მთავარი,სიახლეები

ცოლ-ქმარი 2 შვილით შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

30.04.2021 • 2542
ცოლ-ქმარი 2 შვილით შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

30 წლის ეკა ქმართან და ორ შვილთან ერთად ბათუმში, თამარის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ბინის კარს შეაღებ თუ არა, თვალში გეცემა სისუფთავე და წესრიგი. ერთი შეხედვით ვერ დაიჯერებ, რომ ამ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს ახლა დიდი გასაჭირი უდგათ, თუმცა ფაქტია – ეკას ოჯახის სოციალური ქულაა 9 100. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი ძალიან ღარიბია.

ამ ბინაში ეკას ოჯახის საკუთრება მხოლოდ რამდენიმე ნივთია: ნაჩუქარი კარადა, საბნები, ბალიშები, ტანსაცმელი… ბინა ოჯახს 300 ლარად აქვს ნაქირავები, თუმცა ბოლო სამი თვეა ქირის გადახდას ვერ ახერხებენ და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ.

„280 ლარი მაქვს სოციალური დახმარება. ბინაში გადასახდელი მაქვს თვეში 300 ლარი, რასაც ვეღარ ვახერხებ და 900 ლარი გვაქვს ბინის მეპატრონის ვალი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, პანდემიის პირველი ტალღის დროს შეღავათი გაგვიწია და რომლისაც ძალიან მრცხვენია.

დამიჯერებთ?! ტელეფონი რომ რეკავს, უცხო ნომერი, მგონია, რომ ბინის მეპატრონეა. ჯერ ველოდები მის ხმას და მერე ვპასუხობ იმიტომ, რომ მრცხვენია და მეშინია ბინის გარეშე დარჩენის.

პანდემია ჩვენს ოჯახზე ძალიან მძიმედ აისახა, ადრე ჩემი ქმარი პერიოდულ სამუშაოს შოულობდა, ხან სოფელში ეხმარებოდა ხალხს და რაღაც თანხა გროვდებოდა. ახლა ვერც სამუშაოს ნახულობს და ძალიან ცუდ დღეში ვართ. 900 ლარი ძალიან დიდი ფულია ჩვენთვის. არ ვიცი რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ“, – ამბობს ეკა.

იგი გვიყვება, რომ მისი თითქმის ყოველი დღე ერთნაირად იწყება – სატელეფონო ზარით ბათუმის მერიაში.

„ვრეკავ ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს მერიაში. მცემენ იგივე პასუხს – „იქნება ამ თვის ბოლოს, იქნება ამ თვის ბოლოს“… იანვრის 13 რიცხვიდან მეუბნებიან – „თვის ბოლოს, თვის ბოლოს…“

ახლა რომ შეამოწმოთ, დღესაც დარეკილი მაქვს. დღეს მითხრეს, მაისის ბოლომდე განიხილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაგაგებინებთ, თუ მიიღებთ ერთჯერად დახმარებასო.

თორნიკე რიჟვაძესთან მივედი და დაცვამ არ შემიშვა. მეტი სად წავიდე?

რა იქნება, რომ არ დაგვეხმაროს მერია? – დავრჩებით გარეთ. ალბათ მივალთ მერიაში, დავჯდებით იქ და დაინახავენ, რომ ნამდვილად გვიჭირს. ალბათ მაშინ დაგვიჯერებენ. სხვა გზა არ გვაქვს“, – ამბობს ეკა.

ეკა ბარათაშვილი

ეკასთან სახლში მისულს არ დაგვხვდა მისი ქმარი, პაატა გოგია. ეკამ გვითხრა, რომ მის მეუღლეს დღეს სასაფლაოზე შესთავაზეს ქვიშის აზიდვა და სამუშაოდ წავიდა. ეკას თქმით, ასეთი დღიური სამუშაო პანდემიის დროს სულ უფრო და უფრო იშვიათია.

ეკა ბოლო წლებია ვერ მუშაობს, რადგან უმცროსი შვილი ჯერ 1 წლის და 7 თვისაა, ბაღში კი 3 წლამდე ბავშვებს არ იღებენ. იგი მაინც ცდილობს სამუშაოს შოვნას.

„ძალიან მინდა მუშაობა. ვინმე რომ შემეხმიანოს დალაგებაზე, დავალაგებ. ვისაც კი ვეუბნები, ყველა მეუბნება – დაგირეკავთ… თუ კი ვინმეს ექნება სურვილი, მე ყველგან წავალ, ჩემი  შრომით გადავიხდი და არ ვთხოვ ადამიანებს დახმარებას, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ ბინის გარეშე ვრჩებით“.

კითხვაზე, რა აქვთ დღეს სადილად ბავშვებს, ეკა გვპასუხობს, რომ პიურე მოამზადა იმ კარტოფილით, რომელიც უფასო სასადილოში მისცეს. უფასო სასადილოში გაცემული სურსათი ეკას ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სასადილოდან მოტანილი პროდუქტით ვამზადებ სუპს, მაკარონს, „გრეჩიხას“, კარტოფილს… ადრე, პანდემიამდე უკეთესი იყო, ყოველ დღე მზა საკვები მომქონდა, პურიც და მთელი დღე გვყოფნიდა ჩვენ. სახლში მოტანილი პროდუქტი უნდა მოამზადო, ზეთია საჭირო, გაზი, შუქი…“ – ამბობს ეკა.

ნაქირავები ბინის პირველი სართულის ფანჯრიდან ეზო და პატარა მაღაზიები ჩანს. ეკა გვეუბნება, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში ვალი აქვს, 420 ლარი და ცდილობს ნელ-ნელა, 20-30 ლარით გადაიხადოს: „მათაც ეშინიათ, იციან, რომ ქირით ვართ, მაგრამ ვეცოდებით და გვაძლევენ ნისიად. ხან პამპერსი მომაქვს, ხან ჰიგიენური საშუალებები“.

ეკას უფროსი შვილი, მარიამი, 7 წლისაა. ეკა ამბობს, რომ მარიამს ბევრ რამეზე ეუბნება უარს და მასაც ესმის მშობლების სიდუხჭირის.

„უნდა, რომ ჰქონდეს როგორც სხვას აქვს, მის კლასელებს,  ეზოში ბავშვებს… მაგრამ ხვდება. ხან მეუბნება – „ეს კი მინდოდა, მაგრამ ვიცი, რომ შენ ფული აღარ გაქვს და კარგი, აღარ მინდა“.

ნახეთ ვიდეო: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: