როგორ გამოჩნდა მანდარინი აჭარაში -„ბათუმი გაჟღენთილი იყო მანდარინისა და ყავის სურნელით“

„არაჩვეულებრივი, ეგზოტიკური, აღმოსავლური ბათუმი გაჟღენთილი იყო ყავის, ღვინისა და მანდარინის სურნელით…

ხშირად მინახავს ერთი და იგივე სურათი: ნავსადგურში, ჭილოფგადაფარებულ ფორთოხლებზე მოხუცები ისხდნენ და ენის წკლაპუნით სვამდნენ სქელ, სურნელოვან ყავას…“- წერდა XX საუკუნის ოციან წლებში რუსი მწერალი კონსტანტინე პაუსტოვსკი ბათუმზე.

მანდარინის, ლიმონის და ზოგადად, ციტრუსის  სუნი უკვე ბევრი წელია აჭარის თანმდევია.

ახლა რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც აჭარაში არც მანდარინი იყო, არც ლიმონი და არც გრეიპფრუტი.

მზისფერი ციტრუსი საქართველოში 1800-იან წლებში შემოიტანეს სამრეწველო მეურნეობის მოსაწყობად და ფართოდ გასავრცელებლად, თუმცა მანამდეც ვახუშტი ბატონიშვილს, XVII საუკუნის დასაწყისში აღწერილი აქვს ციტრუსოვანთა ნაყოფი, თურინჯი, იგივე ფორთოხალი და ლიმონი ჭოროხის ხეობაში.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ციტრუსი IX-X საუკუნიდან არსებობს საქართველოში, თუმცა როგორც უცხო და დეკორატიული კულტურა, რომელსაც ძირითადად სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ.

ციტრუსის, როგორც სამრეწველო კულტურის შემოტანა და გაშენება – გავრცელება კი საქართველოში 1800-იანი წლებიდან დაიწყეს.

ხუცუბანი. აჭარელი თევზითა და ლიმონით მოვაჭრე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ციტრუსების გავრცელების უძველესი კერა საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლი იყო, მათ შორის აჭარის ტერიტორია. ბათუმის მიდამოებში 1878 წელს შემორჩენილი იყო ლიმონისა და ფორთოხლის ხე-მცენარეები, რომელთა წლოვანება არ აღემატებოდა 60 წელს. ეს ნარგავები პირველ ხანებში ერთგვარი წყარო იყო, საიდანაც კერძო პირებს გადაჰქონდათ ნერგები საკუთარ აგარაკებზე და ავრცელებდნენ.

ციტრუსების ფართოდ გავრცელება მას შემდეგ დაიწყო აჭარასა და ზოგადად საქართველოს შავიზღვისპირეთში, როცა პროფესორი კრასნოვი და აგრონომი კლინგენი აღმოსავლეთის ქვეყნების ექსპედიციიდან დაბრუნდნენ.

დაბრუნდნენ და ახალი ციტრუსების უამრავი სხვადასხვა ჯიშის ნერგი ჩამოიტანეს. მათ შორის იყო მანდარინის იაპონური ჯიში უნშიუ, რაც ქართულად უთესლოს ნიშნავს. ეს იყო განსხვავებული, ყინვაგამძლე, საკვებად ვარგისი და გემრიელი, მანდარინი. უნშიუს გავრცელებამდე საქართველოში ყოფილა იტალიური მანდარინის ნარგავებიც, მაგრამ ეს ჯიში დაბალი სამეურნეო მაჩვენებლებით ხასიათდებოდა და მოსახლეობის დიდ ინტერესს ვერ იწვევდა.

კრასნოვსა და კლიგენს შავი ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული კულტურების და მათ შორის, ციტრუსების გავრცელება-გამრავლების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით.

ტკბილმა, წვნიანმა და უთესლო უნშიუმ აჭარაში სწრაფად იწყო გავრცელება, მანდარინის პირველი ბაღი ბათუმში მცხოვრებმა ფრანგმა მებაღემ, დ’ალფონსმა გააშენა მწვანე კონცხზე.

დ’ალფონსი საერთოდაც მწვანე კონცხის პირველი მოაგარაკე იყო. როგორც დავით კლდიაშვილი იხსენებს, ის იყო ,,პიონერი მოაგარაკე და მოაგარაკეთა წრის შემქმნელი, სადაც მან ჩადგა ფეხი, იმ ადგილიდან მერე ვერ ამოდენეს; ადმინისტრაცია დიდი მოწინააღმდეგე იყო მისი, მაგრამ ვერას უშვრებოდა“.

ეს ის პერიოდია, როცა ბათუმს მუჰაჯირები ტოვებენ და მიწა მუქთად იშოვება, უპატრონო ადგილებს გაფაციცებული და მოხერხებული პატრონები უჩნდება, მიწების ხელში ჩასაგდებად დიდი თარეშია ბათუმსა და მის შემოგარენში გაჩაღებული.

ასე იქცა მწვანე კონცხი მდიდარი მოაგარაკეების ედემად, სადაც მებაღე დ’ალფონსის წყალობით ევროპული მცენარეები ხარობდა.

სწორედ მწვანე კონცხზე იყო მანდარინის მთავარი ბაღები, საიდანაც ნერგი მიჰქონდათ და ამრავლებდნენ. დღემდე მწვანე კონცხზეა თავმოყრილი მანდარინისა და ზოგადად, ციტრუსის ყველა ის ჯიში და სახეობა, რაც საქართველოშია გავრცელებული.

ახალგაშენებული უნშიუს ნარგავები აჭარაში 1900 წელს გაიყინა, ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო.

მანდარინის ბაღი აჭარაში. ღია ბარათი, XX საუკუნის 20-იანი წლები. ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია. წყარო: dspace.nplg.gov.ge

უნშიუ 1901 წლიდან ფართოდ გავრცელდა საქართველოში და ამ დროისთვის ნარგავები უკვე იყო ციხისძირში, ჩაქვში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, სალიბაურში და ა.შ.  1913 წლიდან კი უნშიუ სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონსა და ბიჭვინთაშიც გავრცელდა.

როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ციტრუსოვან მცენარეთა და ხეხილ-კენკროვანთა კურატორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, ციტრუსებიდან ყველაზე ყინვაგამძლე მანდარინია, ასევე ფორთოხლის რამდენიმე ჯიში. ციტრუსებისთვის ყველაზე კარგ საძირედ პონცირუს ტრიფოლიატა მიიჩნევა, რადგან ციტრუსისებრთა ეს სახეობა 16-17 გრადუს ყინვას უძლებს.

კი, პონცირუს ტრიფოლიატა ისაა, რაც გაგახსენდათ: ხშირად მწვანე ღობედ გამოყენებული ბუჩქი, რომელიც კაკლისხელა, სურნელოვან ყვითელ ნაყოფს ისხამს. ტრიფოლიატა ერთადერთი ფოთოლმცვენი ციტრუსოვანი მცენარეა, ყველა სხვა ციტრუსი მარადმწვანეა.

ციტრუსოვანთა სპეციალისტი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ გარდა გემოვნური თვისებებისა, მანდარინი უნშიუს სწრაფი გავრცელება და პოპულარობა აიხსნება იმითაც, რომ ეს მანდარინის ყველაზე გამძლე ჯიშია.

მისივე თქმით, თუ უნშიუს ჯიშის მანდარინი იაპონია-ჩინეთიდან შემოიტანეს აჭარაში, გრეიპფრუტი შემოიტანეს ირანიდან, ასევე ირანიდანაა შემოტანილი გრეიფრუტის საძირე ჯიში – იჩანური ციტრუსი, ირანის პროვინცია იჩანიდან.

ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის ციტრუსების ყველაზე მეტი ჯიში და სახეობა საქართველოში, აჭარაშია გავრცელებული. როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, სოხუმში ციტრუსოვანი კულტურები ამჟამად განადგურებულია.

მანდარინები. კარიკატურა ჟურნალ „ნიანგიდან“. ავტორი: მურთაზ აბაშიძე. წყარო: dspace.nplg.gov.ge

მანდარინ უნშიუს ჯიშს რეტიკულატასაც უწოდებენ. უნშიუს ჯიშის მანდარინისგან განსხვავებით, სხვა, ჰიბრიდული ჯიშების ნაყოფი შეიცავს თესლს.

მანდარინის საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს შორისაა ასევე იტალიური ეოკარპა და კლიმენტინი – ტკბილი და მრგვალი მანდარინი მკვრივი კანით; კოვანო-ვასე – უნშიუს კვირტული ვარიაცია, საადრეო ჯიშები: მიაგავა-ვასე, ოკიცე-ვასე, მიხო-ვასე, ტიახარა უნშიუ და სხვ.

ეს არის მანდარინის ის ძირითადი ჯიშები, რაც საქართველოშია გავრცელებული, ჯიშების სახეობები კი მრავალგვარია: ფართოფოთოლა, გადაშლილფოთოლა, მსხვილნაყოფა და ა.შ.

გვაქვს ადგილზე მიღებული ჯიშებიც, კერძოდ მანდარინი უნშიო 23/40 და ბათუმური მანდარინი –  ეს ჯიშები უნშიოსგანაა მიღებული.

საქართველოში გარდა მანდარინისა, გავრცელებულია ფორთოხლისა და პომპოლიმუსის ჯიშები, გრეიპფრუტი, ნაცუმიკანი და პერნაბუკო.

 

დადასტურდა კოვიდის 779 შემთხვევა, 23 პაციენტი გარდაიცვალა | 4 ივნისი

4 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30026 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3516 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.

3 ივნისის მონაცემებით დადებითობის დღიური მაჩვენებელია  2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2,9%.

 

აჭარაში კოვიდის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

4 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 1 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 300 პაციენტი მკურნალობს, მათგან 12 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 219 ინფიცირებული.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 ივნისის 21 საათიდან 5 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 6-7 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“.

შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მათ შორის წინასწარ პატიმრობაში დატოვეს თამაზ ჭელიძე, რომელიც, როგორც ადვოკატი და  დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, კონფლიქტის ადგილას არც კი ყოფილა. გარდა ამისა, თამაზ ჭელიძე ერთადერთი მომვლელია მამის, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

ჭელიძეებს, წულუკიძეებსა და ელდარ ანთაძეს გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდებულები მიიჩნევენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რადგან ისინი ბოლო წლებში მმართველი პოლიტიკური გუნდის საქმიანობას აპროტესტებენ.

დაკავებულები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები არიან და ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

ბრალდებულებს შორისაა ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძე. მან 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა მას პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან – კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი – ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

დღეს თორნიკე რიჟვაძე ყველა კითხვას, რაც ამ საქმის ირგვლივ ჩნდება, იცილებს და აქცენტი სასამართლოზე გადააქვს – „მართლმსაჯულების განხორციელებაში მე ვერ ჩავერევი“. თორნიკე რიჟვაძემ უპასუხოდ დატოვა ჯემალ ჭელიძეც, რომელიც დაკავებული ძმები ჭელიძეების მამაა. ის ეტლსაა მიჯაჭვული და ეტლი მან საჯაროდ აჭარის მთავრობის სახლის წინ მას შემდეგ დატოვა, როცა აჭარის მთავრობაში მისი სოციალური გასაჭირის მოსმენის სურვილიც კი არავინ გამოთქვა.

რა ადასტურებს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი ამ საქმეში? – „ბათუმელები“ ბრალდებულების ადვოკატებს ესაუბრა და შესაბამისი ოფიციალური ორგანოებიდან სცადა კონკრეტული პასუხის მიღება.

  • ფირუზ წულუკიძე 48 დღეა საკარანტინე ზონაშია – „მისი გატეხვა უნდათ“

საკარანტინე ზონაში მაქსიმუმ 2 კვირას ტოვებენ ბრალდებულებს, 7-დან ორი ბრალდებული – ფირუზ წულუკიძე და გელა ჭელიძე კი ამ დრომდე მე-8 დაწესებულებაში, ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ არიან. ადვოკატი ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს დაწესებულება ოფიციალურად არის გამოცხადებული საკარანტინე ზონად, სადაც ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მაქსიმუმ ორი კვირით ტოვებენ სამარტოო საკნებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

„არავის განუმარტავს, რატომ გადაიყვანეს სხვები, ესენი კი, დატოვეს… ვითომ მარტო ფირუზ წულუკიძე არ დავტოვეთო და გელა ჭელიძეც დატოვეს, არადა, ფაქტია – მისი გატეხვა უნდათ. იქ გასეირნების უფლებაც არ გაქვს, ხარ მთელი დღე მარტო საკანში, საპონსაც კი არ აძლევენ, რომ ბანაობა შეძლონ,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე.

„კონკრეტული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბრალდებულ გელა ჭელიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,“ – გვიყვება ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. ის გელა ჭელიძის ინტერესებს იცავს და გუშინ მოსამართლე ქეთევან თხელიძეს გააცნო ეს დოკუმენტები.

ადვოკატი აქცენტს აკეთებს თავად საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომელთა მიხედვითაც, გელას გულის არითმია აწუხებს და რამდენჯერმე გახდა საჭირო სპეციალური ბრიგადის გამოძახება.

„მას  აქვს გულის არითმია და ასევე ჩაკეტილ სივრცეში, სიბნელეში მარტოდ დარჩენის შიში, ამ დროს აქვს უძილობა,“ – დასძინა ადვოკატმა. თუმცა მოსამართლე ქეთევან თხელიძისთვის ვერც ეს ფაქტორი აღმოჩნდა წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების საფუძველი.

ადვოკატები ირონიად მიიჩნევენ მოსამართლის მოქმედებას, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში შაბლონურად მოიხსენია საკონსტიტუციო სასამართლო და ევროსასამართლოც, რომლებიც მოითხოვენ, რომ პატიმრობა სასამართლომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენოს, უკიდურესი აუცილებლობის დროს.

რატომ არიან ფირუზ წულუკიძე და გელა ჭელიძე „მატროსოვზე“ 17 აპრილიდან [ამ დღეს მოათავსეს ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებაში] დღემდე, როცა ცნობილია, რომ მე-8 დაწესებულება საკარანტინე ზონაა, სამარტოო საკანში მოხვედრას სპეციალური რეგულირება სჭირდება, ხოლო 2 კვირის შემდეგ ბრალდებულები სხვა დაწესებულებებში გადაჰყავთ? – ეს კითხვები პენიტენციურ დაწესებულებას დავუსვით. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

  • ცემაზე გამოძიება დაიწყო არა განყოფილებამ, არამედ იმერეთის სამხარეო პოლიციამ 

ინციდენტი რიონის ხეობის დასაცავად გამართული აქციის შემდეგ, 12 აპრილს მოხდა, როცა 112-ს დაუკავშირდა ავთანდილ ახვლედიანი და თქვა, რომ მას სცემეს და მანქანა დაუზიანეს. ავთანდილ ახვლედიანი „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირად მიიჩნევა.

გამოძიება 12 აპრილს 126-ე [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა] და 187 მუხლებით [სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება] დაიწყო, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაა. რამდენიმე დღეში საქმეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა, მუხლი დამძიმდა და გამოძიება 225-ე მუხლით [ჯგუფური ძალადობა] გაგრძელდა.

ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო არა ქუთაისის პოლიციის რომელიმე განყოფილებამ, რაც ლოგიკური და მოსალოდნელი იქნებოდა არსებული პრაქტიკის და სამართალდამცავი უწყებების სტრუქტურიდან გამომდინარე, არამედ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების განყოფილებამ.

„იმიტომ ჰქვია ამას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების განყოფილება, რომ განსაკუთრებულ საქმეებს იძიებს და არა ცემას. ცემა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ცემის ფაქტები 100-მდე ფიქსირდება ზოგჯერ დღის განმავლობაში.

საქმეს რომ „ზემოდან“ უყურებდნენ, აჩვენებს ისიც, რომ იმავე დღეს, როცა ინციდენტი მოხდა, იმერეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ გამოსცა საგამოძიებო დავალება და დაწერა, რომ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს და მასში შემავალ პოლიციის განყოფილებების ყველა თანამშრომელს ავალებს გამოძიებაზე მუშაობას. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი პოლიციელია ქუთაისის პოლიციის სამმართველოში. აქ თუ საქმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან არ გვაქვს, რატომ იყო საჭირო ასე ოპერატიულად პროკურორის მოადგილის დავალება, მერე ყველა უწყების ჩართვა ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში?“ – კითხულობს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

რატომ ჩაერთო საქმეში თავიდანვე სამხარეო პოლიცია და არა პოლიციის ის განყოფილება, რომელსაც ტერიტორიული პრინციპით ერგებოდა საქმის გამოძიება? ან არსებობს თუ არა მსგავსი შემთხვევა, როცა ცემის ფაქტზე გამოძიება დაეწყოს სამმართველოს, პოლიციის განყოფილების ნაცვლად? – ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პასუხი ამ დრომდე არც ამ უწყებიდან მიგვიღია.

  • ადვოკატის კითხვა მოსამართლეს და პროკურორს: რატომ არ დააკავეს დმანისში ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები? 

დმანისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება გაიხსენა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ირაკლი შავაძემ და მოსამართლეს ჰკითხა: „თუკი საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, რატომ არ დააკავეს დმანისის ჩხუბის მონაწილეები?“

„წინააღმდეგი კი არ ვარ იმის, რომ შერიგდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ შეარიგა, ხომ? აქ კი ხელისუფლებას პატიმრობის შეცვლაც კი არ უნდა გირაოთი… დმანისის შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირება და პოლიციასთან წინააღმდეგობა. კლასიკური გაგებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ეს იყო. წულუკიძეებისა და ჭელიძეების საქმეში კი, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს პირებს, რომლებიც უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას წარმოადგენენ, ასევე გამშველებლების სტატუსი აქვთ ქუთაისის მერიის უსაფრთხოების თანამშრომლებს, ასევე საჯარო პირებს… ანუ, რა გამოდის, ეს საჯარო მოხელეები ჯერ რომ არ ყოფილან აქციაზე და მივიდნენ რიონის ხეობის დასაცავად ზუსტად 12 აპრილს?“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ადვოკატის თქმით, მან კითხვა დმანისის შესახებ პროკურორსაც დაუსვა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ეს მიიღო: „არ ვიცი“.

ჭელიძეების, წულუკიძეებისა და ელდარ ანთაძის დაკავების დღიდან ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას კი, გამოძიება არავის ედავება და არც გამოძიება დაუწყია მაშინ, როცა 7 პირი დააკავა.

„როგორ შეიძლება კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობას ედავებოდე ვინმეს, თუკი არ თვლი, რომ ეს დანაშაული მოხდა საერთოდ? ეს იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელებმაც კი იციან,“ – დასძინა ადვოკატმა.

  • რა ბედი ეწია ეტლს, რომელიც ბრალდებულების მამამ თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა? 

„ეტლი ინახება დაცულ ადგილზე და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ, სად წაიღეს ეტლი, რომელიც პროტესტის ნიშნად ბრალდებული ჭელიძეების მამამ – ჯემალ ჭელიძემ თორნიკე რიჟვაძეს 26 მაისს დაუტოვა?

აჭარის მთავრობის პრესცენტრში არ უპასუხეს კითხვებს: რატომ არ დაუბრუნეს ეტლი ამ დრომდე ჯემალ ჭელიძეს?

აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია კობახიძემ ამჯობინა, „ბათუმელების“ კითხვებზე წერილობით პასუხში აქცენტი გაეკეთებინა იმაზე, რომ ეტლი ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობამ გადასცა 2019 წელს [ეს თავად ჯემალ ჭელიძემაც საჯაროდ თქვა, ვიდრე ეტლს დაუტოვებდა რიჟვაძეს]. ბაია კობახიძემ ასევე სცადა ყურადღების გადატანა იმაზე, რომ ჯემალ ჭელიძე ბრალდებულების გათავისუფლებასაც ითხოვს, რაც მთავრობის კომპეტენცია არ არის.

„ჯემალ ჭელიძეს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ხშირი კომუნიკაცია მთავრობის აპარატის, სამინისტროს წარმომადგენლებთან და მას არაერთხელ გაეწია ფინანსური დახმარება მათ შორის აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს გადაეცა ელექტროეტლი. ჯემალ ჭელიძე კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნით შეხვედრას ითხოვდა, რაც სცილდება აჭარის მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებს. მან პროტესტის ნიშნად კუთვნილი ეტლი და საპენსიო ბარათი დატოვა. ბარათის დატოვების მიუხედავად მას სრული ოდენობით ერიცხება კუთვნილი პენსია“, – მოგვწერა ბაია კობახიძემ.

„ყველა შესაბამისი უწყება დაუკავშირდა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, როცა მას „ბათუმელებმა“ 28 მაისს ჰკითხა, რატომ არ მოუსმინეს ეტლით მოსარგებლეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, ვინ დაუკავშირდა ჯემალ ჭელიძეს და რა შესთავაზეს.

ჯემალ ჭელიძე 26 მაისიდან ეტლის გარეშე ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ეტლის დატოვებამდე და არც მას შემდეგ არავინ დაკავშირებია მთავრობიდან. 26 მაისს ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობის სახლთან სამთავრობო დაცვის წევრმა უთხრა, რომ დამოუკიდებლობის დღეა და ამიტომაც მის ეტლს ვერავინ ჩაიბარებდა.

ჯემალ ჭელიძე 26 მაისს პერსონალური ასისტენტის დანიშვნასაც ითხოვდა, რადგან მისი შვილი, რომელიც  უვლიდა, პატიმრობაშია, მას კი დამოუკიდებლად საჭმლის მიღებაც არ შეუძლია.

ამავე თემაზე: 

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

TDI-ის განცხადება ინდოელ სტუდენტებზე და ბსუ-ს პასუხი

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ინდოელი სტუდენტების დისკრიმინაციაზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, უნივერსიტეტმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.

„უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის დადგენილებით განისაზღვრა, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესში დაუშვას მხოლოდ საქართველოში მყოფი ბსუ-ს სტუდენტები.

ამავე დადგენილებით, ის სტუდენტები, რომლებიც 2021 წლის 13-14 მაისს ვერ გამოცხადდებიან ფაკულტეტის დეკანის ოფისში აკადემიური რეგისტრაციის მოწმობაზე ხელის მოწერის მიზნით, მათ მიმართ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.

შემდგომში კი უკვე გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება, რომლის თანახმად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტების მიმართ სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ დასაბუთებას“, – აცხადებს TDI.

ორგანიზაციის განცხადებით,  უნივერსიტეტი სტუდენტებს დისტანციურ (ონლაინ) სწავლებას სთავაზობს, ხოლო ამისთვის ითხოვს სტუდენტების საქართველოში ყოფნას და დეკანის ოფისში მისვლით, სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოწერას.

TDI მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი არ ითვალისწინებს, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მთავრობის მიერ ინდოელი სტუდენტებისთვის საქართველოში შემოსვლაზე დადგენილი მკაცრი რეგულაციების გამო, სტუდენტები ვერ ახერხებენ დადგენილ ვადებში ინდოეთიდან საქართველოში ჩამოსვლას.

„ამ ფონზე უნივერსიტეტმა მიიღო დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და სტუდენტებს არ მისცა რეგისტრაციის ონლაინგავლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2021 წლის 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებსა და ინდოელ სტუდენტებზე განსხვავებული პირობები დაწესდა.

სხვა აკრძალვებთან ერთად, ცვლილებით განისაზღვრა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით. აქედან გამომდინარე, გარდა დამატებითი ფინანსური სირთულისა, ინდოელი სტუდენტები მოკლებული არიან შესაძლებლობას, ჩამოვიდნენ საქართველოში მათთვის სასურველ დროს.

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო არაჰუმანურს და შემაშფოთებელს ხდის“, – აცხადებს TDI.

ორგანიზაცია მოუწოდებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას:

[checklist]

  • დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოელი სტუდენტების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და შეცვალოს ის პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით.
  • გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილებები სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, მისცეს სტუდენტებს რეგისტრაციის დისტანციური ფორმით გავლის შესაძლებლობა.
  • საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვან სტუდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და მოახდინოს მათზე რეაგირება.
  • პანდემიის საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, შეისწავლოს პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე და უზრუნველყოს მათი არადისკრიმინაციული გამოყენება. იმსჯელოს უცხოელი სტუდენტების საჭიროებებზე და მიიღოს შესაბამის გადაწყვეტილებები.

[/checklist]

საკითხი შეეხება რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „დიპლომირებული მედიკოსის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ინგლისურენოვანი პროგრამის 150 სტუდენტს, რომლებიც პანდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ ინდოეთიდან მგზავრობაზე დადგენილი მკაცრი შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და რის გამოც შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა საქმის წარმოება, საქმის შესწავლის მიზნით.

„უკვე დადგინდა, რომ სტუდენტების ნაწილი არის ბათუმში, ნაწილი კი ინდოეთში. შესაბამისად, უნივერსიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არცერთ ინდოელ სტუდენტს არ შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი და გადაიხედება რეგისტრაციის საკითხიც“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ბსუ-ს ინფორმაციით, ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ბათუმში ჩამოსვლას ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ონლაინსწავლის შესაძლებლობაც ექნებათ.

„საქმის წარმოება დასრულდა, შეისწავლეს თითოეული სტუდენტის საკითხი და ამასთან დაკავშირებით გამოიცემა რექტორის ახალი ბრძანება“, – გვითხრეს ბსუ-ში.

სად წაიღეს ეტლი, რომელიც თორნიკე რიჟვაძეს პროტესტის ნიშნად დაუტოვეს

„ეტლი ინახება დაცულ ადგილზე და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს,“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ, სად წავიდა ეტლი, რომელიც ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს 26 მაისს დაუტოვა.

ჯემალ ჭელიძე ეტლის დატოვებამდე 3 დღის განმავლობაში ითხოვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ან აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრას სოციალურ პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაგრამ მისი მოსმენა არავინ ისურვა.

ჯემალ ჭელიძის ორივე შვილი ბრალდებულები არიან „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის“ საქმეში. შესაბამისად, შვილების დაკავების შემდეგ ჯემალ ჭელიძე მომვლელის გარეშე დარჩა, მას კი დამოუკიდებლად ჭამაც არ შეუძლია.

„ყველა შესაბამისი უწყება დაუკავშირდა,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, რომელსაც 28 მაისს ვკითხეთ ჯემალ ჭელიძის შესახებ. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ დაუკავშირდა, ან რა დახმარება შესთავაზა აჭარის მთავრობამ ეტლით მოსარგებლეს.

აჭარის მთავრობის პრესცენტრში არ გვიპასუხეს დამატებით კითხვებზე: რატომ არ დაუბრუნეს ეტლი ამ დრომდე ჯემალ ჭელიძეს, ან რატომ არ მოისმინა არავინ აჭარის მთავრობაში ჯემალ ჭელიძის სოციალური მოთხოვნები.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია კობახიძემ არჩია აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ჯემალ ჭელიძეს ეტლი აჭარის მთავრობამ გადასცა 2019 წელს. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯემალ ჭელიძეს შეხვედრა კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნით სურდა.

„ჯემალ ჭელიძეს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ხშირი კომუნიკაცია მთავრობის აპარატის, სამინისტროს წარმომადგენლებთან და მას არაერთხელ გაეწია ფინანსური დახმარება მათ შორის აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს გადაეცა ელექტრო ეტლი. ჯემალ ჭელიძე კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნით შეხვედრას ითხოვდა, რაც ცილდება აჭარის მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებს. მან პროტესტის ნიშნად, კუთვნილი ეტლი და საპენსიო ბარათი დატოვა. ბარათის დატოვების მიუხედავად მას სრული ოდენობით ერიცხება კუთვნილი პენსია,“ – წერილობით გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

ბაია კობახიძეს ვუთხარით, რომ ჯემალ ჭელიძე ითხოვდა მომვლელს, პერსონალურ ასისტენტს, რადგან მისი შვილების დაკავების შემდეგ მოვლის გარეშე დარჩა. ეს კითხვები აჭარის მთავრობის პრესცენტრში უპასუხოდ დატოვეს.

„მე ისევ ეტლის გარეშე ვარ, არავინ დამიკავშირდა, არც აჭარის მთავრობა და არც ხულოს მერია იმჩნევს ჩემს პრობლემებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯემალ ჭელიძემ.

„საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები“ – შსს ნინოწმინდის პანსიონში გამოძიებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შესახებ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით“, – წერს შსს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი ოჯახურ ძალადობას ეხება – „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა“.

„აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, – წერს შს სამინისტრო და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი.

შს სამინისტროს განცხადებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე გამოძიებაზე დღეს წინ უძღოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიებების შესახებ მათაც ომბუდსმენის განცხადებიდან შეიტყვეს და შსს-ს მოუწოდეს დეტალების გასაჯაროებისკენ.

ამავე თემაზე: 

გამოძიება გაუპატიურებაზე, მუხლებზე ხოხვა – კიდევ რა ვიცით ნინოწმინდის პანსიონზე

დავა “ბათუმის სამშობიარო სახლზე”, სადაც დირექტორს სამსახურში არ უშვებენ

„ექიმებმა, რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლის აქციების 70 პროცენტს ვფლობთ, კრება ჩავატარეთ, მე ამირჩიეს დირექტორად, მაგრამ სამშობიაროში არ მიშვებენ და ამ ცვლილებას არც საჯარო რეესტრი არეგისტრირებს,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე, რომელიც ბათუმის სამშობიაროში აქციების 15 პროცენტს ფლობს და ამჯერად სასამართლოში საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამშობიარო სახლის ირგვლივ ორი დავა მიმდინარეობს. ერთ საქმეში მეწილეები ქვემოიჯარეს – „მრავალპროფილურ სამშობიარო სახლს“ ედავებიან, მისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ და ასევე ხელშეკრულების მოშლას. სამშობიაროს მოქმედი თუ უკვე ყოფილი თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროცესია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბათუმის სამშობიარო სახლის სრულად გაკოტრების შემთხვევაში, სახელმწიფო ამ შენობას და სარფიან ადგილს გაყიდის.

საჯარო რეესტრის წინააღმდეგ ნანა შერვაშიძის სარჩელი დღეს, 3 ივნისს, განიხილა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. დავის საგანი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაა, რომელმაც სამშობიარო სახლის მეწილეებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციაზე უარი უთხრა და დირექტორად ისევ ჯუმბერ უნგიაძე დატოვა. ბათუმის სამშობიარო სახლს დღემდე ჯუმბერ უნგიაძე ხელმძღვანელობს.

„დავუშვათ, გვქონდა ხარვეზი, მაგრამ ჩვენ ის რამდენიმე დღეში გამოვასწორეთ. ნოტარიუსთან, ვალიდა ნინიძესთან ადასტურებს 137 მეწილე, რომ კრებას ესწრებოდა. სულ 187 მეწილე ჰყავს სამშობიაროს,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე.

„თუ ეს უკანონო იყო, შეგეძლოთ ადმინისტრაციული წესით მისი გასაჩივრება,“ – მიმართა მოსარჩელეს სიმონ ასათიანმა, ის ქვემოიჯარე კომპანიის „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ იურისტია და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ექიმების ქმედება, რომლებმაც უნგიაძეზე უარი თქვეს და დირექტორად ნანა შერვაშიძე აირჩიეს, „სამართლებრივ ლოგიკას“ გასცდა.

„მაგალითად, კანონმდებლობის მიხედვით კრება ტარდება და არა არჩევნები. შესაბამისად, არჩევნები არაფერ შუაშია,“ – დასძინა სიმონ ასათიანმა და მოსარჩელეს დოკუმენტებისკენ მიუთითა, რაც კრების შემდეგ გაფორმდა.

ექიმებმა კრება 2019 წლის აპრილში ჩაატარეს, თუმცა იმავე დღეს, როცა რეესტრს მეწილეებმა განაცხადით მიმართეს და ცვლილების დარეგისტრირება მოსთხოვეს, რეესტრს მიმართა კიდევ ერთმა მეწილემ – მარინა პაპუნიძემ. მან რეგისტრაციის გაჩერება ითხოვა.

იურისტი სიმონ ასათიანი განმარტავს, რომ მარინა პაპუნიძემ რამდენიმე პირისგან იყიდა აქციები და რეესტრს უთხრა, რომ კრებას ვინც ესწრებოდა, ამ ადამიანების ნაწილმა წილი მას მიჰყიდა და პოზიციები შეიცვალა.

ნანა შერვაშიძე: „მარინა პაპუნიძე ფლობდა წილების 0,80 პროცენტს, მის ზურგს უკან რეალურად იდგა მიშა ართმელაძე, რომელიც მაშინ საკრებულოს წევრი იყო და იყიდა ეს წილები, ის იყო სპონსორი, მეც დამირეკა მიშა ართმელაძემ და მთხოვა წილების დათმობა… მთლიანობაში, მარინა პაპუნიძის წილები 30 პროცენტამდე ავიდა, მაგრამ 70 პროცენტი ვისაც აქვს, ესწრებოდა კრებას და მიიღო გადაწყვეტილება.“

ნანა შერვაშიძე ადვოკატ ალექსანდრე ამაშუკელთან ერთად

„საერთოდ, რატომაა მარინა პაპუნიძე მოპასუხე?“ – ირონიით მიმართა ნანა შერვაშიძეს „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ იურისტმა სიმონ ასათიანმა. მან ყურადღება გაამხვილა იმაზე, რომ სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა რომც დააკმაყოფილოს, საჯარო რეესტრი გახდება ვალდებული, ცვლილება დირექტორის შესახებ ასახოს.

„და მარინა პაპუნიძემ რა უნდა დაავალოს? უნდა დაეთანხმოს, ასეაო?“ – იკითხა სიმონ ასათიანმა.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევს მარინა პაპუნიძის ინტერესების დამცველი – რუსლან ბერიძე. მისი შეფასებით კრების ოქმი, სადაც დირექტორად ნანა შერვაშიძე აირჩიეს, კანონმდებლობის დადგენილი წესით არ იყო შედგენილი.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე გაწყდა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის – ზურაბ ზალიქაძის ხმა. ის სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო.

„როგორც ჩანს, იუსტიციის სახლს პრობლემა აქვს ტექნიკური,“ – თქვა მოსამართლემ, როცა რეესტრის იურისტის ხმა ისევ ვერ გაიგონა და სხდომის გადადება ამჯობინა იმ იმედით, რომ რეესტრის წარმომადგენელი შემდეგ სხდომაზე თბილისიდან ბათუმში ჩამოვა ან იუსტიციის სახლის ბათუმის ფილიალიდან ვინმე დაესწრება უშუალოდ  სხდომას.

—————————————

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი სახელმწიფო საკუთრებაა და იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად შეესრულებინა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები, სამშობიაროში ქვემოიჯარე შემოიყვანეს – „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები. ექიმები, რომლებიც ახლა სასამართლოში დავობენ, მიიჩნევენ, რომ ქვემოიჯარემ ხელშეკრულება არ შეასრულა და მიზანმიმართულად აკოტრებენ ბათუმის სამშობიარო სახლს.

ამ თემაზე:

„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

 

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, თუ მას კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული და საქართველოში შემოდის, საქართველოს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ არც თვითიზოლაციაში გადასვლის ვალდებულება აქვს და არც PCR ტესტის ჩატარების.

 

[red_box]საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები სრულად:[/red_box]

 COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა. რეგულაციები ეხება როგორც საქართველოში შემომსვლელ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს. აღნიშნული რეგულაციები მოქმედებს 2021 წლის 1-ლი ივნისიდან.

 

საქართველოში შემოსვლა კოვიდვაქცინით

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:

საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების [ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი;

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი [PCR-ის პასუხის წარმოდგენა არ მოეთხოვება საქართველოს მოქალაქეს].

* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა [მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად], ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს [უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით].

 

 

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

საქართველოს მოქალაქეებისათვის:

  1. საქართველოს მოქალაქე საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას] ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR  ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას];

უცხოელებისათვის:

საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები; ისრაელის სახელმწიფო; თურქეთის რესპუბლიკა; შვეიცარიის კონფედერაცია; ნორვეგიის სამეფო; ამერიკის შეერთებული შტატები; კანადა; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; საუდის არაბეთის სამეფო; კატარის სახელმწიფო; ქუვეითის სახელმწიფო; არაბთა გაერთიანებული საამიროები; ბაჰრეინის სამეფო; სომხეთის რესპუბლიკა; აზერბაიჯანის რესპუბლიკა; უკრაინა; მოლდოვის რესპუბლიკა; ყაზახეთის რესპუბლიკა; რუსეთის ფედერაცია; ბელარუსის რესპუბლიკა; უზბეკეთის რესპუბლიკა; ტაჯიკეთის რესპუბლიკა; ყირგიზეთის რესპუბლიკა; თურქმენეთი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა; იაპონია; კორეის რესპუბლიკა; ომანის სასულთნო.

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას [საკუთარი ხარჯებით]. ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდასაქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა [ექიმები, მოხალისეები და ა. შ.];
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

 

ასევე, შესაბამის ბმულზე იხილეთ:

ამავე თემაზე:

კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

გამოძიება გაუპატიურებაზე, მუხლებზე ხოხვა – კიდევ რა ვიცით ნინოწმინდის პანსიონზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე შეკითხვები საქართველოში სულ უფრო ხმამაღლა ისმის. რა ხდება ბავშვთა პანსიონში? რატომ არ უშვებენ იქ სახალხო დამცველს? ბავშვთა უფლებების რა სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი? – „ბათუმელები“ შეეცადა ყველა კითხვისთვის მოეყარა თავი და მოკლედ გაეცა მათზე პასუხი.

  • რა პრობლემები იკვეთება ნინოწმინდის პანსიონში

მკაცრი აღზრდის სტილი, იზოლირება გარე სამყაროსგან, შესაძლო ძალადობისა და გაუპატიურების 4 საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება – ნინოწმინდის პანსიონში არსებული პრობლემების შესახებ ეს ოფიციალური გარემოებებია ცნობილი.

ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახალხო დამცველმა გამოითხოვა.

2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხ სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, დასახელებული ოთხი შემთხვევიდან ორ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გაკეთებული შეტყობინების შემდეგ.

პანსიონში „მკაცრი აღზრდის სტილის“ არსებობა მედიასთან დაადასტურა დეკანოზმა ფილიპე აბაშიძემ. მან თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წარსულში ყოფილა პედაგოგების მხრიდან მკაცრი მოპყრობის შემთხვევები, თუმცა ახლა ასე აღარ ხდება.

რამდენიმე წლის წინ არსებულ პრობლემებზე მედიასთან ისაუბრა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმაც. მისი განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასასჯელად გამოიყენებოდა ისეთი ფორმები, როგორიცაა ოთახიდან გასვლის აკრძალვა, დერეფანში მუხლებზე ხოხვით გავლა, 50 ან 100 მეტანიის შესრულება.

  • რა წერია ნინოწმინდის პანსიონზე სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე 2015 წელს ცალკე, სპეციალური ანგარიში მოამზადა. ანგარიშში ვკითხულობთ იმ პირობებზე, რაც იყო იმ დროისათვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში.

ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან ნინოწმინდის პანსიონატზე:

„ნინოწმინდის პანსიონში 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები ირიცხებიან. პანსიონში სულ 13 ასაკობრივი ჯგუფია. თითო ჯგუფში (12-14 ბავშვი) – 1 აღმზრდელი და 2 ძიძაა“.

„7 აღსაზრდელზე გათვლილია 1 აღმზრდელი. ისინი მორიგეობენ და რჩებიან პანსიონში 2 თვის განმავლობაში, ხოლო ორი თვე ისვენებენ“.

„საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ბავშვებს შორის ბულინგის შემთხვევებზე საუბრობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობა, სადაც ხშირია აღსაზრდელებს შორის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან ინტერვიუირებით გამოვლინდა აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები:

ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს,  დასჯის მიზნით, ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთი-ერთი კომპონენტის გამოტოვება – მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული“. 

„ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ჯგუფების მიხედვით არიან თავიანთ ოთახებში განაწილებული. სააბაზანო, საძინებელი, სასადილო და სასწავლო სივრცე ერთ ფართობშია განთავსებული.

აღსაზრდელთა ოთახები, სადაც ისინი თითქმის მთელ დღეს ატარებენ და მეცადინეობენ, არ არის სათანადოდ მოწყობილი.

ბავშვებს სჭირდებათ შესაბამისი რბილი ავეჯი. მონიტორინგის დროს სასწავლო მერხებთან მეცადინეობდნენ ბავშვები, რომელთა ასაკი და ფიზიკური პარამეტრები არ შეესაბამებოდა მერხის ზომას. ასეთ მერხზე სისტემატური და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა ქმნის ხერხემლის პრობლემების გაჩენის საფრთხეს; გარდა ამისა, მხედველობის პრობლემების პრევენციის მიზნით კი, მოცემული სასწავლო ადგილები უკეთ უნდა იყოს განათებული.

ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში ბავშვები ჯგუფების მიხედვით იზოლირებულ სექტორებში არიან განთავსებული. სექტორი ორი საძინებელი ოთახისა და სასადილო ოთახისგან შედგება. არასრულწლოვნები თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის ყურებაში ატარებენ. როგორც ბენეფიციართა ინტერვიუირებით გაირკვა, ბავშვებს არ აქვთ უფლება ითამაშონ ან გარკვეული დრო თავისუფლად გაატარონ პანსიონის დერეფანში, ხმაურისა და უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნით“.

„გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ-ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს.

სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონის აღმზრდელები, ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით ბავშვებს მეტანიებს აკეთებინებს; სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება.

ბენეფიციარები მეტანიების გაკეთების ვალდებულებაზე ლოცვის გამოტოვების შემთხვევაშიც საუბრობენ. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა“.

„დაწესებულებაში ფსიქოლოგი არ ჰყავთ და ხატვის მასწავლებელი ითავსებს ფსიქოლოგის ფუნქციებს, რომელსაც 1998 წელს გავლილი აქვს 3-დღიანი სასემინარო კურსი გამოყენებით ფსიქოლოგიაში „როგორ დავეხმაროთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს“.

„ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა ხორციელდება ნინოწმინდის პანსიონში 2014 წლის ივნისის თვიდან. მონიტორინგის განხორციელების დროს დაფიქსირებული იყო 8 შემთხვევა. ძირითადად, აღრიცხული იყო ბულინგის ფაქტები. რეაგირების გზებად განსაზღვრულია მოძღვრების, აღმზრდელებისა და ფსიქოლოგის გასაუბრება ბავშვებთან“.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციართა ფსიქიკური ჯანმრთელობა.

აღსაზრდელებში ხშირია ფსიქიკური პრობლემები, ქცევითი და ემოციური აშლილობა.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბავშვებს ფსიქიატრიული გამოკვლევა არ ჩატარებიათ, არ მომხდარა მათი შეფასება და, შესაბამისად, მათ არც ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება მიუღიათ“.

„ნინოწმინდის პანსიონში მენიუ დგება ექიმისა და სამზარეულოს პერსონალის მონაწილეობით. ჩვილი ბავშვებისთვის არ არის გათვალისწინებული ცალკე მენიუ, მაგრამ სამზარეულოს პერსონალმა მონიტორებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი საკვების მომზადების პროცესში ითვალისწინებენ ბავშვების ასაკს. ოთხშაბათს და პარასკევს ყველასთვის გათვალისწინებულია სამარხვო მენიუ.

მონიტორინგის დროს სულ მარხულობდა 75 ადამიანი – როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე აღსაზრდელები. ყველაზე მცირე ასაკის ბავშვები, რომლებიც იცავდნენ მარხვას, ირიცხებოდნენ მე-4 კლასში“.

„პანსიონის ბენეფიციარები სადილობენ საკუთარ ოთახებში. მათ საკუთარი ჭურჭლით მიაქვთ საკვები სამზარეულოდან მათსავე საძინებლებში, სადაც არის ცალკე ფართი სადილობისთვის, შესაბამისი ინვენტარით. იქვე რეცხავენ ჭურჭელსაც“.

„ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ბენეფიციარები ზოგად განათლებას იღებენ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში“.

„საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები. ინტერნეტით სარგებლობის უფლება არასრულწლოვნებს აქვთ მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, აღმზრდელების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ“.

„ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ძირითადად აბარებენ აჭარის რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, სოფელ ხიჭაურის სასწავლებელში, რადგან იქვე არის საპატრიარქოს რეზიდენციაც, სადაც მათ ეძლევათ ცხოვრების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ბენეფიციარებს, დასაქმების მიზნით, აგზავნიან ზესტაფონში, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ მეურნეობაში“.

„ნინოწმინდაში არაფორმალური აქტივობები მეტ წახალისებას მოითხოვს (მაგ: საზაფხულო ბანაკები, ექსკურსიები, ლაშქრობები, ასევე სახელობო, სპორტული, მუსიკალური და სხვა წრეები).

გოგონები სწავლობენ ხელსაქმეს, თუმცა არა აქვთ სათანადო აღჭურვილობა. დაწესებულებაში დგას ერთი ჩოგბურთის მაგიდა. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვები იშვიათად დადიან ექსკურსიებზე. ცეკვისა და ხატვის წრეები ფუნქციონირებს თავად პანსიონში.

ბენეფიციარებს აქვთ საკუთარი ტელეფონები (საგაკვეთილო პროცესის დროს არ აქვთ მათი გამოყენების უფლება). საერთო ოთახში დგას დიდი ტელევიზორი, სადაც ბავშვები ერთად უყურებენ და განიხილავენ ფილმებს. პანსიონის გარეთ მხოლოდ რამდენიმე ბენეფიციარი დადის ჭიდაობასა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე. აწარმოებენ ღონისძიებების ჟურნალს, სადაც გაწერილია მათ მიერ განხორციელებული აქტივობები“.

  • ვის და რატომ არ უშვებენ პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის ხელშეწყობა.

2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მითითება დაასახელა.

ეპისკოპოსმა თავისი გადაწყვეტილება 16 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებით განმარტა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შეშვება არც ერთ ოჯახში შეიძლება, რადგან „წაბილწავენ იქაურობას“.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 6 თვის განმავლობაში არ უშვებდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს. მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგი იყო. სააგენტოს დირექტორის თქმით, პანსიონი ამას კოვიდუსაფრთხოებას უკავშირებდა.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“.

რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

  • რამდენი ბავშვია პანსიონატში?

დღეისათვის სახელდება სხვადასხვა რიცხვი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, პანსიონატში 57 არასრულწლოვანი ირიცხებოდა, მათგან ყველაზე პატარა კი 5 წლის იყო.

ეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, რომელიც პანსიონატს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 150 ბავშვი იზრდება.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის არა 150-მდე, არამედ 53 ბავშვი ირიცხება. 

  • რამდენი წელია არსებობს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

საქართველოს „საპატრიარქოს ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი“ სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მდებარეობს.

პანსიონი 2004 წელს დაარსდა. ამ პანსიონატამდე, 1997 წლიდან, უკვე არსებობდა საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა სახლი და პანსიონი ზესტაფონში, საიდანაც, ნინოწმინდის პანსიონის გახსნის შემდეგ, ბავშვები ნინოწმინდაში გადაიყვანეს.

დაარსებიდან დღემდე ამ პანსიონატს გრიგოლ (გოჩა) აბულაძე, იგივე სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს.

  • ვინ არის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე

მთავარეპისკოპოს სპირიდონის სახელი და გვარი გოჩა აბულაძეა, იგი 70 წლისაა. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. საპატრიარქოს ინფორმაციით, აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.

1990 წელს გოჩა აბულაძე აკურთხეს დიაკვნად და სახელად უწოდეს გრიგოლი. შემდეგ იგი ჯერ ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, 1991 წლის დასაწყისში კი ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა გრიგოლ აბულაძეს. 2006 წელს იგი ეპისკოპოსად, 2013 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.

სხალთის მთავარეპისკოპოსისთვის ევროპა და აშშ მტერია, რუსეთი კი – მეგობარი, რადგან ამერიკა და ევროპა „გათახსირებით“ გვებრძვის. სპირიდონ აბულაძე ასევე ცნობილი ანტივაქსერია.

  • რას პასუხობს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბრალდებებს 

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „ობიექტივი“ და საპატრიარქოსთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები მედიის მიერ მომზადებული ათობით სიუჟეტის საპასუხოდ თავადაც ამზადებენ სიუჟეტებს, სადაც ირწმუნებიან, რომ პანსიონატში ყველაფერი კარგადაა და ამის დამადასტურებლად აჩვენებენ პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს. ისინი გავრცელებულ ვიდეოებში ამბობენ, რომ მათ „არაფერი აკლიათ“, „არსად არ უნდათ წასვლა“, „პირობები შესანიშნავია“ და კითხულობენ პატრიოტულ ლექსებს.

  • როგორია მთავრობის პასუხი

პასუხი არ არის.

ამ დრომდე ამ თემაზე საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ნინოწმინდის პანსიონის საკითხს გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „საშიში სახელმწიფოებრივი პრეცედენტი“ უწოდა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდა პარლამენტს, სასწრაფოდ გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

ქრთამს ეკომიგრანტებისგან იღებდა – სუს-მა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯარო მოხელე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ქრთამს იღებდა ეკომიგრანტებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მათ მთავრობის მიერ დადგენილი 25 ათასი ლარი მიეღოთ სახლის შესაძენად.

„გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000-ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ – 2 000 ლარი,“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ის მონაცემებით, იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გოდერძის წყალმომარაგებისთვის თანხა 1 მილიონით გაიზარდა – ტენდერი 4,5 მილიონით

კურორტ გოდერძის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი ამჯერად 4 548 589 ლარით გამოაცხადა. წინა ტენდერი, თანხით 3 530 760 ლარი, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე [სამთო-სათხილამურო კურორტი „ზანკა“] წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე [მე-2 ეტაპი] ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულს 2021 წლისთვის შესრულებულ სამუშაოებზე გადაუხდიან არაუმეტეს 1 765 380 ლარს, დარჩენილ თანხას კი – 2022 წელს.

„მიმწოდებელი ვალდებულია ერთდროულად იმუშაოს ყველა ლოკაციაზე, აუცილებლობის შემთხვევაში გამარჯვებულმა უნდა შეძლოს 24-საათიანი რეჟიმით სამუშაოს წარმოება“, – აღნიშნულია ტენდერში.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

უფრო დეტალურად ნახეთ ბმულზე:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საბაჟოზე მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს

ბათუმში, ადლიაში მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი სპიკერის, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, მძღოლები  საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ნებართვას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები მათ დაბრკოლებას ხელოვნურად უქმნიან, მაშინ როცა უცხო ქვეყნებში მსგავსი ტიპის პრობლემები მძღოლებს არ აქვთ.

„საქართველოს შესაბამისი სამსახურები ვერ მუშაობენ ისე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დადგეს. ეს არ არის ახალი პრობლემა. სამი წლის წინაც იყო ასეთი პრობლემა, მაგრამ მაშინ მოვიდა აქციაზე კოტე ანანიაშვილი [აჭარის პოლიციიის ყოფილი უფროსი, რომელიც უკვე გიორგი გახარიას გუნდის წევრია – ავტ.] და უთხრა ხალხს, რომ თქვენთან ერთად ვიქნები დღის ბოლომდე აქციაზე და ამ პრობლემას მოვაგვარებთო. მართლაც დარჩა და დღის ბოლოს ამ ხალხთან შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ჩამოვიდა თბილისიდან. ერთ თვეში ეს პრობლემა მოგვარდა“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

თამაზ ბაკურიძის შეფასებით, დღეს აღარ არის აჭარაში არც ერთი ისეთი თანამდებობის პირი, ვისაც შეუძლია „თბილისს პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს“.

მისი ამ მიმართვიდან რამდენიმე წუთში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შეკრებილებს აცნობა, რომ მათ დაუკავშირდნენ აჭარის საპატრულო პოლიციიდან. „საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ ხვალ დილით შეგვხვდება ვიღაცა… თბილისიდან ჩამოსულებს, შეხვედრა ხვალ იქნება“, – აცნობა მან აქციის მონაწილეებს.

იმავე მძღოლმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ „თუ ხვალ ეს საკითხი არ გადაწყდება, თუ არ შეგვხდებიან, დავკეტავთ სარფს“.

მძღოლების აქცია ადლიაში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან

აქცია დაიშალა.

ბათუმში მილის დაზიანების გამო გაზი 500 აბონენტს შეუწყდა – როდის განახლდება მიწოდება

გაზსადენი მილის დაზიანების გამო დღეს, 3 ივნისს, ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება 500 აბონენტს შეუწყდა. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე გაზის მიწოდება სრულად აღდგება.

ავარიული დაზიანების გამო ბათუმში გაზის მიწოდება პირველ ივნისს, საღამოს, 6000 აბონენტს შეუწყდა. „სოკარის“ განცხადებით ამ აბონენტებისთვისაც დღეს დილიდან დაიწყო გაზის მიწოდება და დღის ბოლომდე გაზს ყველა აბონენტი მიიღებს.

ბათუმში გაზის მილი დაზიანდა / 3.06.2021
ბათუმში გაზის მილი დაზიანდა / 3.06.2021

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთაში დღეს, 3 ივნისს, გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც ბუნებრივი აირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰაერში იფრქვეოდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთში [აეროპორტის გზატკეცილზე] მიწისქვეშა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გაზსადენი მილი „ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ მიწისქვეშა სამუშაოების დროს დაზიანდა.

ამავე თემაზე:

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა და გაზი ჰაერში იფრქვევა

 

ბათუმის 8 სკოლაში 300 ადგილი დაემატა პირველკლასელებისთვის – რეგისტრაცია იწყება

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმის 8 სკოლაში პირველკლასელებისთვის 300 ადგილია დამატებით გამოყოფილი.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 3 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება.

ელექტრონული რეგისტრაცია უნდა უზრუნველყოს მშობელმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.

სკოლებში დამატებული თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 3 ივნისის 10:00 საათიდან აღნიშნულ ვებგვერდზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასშ,ი რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შეუძლიათ, რომელთაც სასწავლო წლის დაწყებისას შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

 

დადასტურდა კოვიდის 833 შემთხვევა, 19 პაციენტი გარდაიცვალა

3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 2490 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.

2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.91%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარაში – 63, იმერეთში – 78, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 32, გურიაში – 15სამეგრელო – ზემო სვანეთში – 76. კახეთში – 53მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

აჭარაში კოვიდის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 3 ივნისი

3 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 317 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 242 ინფიცირებული.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა და გაზი ჰაერში იფრქვევა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაზიანებული მილიდან ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა. ირგვლივ ინტესიური მოძრაობაა და გაადგილდებიან როგორც ქვეითები, ასევე ავტომობილები.

ადგილზე პოლიცია და „სოკარის“ წარმომადგენლები ავარიიდან დაახლოებით 6 წუთში მივიდნენ. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანება ქუჩის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

ამ დროისთვის ჩაკეტილია მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე და მიმდინარეობს დაზიანებული მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბლექსის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება – კონკურსი პროექტისთვის 200 000 ლარით 

ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ

რა ობიექტი შენდება სარფში, რომელიც ქვების ცვენამ დააზიანა

როცა სარფიდან ბათუმისკენ მოდიხარ, პირველი შენობა, რაც კვარიათში მისვლამდე გხვდება, საზოგადოებრივი ობიექტია – ერთსართულიანი რკინის და მინისკედლებიანი კონსტრუქცია. ამ შენობაზე შუშები უკვე რამდენიმე დღეა ჩამსხვრეულია. ობიექტის მფლობელმა, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებში არ იციან როდის აღდგება, ვინ აღადგენს ან რა ტიპის საზოგადოებრივი ობიექტი იქნება აქ.

საზოგადოებრივი ობიექტი, რომელსაც ჯერ არც კი უმუშავია, სარფის გზაზე ჩამოცვენილმა ლოდებმა რამდენიმე დღის წინ დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ გზისპირა კლდეებზე გზების დეპარტამენტს დამცავი ღობეები აქვს მოწყობილი, ლოდების ცვენას ამისთვის ხელი არ შეუშლია – საერთაშორისო მაგისტრალზე ჩამოცვენილ ლოდებს ავტომანქანები არ დაუზიანებია, თუმცა შედეგად ჩაიმსხვრა წლების წინ აშენებული საზოგადოებრივი ობიექტის მინები.

„ჩვენ მოვიგეთ პირობიანი აუქციონი 2015 წელს, მაგრამ ვერ მოხერხდა პირობის შესრულება. ახლა ვითხოვთ იჯარის გაგრძელებას, რასაც ვადა გაუვიდა 2020 წელს. უცნობია, შედგება თუ არა შეთანხმება,“ – ამბობს კომპანია „იდეალის“ ხელმძღვანელი, როლანდ რომანაძე. ადგილი, სადაც მან საზოგადოებრივი სავაჭრო ობიექტის მშენებლობა დაიწყო, სახელმწიფოს ეკუთვნის. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება ქონების მართვის სააგენტოს „იდეალთან“ ჰქონდა გაფორმებული.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ მას ხელვაჩაურის მერიამ ერთი წლით დაუგვიანა შესაბამისი შენობის ასაშენებლად ნებართვის  მიცემა, შემდეგ კი პრობლემები შეექმნა თავის პარტნიორს, ვისაც უცხოეთიდან უნდა გამოეგზავნა ფული.

„საბოლოოდ, ობიექტი კი ავაშენეთ, მაგრამ მისი აწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ არ არის. ჩვენ გვქონდა ხუთწლიანი იჯარა. ვითხოვთ იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას და თანხის გადახედვას, რადგან თვეში 9950 ლარია გადასახდელი და ახლა სხვა მოცემულობაა, პანდემიაა, უჭირს ბიზნესს და ეს თანხა უნდა შემცირდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როლანდ რომანაძე.

როლანდ რომანაძე ამბობს, რომ იჯარის თანხა დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს გადახდილი, შემდეგ წლებში კი, იჯარის თანხის დაფარვა ვეღარ შეძლო.

ბიზნესმენის ინფორმაციით, სახელმწიფოს მასთან სასამართლო დავაც ჰქონდა, რადგან პირობები ვერ შესრულდა. საბოლოოდ, სასამართლომ მას 90 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„ხელშეკრულება გაგრძელდება თუ არა, სასამართლომ თქვა, ეს ჩვენი საქმე არ არისო. ასე გამოვიდა,“ – დასძინა როლანდ რომანაძემ.

ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ვადაც 2020 წელს უკვე გავიდა, აქ „იდეალს“ საზოგადოებრივი სავაჭრო ობიექტი უნდა მოეწყო. როლანდ რომანაძე განმარტავს, რომ ის აპირებდა სუპერმარკეტის, კაფეს, საპირფარეშოს და სავალუტო ჯიხურის მოწყობას.

რაც შეეხება ქვების ცვენას, ბიზნესმენის თქმით, ის საზოგადოებრივი ობიექტის წინ და გზის გასწვრივ დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ქვის ღობის მოწყობას გეგმავდა, რომელიც ქვებს შეაჩერებდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქონების მართვის სააგენტოსაც, თუმცა აქ ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რა შენდება ან რა შეცვლის ჩამსხვრეულმინებიან ობიექტს სარფი-ბათუმის გზაზე. უწყების პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ქონება ნამდვილად სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, ვინ რას აშენებს სარფიან ადგილას სარფში.

14 წლის მოზარდი განათლების სამინისტროს და სკოლას უჩივის – დავა 4 წელია არ სრულდება

განათლების სამინისტროს და სკოლის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის დადგენის მიზნით, სასამართლოს 14 წლის მოზარდმა მიმართა. ბავშვის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს.

მოზარდის ადვოკატი ანა არგანაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემთხვევა 2017 წელს მოხდა, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ანა არგანაშვილის თქმით, 2017 წელს თელავის ერთ-ერთმა საჯარო სკოლამ მილენიუმის პროგრამის ფარგლებში სკოლის რემონტი დაიწყო. ამის გამო მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაიყვანეს.  მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის სკოლამ ტენდერი გამოაცხადა, თუმცა არ გაითვალისწინა ერთი შშმ მოსწავლის საჭიროება, რომელიც ეტლით გადაადგილდება.

„სკოლას არა მარტო დაავიწყდა ეს ბავშვი, მშობელსაც კი არ განუმარტეს, რომ ბავშვს ჰქონდა უფლება მოეთხოვა ადაპტირებული ტრანსპორტი. მათ დაარწმუნეს მშობელი, რომ ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, ბავშვი სახლში დარჩენილიყო. ანუ ყველა ბავშვი სკოლაში ივლიდა, ეს ბავშვი კი ვერა. დედა, გამომდინარე იქედან, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ბავშვის უფლებების შესახებ, დათანხმდა სკოლის შეთავაზებას და შინსწავლა მოითხოვა.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა დედა მიხვდა, რომ ბავშვისთვის დამაზიანებელი იყო ეს მდგომარეობა, ირღვეოდა მისი უფლება, განათლების სამინისტროს და სკოლასაც წერილობით მიმართა“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მშობელი ითხოვდა, რომ ბავშვს სკოლის შენობაში გაეგრძელებინა სწავლა.

ადვოკატის თქმით, სისტემის პრობლემაა ის, რომ არც კი ცდილობენ ბავშვის ან მშობლის ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ.

„მშობლის განცხადება, როგორც ხდება ხოლმე, ერთი ინსტანციიდან მეორეში გაიგზავნა, მეორე აგზავნიდა მესამეში და ასე გავიდა მთელი წელი. ბავშვი საერთოდ ვერ გავიდა სახლიდან და იმის ნაცვლად, რომ სრული განათლება მიეღო, კვირაში მხოლოდ რვა საათი უტარდებოდა სახლში მისვლით გაკვეთილები“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლო პროცესებზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი აპელირებდა იმაზე, რომ განცხადება დედამ დაწერა და მოითხოვა შინსწავლა. „სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყების პოზიციაა, რომ ისარგებლონ მოქალაქეების მხრიდან ინფორმაციის არქონით. მეორე არგუმენტი, რასაც სამინისტრო ასახელებს, არის ის, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასა ბავშვი და გადაიყვანა შინსწავლაზეო. არადა, ეს გუნდიც კრიტიკულად უნდა უყურებდეს მოქალაქის ინფორმირებულობის გაზრდას.

ხომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს კითხვა, რა არის ბავშვისთვის კარგი. დავუშვათ, მშობელმა არ იცის რა არის კარგი ბავშვისთვის, ჩვენ ხომ იმისთვის ვართ, რომ დავაზღვიოთ ბავშვის ინტერესი? ეს იმას ჰგავს, მშობელი ვერ ხვდებოდეს, რომ ადრეული ქორწინება დანაშაულია და ამაზე არავინ არ რეაგირებდეს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა არის სახელმწიფოს მოვალეობა. სახელმწიფომ არ უნდა ისარგებლოს იმით, რომ მოქალაქეებმა არ იციან თავიანთი უფლებები“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

ადვოკატის თქმით, ამ ამბის ყველაზე სევდიანი ნაწილი ისაა, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მოზარდისგან ითხოვს აუნაზღაუროს მივლინების და საწვავის ხარჯები სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამო.

„სამინისტროს იურისტი ითხოვს, რომ 15 ლარი დაეკისროს ბავშვს. რაზე ვსაუბრობთ, რომ ვერც ერთმა ბავშვმა ვეღარ გაბედოს დავა საკუთარი უფლებებისთვის? სახელმწიფო ერთი ხელით ვითომ იცავს ბავშვის უფლებას, კოდექსზე მუშაობს და მეორე ხელით, პრაქტიკაში, აღსრულების დროს, სჯის ყველა ბავშვს, ვინც თავისი უფლებების დაცვას ცდილობს.

მაშინ, როცა ადმინისტრაციას ბევრი რესურსი აქვს, ჰყავს ბევრი იურისტი, მძღოლები, მანქანები, ყველაფერი მათ ხელშია და ბავშვებს ყველა სურვილს უქრობენ, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან“.

მორიგი სასამართლო სხდომა დღეს, 2 ივნისს, იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო. როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, დღეს სასამართლო პროცესი მათი მოთხოვნით გადაიდო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით.

ბავშვი, რომელმაც სკოლას და სამინისტროს უჩივლა, ახლა 17 წლისაა, ანუ სასამართლო დავა, ფაქტობრივად, ოთხი წელია მიმდინარეობს. ეს ანა არგანაშვილის აზრით, ასევე მიუღებელიa.

„ჩვენ 2018 წლიდან ვიცავთ ამ ბავშვის უფლებას და სულ ერთი-ორი სხდომა გაიმართა. 2019 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ჩანიშნულა პროცესები. არ შეიძლება ოთხი წელი გაგრძელდეს ბავშვის საქმე, რადგან ბავშვი იზრდება და მას მაშინ სჭირდება დახმარება, როდესაც ითხოვს. ბავშვის კოდექსში გვაქვს ჩანაწერი, რომ სასამართლომ ბავშვის საქმეები უნდა განიხილოს სწრაფად, თუმცა, სამწუხაროდ, არც ეს სრულდება“.

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის შესაძლო გაუპატიურების საქმეს იძიებენ – ომბუდსმენი

ბოლო 6 წლის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის 3 და სავარაუდო გაუპატიურების 1 ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.

ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია სახალხო დამცველმა გამოითხოვა.

„მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი)“ – წერს სახალხო დამცველი.

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია სახალხო დამცველს არ უშვებენ.  ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბოლო ინფორმაციით ნინოწმინდის პანსიონში 150-მდე ბავშვი იმყოფება.

_______________

ფოტოზე: თბილისში, კანცელარიასთან გამართული აქცია “ნინოწმინდის ბავშვებისთვის”

პიკი გადავლილია, ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება, მაგრამ… – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ნელ-ნელა მცირდება კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.

„მსოფლიოში ნელი ტემპით ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება. საქართველოშიც ეს ტენდენცია მიჰყვება ევროპულ ტენდენციას და მაისის შუა რიცხვებიდან ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს: ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელს ბოლო 7 დღის, ბოლო 14 დღის, თანდათან შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ ახალ შემთხვევათა რიცხვი მაინც ასეულების ფარგლებშია.

პიკის გადავლის შემდეგ მოსალოდნელი იყო და ასეც არის, რომ გვექნებოდა ყველაზე მძიმე ინდიკატორის, სიკვდილიანობის ციფრების ზრდა.

მესამე ტალღის პიკი რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი გადავლილია და ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მითუმეტეს, რომ პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კვლავ აუცილებელია კორონავირუსისგან დამცავი ისეთი ზომების გამოყენება, როგორიცაა პირბადე და სოციალური დისტანცია.

 

გომისმთაზე მისვლას კვირაში მხოლოდ 2 დღეს შეძლებთ – 15 ივნისიდან გზა იკეტება

კურორტ გომისმთაზე ამ ზაფხულს ასვლას მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში შეძლებთ. კურორტზე ახალი საავტომობილო გზა კეთდება, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული იქნება 2021 წლის 15 ივნისიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეგეძლებათ წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იქნება დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. კვირის სხვა დღეებში მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალულია.

გომისმთაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია  New Road-ი ახორციელებს.

გომისმთაზე მოხვედრა შუახევიდანაც შეიძლება, ამ გზის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

გომისმთის გზის რეაბილიტაცია, ფოტო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფეისბუქგვერდიდან

მეტეოროლოგები წელს კიდევ უფრო ცხელ ზაფხულს აანონსებენ

გაერო იუწყება, რომ გლობალური კლიმატური ფენომენი ლა ნინია ანუ ოკეანის ზედაპირის გაგრილების ფაზა დასრულდა და მომავალ რამდენიმე თვეში წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ნეიტრალური ამინდი შენარჩუნდება.

მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულს ტემპერატურა საშუალოზე მაღლა აიწევს, განსაკუთრებით პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) წერს.

მეტეოროლოგების პროგნოზით მსოფლიოს ბევრ ნაწილში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ნალექის რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

ფენომენ ლა-ნინიას დროს ხდება ოკეანის ზედაპირის გაგრილება წყნარი ოკეანის ეკვატორული აკვატორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რაც იწვევს ატმოსფეროს ტროპიკული ცირკულაციის ცვლილებას, კერძოდ, ქარის, წნევის და ნალექების. ეს ფენომენი ასოცირდება გაგრილების ფაზასთან, ხოლო საპირისპირო ფენომენი, ელ-ნინიო (თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში) ასოცირდება დათბობის ფაზასთან.

ამავე დროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ყველა ბუნებრივი კლიმატური მოვლენა ამჟამად მიმდინარეობს ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ფონზე, რაც იწვევს გლობალური ტემპერატურის მომატებას და ექსტრემალური ამინდის პირობების გაუარესებას.

„ლა-ნინიას“ დროებითი გლობალური გაგრილების ეფექტი აქვს, რაც ყველაზე მეტად იგრძნობა ამ ფენომენის მეორე წელს. დღევანდელი სტანდარტებით 2021 წლის დასაწყისი შედარებით გრილი იყო, მაგრამ ამან უსაფრთხოების ცრუ განცდა არ უნდა მოგვცეს. არ იფიქროთ, რომ კლიმატის ცვლილების პროცესი ჩერდება,“ – თქვა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეტერ თაალასმა.

„ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს, კვლავ რეკორდულად მაღალ დონეზე რჩება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზებით, 2021 წლიდან 2025 წლამდე სულ ცოტა ერთი წელი მაინც იქნება ყველაზე ცხელი წელი დაკვირვების ისტორიაში და 2016 წლის რეკორდსაც მოხსნის, როცა დაფიქსირდა ყველაზე ძლიერი, 90%-იანი ელ-ნინიო” – დასძინა მან.

WMO-ს ექსპერტები განმარტავენ, რომ ელ-ნინიო და ლა-ნინია ამინდის პირობებზე მოქმედი ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორია. ასევე არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური და არქტიკული რყევები.

როგორ შევამციროთ ძალადობრივი გარემო ჩვენ ირგვლივ – დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემაზე მერისის საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლა-პანსიონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ კონკურსის გზით შერჩეული 10 სკოლიდან ერთ-ერთია. კონკურსის იდეა ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის/დისკუსიის ჩატარებას გულისხმობდა.

შეხვედრის თემა – ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემები – ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მერისის საჯარო სკოლა-პანსიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მზიური შავაძემ შესთავაზა.

დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

25 მაისს მერისის საჯარო სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემაზე ციალა ქათამიძემ ისაუბრა.

ციალა ქათამიძე ამჟამად ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წარმომადგენელია. ის ადრე აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო.

დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

„როდესაც ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროექტში ჩართვა შემომთავაზეს, დიდი ინტერესით ჩავერთე. ვფიქრობ, პროექტი საკმაოდ საინტერესო ფორმატს გვთავაზობს. ღონისძიებები დაგეგმილია მასწავლებელთა და სკოლის მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ეს თავის თავში გამორიცხავს იმას, რომ ტრენინგზე განხილული თემები და საკითხები უინტერესო იყოს მონაწილეთათვის“, – ამბობს ციალა ქათამიძე.

დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

ციალა ქათამაძის თქმით, წლების განმავლობაში, როდესაც სკოლებში სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებდა, ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, კონკრეტული საკითხი რამდენად საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის და იყო თუ არა ესა თუ ის აქტივობა/ღონისძიება მათ ინტერესებს მორგებული:

„აღნიშნული პროექტით შემოთავაზებული ფორმატი სრულებით პასუხობს ამ გამოწვევას. იმისთვის ვისაუბრეთ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, კონკრეტულ მაგალითებზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დამცავ მექანიზმებზე, თითოეული მოქალაქისა და
სახელმწიფოს როლზე, რომ ჩვენ ირგვლივ არ იყოს ძალადობრივი გარემო“.

დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

„ვფიქრობ, განხილული თემა მერისის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო, გამომდინარე იქედან, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიის ნაწილში – ჰქონდათ შეფასებები, მოსაზრებები; ისაუბრეს პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს სენსიტიურ და პრობლემურ საკითხებზე სკოლებში ხშირად გაიმართოს შეხვედრები“,  – მიიჩნევს ციალა ქათამიძე.

დისკუსია მერისის სკოლა-პანსიონში

შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ძალადობის პრევენციისკენ მიმართული ქმედებებისკენ.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:

[checklist]

[/checklist]


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ის, რომ არ ხარ ჯიგარი ლექტორი და ქულას ტყუილად არ წერ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენი გათავისუფლების საფუძველია,“ – მიმართა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა.

დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე როინ კახიძემ „ვაჟა ანანიძის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო.

ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის აკადემიის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ამ დრომდე ვაჟა ანანიძე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინ ერთკაციან აქციას პერიოდულად მართავს.

პლაგიატის დადგენაზე ვაჟა ანანიძემ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს 2020 წლის მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს არ დაუდგენია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს სასწავლებელში აქვს თუ არა ადგილი პლაგიატს. სამაგიეროდ, იმოქმედა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ – ვაჟა ანანიძე სამსახურიდან გაუშვეს.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან გასული წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს.

ვაჟა ანანიძე სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

არსებითი განხილვის დაწყებამდე საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის იურისტებმა სასამართლოს სხდომის გადადება იმიტომ მოითხოვეს, რომ სხდომის დაწყებიდან 3 საათში ავტორიზაციის საბჭოს სხდომა იყო ჩანიშნული.

ანა ბერძენიშვილმა საზღვაო აკადემიის იურისტებს შეახსენა, რომ სასამართლო სხდომა ავტორიზაციის საბჭოს სხდომამდე ადრე ჩაინიშნა და შეახსენა ისიც, რომ ვაჟა ანანიძის მიმართვის შემდეგ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა საზღვაო აკადემიაში კონკრეტული დარღვევები დაადგინა.

„ავტორიზაციის საბჭოს სხდომა არ არის კავშირში ბატონ ვაჟასთან, საქმე ეხება ფოთის ფილიალის გახსნას, ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია,” – უთხრა მოსამართლეს საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა.

„მიმართეთ ავტორიზაციის საბჭოს გადადებაზე?” – იკითხა მოსამართლემ.

„არ მიგვიმართავს,” – უპასუხეს აკადემიის იურისტებმა როინ კახიძეს.

„სასამართლო სხდომა კი არ უნდა იდებოდეს გარე მიზეზების გამო, არამედ სხვა სხდომები, მით უმეტეს, რომ ჩვენ სხდომის თარიღზე წინასწარ ვიყავით შეთანხმებული,” – გაბრაზება აღარ დამალა მოსამართლემ და მხარეებს ანიშნა, საუბარი დაეწყოთ.

„ახლა რომ ჩამოიაროს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა და სხვა მოსამართლეებს ჰკითხოს, რას ფიქრობთ მოსამართლე როინ კახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეო, ეს ნორმალური იქნება?” – იკითხა ანა ბერძენიშვილმა იმის საჩვენებლად, რომ ვაჟა ანანიძის მიმართ აკადემიამ რეალურად კი არ შეაგროვა ინფორმაცია, არამედ დევნასთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, როცა პროფესორმა კოლეგები პლაგიატში ამხილა.

მოსამართლემ კითხვა თავმჯდომარის ჩამოვლაზე არ შეიმჩნია, ანა ბერძენიშვილმა კი განაგრძო:

„აკადემია ამბობს, რომ ვაჟა ანანიძე სისტემატურად ძალადობდა სტუდენტებზე, ამცირებდა და იყო ტერორისტი, მეცნიერების მამამთავარიო, ასეთი რამეც წერია აქ… თუ ასე იყო, წლების განმავლობაში რას აკეთებდა აკადემია?” – იკითხა ვაჟა ანანიძის ინტერესების დამცველმა იურისტმა.

საქმეში დევს სტუდენტების სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც – საუბარია მაგისტრატურის ორ სტუდენტზე, რომლებიც საზღვაო აკადემიის მტკიცებით, ადასტურებენ იმას, რომ ვაჟა ანანიძე ლექციებს აცდენდა.

„სატელეფონო საუბრის დროს ამ სტუდენტებს დაავიწყდათ, რომ ესაუბრებოდნენ ანა ბერძენიშვილს. მე ვეგონე ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ორივემ თქვა, ბანკში ვმუშაობთ და საერთოდ არ დავდივართ ლექციებზეო,” – თქვა ანა ბერძენიშვილმა.

„ამ სტუდენტებმა მოგვმართეს განცხადებით, რომ მათ უკავშირდებიან უცხო ნომრიდან და ხდება მათზე ზეწოლა,” – უპასუხა მოსარჩელე მხარეს საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა. მისი განმარტებით, ორ სხვადასხვა სემესტრზეა საუბარი და რეალურად, ელექტრონული ჟურნალის ჩანაწერებითაც დასტურდება, რომ ვაჟა ანანიძე ლექციებს აცდენდა.

მთავარი საკითხი – პლაგიატზე ბრალდების საპასუხოდ საზღვაო აკადემიის წარმომადგენელმა თქვა, რომ აკადემია სარედაქციო საბჭოს ეყრდნობა, რომლის წევრიც იყო ვაჟა ანანიძე და მას ჯერ კიდევ 2015 ან 2016 წლებში უნდა ესაუბრა პლაგიატზე, როცა აკადემიის სამეცნიერო კონფერენციებს ხელმძღვანელობდა.

„მაშინაც შევამჩნიე, დავიწყე მუშაობა და არაფერი ვთქვიო, ასე გვიპასუხა ბატონმა ვაჟამ,” – აკადემიიდან გაშვებულ პროფესორს გახედა აკადემიის იურისტმა, მერე ისევ მოსამართლეს დაუბრუნდა და უთხრა, რომ ვაჟა ანანიძემ შესაბამისი მტკიცებულება პლაგიატზე საზღვაო აკადემიას არ წარუდგინა.

ვაჟა ანანიძის  ინტერესების დამცველმა, ანა ბერძენიშვილმა მოპასუხეებს შეახსენა, რომ ვაჟა ანანიძის აკადემიიდან გათავისუფლების შემდეგ აკადემიამ მისი წიგნებად გამოცემული სამეცნიერო ნაშრომებთან წვდომაც შეუზღუდა სტუდენტებს.

„რას ეუბნებით სტუდენტებს, რომ 12 წლის განმავლობაში ტყუილად კითხულობდნენ ვაჟა ანანიძის წიგნებს?” – დასძინა ანა ბერძენიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე “გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა ასევე თქვა, რომ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობდა, რომ ის საქმეს  ჩამოშორებოდა.

„დაუკავშირდნენ ჩემი ოჯახის წევრებსაც… მითხრეს, რომ შემრცხვებოდა, რომ ვაჟა ანანიძეს ვიცავდი, მაგრამ ვამაყობ, რომ აქ ვარ,” – დაასრულა ანა ბერძენიშვილმა.

საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების  მტკიცებით, ვაჟა ანანიძე ძალადობდა სტუდენტებზე. იურისტებმა აქცენტი გააკეთეს სტუდენტზე, ვისი თქმითაც ის ვაჟა ანანიძემ ატირა კიდეც.

აკადემიის იურისტებმა ისაუბრეს დისკრიმინაციაზეც.

„მან მიმართა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, თქვენ ქართულიც არ იცითო. ეს წერილი წაიკითხა აკადემიურმა პერსონალმა, მენეჯმენტმა, მოწვეულმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმაც…

დისკრიმინიცია იქნებოდა ეს, თუკი ამაზე რეაგირება აკადემიას არ ექნებოდა,” – აღნიშნა რუსუდან ყიფიანმა.

საზღვაო აკადემიის იურისტმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ხაზი გაუსვა კიდევ ერთ ამბავს: “შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ საზღვაო აკადემიის რექტორის – ირაკლი შარაბიძის სამეცნიერო ნაშრომებში პლაგიატი არ არის”.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კომისიამ შეისწავლა პლაგიატის საქმე? – ვკითხეთ საზღვაო აკადემიის იურისტს სხდომის დასრულების შემდეგ.

რუსუდან ყიფიანმა გვითხრა, რომ ირაკლი შარაბიძის სამეცნიერო ნაშრომები არა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კომისიამ, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.

შემდეგ სხდომებზე მოსამართლე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

____

ამ თემაზე:

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

ოჯახი ქედაში, რომელმაც ქათმების ფერმა პანდემიაში მოაწყო

44 წლის ზაქრო ბასილაძე და მისი ოჯახი 2 წლის წინ ბათუმიდან საცხოვრებლად სოფელ წონიარისში გადავიდა, მამისეულ სახლში, ქათმების ფერმის გასაშენებლად. წონიარისში ზაქროს მშობლები ცხოვრობდნენ, დედა გარდაიცვალა და მამა მარტო დარჩა სოფლის სახლში. ზაქრომ ის მარტო არ დატოვა, სოფელში გადასახლება და იქ ბიზნესის დაწყებაც ამიტომ გადაწყვიტა.

საქმეს პანდემიაში შეუდგა, მაშინ, როცა ჭირდა სპეციფიკური მასალების პოვნა, რაც მეფრინველეობის ფერმის აშენებას სჭირდებოდა. ჭირდა ასევე იმ ჯიშის ქათმის წიწილების შოვნაც, რომლის მოშენებასაც ზაქრო გეგმავდა.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა, ბასილაძეების ოჯახმა 3000 ფრთა ქათამზე გათვლილი ფერმის გახსნა მაინც მოახერხა. როგორც ფერმის მეპატრონე ამბობს, რახან ქათმის ხორცი საქონლისა და ღორის ხორცზე იაფია, კარგად საღდება და მოგებაც აქვს.

„ქართულ სიმინდსა და ღერღილზე, მზესუმზირაზე იზრდებიან ჩვენი ქათმები. საკვებს საქართველოში ვყიდულობთ, აქვე მოყვანილს. ადგილზე გვაქვს მოყვანილი წყაროს წყალი და ასე იზრდებიან. ჰოლანდიური ბროილერის ჯიშის ქათმები გვყავს.

ჩვენი მომხმარებელი გავიჩინეთ. გვიკვეთავენ და ამის მიხედვით ვანაწილებთ, ვის რამდენი სჭირდება.

ბროილერის ჯიშის ქათამი ძალიან მალე იზრდება, თუ კარგი პირობები აქვს. სოფლის და სახლის ქათამი როგორც იზრდება, ისე ვერ გაზრდი, ზამთარში სჭირდება სითბო.

საკვებიც გაცილებით ნაკლები სჭირდება ბროილერს, სახლის ქათამთან შედარებით. ხორცი, ცხადია, სახლის ქათმისა სჯობს, მაგრამ იმ ფასად, რასაც ბროილერის ქათმის კილოგრამ ხორცში იხდი, სახლის ქათამს ვერ იყიდი.

ბროილერის ერთი ქათმისგან 2, 3 კილოგრამი ხორცი გამოდის, ამდენი ხორცი ორი წლის სახლის ქათამსაც კი არ აქვს“, – ამბობს ფერმის მეპატრონე.

მეფრინველეობის ფერმა ქედაში, სოფელ წონიარისში, ბასილაძეებს 160 კვადრატულ მეტრზე აქვთ გაშენებული. დაასაქმეს სოფლის 4 მცხოვრები – 3 ქალი და ერთი კაცი.

წყლისა და საკვების გამანაწილებელი დანადგარები ბასილაძეების მეფრინველეობის ფერმაში

პანდემიის კრიზისმა თუ ჩაიარა, ფერმის მეპატრონე ვარაუდობს, რომ მისი ახალბედა ბიზნესის მოგება გაიზრდება: რესტორნებისაგან, რითაც ტურისტები სარგებლობენ, ბევრად მეტი შეკვეთა ექნებათ.

ფერმის ტერიტორია სამომავლოდ გაფართოების შესაძლებლობასაც იძლევა.

იმისთვის, რომ ფერმერობას საფუძვლიანად შესდგომოდნენ, ზაქრომ შვილსაც სთხოვა სასწავლებლად წონიარისის სკოლაში გადასულიყო ბათუმიდან.

თავიდან ეს მარტივი არ იყო ბიჭისთვის, მაგრამ, როგორც მამა ამბობს, მის მაღალკლასელ შვილს ძალიან მოეწონა სოფლის სკოლა და ბიჭი ახალ გარემოსაც მარტივად შეეგუა. ის ახლა აბიტურიენტია.

საკვების გამანაწილებელი დანადგარები მეფრინველეობის ფერმაში

ზაქრო ბასილაძე ფერმას მამასთან, გურამ ბასილაძესთან ერთად ზედამხედველობს. როგორც თავად ამბობს, მამას ამით ხანდაზმულ ასაკში საქმე მიეცა და გახალისდა.

ზაქრო ბასილაძე ამბობს, რომ მათი მომხმარებლები არა მხოლოდ კაფე-რესტორნები, არამედ სოფლის მცხოვრებლებიც არიან, რადგან სოფელში ბევრ ოჯახს შინ ფრინველი არ ჰყავს.

ფერმა დღიურად ჩვეულებრივ 100, 120 ფრთა ქათამს ყიდის, არის შემთხვევები, როცა დღიურად 300 ფრთა ქათამზეცაა მოთხოვნა.

მეფრინველეობის ფერმის მოწყობას ჯამში 46 800 ლარი დასჭირდა. ამ თანხის ნაწილი, კერძოდ, 25 400 ლარი ევროკავშირმა დააფინანსა, 21 400 ლარი კი ბასილაძეების ოჯახის თანადაფინანსებაა.

ვენტილაცია ბასილაძეების მეფრინველეობის ფერმაში

___

მთავარი ფოტო: გურამ ბასილაძე

რატომ გადავიდა სოფელში საცხოვრებლად ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ახალგაზრდა ქალი, ლილი ფულარიანი გრეის ჰოპერის ჯილდოზე წარადგინეს. ეს ჯილდო საქართველოში წელს პირველად დაწესდა. დაჯილდოება დღეს, 2 ივნისს, გაიმართება. ლილი ფულარიანი და მისი ორგანიზაცია „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“, თანამოაზრეებთან ერთად რეგიონებში მცხოვრებ ქალების მხარდაჭერაზე პირველად სამი წლის წინ დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდნენ. მათ ეს გამოუვიდათ.

წელს კი თავად ლილიმაც გადაწყვიტა, რომ ხმაურიანი თბილისი მიატოვოს და საცხოვრებლად ბაღდათში, მშობლიურ სოფელ დიმში გადავიდეს. ამბობს, რომ თბილისის ურბანული გარემო ძალიან ქაოტურია და არა ცხოვრებისთვის, არამედ არსებობისთვის არის მოწყობილი. თანაც ასე უფრო ახლოს იქნება იმ ქალებთან, რომლებთანაც მუშაობს და საქმესთან, რასაც უკვე სამი წელია მოხალისეობრივად აკეთებს.

„თბილისში როცა ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერ ვისვენებ, რადგან სულ ქაოსია და არც  დასასვენებელი ადგილები არ არის. მაგალითად, ვერ გამოვდივარ ველოსიპედით ქალაქში, სულ რაღაც პრობლემებს ვაწყდები, რასაც არ ვიყავი მანამდე მიჩვეული. ძალიან მიჭირს ასეთ გარემოში დასვენება. მე კი, როცა სამუშაოს ვასრულებ, არასდროს არ ვიცი, სად წავიდე თბილისში. უბანში პარკიც კი არ არის. ისეთ გარემოში დაბრუნება მინდოდა, სადაც მშვიდად ვიქნებოდი და სამუშაო დღის მერე დასვენებას შევძლებდი. პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამიჭირდა ჩაკეტილ ქალაქში ცხოვრება“, – გვეუბნება ლილი.

სოფლად წასვლა ახალმა იდეებმაც დააჩქარა. ლილი და მისი თანამოაზრე ქალები ქუთაისში TEDx-ის დაარსებას გეგმავენ, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს მოიცავს და ადამიანებს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ.

როგორც ლილიმ გვითხრა, TEDx-ს თანაორგანიზატორებიც ეყოლება, ვინც დაეხმარება მათ პროექტის განვითარებაში. TEDx-ქუთაისის პროექტი შემოდგომაზე ჩაეშვება და პირველი გამომსვლელი 16 ოქტომბერს ეყოლება.

„სოფელში ყოველთვის მინდოდა დაბრუნება. 14 წლის ვიყავი ქალაქში რომ გადავედი. სოფელი ახლაც მკვდარია, თუმცა ადრინდელთან შედარებით ცოტა გამოცოცხლებულია. ჩემს ბავშვობაშიც სკოლის და ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკის გარდა არანაირი რესურსი არ იყო განვითარებისთვის. არც რაიმე კლუბი იყო, რომ ჩაწერილიყავი… აქ მცხოვრებ ბავშვებს დავეხმარები ციფრული ტექნოლოგიების სწავლაში“, – ამბობს ლილი.

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები აქამდე  მოხალისეობრივად  ატრენინგებდნენ ქალებს, თუმცა ამჯერად უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავენ. მონაწილეები ისევ რეგიონში მცხოვრები ქალები იქნებიან. ძირითადად ქუთაისში ვიქნებით და აქედან გვინდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მივწვდეთო – გვიზიარებს თავის გეგმებს ლალი.

„გვინდა სოფლად მცხოვრებ ქალებს წარმოდგენა  შეექმნათ, რას გულისხმობს სოციალური მედიის მენეჯერი, რას ნიშნავს  რეკლამირება სოციალურ ქსელში ან პროგრამირება, პროგრამული ენები და ასე შემდეგ. ამ შეხვედრების შემდეგ გვინდა დამოუკიდებლადაც  შეეძლოთ მათ რაღაცების ათვისება“, – ამბობს ლილი.

მისი თქმით, ქალების განათლების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება სოფლად ისევ ძლიერია. ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები ბიჭების სფერო უფროა, ვიდრე გოგონების. ნაკლები წვდომა აქვთ კომპიუტერთანაც.

„გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც, მაგალითად, თუ ოჯახში კომპიუტერია, ის ბიჭის საკუთრებაა, ისევე როგორც ველოსიპედი; ჩემს სოფელში ვხედავ, რომ 15 ბიჭიდან ყველას აქვს ველოსიპედი, გოგოებს კი არც ერთს.

პროგრამულ მიმართულებებსაც ბიჭები უფრო ირჩევენ, ვიდრე გოგოები. ამაზე მეტყველებს აბიტურიენტების არჩევანი. მაშინ, როცა გოგოები კარგად სწავლობენ სკოლაში.

ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, გარშემომყოფებს დღემდე ჰგონიათ, რომ მნიშვნელოვანს არაფერს ვაკეთებ, კომპიუტერზე ვაკაკუნებ. რა თქმა უნდა, ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ სტერეოტიპია, რომ ეს ქალის საქმე არ არის, ყველაფერს ერთდროულად ვერ შეებრძოლები“, – გვეუბნება ლილი ფულარიანი.

საკუთარი გამოცდილებით ლილი სხვა ქალებს და გოგონებს მაგალითს აძლევს, სურს დაანახოს შესაძლებლობები, რომლებიც ტექნოლოგიების ცოდნას მოაქვს. „მათ შეუძლიათ ციფრული ცოდნის მეშვეობით შეივსონ ის დანაკლისი, რაც სკოლაში ვერ მიიღეს. მინდა გაიგონ ქალებმა, რომ ზოგჯერ ნულიდანაც შესაძლებელია დაწყება.

„როცა კომპიუტერი პირველად ჩავრთე, 15 წლის ვიყავი, რადგან სოფელში არც კომპიუტერი მქონდა და არც ინტერნეტი. არც არავინ მყოლია, რომ დამხმარებოდა, ჩემით გავიკვლიე გზა. Google -დან ვთარგმნიდი ტერმინებს, ინტერნეტში ვეძებდი რესურსებს, გავიცანი თანამოაზრეები და შემდეგ პირისპირ შევხვდი მათ.

ენების ფლობა პრობლემაა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, მაგრამ ამან არ უნდა დააკომპლექსოს ისინი, რადგან მე ვაჩვენებ საკუთარ მაგალითს. ვეხმარებით ქართული რესურსების მოძიებაშიც.

იმისთვის, რომ განათლება მიიღო, ბრძოლა არ უნდა გჭირდებოდეს. როცა მეუბნებიან, რომ „მებრძოლი გოგო ხარ“, საერთოდ არ მსიამოვნებს, რადგან  არ მიყვარს ბრძოლა. მიყვარს, როცა ნორმალურად მიდის პროცესები, როცა ბრძოლა გიწევს, აქ დიდი ენერგია გეხარჯება, ამის უნარი ბევრს არ აქვს. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს, რომ ქალებს აღარ უწევდეთ ცოდნის მიღებისთვის ბრძოლა“, – ამბობს ლილი.

მისი თქმით, ტრენინგებით მოზარდებიც ინტერესდებიან და ზრდასრული ქალებიც. ისინი, ვისაც ამ პროფესიაში შესვლა სურთ და ისინიც, ვისაც პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს. „მაგალითად, ფილოლოგია, მაგრამ ვერ დასაქმდა სოფელში, რადგან მასწავლებლობა რომ დაიწყო, წლები უნდა იდგე რიგში. ასეთ შემთხვევაში ადამიანს სურს ახალი ცოდნა შეიძინოს და დასაქმდეს.

ვიღაცამ საოჯახო სასტუმრო გააკეთა და არ იცის ონლაინ როგორ შეძლოს ამის რეკლამირება, ვიღაცას პროდუქციის გაყიდვა სურს ონლაინ და ციფრული ცოდნა ამისთვის სჭირდება“, – ამბობს ლილი.

ცოდნის მიღებაში ქალებს ისიც ეხმარება, რომ მათ დისტანციურად შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიღება და აზრის გაზიარება ციფრული ცოდნის გამავრცელებელ ქალებთან. მეგობარი კომპანიების დახმარებით კი ქალები ესწრებიან ისეთ ღონისძიებებს, სადაც გარკვეულ ცოდნას იღებენ.

რაც შეეხება გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს. გამარჯვებულები 2 ივნისს, საღამოს, ცერემონიალზე გამოვლინდებიან. ჯილდოზე სულ ცხრა ადამიანია წარდგენილი, მათ შორის, ერთი კაცი.

ლილი ფულარიანი ნომინირებულთა სიაში

გრეის ჰოპერი იყო ქალი, რომლის წვლილი კომპიუტერული მეცნიერების განვითარებაში  1969 წელს აღიარა „მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ“  და იმის გამო, რომ იმ დროს ქალი მეცნიერების კატეგორია არ არსებობდა, ის მეცნიერი მამაკაცის კატეგორიაში აღიარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები არნახული ტემპით განვითარდა ბოლო პერიოდში,  ამ სფეროში დასაქმებული ქალები აღიარებას ჯერ კიდევ იშვიათად მოიპოვებენ. მეტიც, ამ სექტორში დასაქმებულთა შორის ქალების წილი დღემდე საკმაოდ დაბალია.

გრეის ჰოპერის ჯილდო, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ „თიბისისთან“, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა, ექვს კატეგორიაში გაიცემა.

__

აქ წაიკითხეთ კიდევ ერთი სტატია ლილის შესახებ

როდის განახლდება ბათუმი-ქუთაისის მატარებლის მოძრაობა – „რკინიგზის“ განმარტება

საქალაქთაშორისო მიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად საგარეუბნო ელექტრომატარებლების მოძრაობა არ განახლებულა. მიუხედავად ამისა, საგარეუბნო მატარებელი გარკვეული პერიოდულობით რეისებს ასრულებს, თუმცა, როგორც საქართველოს რკინიგზაში გვითხრეს, მატარებელი მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებს ემსახურება.

მგზავრებისთვის საგარეუბნო მატარებელი ბევრი რამის გამო არის მისაღები – გაჩერებების რაოდენობა, მგზავრობის დაბალი ფასი, მოძრაობის გრაფიკი და სხვა.

„ბათუმელებმა“ „საქართველოს რკინიგზისგან“ საგარეუბნო მატარებლებზე, მათ შორის, ბათუმი-ქუთაისის რეისზე, ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.

„საგარეუბნო მატარებლებში [კოვიდ]რეგულაციების დაცვა არ არის შესაძლებელი, ამიტომ საგარეუბნო მიმოსვლა შეჩერებულია. რეისის აღდგენაზე კომპანია იმსჯელებს მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების რისკი იქნება აღმოფხვრილი“, – მოგვწერა „საქართველოს რკინიგზამ“.

კითხვები და „საქართველოს რკინიგზის“ პასუხები
  • რატომ არ სრულდება საგარეუბნო ელექტრომატარებლების რეისები [ამ შემთხვევაში დავკონკრეტდებით, გვაინტერესებს ელექტრომატარებელი ქუთაისი-ბათუმი]?

ამ ეტაპზე საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა შეზღუდულია, რადგან მათზე შეუძლებელია კოვიდ 19-თან დაკავშირებული რკინიგზით მგზავრობისთვის გათვალისწინებული რეგულაციების დაკმაყოფილება და შესაბამისად საკმაოდ მაღალია კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი.

  • რის საფუძველზე არ მოძრაობს ელექტრომატარებელი ქუთაისი-ბათუმი და რა დროით არის შეჩერებული ეს რეისი?გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტის [გადაწყვეტილება, ბრძანება და სხვა] ელექტრონული ასლი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა პანდემიის პერიოდში და მათ შორის იყო ქუთაისი-ბათუმის რეისიც. მიზეზები იხილეთ პირველი კითხვის პასუხში.

  • განიხილება თუ არა აღნიშნული რეისის აღდგენა და რაზეა ის დამოკიდებული [ვთქვათ, კოვიდდადებითობის მაჩვენებლის შემცირება, კოვიდზე აცრილთა რაოდენობის გაზრდა და სხვა – კონკრეტულად რა მაჩვენებელი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ აღნიშნული ელექტრომატარებლის რეისები აღდგეს]?

რეისის აღდგენაზე კომპანია იმსჯელებს მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების რისკი იქნება აღმოფხვრილი. პანდემიის დასრულების შემდეგ, კი კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში.

  • ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა რეგულაციების დაცვა ევალება სს „საქართველოს რკინიგზას“ ელექტრომატარებლების რეისების აღდგენის შემთხვევაში? არის თუ არა სააქციო საზოგადოება მზად დაიცვას ეს რეგულაციები? თუ არა – რატომ? და რა კეთდება ამ კუთხით?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რკინიგზას შემუშავებული აქვს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის სპეციალური წესი, რომლის თანახმადაც: მგზავრებს მატარებელში შესვლამდე უნდა ჩაუტარდეთ თერმოსკრინინგი, გაიარონ დეზობარიერი, ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით. მატარებლის მომსახურე პერსონალი, რომლებსაც შეხება აქვთ უშუალოდ მგზავრებთან, აღჭურვილნი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. მატარებლებში დეზინფექცია უტარდება სველ წერტილებს. მგზავრებს მთელი მგზავრობის პროცესში უნდა ეკეთოთ პირბადე და მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საგარეუბნო მატარებლებში ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაციების დაცვა არ არის შესაძლებელი, ამიტომ საგარეუბნო მიმოსვლა შეჩერებულია – მოგვწერეს „რკინიგზიდან“.

ამავე თემაზე:

ბათუმი-თბილისის მიმართულებით 27 მაისიდან 2 მატარებელი იმოძრავებს – ნახეთ ახალი განრიგი

 

მთავარი ფოტო: საგარეუბნო მატარებელი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ, თუ ხართ აცრილი და აცრილების გარემოცვაში იმყოფებით – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდზე ორჯერ აცრილ ადამიანებს შეუძლიათ პირბადის გარეშე ყოფნა იმ შემთხვევაში, თუ მათ გარშემო არიან ასევე ორჯერ აცრილი ადამიანები.

„მეორე ინექციის გაკეთებიდან ჩვეულებრივ ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური.

აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ ხართ აცრილების გარემოცვაში.

როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ, მათთან ერთად ყოველგვარი პრობლემის გარეშე  იყოთ ერთ სუფრასთან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა იმნაძემ „პირველი არხის“ გადაცემა „ახალ დღეში“.

ამავე თემაზე: 

ბულვარში, სადაც ბევრი ხალხია, პირბადე უნდა გეკეთოთ – გამყრელიძე

 

 

შუახევის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება

კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, საყენდრიას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მაწყვალთის მთის, საბერწიის, სანალიას და ძველი მთის სამთო იალაღების მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა-გადმოყვანას ზაფხულის სეზონზე შუახევის მუნიციპალიტეტი წელსაც უფასოდ უზრუნველყოფს.

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 6 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა 33 890 ლარია.

ტრანსპორტი მგზავრებს 2021 წლის ივნის-ივლისში [კონკრეტულად, ივნისის მეოთხე კვირიდან აგვისტოს მესამე კვირის ჩათვლით პერიოდში] მოემსახურება.

პირობის მიხედვით, მიკროავტობუსი, ავტობუსი ან მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება გათვლილი უნდა იყოს მგზავრების გადაყვანაზე; სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს კომფორტული და ტექნიკურად გამართული.

ტრანსპორტში თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული უნდა იყოს წარწერა – „მგზავრობა უფასოა“.

თითოეულ რეისზე გასვლის დრო ტენდერის შემდეგ დაზუსტდება.

ზუსტი მარშრუტი და რეისების რაოდენობა:
  • დ. შუახევი-კატრიანი,ყავრიანი-დ. შუახევი – თვეში 7 რეისი;
  • ხიჭაური, ახალდაბა, ბარათაული-გრძელგორი-ხიჭაური, ახალდაბა, ბარათაული – ორ თვეში 13 რეისი;
  • ხიჭაური-თაგინური-ხიჭაური – თვეში 7 რეისი;
  • ცხემლისი-თაგინური(ნაფოცხვარა)-ხიჭაური – ორ თვეში 8 რეისი;
  • ჭალა-წყაროთა-თაგინური-ჭალა-წყაროთა – ორ თვეში 8 რეისი;
  • ოლადაური-ჩირუხი-ოლადაური – ორ თვეში 10 რეისი;
  • ტბეთი, გოგაძეები-ჩირუხი- ტბეთი,cგოგაძეები – ორ თვეში 8 რეისი;
  • ქიძინიძეები, ჯაბნიძეები-ჩირუხი-ქიძინიძეები, ჯაბნიძეები – ორ თვეში 9 რეისი;
  • დღვანი, ლომანაური გოგინაური-ჩირუხი-დღვანი, ლომანაური გოგინაური – თვეში 3 რეისი;
  • შუბანი-ჩირუხი-შუბანი – ორ თვეში 9 რეისი;
  • კვირიაული, ცინარეთი-ღომა-საყენდრია-კვირიაული, ცინარეთი – თვეში 7 რეისი;
  • წაბლანა-ღომა-საყანდრია-წაბლანა – ორ თვეში 9 რეისი;
  • ნიგაზეული-ჯანჯღნარი- ნიგაზეული – ორ თვეში 8 რეისი;
  • ხიჭაური-მერიაყელი-ხიჭაური – თვეში 7 რეისი;
  • ინწკირვეთი-შედრეკილი-ინწკირვეთი – ორ თვეში 8 რეისი;
  • დ. შუახევი-თეთრობი-დ. შუახევი – თვეში 2 რეისი;
  • ბრილი-ხაბელაშვილები-თაგინური-ბრილი-ხაბელაშვილები – ორ თვეში 3 რეისი;
  • დღვანი, ლომანაური გოგინაური- საბერწია-დღვანი, ლომანაური გოგინაური – თვეში 4 რეისი;
  • კარაპეტი, მაწყვალთა-მაწყვალთის მთა-კარაპეტი, მაწყვალთა – თვეში 4 რეისი;
  • მახალაკიძეები-სანალია-მახალაკიძეები-მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა – ორ თვეში 5 რეისი;
  • კობალთა-ძველი მთა-კობალთა-მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა – თვეში 3 რეისი.
თაგინური / სამთო იალაღი შუახევში

______________________________

მთავარი ფოტო არქივიდან

საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტზე საქართველოში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ფოტო: შსს

შსს-ს ინფორმაციით დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „ მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“-ის მულიაჟი ნივთმტკიცებად ამოიღო,“ – წერს შსს.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში კვირის ბოლომდე დროგამოშვებით იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2  ივნისის  21 საათიდან  3  ივნისის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა და ჭექა-ქუხილი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება,  მომდევნო 2 დღეს, 5-6 ივნისს კი საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ჭექა-ქუხილი.

აჭარაში კოვიდის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 2 ივნისი

2 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 331 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 232 ინფიცირებული.

Exit mobile version