მთავარი,სიახლეები

გამოძიება გაუპატიურებაზე, მუხლებზე ხოხვა – კიდევ რა ვიცით ნინოწმინდის პანსიონზე

03.06.2021 • 2802
გამოძიება გაუპატიურებაზე, მუხლებზე ხოხვა – კიდევ რა ვიცით ნინოწმინდის პანსიონზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე შეკითხვები საქართველოში სულ უფრო ხმამაღლა ისმის. რა ხდება ბავშვთა პანსიონში? რატომ არ უშვებენ იქ სახალხო დამცველს? ბავშვთა უფლებების რა სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი? – „ბათუმელები“ შეეცადა ყველა კითხვისთვის მოეყარა თავი და მოკლედ გაეცა მათზე პასუხი.

  • რა პრობლემები იკვეთება ნინოწმინდის პანსიონში

მკაცრი აღზრდის სტილი, იზოლირება გარე სამყაროსგან, შესაძლო ძალადობისა და გაუპატიურების 4 საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება – ნინოწმინდის პანსიონში არსებული პრობლემების შესახებ ეს ოფიციალური გარემოებებია ცნობილი.

ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახალხო დამცველმა გამოითხოვა.

2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხ სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, დასახელებული ოთხი შემთხვევიდან ორ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გაკეთებული შეტყობინების შემდეგ.

პანსიონში „მკაცრი აღზრდის სტილის“ არსებობა მედიასთან დაადასტურა დეკანოზმა ფილიპე აბაშიძემ. მან თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წარსულში ყოფილა პედაგოგების მხრიდან მკაცრი მოპყრობის შემთხვევები, თუმცა ახლა ასე აღარ ხდება.

რამდენიმე წლის წინ არსებულ პრობლემებზე მედიასთან ისაუბრა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმაც. მისი განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასასჯელად გამოიყენებოდა ისეთი ფორმები, როგორიცაა ოთახიდან გასვლის აკრძალვა, დერეფანში მუხლებზე ხოხვით გავლა, 50 ან 100 მეტანიის შესრულება.

  • რა წერია ნინოწმინდის პანსიონზე სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე 2015 წელს ცალკე, სპეციალური ანგარიში მოამზადა. ანგარიშში ვკითხულობთ იმ პირობებზე, რაც იყო იმ დროისათვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში.

ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან ნინოწმინდის პანსიონატზე:

„ნინოწმინდის პანსიონში 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები ირიცხებიან. პანსიონში სულ 13 ასაკობრივი ჯგუფია. თითო ჯგუფში (12-14 ბავშვი) – 1 აღმზრდელი და 2 ძიძაა“.

„7 აღსაზრდელზე გათვლილია 1 აღმზრდელი. ისინი მორიგეობენ და რჩებიან პანსიონში 2 თვის განმავლობაში, ხოლო ორი თვე ისვენებენ“.

„საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ბავშვებს შორის ბულინგის შემთხვევებზე საუბრობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობა, სადაც ხშირია აღსაზრდელებს შორის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან ინტერვიუირებით გამოვლინდა აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები:

ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს,  დასჯის მიზნით, ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთი-ერთი კომპონენტის გამოტოვება – მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული“. 

„ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ჯგუფების მიხედვით არიან თავიანთ ოთახებში განაწილებული. სააბაზანო, საძინებელი, სასადილო და სასწავლო სივრცე ერთ ფართობშია განთავსებული.

აღსაზრდელთა ოთახები, სადაც ისინი თითქმის მთელ დღეს ატარებენ და მეცადინეობენ, არ არის სათანადოდ მოწყობილი.

ბავშვებს სჭირდებათ შესაბამისი რბილი ავეჯი. მონიტორინგის დროს სასწავლო მერხებთან მეცადინეობდნენ ბავშვები, რომელთა ასაკი და ფიზიკური პარამეტრები არ შეესაბამებოდა მერხის ზომას. ასეთ მერხზე სისტემატური და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა ქმნის ხერხემლის პრობლემების გაჩენის საფრთხეს; გარდა ამისა, მხედველობის პრობლემების პრევენციის მიზნით კი, მოცემული სასწავლო ადგილები უკეთ უნდა იყოს განათებული.

ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში ბავშვები ჯგუფების მიხედვით იზოლირებულ სექტორებში არიან განთავსებული. სექტორი ორი საძინებელი ოთახისა და სასადილო ოთახისგან შედგება. არასრულწლოვნები თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის ყურებაში ატარებენ. როგორც ბენეფიციართა ინტერვიუირებით გაირკვა, ბავშვებს არ აქვთ უფლება ითამაშონ ან გარკვეული დრო თავისუფლად გაატარონ პანსიონის დერეფანში, ხმაურისა და უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნით“.

„გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ-ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს.

სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონის აღმზრდელები, ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით ბავშვებს მეტანიებს აკეთებინებს; სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება.

ბენეფიციარები მეტანიების გაკეთების ვალდებულებაზე ლოცვის გამოტოვების შემთხვევაშიც საუბრობენ. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა“.

„დაწესებულებაში ფსიქოლოგი არ ჰყავთ და ხატვის მასწავლებელი ითავსებს ფსიქოლოგის ფუნქციებს, რომელსაც 1998 წელს გავლილი აქვს 3-დღიანი სასემინარო კურსი გამოყენებით ფსიქოლოგიაში „როგორ დავეხმაროთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს“.

„ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა ხორციელდება ნინოწმინდის პანსიონში 2014 წლის ივნისის თვიდან. მონიტორინგის განხორციელების დროს დაფიქსირებული იყო 8 შემთხვევა. ძირითადად, აღრიცხული იყო ბულინგის ფაქტები. რეაგირების გზებად განსაზღვრულია მოძღვრების, აღმზრდელებისა და ფსიქოლოგის გასაუბრება ბავშვებთან“.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციართა ფსიქიკური ჯანმრთელობა.

აღსაზრდელებში ხშირია ფსიქიკური პრობლემები, ქცევითი და ემოციური აშლილობა.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბავშვებს ფსიქიატრიული გამოკვლევა არ ჩატარებიათ, არ მომხდარა მათი შეფასება და, შესაბამისად, მათ არც ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება მიუღიათ“.

„ნინოწმინდის პანსიონში მენიუ დგება ექიმისა და სამზარეულოს პერსონალის მონაწილეობით. ჩვილი ბავშვებისთვის არ არის გათვალისწინებული ცალკე მენიუ, მაგრამ სამზარეულოს პერსონალმა მონიტორებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი საკვების მომზადების პროცესში ითვალისწინებენ ბავშვების ასაკს. ოთხშაბათს და პარასკევს ყველასთვის გათვალისწინებულია სამარხვო მენიუ.

მონიტორინგის დროს სულ მარხულობდა 75 ადამიანი – როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე აღსაზრდელები. ყველაზე მცირე ასაკის ბავშვები, რომლებიც იცავდნენ მარხვას, ირიცხებოდნენ მე-4 კლასში“.

„პანსიონის ბენეფიციარები სადილობენ საკუთარ ოთახებში. მათ საკუთარი ჭურჭლით მიაქვთ საკვები სამზარეულოდან მათსავე საძინებლებში, სადაც არის ცალკე ფართი სადილობისთვის, შესაბამისი ინვენტარით. იქვე რეცხავენ ჭურჭელსაც“.

„ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ბენეფიციარები ზოგად განათლებას იღებენ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში“.

„საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები. ინტერნეტით სარგებლობის უფლება არასრულწლოვნებს აქვთ მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, აღმზრდელების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ“.

„ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ძირითადად აბარებენ აჭარის რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, სოფელ ხიჭაურის სასწავლებელში, რადგან იქვე არის საპატრიარქოს რეზიდენციაც, სადაც მათ ეძლევათ ცხოვრების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ბენეფიციარებს, დასაქმების მიზნით, აგზავნიან ზესტაფონში, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ მეურნეობაში“.

„ნინოწმინდაში არაფორმალური აქტივობები მეტ წახალისებას მოითხოვს (მაგ: საზაფხულო ბანაკები, ექსკურსიები, ლაშქრობები, ასევე სახელობო, სპორტული, მუსიკალური და სხვა წრეები).

გოგონები სწავლობენ ხელსაქმეს, თუმცა არა აქვთ სათანადო აღჭურვილობა. დაწესებულებაში დგას ერთი ჩოგბურთის მაგიდა. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვები იშვიათად დადიან ექსკურსიებზე. ცეკვისა და ხატვის წრეები ფუნქციონირებს თავად პანსიონში.

ბენეფიციარებს აქვთ საკუთარი ტელეფონები (საგაკვეთილო პროცესის დროს არ აქვთ მათი გამოყენების უფლება). საერთო ოთახში დგას დიდი ტელევიზორი, სადაც ბავშვები ერთად უყურებენ და განიხილავენ ფილმებს. პანსიონის გარეთ მხოლოდ რამდენიმე ბენეფიციარი დადის ჭიდაობასა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე. აწარმოებენ ღონისძიებების ჟურნალს, სადაც გაწერილია მათ მიერ განხორციელებული აქტივობები“.

  • ვის და რატომ არ უშვებენ პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის ხელშეწყობა.

2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მითითება დაასახელა.

ეპისკოპოსმა თავისი გადაწყვეტილება 16 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებით განმარტა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შეშვება არც ერთ ოჯახში შეიძლება, რადგან „წაბილწავენ იქაურობას“.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 6 თვის განმავლობაში არ უშვებდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს. მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგი იყო. სააგენტოს დირექტორის თქმით, პანსიონი ამას კოვიდუსაფრთხოებას უკავშირებდა.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“.

რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

  • რამდენი ბავშვია პანსიონატში?

დღეისათვის სახელდება სხვადასხვა რიცხვი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, პანსიონატში 57 არასრულწლოვანი ირიცხებოდა, მათგან ყველაზე პატარა კი 5 წლის იყო.

ეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, რომელიც პანსიონატს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 150 ბავშვი იზრდება.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის არა 150-მდე, არამედ 53 ბავშვი ირიცხება. 

  • რამდენი წელია არსებობს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

საქართველოს „საპატრიარქოს ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი“ სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მდებარეობს.

პანსიონი 2004 წელს დაარსდა. ამ პანსიონატამდე, 1997 წლიდან, უკვე არსებობდა საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა სახლი და პანსიონი ზესტაფონში, საიდანაც, ნინოწმინდის პანსიონის გახსნის შემდეგ, ბავშვები ნინოწმინდაში გადაიყვანეს.

დაარსებიდან დღემდე ამ პანსიონატს გრიგოლ (გოჩა) აბულაძე, იგივე სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს.

  • ვინ არის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე

მთავარეპისკოპოს სპირიდონის სახელი და გვარი გოჩა აბულაძეა, იგი 70 წლისაა. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. საპატრიარქოს ინფორმაციით, აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.

1990 წელს გოჩა აბულაძე აკურთხეს დიაკვნად და სახელად უწოდეს გრიგოლი. შემდეგ იგი ჯერ ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, 1991 წლის დასაწყისში კი ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა გრიგოლ აბულაძეს. 2006 წელს იგი ეპისკოპოსად, 2013 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.

სხალთის მთავარეპისკოპოსისთვის ევროპა და აშშ მტერია, რუსეთი კი – მეგობარი, რადგან ამერიკა და ევროპა „გათახსირებით“ გვებრძვის. სპირიდონ აბულაძე ასევე ცნობილი ანტივაქსერია.

  • რას პასუხობს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბრალდებებს 

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „ობიექტივი“ და საპატრიარქოსთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები მედიის მიერ მომზადებული ათობით სიუჟეტის საპასუხოდ თავადაც ამზადებენ სიუჟეტებს, სადაც ირწმუნებიან, რომ პანსიონატში ყველაფერი კარგადაა და ამის დამადასტურებლად აჩვენებენ პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს. ისინი გავრცელებულ ვიდეოებში ამბობენ, რომ მათ „არაფერი აკლიათ“, „არსად არ უნდათ წასვლა“, „პირობები შესანიშნავია“ და კითხულობენ პატრიოტულ ლექსებს.

  • როგორია მთავრობის პასუხი

პასუხი არ არის.

ამ დრომდე ამ თემაზე საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ნინოწმინდის პანსიონის საკითხს გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „საშიში სახელმწიფოებრივი პრეცედენტი“ უწოდა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდა პარლამენტს, სასწრაფოდ გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: