის ფოტოს სხვა იმდროინდელი ცნობილი ქალების ფოტოებთან ერთად.

ევა ბრიუნელის ფოტო (მარცხნივ, შუაში) გამოცემის „St. Louis Post-Dispatch” პირველ გვერდზე

ეს გამოცემა ევა ბრიუნელს მოიხსენიებს ,,მსოფლიოში ერთადერთ სიმფონისტ დირიჟორ ქალად, ვინც ჩნდება კონცერტებზე ბრიუსელში, რომში და ევროპის სხვა მუსიკალურ ცენტრებში“.

1926 წელს ისევ ამერიკული გამოცემა „Lansing State Journal, Michigan” (Friday, March, 26, 1926) წერს, რომ ევა ბრიუნელი პირველი ქალია საფრანგეთში, ვინც წარმატებით უდირიჟორა ორკესტრს, კრიტიკოსებმა კი მისი დირიჟორობის მანერა შეაფასეს, როგორც ზუსტი, მშვიდი, სრულყოფილი და ყოველგვარ ექსტრავაგანტულობას მოკლებული.

ამერიკული გამოცემა „Lansing State Journal, Michigan” ევა ბრიუნელის შესახებ

ევა ბრიუნელი (Brunelli) საქართველოში, მანგლისში დაიბადა 1887 წელს. მამა, წარმოშობით იტალიელი ალფონს ბრიუნელი ერევნის პოლკის ოფიცერი იყო, ევას დედის გვარი ანდრონიკაშვილია, ბებიასი მორთულაძე. 1903 წელს ევამ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრა თბილისში, მერე იტალიაში გაემგზავრა და რომის კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა.

იტალიიდან პეტერბურგს მიაშურა, პეტერბურგის დრამატულ თეატრში დაარსებულ ორკესტრს დირიჟორობდა, იყო ამავე თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე. ევას დირიჟორობით სიმფონიური მუსიკის კონცერტები იმართებოდა რუსეთის იმპერიის ქალაქებში.

ევა ბრიუნელი ძირითადად კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს დირიჟორობდა.

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და მუსიკის მკვლევარი, მზია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევა ბრიუნელის სადებიუტო კონცერტები ბევრად უსწრებს წინ  მსოფლიოში ცნობილი ქალი დირიჟორების დებიუტებს, როგორებიც არიან შვედი ელფრიდა ანდრე (1841-1929), ბრაზილიელი შიკინია გონზაგა (1847-1935) და ფრანგი ნადია ბულანჟე (1987-1979). ამ ნიშნით, როგორც მკვლევარი მიიჩნევს, ევა ბრიუნელი ზემოთჩამოთვლილ რჩეულთა შორისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ პირველი დირიჟორი ქალია. რუსეთის იმპერიაში კი ევა დადასტურებულად პირველი დირიჟორი ქალი იყო.

ევა ბრიუნელის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა, 1920-იანი წლების უცხოური პრესა და შალვა კაშმაძის მონოგრაფია ,,ვანო სარაჯიშვილი“ – ეს არის ის მწირი ჩამონათვალი რესურსებისა, სადაც პირველ ქართველ დირიჟორ ქალზე შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია.

როგორც მუსიკის მკვლევარი, მზია ჯაფარიძე ამბობს, ქალ დირიჟორთა საერთაშორისო სიაში  აღარსად იხსენიება ევა ბრიუნელი – მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი საქართველოდან, რადგან საშემსრულებლო ხელოვნება მოცემულ დროსა და სივრცეში არსებობს მხოლოდ. თან ევას არ გაუმართლა: მეოცე საუკუნის დასაწყისი საკმაოდ ადრეული ხანა იყო ვიდეოგადაღებებისთვის – კონცერტები მისი დირიჟორობით კადრებს არ შემოუნახავს.

ევა ბრიუნელი ახალგაზრდა, 40 წლისა გარდაცვლილა 1927 წლის 22 თებერვალს. 2021 წელს მისი დაბადებიდან 134 წელი შესრულდა.

რა აწერია ევას საფლავს, იდენტიფიცირებულია თუ დაკარგული? არაფერი ვიცით.

და რა შეგვიძლია ჩვენ, ვინც ასეთ ამბებს ვეძებთ ან ვკითხულობთ? ალბათ მხოლოდ ის, რომ როცა პარიზში მოვხვდებით, აუცილებლად ვეწვიოთ ბანიოს სასაფლაოს, სადაც ევა და-ძმასთან ერთადაა დაკრძალული. ჩვენ მისამართს გეტყვით: პარიზი, ბანიოს სასაფლაო, მაქს-დორმუას 45 / 92220 Cimetière parisien de Bagneux. 45, avenue Marx-Dormoy, 92220 Bagneux.


  • სტატია მომზადებულია მუსიკის მკვლევარის, მზია ჯაფარიძის კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც კომპოზიტორთა კავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა 2018 წელს, სახელწოდებით ,,ევა ბრიუნელი – მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი მანგლისიდან”.
  • სტატიაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა მკვლევარმა მზია ჯაფარიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: