მთავარი,სიახლეები

როცა მუსლიმი პატიმარი ხარ და მარხვაში დღისით გაწვდიან საჭმელს – დისკრიმინაცია ციხეში

30.04.2021 • 7126
როცა მუსლიმი პატიმარი ხარ და მარხვაში დღისით გაწვდიან საჭმელს – დისკრიმინაცია ციხეში

„მითხრა, რომ დღისით აწვდიან, მაგალითად, ცხელ წვნიანს,  ღამით არა, ის კი დაღამებას ელოდება, რომ ჭამოს. ძირითადად ასეა – დღისით მიწოდებულ საკვებს ინახავს ღამისთვის,“ – ამბობს მირანდა ქამადაძე. მისი ქმარი, ბრალდებული ელდარ ანთაძე მუსლიმია  და მარხვას ციხეში იცავს. რამადანის თვეში მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველანაირ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. შესაბამისად, ჭამა დასაშვებია შებინდების შემდეგ და გათენებამდე, საპატიმრო დაწესებულებაში კი საკვებს ამ გრაფიკის მიხედვით არ აწვდიან.

ბრალდებულის ცოლი არ არის ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ პატიმრების ინტერესებს რელიგიის, რწმენის ან უბრალოდ კულტურული თავისებურებების მიხედვით კვების დროს არ ითვალისწინებენ.

საპირისპიროს ამტკიცებს პენიტენციური სამსახური. უწყების მტკიცებით, „გათვალისწინებულია ყველა რელევანტური საჭიროება, მათ შორის, რელიგიური აღმსარებლობა“. თუმცა უკვე ყოფილი პატიმარი – გლებ ტიმოფეევი სასამართლოში უჩივის პენიტენციურ სამსახურს და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს. ის ვეგანია და ამბობს, რომ ციხეში ნახევრად მშიერი იყო 6 თვე.

სახალხო დამცველმა ბოლო ანგარიშშიც ჩაწერა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა წლების განმავლობაში არ იცვლება და რელიგიის, რწმენის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება არ ხდება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამონაკლის და უპირატეს მდგომარეობაში მხოლოდ მართლმადიდებელი პატიმრები არიან. სახალხო დამცველი ამის შესახებ წინა წლებშიც წერდა.

ადვოკატების ინფორმაციით, რაც მათ სმენიათ, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეს ექმნება პრობლემა ამ კუთხით, ვინც ქართულ ციხეში ხვდება. „საქართველოს მოქალაქეზე მაინც გამონაკლისს უშვებენ და საჩივრებს აღარ წერენ. საჩივრებს თავს არიდებენ უცხოელებიც,“ – გვიყვებიან ადვოკატები.

მაგალითად, ბოლო დროს, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, ადვოკატ ზაზა პაპიძეს ჩინეთის მოქალაქე ახსენდება, რომელსაც დაახლოებით სამი თვე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

„ითხოვდა ქათამს და კიდევ რაღაც საკვებს. ამბობდა, რომ ვერ ჭამდა ვერაფერს ქართულ ციხეში და მშიერი იყო… სამი თვის შემდეგ საპროცესო გაკეთდა და გამოვიდა,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

მორალური ზიანის – 10 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს პენიტენციური დაწესებულებისგან საქართველოს მოქალაქე გლებ ტიმოფეევი. ის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული და ვეგანური საკვების მიღებაზე ჰქონდა პრობლემა. გლებ ტიმოფეევი დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს.

„ხორცი თუ ღირს პირობითად 15 ლარი, ჩემთვის საჭირო ცილა ღირს 3 ლარი. რატომ უნდა ყოფილიყო მისი მოწოდება პრობლემა? მე არ ვითხოვდი რამე სპეციალურს და განსაკუთრებულს… იგივე წიწიბურა, რომელიც ჩემთან შემოჰქონდათ, უკვე ჩაჭრილი იყო მასში, მაგალითად, სოსისი,“ – უთხრა ჟურნალისტებს 18 მარტს გლებ ტიმოფეევმა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გლებ ტიმოფეევის სარჩელის განხილვა დაიწყო.

გლებ ტიმოფეევის თქმით, ვეგანური საკვების შეძენა პრობლემა იყო ციხის მაღაზიაშიც.

საია-ს იურისტი დათო ლომთაძე იცავს გლებ ტიმოფეევის ინტერესებს სასამართლოში. ის იმ ნორმატიულ აქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც პატიმარს აქვს უფლება რწმენის, რელიგიის ან კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოითხოვოს საკვები.

„პრაქტიკულად კი არ არის გათვალისწინებული სპეციალური კვება ამ ადამიანებისთვის… იგივე გლები არ ითხოვდა რამე ძვირადღირებულს ან ახალ საკვებს. მოცემულობა ესაა, რომ კონკრეტული პატიმრები საჭიროებენ სპეციალურ მენიუს და ამის გათვალისწინება უნდა ხდებოდეს ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სიას იურისტი დათო ლომთაძე.

ევროსასამართლოს რამდენიმე მსგავსი საქმე აქვს განხილული. მაგალითად, 2010 წელს საქმეზე „იაკობსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, როცა ის ვეგეტარიანული დიეტის დაცვას ითხოვდა, ციხის ადმინისტრაცია კი პასუხობდა, რომ ერთი პატიმრისთვის სპეციალური ღონისძიების გატარება ფინანსურ გავლენას მოახდენდა.

„განმცხადებელმა უბრალოდ მოითხოვა დიეტა ხორცის პროდუქტების გარეშე, მისი კერძები არ უნდა მომზადებულიყო, მოხარშულიყო და არც რამე განსაკუთრებული პროდუქტი სჭირდებოდა… ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანი ბალანსის დამყარება ინტერესებს შორის,“ – წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

იურისტ დათო ლომთაძის თქმით, ევროსასამართლო ვეგანების და ვეგეტარიანელების მოთხოვნებსაც რწმენის თავისუფლების საკითხად განიხილავს.

როგორ უნდა დადგინდეს, რა არის რწმენის და რელიგიის თავისუფლება, როცა საქმე კვებას ეხება? იქნებ პატიმარი იგონებს კონკრეტულ რელიგიურ შეხედულებას და ცდილობს ციხეში, სადაც მისი უფლებები ისედაც შეზღუდულია, სპეციალური და მისთვის სასურველი მენიუ მიიღოს? –  ვკითხეთ საია-ს იურისტს.

„ეს საკითხი უნდა აკმაყოფილებდეს რწმენის თავისუფლების სტანდარტს, ანუ უნდა ატარებდეს ტრადიციულობის და სერიოზულობის ხასიათს… ეს უნდა დგინდებოდეს გონივრული განსჯის საფუძველზე,“ – მიიჩნევს დათო ლომთაძე, საია-ს იურისტი.

„ეს სიცრუეა. მას საკვებად მიეწოდებოდა ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავდა ხელოვნურ ცხიმებს…“ – ეს ინფორმაცია გლებ ტიმოფეევის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა ეს რომ არაა სწორი, ამის დასტურად იურისტი დათო ლომთაძე პენიტენციური სამსახურის მიერ 2019 წლის 25 სექტემბერს მისთვის ჩაბარებულ წერილს ასახელებს, სადაც პენიტენციური სამსახური აღნიშნავდა, რომ „უცნობია, როდის ექნებოდათ ვეგანური მენიუ“. ამ დროისთვის ტიმოფეევს სასამართლოსთვის მიმართული არ ჰქონდა.

რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების კვების უზრუნველყოფა რელიგიური თავისებურებების გათვალისწინებით? – ვკითხეთ პენიტენციურ სამსახურს, სადაც ინფორმაცია მხოლოდ წერილობით მოგვაწოდეს. უწყებამ აქცენტის გაკეთება იმაზე არჩია, რომ ზოგადად ახალი სტანდარტის მენიუ აქვთ, რომელიც სეზონურია და 48 სახეობისაა.

რაც შეეხება პრობლემას – პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რელიგიურ აღმსარებლობას ითვალისწინებენ. აქ არ დაგვიკონკრეტეს, როგორ ხდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და თუ ასეა, რატომ აქვთ პრეტენზიები პატიმრებს ან სახალხო დამცველი რატომ ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიდგომა დისკრიმინაციულია?

უწყებიდან არაფერი მოგვწერეს ბრალდებულების შესახებაც, მათ შორის, მუსლიმი პატიმრების შესახებ, რომლებიც ამ დღეებში მარხულობენ და დღისით მიწოდებულ წვნიანს ჭამენ ღამით. ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული მუსლიმი პატიმრის შესახებაც ვკითხეთ.

„მენიუების შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ყველა რელევანტური საჭიროებები. მათ შორის მხედველობაში მიიღება თავისუფლებააღკვეთილ პირთა რელიგიური აღმსარებლობა და ხდება მათთვის ინდივიდუალურ საჭიროებების შესაბამისი საკვების მომზადება. აღნიშნული მიმართულებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გრძელდება მუშაობა.

ასევე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლიათ ამანათის სახით მიიღონ ან/და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში გარე ქსელის ანალოგიურ ფასად შეიძინონ საკვები პროდუქტი,“ – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

„პრაქტიკაში ეს საკითხი არის პრობლემური, სისტემურად ვერ ხდება რწმენის, რელიგიის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება, ყოველწლიურად გვაქვს ანგარიშებში ამაზე საუბარი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის მექანიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნიკა კვარაცხელიას თქმით, ციხეებში პერიოდულად შესვლის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ხშირად საუბრობენ პატიმრები ამ პრობლემაზე.

სახალხო დამცველს მერამდენე წელია უწევს იმის გამეორებაც, რომ ამ მიმართულებით მიდგომა დისკრიმინაციულია – ციხის ადმინისტრაცია მხოლოდ მართლმადიდებელი პატიმრების ინტერესებს იცავს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს სისტემას ნებისმიერი სხვა რელიგიის აღმსარებლობის მქონე პატიმართან, როგორც ეს მართლმადიდებლების შემთხვევაში ხდება… რეალურად გარკვეული დაწესებულებები უშვებენ შეღავათებს, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი. სისტემური ხასიათი უფრო აქვს იმას, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე, ეს იქნება ქრისტიანული თუ სხვა დღესასწაული, დაშვებულია ამანათით სპეციალური საკვების გაგზავნა პატიმრისთვის,“ – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.

სახალხო დამცველმა 2021 წლის ანგარიშში, სადაც 2020 წლის მდგომარეობაა ასახული, ჩაწერა:

„აღსანიშნავია, რომ პატიმართა საკნებში განთავსების დროს არ იყო გათვალისწინებული ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები, მათ შორის, საკვების მომზადების დროს არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები.

დისკრიმინაციული მიდგომაა კვების კუთხითაც, რადგან არ არის გათვალისწინებული პატიმართა კულტურული და რელიგიური კვებითი თავისებურებები,“ – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

უფრო რადიკალური იყო ომბუდსმენის ჩანაწერი 2019 წელს:

„დაწესებულებებში არ არის გამოყოფილი სივრცე [გარდა მართლმადიდებლური სამლოცველოებისა], სადაც ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებს მშვიდ გარემოში შეეძლებოდათ ჯგუფური შეკრებების და რიტუალების ჩატარება. კვების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კულტურულ და რელიგიურ თავისებურებებს არ ითვალისწინებენ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა კულტურული და რელიგიური საკითხების გათვალისწინებისას, რაც პატიმრებს შორის არ გააჩენს იმის განცდას, რომ უმცირესობების საჭიროებები სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოა….“ – წერდა სახალხო დამცველი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: